ხელისუფლება საზოგადოების გარეშე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
27-02-2016, 00:10 | პოლიტიკა | ნანახია - 1309

 

რუსა მაჩაიძე

 

ერთმა ჩემმა მეგობარმა მთხოვა, გავლენიანი პოლიტიკოსების სია შემედგინა. ქართველი პოლიტიკოსები და ქართული რეალობა იგულისხმებოდა. მას შემდეგ ამ სიის შედგენაზე ვფიქრობ და არც ისე ადვილი აღმოჩნდა, როგორც თავიდან მომეჩვენა. არა, ადვილი კი არა, თითქმის შეუძლებელი. საქმე ის არის, რომ ამ შემთხვევაში ცნობადობა არ არის შეფასების ფაქტორი და აქ მთავარი პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობაა. ცხადია, საკუთარი ბიზნესის ლობირება ან თანამდებობის მოპოვება ნებისმიერ ფასად არც პოლიტიკოსობას ნიშნავს და არც გავლენიანობას.

 

გავლენიანობაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს პრობლემა სიის შედგენა-არშედგენაზე არ დაიყვანება და საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური პროცესის შესაფასებლად. უფრო ადვილად აღსაქმელი რომ იყოს, რაზე ვსაუბრობთ, ვცადოთ, კონკრეტული შემთხვევა გავიხსენოთ, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო და ამ დროს ვის აზრს მიექცა ყურადღება. მაგალითად, მაჟორიტარული სისტემის შეცვლა პროპორციულით. ოპოზიცია სრულად, არასამთავრობო სექტორი და პლიუს საზოგადოება, რომელმაც 200 ათასი ხელმოწერით დაადასტურა, რომ ამ სისტემის შეცვლა უნდათ, მაჟორიტარული პრონციპის გაუქმებას ითხოვს. მეორე მხარეს არის ხელისუფლება, სადაც ის ხალხია, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლამდე ამას ითხოვდა, მაგრამ ახლა ან გაჩუმდნენ ან უარგუმენტო და არადამაჯერებელი კომენტარებით ცდილობენ თავის მართლებას, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა დარჩეს, ყოველ შემთხვევაში ამ არჩევნებზე მაინც.

 

თავისთავდ ასეთი დაყოფა - ერთ მხარეს ოპოზიცია და საზოგადოება და მეორე მხარეს ხელისუფლება უკვე პრობლემაა, მაგრამ გაცილებით ღრმავდება, როდესაც ხელისუფლების შიგნითაც არ იძებნება ისეთი პირი ან პირები, ვინც გავლენას ახდენენ პროცესებზე.

 

რატომ არ აქვთ გავლენა პოლიტიკოსებს, - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არც ისე ადვილია, მაგრამ ისევ დემოკრატიული მმართველობის ძირითად პრინციპებს თუ მოვიშველიებთ, ამ ამოცანას ადვილად ამოვხსნით. დემოკრატიაში ხელისუფლების წყაროა ხალხი. ანუ, საზოგადოების მხარდაჭერა აძლევს ამ პოლიტიკოსებს ძალას, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გავლენა ჰქონდეთ და, თუკი ეს გავლენა არ არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების წყაროს ხალხი, საზოგადოება არ წარმოადგენს. ამას კი დემოკრატიასთან არანაირი კავშირი არა აქვს.

 

ისევ ქართულ რეალობას რომ დავუბრუნდეთ, ხელისუფლებას და საზოგადოებას შორის დიდი ბუფერია შექმნილი და ეს დაშორება იმდენად ღრმაა, რომ ხელისუფლება კულტურულ ღონისძიებებსაც კი ვერ ატარებს საზოგადოების გვერდით.

 

ამის კარგი მაგალითი იყო ოპერის გახსნა, როდესაც ხელისუფლებამ თეორიულადაც კი არ დაუშვა, რომ საზოგადოების გვერდით ყოფილიყო. ამიტომ იყო საზოგადოების მხრიდანაც ასეთი აგრესია, რომ ყველაფერი დაიწუნეს და მათ შორის ისიც კი, რაც დასაწუნი არ იყო.

 

ბოლო პერიოდში მმართველი ძალა თითქოს მიხვდა საზოგადოების ნეგატიურ განწყობებს და ამის გამოსწორებას საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგაზვრობას ცდილობს. მაგრამ ფაქტია, რომ ეს მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია ისევე, როგორც ის, რომ თითქოს საზოგადოების დაყოფა „ჩვენიანებად“ და „თქვენიანებად“ არ შეიძლება. ეს იმ უფსკრულს ვერ ამოავსებს, რაც მმართველმა წრემ შექმნა და მუდმივად ის ისმოდა, რომ, თუკი საზოგადოებას განსხვავებული აზრი ჰქონდა, მაშინვე „თქვენიანად“ და მტრად იქცეოდა.

 

მმართველობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საზოგადოება საკუთარ მტრად გამოეცხადებინა და ეს პირდაპირ ჯდება ავტორიტარიზმის კლასიკურ გაგებაში, როდესაც ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, არ გაითვალისწინოს საზოგადოების აზრი. საზოგადოება, სადაც მხოლოდ თავისიანებს ენდობიან, ხოლო პოლიტიკური კლასი კონსენსუსზე ამყარებს იმედებს, განუხრელად მიექანება ავტორიტარიზმისკენ. ბოლო წლების განმავლობაში კი მმართველი მენტორული ტონით მუდმივად საზოგადოებისთვის ჭკუის სწავლებას, დატუქსვას და საკუთარი ღმერთობის დამტკიცებას ცდილობდა და, ცხადია, მათი აზრის გათვალისიწნებას გამორიცხავდა.

 

ამ ვითარების შესაცვლელად კი ხელისუფლების მმართველობის სტილია შესაცვლელი, რაზეც, როგორც ჩანს, არ წავლენ, რადგან საამისოდ სხვა ნაბიჯები უნდა გადადგმულიყო. თავის მხრივ კი საზოგადოება კარგად ხვდება იმას, რომ მმართველის იმედი არ უნდა ჰქონდეს და ეს ძალიან კარგად გამოჩნდა 13 ივნისს, როდესაც საზოგადოებამ აიღო ხელში პროცესის მართვა. სწორედ ეს არის ნიშანი იმისა, რომ საზოგადოება მზად არის, რომ საკუთარი პრობელემები თავად გადაჭრას.

 

საზოგადოების მოთხოვნა განსხვავებულია მმართველი კლასის ავტორიტარული პრინციპებისგან და, როგორც კრიტიკულ მომენტებში გამოჩნდა, საზოგადოება მზად არის, პროცესების მართვა ხელში აიღოს. ამას კი სწორედ იქითკენ მივყავართ, რასაც პოლიტიკის თეორიაში „დემოკრატიზაციას ქვემოდან“ უწოდებენ.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია