განცხადება

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
23-02-2016, 18:18 | პოლიტიკა | ნანახია - 1886

ამ განცხადებით, ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, გვსურს გამოვხატოთ უკიდურესი შეშფოთება იმ შედეგებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა დადგეს “კავკასუს ონლაინის” რუსული კომპანია ‘ბილაინისთვის’ (და მის უკან მდგომ „ვიმპელკომისათვის“) მიყიდვის შემთხვევაში, რის შესახებაც მოლაპარაკებები ამჟამად მიმდინარეობს.

 

კიბერ-უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნის უსაფრთხოების, ასევე მოქალაქეების პირადი ცხოვრების უფლების დაცვისა და უზრუნველყოფისათვის. შესაბამისად, ყველა კომერციული შეთანხმება, რომელმაც, შესაძლოა, ეჭვქვეშ დააყენოს როგორც სახელმწიფოს, ასევე ცალკეული პიროვნების უსაფრთხოება, სახელმწიფოსაგან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაშვებია, რომ სახელმწიფოსა და პიროვნებებისათვის მნიშვნელოვანი კონფიდენციალური ინფორმაცია მოხვდეს მტრულად განწყობილი ქვეყნების სპეცსამსახურების ხელში.

 

ეს საფრთხე განსაკუთრებით აქტუალურია რუსეთის შემთხვევაში, რამდენადაც ეს სახელმწიფო საკუთარი მიზნების მისაღწევად ჰიბრიდული ომის სტრატეგიას მიმართავს და სხვადასხვა სახელმწიფოებში ყიდულობს მობილურ და ინტერნეტ ქსელებს. მათი გამოყენებით რუსეთის ფედერაცია სტრატეგიული ინფორმაციის ნაკადების კონტროლსა და მონიტორინგს გეგმავს და, ასევე, ქმნის კიბერ-თავდასხმის სერიოზულ შესაძლებლობებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ საქართველოსათვის საფრთხის მატარებელია როგორც სტრატეგიული ბოჭკოვანი კაბელის, ასევე, ინტერნეტის გავრცელების საცალო ქსელის რუსული კომპანიის ხელში აღმოჩენაც. არსებობს საფრთხე, რომ ამ გარიგების შედეგად, საქართველოს ინტერნეტ მომხმარებლების უდიდესი ნაწილი აღმოჩნდება რუსული სპეცსამსახურების თვალთვალისა და კონტროლის ქვეშ.

 

გარდა ამისა, არსებობს რისკი, რომ ამ გარიგებამ შექმნას რუსული კომპანიისათვის უპირატესი პირობები სტრატეგიული კაბელების ხელში ჩასაგდებად მომავალში, რის შედეგადაც, საქართველოს მთელი ინტერნეტ სივრცე, შესაძლოა, აღმოჩნდეს მტრულად განწყობილი სპეცსამსახურების კონტროლქვეშ. შედეგად, რუსეთს ექნება შესაძლებლობა მონიტორინგი გაუკეთოს კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმით და საშუალებით გაგზავნილ კერძო თუ სახელმწიფო ინფორმაციას, რაც ქართული სახელმწიფოსათვის კატასტროფის ტოლფასია.

 

მივესალმებით რა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მიმდინარე მოლაპარაკებების გამო, იგი აცნობიერებს სახელმწიფოებრივ საფრთხეს, საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისა და საქართველოს მთავრობისაგან მოვითხოვთ, რომ მათ სრულად ინფორმირებული ამყოფონ ქართული საზოგადოება ზემოხსენებული ხელშეკრულების დეტალებისა და ასევე იმ ნაბიჯების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო გადადგამს მოქალაქეებისა თუ სახელმწიფოსათვის ზემოაღნიშნილი სერიოზული საფრთხეების თავიდან ასარიდებლად.

 

აღვნიშნავთ, რომ, კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მიერ საზოგადოებისათვის დღემდე მოწოდებული ინფორმაცია არასრულია და კიდევ უფრო მეტ კითხვებს ბადებს.

 

ასევე, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია შემუშავდეს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს საკომუნიკაციო კომპანიების მფლობელობის სრულ გამჭვირვალობას, კერძოდ კი, აკრძალავს ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული იურიდული პირების მიერ საქართველოში საკომუნიკაციო კომპანიების მფლობელობას.

 

ჩვენი ღრმა რწმენით, აღნიშნული საკითხი სცდება ჩვეულებრივი კომერციული გარიგების ფარგლებს და წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოების საკითხს.

მიგვაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ აღნიშნული საკითხის განხილვა აუცილებლად უნდა მოხდეს შექმნილი რისკებსა და შესაძლო ეფექტებს სრული გათვალისწინებით და გამჭვირვალედ.

 

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრი

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

სამოქალაქო განვითარების სააგენტო

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

დემოკრატიისა და ევრო-ატლანტიკური კვლევების ინსტიტუტი

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევების ფონდი (GFSIS)

სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში

საზოგადოებრივი მოძრაობა ‘ივერია’

სტრატეგიული კომუნიკაციის და დემოკრატიის ცენტრი

Georgian Review

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

ევროპული ინიციატივა- ლიბერალური აკადემია

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია