რუსული სოციოლოგიური ფენომენები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
23-02-2016, 18:11 | პოლიტიკა | ნანახია - 1245

რუსული სოციოლოგიური ფენომენები 

 

ლადო ჩალათაშვილი

 

ცივილიზებული სამყაროს მიერ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე განვითარებული მოვლენები და მათი მოსახლეობის განწყობეზე ასახვის ფენომენი, ხშირად ხდება განხილვის საგანი ყველგან, რუსეთის გარდა. იმას რომ რუსები საკუთარი სოციოლოგიური გამოკითხვების მონაცემებში, ვერაფერს უცნაურს ვერ ხედავენ, უამრავი მიზეზი აქვს და პირველი ამ მიზეზთაგანი არის ის რომ ეს საზოგადოება, სხვა დანარჩენ პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან შედარებით, მეტად მიდრეკილია ტოტალიტარიზმისაკენ (ცენტრალური აზიის ქვეყნები ცალკე ფენომენია).

 

მათთვის წესრიგი ასოცირდება ქვეყნის მეთაურის ერთპიროვნულ მმართველობასა და რეპრესიული მექნიზმების მოქმედებასთან. მეთაურის ფენომენი, გამიჯნულია სხვა რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკების მოქმედებისგან. ესეც ერთგვარი სპეციფიური ფენომენია, რომელიც მე პირადად გარდა რუსული საზოგადოებრივი აზრის კვლევებისა, არსად შემხვედრია. მაგალითისთვის საუკეთესო ნიმუშია, რუსული სოციოლოგიური კვლევითი ორგანიზაციის, «ლევადა ცენტრის» მიერ გამოქვეყნებული ინდიკატორები, რომელშიც სწორედ ზემოთთქმული ფენომენია ასახული. პუტინის დადებითი შეფასება, მიმდინარე წლის იანვარში 82%, ხოლო პრემიერ მინისტრისა და მთავრობის მუშაობის შეფასება, თითქმის ერთნაირად ნეგატიური ტენდეციებით ხასიათდება და მოსახლეობა შუაზეა გაყოფილი მათი მუშაობის შეფასებაში. 50% უარყოფით შეფასებას აძლევს, ხოლო 50% დადებითს (უმნიშვნელო განსხვავებით).

 

ასეთი მდგომარეობა განპირობებულია იგივე მტკიცებულებით, რომელიც საქართველოში 2000-იანების დასაწყისში არსებობდა შევარდნაძის მთავრობის შეფასებისას. ალბათ გახსოვთ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ, ხალხში ხშირად ამბობდნენ რომ შევარდნაძე გარემოცვამ დაღუპა, უარყოფითი მოვლენების შესახებ საქმის კურსში არ აყენებდნენ და ა.შ. თითქმის იგივე ვითარებაა რუსეთშიც და რუსი ერი (თუ კი ამ სოციოლოგიურ გამოკითხვებს ვენდობით) თვლის რომ პუტინი ფრთაშესხმული ანგელოზია, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი მთავრობის წევრი, არაფრის მაქნისი. თუმცა ის რომ იგივე პუტინი, ყველა ამ არაფრისმაქნისი ჩინოვნიკების არმიის მეთაურია, მათ შეფასებით კატეგორიებში არ არის მნიშვნელოვან ფაქტორად მიჩნეული და იმპერატორის აღმატებულებას, ყველაფრისდა მიუხედავად «ხელუხლებელს ტოვებენ».

 

მაშინ როდესაც, რუსეთის ეკონომიკის შეფასება ყველა ჯურის ექსპერტის მიერ უარყოფითად ხასიათდება, ჩატარებული სოციოლოგიური გამოიკითხვების მიხედვით, საპროტესტო განწყობებში ეკონომიკური ფაქტორის როლი, მცირდება და ამ მოტივით საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის მიღების მომხრეთა რაოდენობა კლებულობს, რაც კიდევ ერთი ალოგიკური შედეგია რადგან 2009 წლის მონაცემებში, როდესაც რუსეთის ეკონომიკა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იყო, ეს წილი უფრო დიდი 39%-ს შეადგენდა, ეხლანდელი კი 18%-ზეა ჩამოსული.

 

რეალური ვითარება საკმაოდ მძიმეა და ამაზე მოწმობს ისიც რომ მიმდინარე თვის 10 -დან 17 რიცხვამდე, ოფიციალურად რეგისტრირებული უმუშევართა რიცხვი რუსეთში 1,6 პროცენტით გაიზარდა, რაც ციფრებში 16 000 ადამიანს ნიშნავს და საერთო ჯამში 1 046 611 ადამიანი შეადგინა (რუსეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემები).

 

კრემლისგან მეტნაკლებად თავისუფალი სიციოლოგები და ეკონომისტები, ქვეყნის მოსახლეობის გაღატაკებაზე ლაპარაკობენ და არსებულ ვითარებას, გასული საუკუნის დასაწყისში, ამერიკული «დიდი დეპრესიის» მდგომრეობას ადარებენ. თუმცა აქ არსებობს ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უნდა იქნას გათვალისწინებული. რუსეთში და ზოგადად ყოფილი საბჭოთა ბანაკის ქვეყნებში, აბსოლუტურად გამორიცხულია საშუალო კლასის ფენომენი და საზოგადოება, კეთლიდღეობის თვალსაზრისით ძლერ პოლარიზებულია. არსებობენ ღატაკები და მდიდრები, რომელთა შორისაც ე.წ. «საშუალო ფენის» ძალიან თხელი ფენა არსებობს, რომელიც ჯერ კიდევ ჩანასახშია და არ მიეცემა განვითარების შესაძლებლობა ვიდრე არსებობს ოლიგარქიული მმართველობა, რომელიც თავის თავში მოიცავს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, საბიუჯეტო რესურსების განკარგვით ბიზნესის კეთებას. ასეთ ვითარებაში მმართველ ელიტას აწყობს გაღატაკებული ხალხი რადგან ადვილი სამართავები არიან და თუ კი ვითარება განსაკუთრებით მძიმდება, მაშინ საჭირო ხდება მთელი ერის «სანგრებში ჩაყრა», რის მცდელობასაც, მოცემულ მომენტში თვალს ვადევნებთ რუსეთში.

 

ის რომ რუსული პროპაგანდა აფსურდული «ხატებით» მართავს საზოგადოებრივ აზრს და კვებავს, ყველაზე უკანასკნელი ხარსიხის კონსპიროლოგიით, მიანიშებს იმაზე რომ ზოგადი ფონი რუსეთში ძალზედ მძიმეა. ამის შესახებ კრემლში კარგად უწყიან და ამიტომაც აპელირებენ «ველიკოდერჟავნიკულ» იდეოლოგიაზე.

 

სოციალური განწყობები მიუთითებს იმაზე რომ ეს ვითარება, სრულად შეესაბამება ომის ფსიქოლოგიას. მით უმტესე თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ პუტინის რეიტინგის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორები ყირიმის ანექსია და სირიის ომია. იგივე ლევადა ცენტრის გამოკითხვების თანახმად, პუტინის სირიულ კამპანიას, მოსახლეობის 60% უჭერს მხარს. ამას ემატება «ტრადიციული» დასავლეთთან დაპირისპირების კამპანია და მუდმივად იმის ლაპარაკი რომ რუსეთის განადგურებითვის, დაუღალავი შრომა მიმდინარეობს თეთრ სახლში. ამ «მანტრას» რიგითი რუსი სიამოვნებით იღებს რადგან ეს «საფრთხე» ერთგვარად მშობლიურია, რომელიც საბჭოთა წარსულიდან მოსდევს და ასოცირდება, სსრკ-ს სიდიადესთან.

 

როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთში, სოციალური ფონის დამძიმების პარალელურად ძნელი სათქმელია, რადგან რეალური მდგომარეობის აღწერილობა არ არსებობს და ასეთი სახის სოციოლოგიური გამოკითხვებს ემჩნევა პროპაგანდისტული გავლენა, რომელიც დამღუპველია ნებისმიერი მმართველობისათვის, განსაკუთრებით თანამედროვე სამყაროში. ყველაფერი დადის იქმადე რომ «იმპერატორის» (ამ შემთხვევაში პუტინის) ძალაუფლებიდან ჩამოშორების ან მარცხის შემთხვევაში, კატაკლიზმები გარდაუვალია.

 

ტყუილია ის არგუმენტი რომ რუსი ერი ის ერია, რომელმაც ლენინგრადის ბლოკადისას ვირთხების ჭამით გაიტანა თავი და მათ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებას ვერ აიძულებ. სსრკ-ს დაშლის შემდეგ ისევე როგორც სხვა ერები, რუსი ერიც საკმაოდ «მოიწამლა» ცივილიზაციური სიკეთეებით და პრაქტიკულად წარმოუდგენელია მათი დიდი ნაწილის, ცივი ომის განწყობებზე გადაყვანა. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ საბჭოთა ნოსტალგიით შეპყრობილი ადამიანების რიცხვი კლებულობს და მათ ადგილს ახალგაზრდები იკავებენ, რომელთა უმრავლესობასაც ინტერნეტზე ხელი მიუწვდება და უფრო ადვილად დასთმობს «ველიკოდერჟავის» შესახებ ოცნებებს.

 

ზემოთქმულიდან გამომდინარე თუ კი გარეშე ძალებს სურთ რუსეთში სოციალური მღელვარების გამოწვევა და ამით სიტუაციის გარდატეხა, პირველ რიგში პუტინის გეოპოლიტიკურმა სტრატეგიამ უნდა განიცადოს მარცხი რომ მისი «ყოვლის შემძლეობის» იმიჯი დაინგრეს და მერე, თავის გასაკეთებელს მშიერი რუსი მოსახლეობა თავად გააკეთებს.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია