ქირურგიის ახალი ერა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
28-09-2013, 14:06 | ბლოგები | ნანახია - 2064

ზურა ოდილავაძე

 

  ქირურგიის ახალი ერაშესავალი

   1967 წლის 3 დეკემბერს ქირურგის ოქროს ხელებმა მორიგი სასწაული მოახდინა: საავადმყოფოში ,,Groote Shuur Hospital” ტრანსპლანტოლოგმა კეიპთაუნიდან, კრისტიან ბერნარდმა, ერთი ადამიანის გული მეორეს გადაუნერგა. ავტოავარიაში გარდაცვლილი ოცდახუთი წლის ქალიშვილის, დენიზ დარვალის გული ორმოცდათხუტმეტი წლის ლუის ვაშკარანსკის გულმკერდში აძგერდა.

   მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია გვიან ღამით ჩატარდა, საიდუმლო მალევე გაცხადდა: საავადმყოფოში ტელეფონის ზარი არ წყდებოდა – ჟურნალისტები უნიკალური ოპერაციის შესახებ გავრცელებული ხმების დადასტურებას მოითხოვდნენ. დილით კი რეპორტიორებმა ჰოსპიტლის შენობას ალყა შემოარტყეს.

   მსოფლიო პრესა სენსაციური სათაურებით აჭრელდა... და მოულოდნელად, თვრამეტი დღის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია წუნდაუდებლად ჩატარდა, ვაშკარანსკი ორმხრივი პნევმონიით გარდაიცვალა...

   სამეცნიერო სამყარო ორ ბანაკად გაიყო: ერთნი გულის გადანერგვას მხარს უჭერდნენ, მეორენი კი ეწინააღმდეგებოდნენ, რადგან ჯერ დაძლეული არ იყო მთავარი – ქსოვილების ბიოლოგიური შეუთავსებლობა. ადამიანის იმუნიტეტი ებრძვის ახალ ორგანოს ისევე, როგორც ვირუსს ან ბაქტერიას და მისი განადგურებისკენ მიისწრაფვის. ორგანიზმი ცდილობს, მოიცილოს ,,უცხო“ ცილა, ამიტომ ნაოპერაციევ პაციენტს იმუნიტეტის დამთრგუნველ (იმუნოსუპრესორულ) მედიკამენტებს აძლევენ, რათა აგრესია მინიმუმამდე შემცირდეს. შესაბამისად, ორგანოთა ტრანსპლანტაციის დროს, ორი ძირითადი საფრთხე არსებობს – ავადმყოფი, შეიძლება, გარდაიცვალოს გადანერგილი ორგანოს მოცილების რეაქციის შედეგად, ან მას ემუქრება ინფექცია, რომელთან ბრძოლაც მედიკამენტებით მკვეთრად დათრგუნული იმუნიტეტის ფონზე, ორგანიზმს აღარ ძალუძს. ამ უკანასკნელმა გართულებამ იმსხვერპლა ლუის ვაშკარანსკიც – ის ორმხრივი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

 

გზა დიადი მიზნისკენ

   სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების, მათ შორის გულის, ტრანსპლანტაციის ფუძემდებლია ფრანგი პათოფიზიოლოგი და ქირურგი ალექსის კარელი, რომელსაც ამ ექსპერიმენტებისთვის ნობელის პრემია მიანიჭეს. გულის გადანერგვის ტექნიკის დახვეწაც ძაღლებზე ექსპერიმენტებით დაიწყო. ამ მხრივ, ყველაზე წარმატებული რუსი ქირურგი, ვ.პ.დემიხოვი გამოდგა. სწორედ მასთან 1967 წელს გაიარა სტაჟირება ქირურგმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, რის გამოც კრისტიან ბერნარდი ვლადიმერ დემიხოვს თავის პირველ მასწავლებლად მიიჩნევდა. კრისტიან ბერნარდი მადლიერი მოწაფე აღმოჩნდა – მსოფლიოში პირველი გულის გადანერგვის ოპერაციის წინ მან დემიხოვს კეიპთაუნიდან მოსკოვში დაურეკა, რაც იმხანად დიდ სირთულეებს უკავშირდებოდა. უკვე ცნობილი ოპერაციის შემდეგ კი, როდესაც ბერნარდი მოსკოვში ჩამოფრინდა და გადახედა რა მის დასახვედრად ჩამწკრივებულ ჩინოვნიკებს, წამოიძახა: ,,უკაცრავად, მაგრამ თქვენ შორის ვერ ვხედავ ჩემს მასწავლებელს, ბატონ დემიხოვს... სად არის ის?“. პარტიულ მუშაკებს თავის დაძვრენა მოუხდათ და დემიხოვის მეტისმეტი დაკავებულობა მოიმიზეზეს. სტუმარმა იქვე კატეგორიულად განაცხადა, რომ მასწავლებელი დაუყონებლივ უნდა ენახა. ჩინოვნიკებიც იძულებულნი გახდნენ, საპატიო სტუმრის ბრძანებას დამორჩილებოდნენ. გაყინულ, ნახევრად ჩაბნელებულ სარდფაში, სადაც განთავსებული იყო სსრკ-ში პირველი ორგანოების ტრანსპლანტოლოგიის განყოფილება, ბერნარდმა თავისი მასწავლებელი მოინახულა...

   დემიხოვმა ძაღლებზე ასობით ოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც ის დაავადებულ გულს არ იღერბდა და, დამატებით, ცხოველს მეორე გულს უნერგავდა. რეკორდი 1962 წელს დამყარდა – ძაღლმა გრიშკამ, დამატებითი გულით 141 დღე იცოცხლა. ,,ორგულიანი“ ძაღლის ფოტოებმა მსოფლიო პრესა მოიცვა.

   1953 წელს ცნობილმა ამერიკელმა ქირუგმა, კარლეს ბეილიმ, პირველად განახორციელა ძაღლებზე ერთი გულის, მეორით შეცვლა. 1961 წელს წარმატებული ექსპერიმენტები აგრეთვე ჩაატარეს ამერიკელმა ქირურგებმა – შამუეიმ და ლოუერმა – გულის გადანერგვის საოპერაციო ტექნიკა საბოლოოდ ჩამოყალიბდა. ქირურგები კლინიკაში გადასასვლელად მზადებას შეუდგნენ...

   ეს გაბედული ნაბიჯი მსოფლიოში ფილტვის პირველი ტრანსპალნტაციის ავტორმა, ამერიკელმა, ჯ.ჰარდიმ, გადადგა. ექსპერიმენტის შესახებ მხოლოდ მეცნიერებისა და ექიმების ვიწრო წრემ შეიტყო. 1964 წლის 23 იანვარს ჰარდიმ ადამიანს შიმპანზეს გული გადაუნერგა. ქირურგი არ აპირებდა მაიმუნის გულის გამოყენებას, მაგრამ როდესაც მისი პაციენტი კვდებოდა, დონორი ადამიანი, მიუხედავად ტვინის შეუქცევადი დაზიანებისა, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ასეთ პირობებში ჰარდი ვერ შეძლებდა დონორის გულმკერდიდან გულის ამოღებას, ამიტომ მან ცოცხალი მაიმუნის გული გადანერგა. პაციენტმა ოპერციის შემდეგ მხოლოდ ორი საათი იცოცხლა...

   1967 წლის პირველი დეკემბრისთვის ნიუ- იორკში პროფესორმა ა.კანტროვიცმა გადაწყვიტა რუბიკონი გადაელახა... მის კლინიკაში მოხვდა 19 დღის ბავშვი, რომელიც დაიბადა სიცოცხლესთან შეუთავსებელი გულის მანკით. კანტროვიცი შეუდგა გადანერგვის ოპერაციისთვის მზადებას და სასწრაფოდ ეძებდა დონორს, რომლის გულიც, დაახლოებით, მაინც ჩვილის გულის ზომის შესაბამისი იქნებოდა. კანტროვიცს არ გაუმართლა – უახლოეს დღეებში მან გული ვერ იპოვა, თუმცა, 5 დეკემბერს განზრახვა მაინც განახორციელა; ბავშვი რამდენიმე საათში გარდაიცვალა... მაგრამ კანტროვიცი უკვე აღარ იყო პირველი – მას კრისტიან ბერნარდმა სულ რაღაც ორი დღით დაასწრო.

 

კითხვები, კითხვები... და გამარჯვება!

   როდესაც დენიზ დარვალი ჰოსპიტალში მიიყვანეს, ის ცოცხალი იყო. ლუის ვაშკარანსკიც, ამავე საავადმყოფოს ძველი პაციენტი, ,,ჯერ კიდევ ცოცხალი იყო“, რადგან მკურანალი ექიმების რწმუნებით, გულის სრული უვარგისობის გამო, ის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიდა. იმავე ექიმების აზრით, ავტოკატასტროფაში მოყოლილი დენის დარვალის გადარჩენა შეუძლებელი იყო, სამაგიეროდ კი, მისი გული ვაშკარანსკის სიცოცხლეს გაუხანგრძლივებდა. პროფესორ კრისტიან ბერნარდი ჭეშმარიტად ტრაგიკული არჩევანის წინაშე დადგა: ხელოვნური სუნთქვის აპარატის გათიშვა, რაც ახალგაზრდა ქალის სიკვდილს ნიშნავდა, ან დენიზის რეანიმაციის გაგრძელება და მაშინ, ვაშკარანსკის გარდაცვალების პასიური ლოდინი, რადგან არავინ იცოდა, როდის შეძლებდნენ მისთვის შესაფერი დონორის პოვნას. მედიცინის ათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში, არც ერთი ექიმი ამგვარ ვითარებაში არ აღმოჩენილა: უნდა ამოეღოთ ერთი ადამიანის გულმკერდიდან ცოცხალი გული, რომელიც ჯერ კიდევ ფეთქავდა; უნდა ამოეღოთ სხვა ადამიანისთვის, მართალია, მეტად დაშავებული, მაგრამ მაინც ცოცხალი გული; შემდეგ, გულმკერდის ღრუში გაჩენილ სიცარიელეში ჩაეკერებინათ სხვისი ორგანო, რომელიც საუკუნეებია სიცოცხლის სიმბოლოდ ითვლებოდა; და ბოლოს... არავინ იყო დარწმუნებული, რომ ეს ,,სიმბოლო“, რომელმაც სიცარიელე ამოავსო, სხვის მკერდში კვლავ დაიწყებდა ფეთქვას.

   ...პროფესორმა კრისტიან ბერნარდმა, მიუხედავად მრავალი კოლეგის გააფთრებული კრიტიკისა, ჯოჯოხეთის ყველა ეს წრე გაიარა და გაიმარჯვა! გულის გადანერგვის პირველ ოპერაციაში 30 ქურურგისგან შემდგარი ჯგუფი მონაწილეობდა. თვით კრისტიან ბერნარდი აღიარებდა, რომ არ ელოდა ასეთ მასშტაბურ რეზონანს. შემდეგ ის იხსენებდა: ,,ჩვენ ჰოსპიტლის უფროსობისთვისაც კი არ გაგვიცნია საქმის ვითარება. გაცნობიერებული არ გვქონდა, რომ ისტორიულ მოვლენაში ვმონაწილეობთ, რადგან, წინააღმდეგ შეთხვევაში, ოპერაციის მსველობას ფოტოფირზე მაინც აღვბეჭდავდით“.

   ვაშკარანსკის სიკვდილის შემდეგ ორი კვირაც არ იყო გასული, როდესაც ბერნარდის გუნდმა გულის გადანეგრვის მეორე ოპერაცია ჩაატარა. მათმა მეორე პაციენტმა, ფილიპ ბლეიბერგმა, უკვე წელიწადნახევარი იცხოვრა. ყოველი ოპერაციის შემდეგ სიცოცხლის ხანგრძლივობა მუდმივად იზრდებოდა. ბერნარდის ერთ-ერთმა პაციენტმა, დირკ ვან ზილმა, დონორის გულით 23 წელი იცოცხლა და დიაბეტით გარდაიცვალა.

   თანამედროვე ტრანპლანტოლოგიაში გულის გადანერგვა რუტინულ ოპერაციად იქცა – 2000 წლისთვის ჩატარებული იყო 40 ათასზე მეტი ამ ტიპის ქირურგიული ჩარევა. კარლ ვიტაკერმა, რომელიც 2001 წლისთვის სხვისი გულით 13 წელი ცხოვრობდა, ასი მეტრი 12 წამში გაირბინა. მსოფლიო რეკორდი სხვისი გულით სიცოცხლის ხანგრძლივობაში ეკუთვნის ტონი ხიუზმანს – მან გადანერგილი გულით 30 წელზე მეტი იცოცხლა და კანის კიბოთი გარდაიცვალა.

 

საკულტო გმირი

   კრისტიან ბერნარდის ბიოგრაფიაში თანამედროვე ეპოქის სამაგალითო საკულტო გმირის ყველა ნიშანს აღმოაჩენთ: დაუღალავი შრომა და გაჭირვებაში გატარებული ახალგაზრდობა; უდიდესი მიღწევა, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა; ჭორებისა და სკანდალების გრძელი შლეიფი, რომელიც მას სიკვდილამდე თან სდევდა.

   1946 წელს კრიტიან ბერნარდმა ექიმის დიპლომი მიიღო და ცოლად შეირთო მომხიბვლელი მედდა, ალეიტე ლოუვი. საქორწინო ბეჭდის შესაძენად სიძეს გაჭირვებით ნაყიდი ძველი ავტომობილის გაყიდვა მოუწია.

   უეცრად თავს დამტყდარმა დიდებამ სრულიად შეცვალა ბერნარდის ცხოვრება. ბიჭს, სამხერთ აფრიკის პატარა ქალიქიდან, დიდი პატივით იღებდნენ მეფეები და შეიხები, პრეზიდენტები და პრემიერები, მასთან შეხვედრას ცდილობდნენ კინოს ვარსკვლავები და მრავალი ცნობილი ადამიანი, მათ შროის რომის პაპიც. კინოვარსკვლავებით გარშემორტყმული, იგი თვით გახდა კაშკაშა ვარსკვლავი. ცნობილია მისი რომანები ჯინა ლოლობრიჯიდასთან და სოფი ლორენთან. სიმპათიური, მხიარული, გულღია ხასიათისა და ლამაზი ქალების მოყვარული დოქტორი ღამის კლუბებისა და წარჩინებული საზოგადოების ხშირი სტუმარი გახდა. ამგვარი ცხოვრების სტილი ოჯახისთვის დროს აღარ უტოვებდა, რასაც მოჰყვა განქორწინება. თუმცა, მალევე ბერნარდმა 19 წლის ლამაზმანი, მოდების ჟურნალების რჩეული, ბარბარა ზოლნერი მოიყვანა ცოლად. მაშინ 48 წელის დოქტორი დიდების ზენიტში იყო.

   1982 წელს მეორე ქორწინებაც დაირღვა. ოჯახის შენარჩუნებისთვის ბერნარდმა ყველა ღონე იხმარა. სამხეთაფრიკულ ცენტრალურ გაზეთში მეუღლის წინაშე ბრალის აღიარებითა და მონანიებით აღსავსე ღია წერილიც კი გამოაქვეყნა, მაგრამ ყოფილი მეუღლის გადაწყვეტილება ურყევი აღმოჩნდა და ისინი დაშორდენენ.

   მესამედ ბერნარდმა 6 წლის შემდეგ იქორწინა. დოქტორი 66 წლის იყო, ფოტომოდელი  კატრინ ზეტცკორნი მას შვილიშვილად ერგებოდა. ახლაგაზრდა მეუღლესთან ბერნარდს ორი შვილი შეეძინა, მაგრამ ორი წლის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ამ დროისთვის ბერნარდი უკვე იშვიათად დადიოდა მიღებებზე. სიბერის ჟამს მან გადაწყვიტა, აფრიკის ფაუნა განადგურებისგან ეხსნა. ის განმარტოვდა ბოფორ-უესტში, საკუთარ ფერმაში და მთელ დროს გარეულ ცხოველებთან ატარებდა.

   ბერნარდს არასდროს ეხამუშებოდა თავის ცხოვრების წესი. პირიქით, ის ამაყობდა საკუთარი სექსუალური გამარჯვებებით და წიგნიც კი გამოსცა – ,,ჯანსაღი გულის შენარჩუნების 50 ხერხი“, რომელშიც პროპაგანდას უწვედა აქტიურ სქესობრიც ცხოვრებას, როგორც ,,ჯანმრთელი გულსიხლსძარღვთა სისტემის შენარჩუნების საუკეთესო ხერხს“. თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ბერნარდმა განაცხადა, რომ უდარდელი ცხოვრების გამო, თავის მართლებას არ აპირებს: ,,შესაძლოა, ეს იყო ჩემი მრავალი უსიამოვნების ერთერთი მიზეზი, რადგან მე არ ვიქცეოდი, როგორც შეჰფერის სახელოვან პროფესორს. მიყვარდა საღამოს წვეულებები და ქალთა საზოგადოება. ასარჩევად რომ მქონოდა: ნობელის პრემია თუ ლამაზი ქალი, უთუოდ ქალს ავირჩევდი“.

 

ორი გენიოსი

   1951 წელს ვლადიმერ დემიხოვმა, პირველად მსოფლიოში, ძაღლს დონორის გული გადაუნერგა. სკლიფოსოვსკის ინსტიტუტის ნახევრად ჩაბნელებულ სარდფაში ქირურგი დილიდან საღამომდე თავდაუზოგავად შრომობდა. ის იმდენად დახელოვნდა, რომ შეეძლო ძაღლისთვის მეორე თავიც კი მიეკერებინა. მედიკოს სტუდენტებს, რომლებიც იმ წლებში სწავლობდნენ, ახსოვთ დემიხოვის მიერ ჩატარებული ორთავიანი ძაღლის ფანტასტიკური დემონსტარციები. ორივე თავი იღებდა საჭმელს, რეაგირებდა გარეგან გამაღიზიანებლებზე და ერთმანეთთან თამაშობდა კიდეც. სწორედ ამ უნიკალურმა ოპერაციებმა და დაინტერესებამ, რომელიც დემიხოვის ექსპერიმენტებმა გამოიწვიეს მსოფლიოში, მეტად გააღიზიანა საბჭოთა უფროსობა. დემიხოვი თავის ცდებს ინსტიტუტის სარდაფში ატარებდა, რომელშიც, საქვაბესთან მეზობლობის გამო, სუნთქვაც კი შეუძლებელი იყო, ხოლო ნაოპერაციევი ძაღლები თავის ოროთახიან ბინაში მიჰყავდა და იქ უვლიდა. კრისტიან ბერნარდი მუდამ აღნიშნავდა, რომ მხოლოდ მას შემდეგ გაბედა ადამიანისთვის გულის გადანერგვის ოპერაციის გაკეთება, როდესაც მოსკოვში ვლადიმერ დემიხოვის შრომის შედეგები საკუთარი თვალით იხილა. სსრკ-დან დაბრუნებულმა ბერნარდმა საექიმო პრაქტიკა ექვსი წლით მიატოვა და, მასწავლებლის მსგავსად, ცხოველებზე ამუშავებდა გულის გადანერგვის ტექნიკას. განსხვავებით ბერნარდისგან, რომელმაც მსოფლიო სახელი მოიხვეჭა, გენიალურმა ქირურგმა და მეცნიერებით შეპყრობილმა ვლადიმერ დემიხოვმა სიღატაკეში, კომუნალურ ბინაში დალია სული... 

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია