„რბილი“ ძალის გაკვეთილი ყოფილი “სუკ”-ის აგენტისაგან

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
22-02-2016, 00:53 | კომენტარები | ნანახია - 2002

 

 

მამუკა სამჭკუაშვილი

 

განვლილი წლებისა მიუხედავად, საბჭოთ კავშირის დაშლის ფაქტი ყოველთვის იწვევს კითხვებს: რატომ შეიქმნა? ამდენ ხანს როგორ არსებობდა? რატომ ან როგორ დაიშალა? რატომ თვლის ჩვენი მტერი საბჭოთა კავშირის მეოცე საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად?

 

მინდა გაგაცნოთ 1970 და 80-იან წლებში კანადაში გაქცეული “კგბ”-ს დეზინფორმაციის სპეციალისტის იური ალექსანდრეს ძე ბეზმენოვის, იგივე ტომას შუმანის მოღვაწეობა, რომელმაც გამოააშკარავა “სუკ”-ის მუშაობის მეთოდები, თანმხლები პროცესები და საზოგადოების დაცვის მექანიზმები.

 

ამ პიროვნების მოღვაწეობა დაემთხვა აშშ-ს პრეზიდენტ რონალდ რეიგანის მმართველობის ხანას, რომელიც იმ პერიოდში მოიაზრებოდა თავისუფალი დასავლეთის ლიდერად. რონალდ რეიგანის პრეზიდენტობისას, ამერიკის საზოგადოებაში მიდიოდა ცხარე დებატები, კონსტიტუციური წყობის რევიზიის გარშემო. იური ბეზმენოვმა თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე შეამჩნია საგანგაშო სიგნალები და გადაწყვიტა გაეფრთხილებინა დასავლეთი, განსაკუთრებით შეერთებული შტატების საზოგადოება, მოახლოებული საფრთხის შესახებ.

 

იგი ცდილობდა გაეღვიძებინა ჯიმი კარტერის დროინდელი „მძინარე გიგანტი“ (შეიძლება ითქვას მან მიზანს მიაღწია, ისტორიიდან ჩვენ ვიცით კარტერის შემდეგ რონალდ რეიგანის ცნობილი ხისტი სტრატეგია, რომელმაც დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლა). იურიმ ჩაატარა ლექციების ტური ლოს ანჯელესიდან დაწყებული ნიუ იორკამდე მთელი აშშ-ს მასშტაბით. საზოგადოებასთან მართავდა კონსტრუქციულ დისკუსიას, თუ როგორი იყო და რას წარმოადგენდა საბჭოთა მარქსისტულ-ლენინური დოქტრინის გრძელვადიანი გეგმები, რა იყო მათი სამიზნე, როგორ მოქმედებენ “სუკ”-ის სპეცსამსახურები, როგორ შეჰყავთ ადამიანები შეცდომაში მცდარი ნარატივებით. იდეოლოგიურად, როგორ ამუშავებდნენ მასებს და ეს შეფუთული იყო ვითომდა უკეთესი მომავლისათვის კლასობრივი ბრძოლით, ან რასობრივი, ეთნიკური (ახლა ეროვნული, რელიგიური უმცირესობების, ლგბტ და ა.შ. უფლებების დაცვის საბაბით) უთანასწორობის გამოსწორების, ან სამართლიანობის აღდგენის მოტივებით.

 

მარქსიზმ-ლენინიზმი, როგორც კიბოს დაავადება, ანადგურებს გადამტანს და საბოლოოდ თავის თავს. შეუჩერებელი, უაზრო, უსინდისო ლტოლვა, ადამიანის (ერების, ქვეყნების და თუნდაც მთელ ცივილიზაციის) განადგურებისაკენ, თუ კი ისინი არ იზიარებენ მარქსის-ლენინიზმის იდეებს (ისევე როგორც ახლანდელი რელიგიურ ტერორისტები). გავიხსენოთ მარქსისტ-ლენინისტი ჩე გევარა, რომელიც განაწყენდა კარიბის კრიზისის მშვიდობიანი დასრულებით, არ აუსრულდა დასავლეთსა და რუსეთს შორის ბირთვული ომის ოცნება, რევოლუციების მოსაწყობად განაწყენებული გაიქცა ჯერ აფრიკაში, შემდეგ ლათინურ ამერიკაში, მაგრამ იქაც შეცდა და თავისი მარქსისტ ლენინისტებისგან მივიწყებულმა მალევე დაასრულა სიცოცხლე.

 

ერების და სახელმწიფოების, განადგურების ტექნოლოგიები, განსაკუთრებულად დაიხვეწა ბოლშევიკური ხელისუფლების პერიოდში. გავიხსენოთ თუ როგორ მუშაობდა „ბოროტების ღერძი“-ს მამოძრავებელი, “სუკ”-ის მთავარი ოპერატიული სამმართველო.

 

ჯერ ვთქვათ თუ რა იყო და არის რუსეთის ასეთი ქცევის მთავარი მიზეზი - როგორ უტოპიურად არ უნდა ჟღერდეს, მიზანი სინამდვილეში რუსეთის გაბატონებაა მსოფლიოზე, ხოლო მარქსიზმ ლენინიზმი და მათი მოგონილი, მსოფლიო რევოლუცია ინსტრუმენტი, რომელიც ყველაზე კარგად რუსულ სულს მოერგო. ამოუცნობი რუსული სულის ამოცნობილი მისწრაფება მსოფლიო ბატონობისაკენ, მსოფლიო რევოლუციების, მარიონეტული ანკლავების მოწყობით, (ევრაზიული კავშირი, რუსსკი მირ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები) ომების გაღვივებით, სოციალური არეულობებით, რომლის საბოლოო მიზანია, კანონიერი ხელისუფლების დამხობა და მათთვის სასურველი მარქსისტ ნეო ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოყვანა.

 

ახლანდელი რუსეთის ქმედებები არ არის განპირობებული მარქსისტული იდეოლოგიით მაგრამ სხვა არ იციან. იდეოლოგიამ გარკვეული სახეცვლილება განიცადა, თუმცა მეთოდები არ შუცვლიათ, არ იციან რა უნდათ - საბჭოთა კავშირი,(ლენინი ისევ მავზოლეუმში უწევთ) ევრაზია, რუსკი მირ, გავლენის სფეროები თუ ყველაფერი ერთად. სინამდვილეში ინსტინქტურად მოქმედებენ, სიტუაციიდან გამომდინარე, მოკლევადიანი გეგმებით. ძირითადად ძალაუფლების შენარჩუნებისათვის იბრძვიან, მე მათ ნეობოლშევიკურ საზოგადოებას მივაკუთვნებდი, მათთვის ბირთვული ომი მიუღებელია, ბირთვული იარაღით შანტაჟი კი მისაღები, მშვენივრად იციან ასეთი ომის შემდგომ არაფერი არ იქნება, არც ბანკები სადაც ფულს მალავენ და არც ბოტოქსი.

 

სხვა ქვეყნების რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევის მეთოდოლოგია და სტრატეგია “სუკ”-მა შეიმუშავა, დახვეწა, და მრავალი ცდებისა და ბევრი მოსპობილი სიცოცხლის შემდეგ, მეცნიერებამდე განავითარა. ყველაფერი ამ მიზნის მიღწევას უნდა ემსახურებოდეს, რუსულ ბოლშევიზმში და დღევანდელ ნეობოლშევიზმში არ არსებობს ინდივიდები, არის მხოლოდ მასები, დაჩაგრული ხალხების, რასების, კლასების (ამათ ახლა დაემატა სხვადასხვა ჯიშის, და რწმენის უმცირესობები) რომელთაც „სურთ თავისი გაუსაძლისი“ ყოფის შეცვლა.

 

ამ სტრატეგიის ამოქმედების შემდეგ “სუკ”-ის სამიზნეში მოხვედრილი პატარა ქვეყნის დეგრადირება იწყება, მასების გაღატაკებით, კანონმორჩილი და წარმატებული საზოგადოება ძალიან მალე აღმოჩნდება ჩათრეული მუდმივ დემონსტრაციებში და აჯანყებებში. ჩვენ ეს გამოვიარეთ, რუსი იმპერიალისტები ყოველთვის ცდილობენ გამოიყენონ საზოგადოების წევრების სწრაფვა სოციალური პირობების გაუმჯობესებისაკენ ამავე საზოგადოების წინააღმდეგ და როგორც წესი ცხოვრებას გადააქცევენ ჯოჯოხეთად, მაგალითები ბევრია კამპუჩია, კოლუმბია, კუბა, ვენესუელა, ჩრდილოეთ კორეა, თითქმის მთელი აფრიკა და ა. შ.

 

კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდგომ, როგორც წესი ხელისუფლებაში აღმოჩნდებიან აბსოლუტური არარაობები, ვირთხები, რომლებმაც სხვა ვირთხები შეჭამეს, მათ როგორც წესი არ იციან სახელმწიფოს მართვა, იციან მხოლოდ „ფულის კეთება,“ ტერორი და რეკეტი. მალე ისედაც გაღატაკებული საზოგადოება უფრო გაღატაკდება და დაიწყებს წინააღმდეგობის გაწევას, შედეგად ნეო ბოლშევიკებს ხელისუფლების შესანარჩუნებლად დასჭირდებათ ფული და იარაღი და ვის მიაკითხავენ დახმარებისათვის ადვილი ამოსაცნობია.

 

იური ამტკიცებს, რომ “სუკ”-ის ადამიანური და მატერიალური რესურსის 85% მიმართული იყო ამ სტრატეგიის განხორციელებისაკენ. საღად მოაზროვნე ადამიანებისათვის დამანგრეველი სტრატეგიის მოქმედების ნიშნები, ადვილი ამოსაცნობია. იური განიხილავს სტრატეგიის მოქმედების ოთხ ძირითად ფაზას: დემორალიზაცია, დესტაბილიზაცია, კრიზისი, და ნორმალიზაცია. მკითხველისათვის ადვილი გასაგები რომ იყოს, მე შევეცდები აღნიშნული სტრატეგია მოვარგო მიმდინარე პროცესებს.

 

დემორალიზაცია, ყველაზე გრძელვადიანი ფაზაა მოიცავს ერთი თაობის აღზრდას 15-20 წელი.

 

ამ ეტაპზე მთავარია მენტალიტეტის ჩანაცვლება. მტერმა ძალიან კარგად შეგვისწავლა და ჩვენს აზროვნებაში დაამკვიდრა ცრუ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, გარკვეულ გამაღიზიანებლებზე-სასურველი ქცევის ალგორითმები. ჩვენი შესწავლის პროცესი მუდმივად მიმდინარეობს, ამის დასტურია გარკვეული პერიოდიკით, სტატიების თუ ტელეგადაცემების მეშვეობით, შემოგდებული თემები. საზოგადოების რეაქციაზე მიმდინარეობს დაკვირვება, შედეგები ანალიზდება, კორექტირდება, გამოიმუშავება ახალი სტრატებიები, ითხზება ახალი სცენარები, ვრცელდება ჭორები და ეს პროცესი მეორდება.

 

ინტენსიურად მიმდინარეობს უცოდინარი დაკომპლექსებული, გამოუცდელი, არაპროფესიონალი, მაგრამ ამაყი, რადიკალურად მოაზროვნე, თავისთავზე უზომოდ შეყვარებული პიროვნებების გამოვლენა, შერჩევა, მათი რეკლამა და ფინანსური მხარდაჭერა. ასეთი ადამიანები ადვილად იმართებიან გავლენის აგენტების მეშვეობით, მათ ეხმარებიან, ბიზნესში, განათლებაში, საინფორმაციო საშუალებების ხელში ჩაგდებაში, ასეთებზე საკმარისია არაპირდაპირი ზეგავლენა, დანარჩენს თვითონ აკეთებენ.

 

ადამიანური, ქართული ფასეულობების დაცვის, სამართლიანობის აღდგენის მოტივით, აღვივებენ საზოგადოების ერთი ნაწილის მეორეს მიმართ სიძულვილს, არავის არ ეგონოს რომ მე არ ვაღიარებ ფასეულობებს ან არ მინდა სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრება, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია სიძულვილი, ცინიზმი, არაკომპეტენტური, აშკარად კორუმპირებული ადამიანების და მათი ახლობელ-ძმაკაცების თარეში.

 

თანმხლები პროცესებია საინფორმაციო ომი, ეკონომიკური ომი, კულტურული ომი და საბრძოლო მოქმედებები. საბრძოლო მოქმედებები ყველაზე სწრაფი და იაფი საშუალებაა სახელმწიფოებზე ან საზოგადოებაზე სასურველი ზეგავლენის მოსახდენად და ბალანსის თავის სასარგებლოდ შესაცვლელად. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათ ხელს არავინ უშლის, რასაც უნდათ იმას აკეთებენ ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე.

 

კონკრეტულად, ერის დემორალიზაცია რაში გამოიხატება და ჩვენს საზოგადოებაში რა არის ამ პრობლემის მაჩვენებელი:

 

საბჭოთა, ნეობოლშევიკური იდეების პროპაგანდა: საბჭოთა და ახალი რუსული ცხოვრების სტილის მუდმივი პროპაგანდა (მაგალითად საბჭოთა კავშის დროს გადაღებული ფილმების მუდმივი გამეორება, ქართულად ნათარგმნი შოუები, მუსიკალური "ახალი ტალღა"იურმალადან, რეტრო მუსიკის კონცერტები და ა.შ. )

 

ფრაზები: "მაშინ კარგი იყო,, "იაფი რუსი ქალები", "იაფი ცხოვრება", "ყველა იყო დასაქმებული“, „ფაშიზმს ერთად ვებრძოდით“და ა. შ.

 

 

აგიტატორების, აქტივისტების გამოსაყენებელი იდიოტების გამოვლენა მოსყიდვა და მათი რეკლამა.

 

მასების იდეოლოგიური დამუშავება: ყველაფერის მკადრებელი ცრუ ლიდერების როგორც განათლებული და წესიერი ადამიანების წარმოჩენა და მათი რეკლამა, ტელევიზიაში ინტერვიუების ჩაწერა, ამ პიროვნებებისაგან ყოველ შემთხვევაზე ეს შედის თუ არა რესპონდენტის კომპეტენციაში, აზრის კითხვა ამა თუ იმ ფაქტის შესხებ და პირდაპირ ეთერში გაშვება.

 

საზოგადოებაში არსებული უთანხმოებების წამოწევა და მათი რადიკალიზაცია.

 

ჩვენ დინამიურად განვითარებადი ერი ვართ და სავსებით ბუნებრივია, მონობისაგან ახალი განთავისუფლების შემდგომ, ჩვენ ვცდილობთ გამოვავლინოთ და გადავწყვიტოთ ჩვენი საზოგადოების განვითარების პრობლემები.

 

მაგალითად უმცირესობების უფლებები, 2014 წლის 17 მაისის შემთხვევა, სპეცსამსახურების ზეგავლენით სამღვდელოების და მრევლის მობილიზება და გამომდინარე ცემატყეპა. შედეგად ვერც მრევლმა და ვერც უმცირესობებმა ვერ მიაღწია სასურველ რეზულტატს, პრობლემა დარჩა პრობლემად და უფრო რადიკალური სახე მიიღო.

 

მარქსისტების იდეალიზება, მათი დამსახურებების გაზვიადება. მაგალითად სტალინის პერსონის გარშემო მიმდინარე მოვლენები. დარწმუნებული ვარ სტალინის სახლმუზეუმი მუდამ სავსე იქნება რუსი ტურისტებით და ჩვენ ეკლესიაში, რეგულარულად გაიჟღერებს მისი სახელი პოზიტიურ კონტექსტში.

 

უვიცი არამზადების, ცინიკოსი, კორუმპირებული, სახელგატეხილი „თბილისელი კაი ბიჭების,“ ქურდული გაგების, კანონენიერი ქურდების აღზევება, საზოგადოებრივი აზრის უგულველყოფა. მაგალითად ტელეკომპანია მაესტროს და ძმები გაჩეჩილაძეების გარშემო მიმდინარე მოვლენები. ბესელიას და კობახიძის მიერ "პოლიტპატიმრების" სიებთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები, ასეთ ადამიანებს არ სჭირდებათ პირდაპირი მითითებები “სუკ”-იდან, ესენი დანიშნულები არიან იქ სადაც არ უნდა იყვნენ და შედეგად იღებენ იმ გადაწყვეტილებებს, რაც არ უნდა მიიღონ.

 

რადიკალური აზროვნების ადამიანების მუდმივ პირდაპირ ეთერში გაშვება (მარტო ობიექტივის ეთეში ჩამსხდარი პერსონაჟების გახსენებაც საკმარისია).

 

ნეპოტიზმის, კორუფციის, კლანური პროვინციალიზმის აღზევება და ამ ფაქტების დამალვა გადაფარვა.

 

მითების შექმნა, ჭორების გავრცელება.

 

ისტორიის ჩანაცვლება, ფაქტების რუსული იდეოლოგების მითითებით ინტერპრეტირება, გაყალბება, ყველაზე იდიოტური ანტისახელმწიფეობრივი გამონათქვამები "ომი საქართველომ დაიწყო", "როგორ შეიძლება პუტინი-ადამიანი ჩვენი მტერი იყოს..." "ერთმორწმუნე ერმა გადაგვარჩინა" და ა.შ.

 

პოლიტიკოსების მოსყიდვა, პოლიტიკოსების რეგულარული ვიზიტები მოსკოვში (ბურჯანაძე, ბაღათურია) მოსკოვის აზრის გაჟღერება საქართველოს სახელით.

 

პირადი ნდობის მიხედვით თანამდებობებზე დანიშვნა.

 

სახელმწიფო სტრუქტურებში უცოდინარი დაკომპლექსებული, გამოუცდელი, არაპროფესიონალი, მაგრამ ამაყი, თავისთავზე უზომოდ შეყვარებული პიროვნებების შერჩევა, დანიშვნა, მაგალითად კალაძე, ზაქარეიშვილი, წულუკიანი, გვენეტაძე, ტურავა, თამაზაშვილის კლანი და ა. შ.

 

ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაფარვა, შენიღბვა, გადაბრალება (ლარის გაუფასურების შესახებ მინისტრის ორაზროვანი გაუგებარი არგუმენტები).

 

რეგულარულად საზოგადოების აბუჩად აგდება, პრემიების დარიგება, აშკარად ცინიკური, უტოპიური დაპირებები.

 

ზუსტად ეს საზოგადოების დესტაბილიზაციის საბჭოთა მეთოდია: ხელისუფლებაში იმ პირების ინფილტრაცია, რომლებიც თავისი მოქმედებებით ხელს უშლიან სამართლებრივ პროცესებს (მაგალითად კანონიერი ქურდების გაპარებები, კრიმინალური დანაშაულის ჩადენაზე გასამართლებული პირების ციხიდან გამოშვება, როგორც პოლიტპატიმრების). ეს კორუფციის არსებობის და უსამართლობის აშკარა მაგალითებია, ზუსტად ასეთი ქმედებები აზიანებს და ანგრევს სახელმწიფო ინსტრუმენტებისადმი მოქალაქეების ნდობას.

 

უკმაყოფილო ხალხის მოტყუებით რუსეთუმეების ჯგუფების ორგანიზება და პოლიციის აშკარა მხარდაჭერით, ხმაურიანი აქციების მოწყობა, რადიკალური განცხადებებითა და ამის გარშემო მასმედიის აჟიოტაჟით.

 

სახელმწიფო სტრუქტურების განსაკუთრებით პოლიციის და თავდაცვის პოლიტიკის განხორციელების სისწორეში ეჭვის შეტანა და უნდობლობის გაღვივება, დისკრედიტირება. მაგალითად უკანანო ჩანაწერების ვითომ განადგურება, სინამდვილეში ამ ჩანაწერების არასრულწლოვანებისათვის დემონსტრირება და ა.შ.

 

ქვეყანაში რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად უმნიშვნელო ამბების გაზვიადებული გაშუქება, აჟიოტაჟი უმნიშვნელო ფაქტებზე.

 

საზოგადოებაში ურთიერთ უნდობლობის გაღვივება ფიზიკური განადგურების მუქარა, პერსონალური შეურაცხყოფა, ცრუ მითების კლიშეების შემოღება, ორმაგად გასაგები კანონების მიღება.

 

მოწინააღმდეგე, ოპოზიციურად განწყობილი ხალხის გამოაშკარავება, შავი სიების შედგენა.

 

განათლების სისტემიდან ტექნოლოგიური, საბუნებისმეტყველო, ისტორიის და სხვა ინტელექტუალური სპეციალობების გაქრობა, პირდაპირ ერის გაღატაკების მაჩვენებელია. ინტელექტუალური რესურსი უფრო ფასეულია, ვიდრე ბუნებრივი წიაღისეული. ინტელექტუალებისა და მეცნიერების მიგრაცია პირდაპირი დარტყმაა ქვეყნის კეთილდღეობაზე.

 

როგორც იური ბეზმენოვი გვამცნობს დემორალიზაციის ინსტრუმენტებია:

 

მასმედია, განსაკუთრებით ტელევიზია;

 

ეკლესია;

 

არასამთავრობო ორგანიზაციები;

 

შოუების ფსიქოპატი წამყვანები;

 

კინოფილმები, სერიალები;

 

სოციალური ქსელები;

 

უხარისხო განათლება;

 

გამოსაყენებელი იდიოტები, მე 5-ე კოლონა;

 

სოციოპატი რედაქტორები.

 

 

როდესაც გაღატაკებული ერი იდეოლოგიურად დამუშავებულია და დარაზმულია წითელ ბრიგადებად, იწყება დესტაბილიზაციის ფაზა

 

მაჩვენებლები: სოციალური სფეროს კრიზისი და კოლაფსი (ელექტრო ენერგიის, წყლის, გაზის გათიშვა);

 

გადასახადების მომატება;

 

მტრის მიერ შექმნილი კომპანიებით ეკონომიკური ობიექტების ხელში ჩაგდება შემდგომ გაკოტრება და დახურვა;

 

დემონსტრაციები, გაფიცვები, აჯანყებები;

 

პროვოკაციები, თუნდაც თავისივე ლიდერის ან ლიდერების ჯგუფის განადგურება;

 

დაჯგუფებების თარეში.

 

 

კრიზისის ფაზა

 

მაჩვენებლები: სამოქალაქო ომი ან პირდაპირი ინტერვენცია;

 

ოპოზიციონერების და მათი ოჯახის წევრების ფიზიკური განადგურება;

 

„ნორმალიზაციის“ ფაზა;

 

ხელისუფლებაში სასურველი ნეო მარქსისტის მოყვანა;

 

თავისივე არასასურველი (ცნობადი) ლიდერის ან ლიდერების ჯგუფის განადგურება;

 

შავი სიების მიხედვით უკმაყოფილო მოქალაქეების ლიკვიდაცია;

 

დარჩენილი ოპოზიციონერების და მათი ოჯახის წევრების ფიზიკური განადგურება;

 

სასარგებლო იდიოტების, ცნობადი ავტორიტეტული აქტივისტების განადგურება;

 

ძალაუფლების შენარჩუნება.

 

ასე რომ, როდესაც ლაპარაკია „რბილი“ ძალით მოქმედებაზე, ამ ძალის სირბილე და სიფაფუკე პირობითი მცნებაა, რეალობაში კი საკმაოდ ძლიერ იარაღსა და ზემოქმედებას წარმოადგენს. „რბილი“ ძალა მოიცავს ყველა ზემოთჩამოთვლილ ფაქტორებს და სიმპტომებს სამოქალაქო ომისა და ინტერვენციის გარდა და ამ უკანასკნელთა წინაპირობას წარმოადგენს.

 

რა თქმა უნდა ყველა სიმპტომის დეტალურად გაშუქება არ შემიძლია, მაგრამ მკითხველს აქვს საშუალება, გაანალიზოს და მაგალითები თვითონ მონახოს.

 

შემდეგ სტატიაში მოგახსენებთ, საზოგადოების იდეოლოგიური დამუშავებისაგან დაცვის იური ბეზმენოვისეულ რჩევებს, დემორალიზაციის საწინააღმდეგო მეთოდებს და ქმედებებს.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია