ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო მარათონი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-02-2016, 00:52 | პოლიტიკა | ნანახია - 2185

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო მარათონი

 

ნიკა რურუა

 

ამ პოლიტიკურ რბოლას იმდენი მედია-საშუალება აშუქებს, რომ მათი ნათქვამის გამეორება აზრს მოკლებული მგონია, რადგან ერთის მხრივ მარჩიელობის სურვილი არ გამაჩნია, და მეორეც, მსურს “ივერიის” მკითხველს რაიმე ისეთი ვუთხრა, რაც უკვე არ აქვს სადმე და არაერთხელ მოსმენილი.

 

ერთი სიტყვით, მსურს რომ რაიმე ორიგინალური შევთავაზოთ ამ უმნიშვნელოვანესი არჩევნების წინაპირობის, კანდიდატების, ტენდენციებისა და სიახლეების შესახებ.

 

მართლაც, საინტერესო დეტალები, ისევე როგორც სიახლეები საკმაოზე მეტია.

 

პირველ რიგში ყველას გვიკვირს და თვალში გვხვდება იმ კანდიდატების მზარდი პოპულარობა, ვინც არ არიან პოლიტიკური ესტაბლიშმენტის წევრები, როგორიცაა რესპუბლიკური პარტიის სახელით საარჩევნო კანდიდატი დონალდ ტრამპი და დემოკრატების სახელით საარჩევნო მარათონში მონაწილე ბერნი სანდერსი.

 

ამ ორი კანდიდატის არაესტაბლიშმენტური წარმომავლობა შეიძლება მათი პოპულარობის უმთავრეს მიზეზად მივიჩნიოთ, რადგანაც ამერიკელი ამომრჩეველი კარგა გვარიანად დაიღალა ვაშინგტონის უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გჯუფების უკომპრომისო ბრძოლით, რაც საკმაოზე ხშირად ითარგმნება საშუალო კლასისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოუგვარებლობად წლების განმავლობაში.

 

მაგალითისთვის ისიც კმარა, რომ უკვე მერამდენე წელია, რაც ორ უმთავრეს პარტიას შორის დაპირისპირება ძლიერი ინტერეს-ჯგუფების მიერ დაქირავებული ლობისტების ინტერესების გატარებისთვის გამართულ ორთაბრძოლას უფრო ჩამოჰგავს, ვიდრე წარმომადგენლობით დემოკრატიას, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს, მდიდარია ის თუ ღარიბი, თანასწორი ხმა აქვს როგორც არჩევნების დროს, ისე მის შემდეგ. ასეთია გამეფებული, მაგრამ ხშირად უთქმელი სენტიმენტი ამერიკელ მოქალაქეთა დიდ ნაწილში.

 

ამის შედეგად ყველაზე სერიოზული სეგმენტი ამერიკელი ამომრჩევლისა, საშუალო ფენა, თვლის, რომ ის არაა კარგად წარმოდგენილი პროფესიონალი პოლიტიკური კლასის მიერ და საჭიროა რაიმენაირად შეცვლა არსებული სიტუაციისა. სამწუხაროდ, ამას მხოლოდ საშუალო ფენის წარმომადგენლები არ გრძნობენ; ამას მშვენივრად აცნობიერებს უამრავი პოლიტიკური დამკვირვებელი, ანალიტიკოსი, თუ პოლიტიკაში ბედისმაძიებელი მოავანტიურისტო პოპულისტი.

 

სწორედ ამგვარი ოპორტუნისტი კანდიდატია ბიზნესმენი დონალდ ტრამპი, ვინც პოლიტკორექტულობის ყველა ნორმას შეგნებულად არღვევს, ამბობს იმას, რასაც სხვა კანდიდატები უბრალოდ ვერ იტყვიან (ან არ იკადრებენ თქმას) და ამით კიდევ უფრო განსხვავებულად წარმოაჩენს თავს დანარჩენი, კარიერული პოლიტიკოსებისგან დაკომპლექტებული კანდიდატების ჯგუფისგან.

 

ტრამპი აკეთებს მისოგინურ (ქალთმოძულე) კომენტარებს, უტევს მედიას, ყვება ვულგარულ ხუმრობებს, დასცინის სხვა კანდიდატებს, ლანძღავს მუსლიმებს, აქებს ვლადიმირ პუტინს, იგონებს კონსპირაციის თეორიებს - ანუ ყველაფერს იმას, რასაც სხვები ერიდებიან სხვადასხვა მიზეზით და ამით საკმაოდ იაფფასიან პოპულარობას იხვეჭს განხიბლული და გაბრაზებული საშუალო კლასის ამომრჩევლისა.

 

დემოკრატთა მხარეს, ტრამპთან შედარებით უფრო ცივილური ბერნი სანდერსია, ვინც თითქმის ევროპელ მარქსისტად გვევლინება და სრულიად შეუსრულებელ პოპულისტურ და გულუხვ დაპირებებს არიგებს ყველა მიმართულებით, რომელთა ცხოვრებაში გატარებაც, როგორც ამას ეკონომიკის ექსპერტები ანგარიშობენ, არანაირი ბიუჯეტი არ ეყოფა, თუნდაც ისეთი მდიდარი ეკონომიკის პატრონი ქვეყნისა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებია.

 

ამ თითქმის ეგზოტიკური კანდიდატების ფონზე გაწონასწორებული ჯებ ბუში, ან მარკო რუბიო, ისევე როგორც მეტ-ნაკლებად გაწონასწორებული ჰილარი კლინტონი, მოსაწყენ და უინტერესო ტიპაჟებად მოსჩანან, რაც მათივე უნარებიდან გამომდინარე, სიმართლეს სულაც არ შეეფერება. ყოველი მათგანი პროფესიონალი პოლიტიკოსია, მკაფიო ხედვითა და ღირებულებათა მწყობრი სისტემით.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საარჩევნო მარათონი ეს-ესაა დაიწყო და ნაადრევია იმის თქმა, რომ აუცილებლად არაესტაბლიშმენტური კანდიდატი გაიმარჯვებს თუნდაც პარტიების ნომინაციებში ან მთლად, საბოლოო არჩევნებში, სახეზეა ამერიკული პოლიტიკური სისტემის საკმაოდ ღრმა კრიზისი, რომლიც მოგვარებაზე ფიქრსაც სავარაუდოდ დაიწყებს ეს ქვეყანა, სადაც პრობლემები საჯარო დებატისა და ღიაობის საშუალებით ადრე თუ გვიან გვარდება ხოლმე.

 

ამ ყველაფერს თან დაერთო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ანტონინ სკალიას მოულოდნელი სიკვდილიც, რამაც პრეზიდენტ ობამას მისცა საშუალება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, კონსერვატორ-რესპუბლიკელი სკალიას ადგილზე ლიბერალ-დემოკრატი კანდიდატი წარადგინოს, რაც მთლიან უზენაეს სასამართლოს უმრავლესობას ღიად დემოკრატების მხარდამჭერ უმრავლესობას მისცემს. ამ შემთხვევაში ყველა იმ მნიშვნელოვან სასამართლო პრეცედენტს, რომელიც როგორც რესპუბლიკელებისთვის, ისე დემოკრატებისთვის იდეოლოგიური მნიშვნელობა აქვს, გადახედვა და შეცვლა დაემუქრება, რაც დემოკრატებს ძალიან სურთ და რესპუბლიკელებს ასევე ძალიან არ სურთ.

 

ასე რომ, ვნებები უკვე, არჩევნებამდე თითქმის ერთი წლით ადრეც, ძალიან იძაბება. ამიტომ სისტემურ ცვლილებებზე და წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრობლემებზე მუშაობას, მიუხედავად იმისა რომ მათ არსებობას უკვე აღიარებენ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში არ უნდა მოველოდეთ.

 

პირიქით, იდეოლოგიური დაპირისპირება კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის ამერიკულ პოლიტიკაში კიდევ უფრო მწვავე ფაზა ელის, რაც პოპულისტ-ავანტიურისტ კანდიდატებს შანსებს კიდევ უფრო უმატებს, რადგანაც, ვიმეორებ, ამერიკელი ამომრჩევლის დიდი ნაწილი დაიღალა ვაშინგტონური პოლიტიკის modus operandi-ს ცქერით, სადაც საკუთარი ინტერესების გამტარებლად თითქმის აღარავინ ეგულება.

 

ამ დროს, ბუნებრივია, მსოფლიო პოლიტიკა არ ისვენებს და მიმდინარე პროცესები აუცილებლად განპირობებული იქნება ამერიკის მომდევნო ადმინისტრაციის ვინაობითა და მსოფლიო პოლიტიკაში ამერიკის როლის შესახებ საკუთარი ფილოსოფიით.

 

თუ ობამასმაგვარი იზოლაციონისტი პრეზიდენტი მოვიდა ხელისუფლებაში, როგორიც შეიძლება ბერნი სანდერში იყოს, მაშინ მსოფლიო კიდევ უფრო დიდ ქაოსში შეიძლება შევიდეს. რა მოხდება ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ამის წინასწარმეტყველება სრულიად წარმოუდგენელია - იმედს ვიტოვებ, რომ ეს უბრალოდ არ იქნება ასე. რაც შეეხება უფრო რაციონალურ არჩევანს, რაც მარკ რუბიოს ან ჰილარი კლინტონის პრეზიდენტად არჩევას შეიძლება ვუწოდოთ, მაშინ ამერიკული საგარეო პოლიტიკა უფრო აქტიური, მტკიცე და პრინციპული გახდება.

 

ნათქვამის მიუხედავად, მაინც იმედი ვიქონიოთ, რომ პოლიტიკური შოუ ჩაივლის, სანახაობა მაყურებელს გაართობს, და ბოლოს ამერიკელი ამომრჩეველი მაინც ფხიზელ და ნაკლებად ემოციურ არჩევანს გააკეთებს. ასე მოხდება, თუ სხვაგვარად - ამას სულ მალე ვიხილავთ.

 

ამ ყველაფერზე საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის ბედი, სერიოზულადაა დამოკიდებული.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია