საქართველო კომუნისტური ტირანიის პირობებში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-02-2016, 23:18 | კომენტარები | ნანახია - 1131

საქართველო კომუნისტური ტირანიის პირობებში

 

დადგენილია და ცნობილია, რომ კომუნიზმის დამყარება არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა წითელი არმიისა და მოსკოვის მიერ სპეციალურად წარგზავნილი აგენტების ძირგამომთხრელი საქმიანობის გარეშე. იგივე მოხდა საქართველოშიც. ერთადერთი განსხვავება იყო ის, რომ აქ მათ საკუთარ მიზანს მხოლოდ ძირგამომთხრელი საქმიანობით ვერ მიაღწიეს და კომუნისტური რეჟიმი საქართველოში ღია აგრესიისა და ომის გზით დამყარდა.

 

1920 წლის 7 მაისის შეთანხმება საბჭოეთსა და საქართველოს შორის იყო საბჭოთა რუსეთის მიერ პირველი დარღვეული საერთაშორისო შეთანხმება

 

როდესაც საქართველოში საბჭოთა რეჟიმი დამყარდა, კომუნისტებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დახვეწილი დაპყრობილ ერებთან ურთიერთობის მეთოდი. თავიდან მათ არც კი იცოდნენ, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ და ამის გამო მოსახლეობასთან შედარებით ლმობიერი ურთიერთობა არჩიეს, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე ტირანია, ტერორი და ზეწოლა, რაც ბევრი დაპყრობილი ქვეყნისთვის დღეისათვის ასე კარგად ცნობილი რეალობაა, ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. მკვლელობა, დაპატიმრება, დეპორტაცია, სიკვდილით დასჯა, ქალების გაუპატიურება და ბავშვების გარყვანა ჩვეულებრივ ამბად იქცა. კომუნისტებისთვის არ არსებობდა არაადამიანურობისა და სისასტიკის ზღვარი. მათთვის უცხოა მორალური პრინციპები და ეთიკური კოდექსი. ბოლშევიკთათვის ყველაფერი დასაშვებია, თუკი ეს მათ საბოლოო მიზნამდე მიიყვანს - მათი მიზანი კი მსოფლიოს დაპყრობა და საყოველთაო კომუნისტური სახელმწიფოს შექმნაა.

 

საბჭოთა საქართველოს მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გააუქმა მიწის, სახლების, მრეწველობის, მაღაროების, ბანკების და ა.შ. კერძო საკუთრება და აკრძალა ყველა პოლიტიკური პარტია, გარდა კომუნისტური პარტიისა. ადმინისტრირების სადავეები მთლიანად კომუნისტების ხელში გადავიდა. თავდაპირველად მათ საკმარისი ხალხი არ ჰყავდათ, ამიტომ ძველი მთავრობის მრავალი არაკომუნისტი თანამშრომელი ძალის გამოყენებით, შანტაჟით ან სიცოცხლის მუქარით აიძულეს, რომ დარჩენილიყვნენ თანამდებობებზე. თანდათან, რა თქმა უნდა, მათგანაც გათავისუფლდნენ და ისინი კომუნისტებით ჩაანაცვლეს.

 

განათლება

 

ოკუპაციის პირველივე დღიდან ამოქმედდა უზარმაზარი პროპაგანდისტული კამპანია. ყველაფერი გაკეთდა ქართველების და განსაკუთრებით, ახალგაზრდების, გასაკომუნისტებლად. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა კომუნისტურ განათლებას. ლენინის, სტალინის და კომუნიზმის სხვა ლიდერების ბრძანებები სიტყვასიტყვით სრულდებოდა. განუწყვეტლივ იმეორებდნენ ლოზუნგებს: „მასწავლებლებო და საზოგადოებრივი განათლების მუშაკებო, აღზარდეთ ჩვენი ახალგაზრდობა საბჭოთა პატრიოტიზმის სულისკვეთებით. აღზარდეთ სოციალისტური საზოგადოების მოქალაქეები, კომუნიზმისთვის აქტიური მებრძოლები“; „ჩვენს სტუდენტებს ახალი სახელმძღვანელოები ესაჭიროებათ, რომლებიც მარქსისტულ-ლენინურ კრიტიკას პასუხობს, რათა ახალგაზრდობა ბოლშევიკური პარტიის სულისკვეთებით აღიზარდოს“; „პროფესორები, ფაკულტეტების ხელმძღვანელები, პედაგოგები და სტუდენტები დაუღალავად უნდა სწავლობდნენ მარქსიზმ-ლენინიზმს“; საბჭოთა სისტემა ხალხთა მასებს კომუნისტური სულისკვეთებით გამსჭვალულ განათლებას აძლევს“; „საზოგადოებრივი განათლების მუშაკებმა აღსაზრდელებს სოციალისტური [კომუნისტური] იდელები უნდა შთააგონონ. ჩვენი მიზანია ახალგაზრდობის იდეოლოგიური მომზადება, რათა აღვზარდოთ თაობა, რომელიც საბოლოოდ დაამყარებს კომუნიზმს“; „ლენინურ-სტალინური იდეოლოგია უნდა ნერგავდეს ზიზღს კაპიტალისტური წყობისადმი“.

 

კომუნისტური პროპაგანდა მკაცრად მიჰყვებოდა ლენინის პრინციპებს. ლენინმა ერთხელ განაცხადა, რომ „საზოგადოებაში მიმდინარე რთულ პროცესებთან დაკავშირებით, ყოველთვის ადვილია ისეთი მაგალითებისა და ცალკეული მონაცემების შერჩევა, რომლებითაც შესაძლებელია იმის დამტკიცება, რაც ჩვენ გვსურს“.

 

საქართველოს ოკუპაციიდან მცირე ხნის შემდეგ, კომუნისტებმა განახორციელეს ის, რასაც თავად „სკოლის რეფორმას“ უწოდებდნენ. ყველა საშუალო სკოლა (გიმნაზია) დაიხურა, როგორც „ბურჟუაზიულ-თავადური“ ტიპის სასწავლო დაწესებულება და მათ მაგივრად გაიხსნა ე.წ. მშრომელთა სკოლები. სასწავლო პროგრამები მთლიანად შეიცვალა. მაგალითად, გარკვეული დროით აიკრძალა საქართველოს ისტორიის სწავლება, რის მაგივრადაც შემოიღეს „კლასობრივი ბრძოლის“ ისტორია. ყველაზე მეტი ყურადღება მარქსიზმის სწავლებას ეთმობოდა. რუსული ენის სწავლების საათების რაოდენობა განუზომლად გაიზარდა, დასავლური ენების, ლათინურისა და ბერძნულის სწავლება კი ან მინიმუმამდე შემცირდა ან საერთოდ გაუქმდა. გაჩნდა ქართული ლიტერატურის ახალი სახელმძღვანელოები, რომლებშიც არ იყო მოცემული რამდენიმე უდიდესი ქართველი მწერლის ნაწარმოებები, სამაგიეროდ შეტანილი იყო კომუნისტი მწერლების ნაწარმოებები.

 

სახელმწიფო უნივერსიტეტმა სრული რეორგანიზაცია განიცადა. ზოგიერთი ფაკულტეტი მთლიანად გაუქმდა; დანარჩენებს სასწავლო პროგრამები შეუცვალეს. მათ დაუმატეს ახალი „ინსტიტუტები“, როგორიცაა, მაგალითად, „საბჭოთა პედაგოგიური“, „საბჭოთა სამართალი“, „საბჭოთა საფინანსო-ეკონომიკური“, რომელსაც შემდეგ „კოლმეურნეობის ფაკულტეტი“ მიუერთდა, და სხვა მრავალი. დაითხოვეს, დააპატიმრეს, გადაასახლეს ან სიკვდილით დასაჯეს არაერთი პროფესორ-მასწავლებელი, რომელთა ადგილიც უვიცმა ადამიანებმა დაიკავეს - მათი ერთადერთი კვალიფიკაცია ის იყო, რომ ისინი საიმედო კომუნისტები იყვნენ. ისევე, როგორც საბჭოეთის სხვა ქვეყნებში, აკადემიური დამოუკიდებლობა აქაც დაუშვებელი გახდა. ყველაფერი უნდა ესწავლებინათ იმგვარად, როგორც ამას მოსკოვი ბრძანებდა. ყოველი გადახრა მოსკოვის მიერ ნაკარნახევი ხაზიდან მკაცრად უნდა გაკონტროლებულიყო. ისტორია, პოლიტიკური მეცნიერება, ეკონომიკა და სხვა დისციპლინები კომუნისტურ იდეოლოგიასა და თეორიებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით ხელახლა დაიწერა. ისტორიის საგანი ყველაზე მეტად დაიჩაგრა. ისტორიული ფაქტები დროდადრო სხვადასხვანაირად მახინჯდებოდა. პროფესორს, რომელიც იმ დროს საბჭოთა ხაზს მიჰყვებოდა, გარკვეული საფრთხე მაინც ემუქრებოდა, რადგან რამდენიმე წლის შემდეგ, ან იქნებ უფრო ადრეც, შესაძლო იყო იფიციალური პარტიული ხაზის ცვლილება, რაც მას „უკლონისტად“ ან „მოღალატედ“ აქცევდა. იმ ქართველ პროფესორ-მასწავლებელთა სია, რომლებიც კომუნისტებმა სიკვდილით დასაჯეს ან რომლებიც ციხეებსა და კოლონიებში დაიხოცნენ, ძალზე გრძელია. ის მოიცავს ქართული ინტელექტუალური ელიტის საუკეთესო წარმომადგენელთა და მსოფლიო რეპუტაციის მქონე არაერთი ადამიანის სახელს.

 

პრესა

 

პრესის თავისუფლება, რა თქმა უნდა, საქართველოში მაშინვე გაუქმდა, როგორც კი კომუნისტებმა ხელთ იგდეს ძალაუფლება. უკლებლივ ყველა გაზეთი და ჟურნალი აიკრძალა. კომუნისტებმა თბილისში ორი გაზეთის გამოცემა დაიწყეს. ესენია: ქართულენოვანი „კომუნისტი“ (საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბეჭდვითი ორგანო) და რუსულენოვანი „ზარია ვოსტოკა“. ორივე მათგანი რუსული გაზეთების „პრავდისა“ და „იზვესტიის“ ზუსტ ასლს წარმოადგენდა. მათში მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივი ამბავი თუ იყო ჩამატებული. გარდა ამ ორი გაზეთისა, გამოდიოდა სხვა გაზეთები, ჟურნალები და პუბლიკაციები, მაგრამ ყოველი მათგანი კომუნისტური იყო და გამოიყენებოდა მხოლოდ კომუნისტური იდეოლოგიის გასავრცელებლად.

 

ოჯახი

 

სოციალურ ინსტიტუტებს შორის, რომლებიც საქართველოში კომუნისტებს საშიშად ეჩვენათ და რომელსაც დაუპირისპირდნენ, იყო „ოჯახის“ უძველესი, ქრისტიანული ტიპის ინსტიტუტი. ოჯახი საქართველოში, შესაძლოა, ბევრად უფრო ძლიერად, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდა. უფროსების პატივისცემა კულტის დონეზე იყო; განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ ქალები, რითაც ქართველები ცნობილნი არიან. კომუნისტებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ბავშვები მშობლებისგან მოეწყვიტათ, რადგან ქართველთა უფროსი თაობა მთლიანად ანტიკომუნისტურად იყო განწყობილი. ყოველი ქართველი ბავშვისთვის ოჯახი კომკავშირს (ახალგაზრდა კომუნისტთა კავშირი) უნდა შეეცვალა. თავად კომუნისტების თქმით, ეს კავშირი იყო მასობრივი ორგანიზაცია, რომელიც კომუნისტური პარტიის მიერ მოსწავლე-ახალგაზრდობის კომუნისტური სულისკვეთებით აღზრდის მიზნით შეიქმნა. ადგილობრივი კომკავშირული ორგანიზაციების საქმიანობას პარტიული ორგანიზაციები წარმართავდნენ. მისი მუშაობის ამოცანა ახალგაზრდებში კომუნიზმის იდეალებისადმი ერთგულების ჩანერგვა, საბჭოთა სამშობლოსთვის უანგარო თავდადება და მისი ძლიერების ყველა საშუალებით განმტკიცებისთვის მზადყოფნა იყო. ქართველ ბავშვებს უნერგავდნენ, რომ მათ მხოლოდ სახელმწიფოს მიმართ გააჩნდათ პასუხისმგებლობა; რომ მათ უნდა დაებეზღებინათ და გაეკიცხათ საკუთარი მშობლებიც კი, თუ ისინი, მათი აზრით, „ანტისოციალური“ ან სხვა სიტყვებით, „ანტიკომუნისტური“ განწყობისანი იყვნენ. პოეტებს ბავშვებისათვის ამგვარი სტრიქონების დაწერას სთხოვდნენ: „მე მოვკლავ დედას, დავახრჩობ მამას, რევოლუცია თუ მომთხოვს ამას“. როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ტოროშელიძე სიკვდილით დასაჯეს, მისმა ქალიშვილმა საჯაროდ დაგმო მშობელი მამა და განცხადა, რომ ის იმსახურებდა სასჯელს. ეს ერთეული შემთხვევა არ იყო. ძლიერ სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ კომუნისტების ვერაგული პროპაგანდა ანადგურებს ცივილიზაციის ძირითად საყრდენს - ოჯახს.

 

ლიტერატურა

 

ქართველები ყოველთვის სამართლიანად ამაყობდნენ თავიანთი დიდი ლიტერატურით.

 

წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობისთანავე, კომუნისტური პარტიის ბრძანებით, ქართველ მწერლებს კომუნისტური რევოლუციისა და საბჭოთა რეჟიმის განდიდება დაევალათ. მწერლები ალტერნატივის წინაშე აღმოჩნდნენ. მათ ან უარი უნდა ეთქვათ საკუთარ სტილზე, დაევიწყებინათ ან ხაზი გადაესვათ ყველაფრისათვის, რისაც ადრე სჯეროდათ და ხოტბა შეესხათ იმისთვის, რაც ეწინააღმდეგებოდა მათ პრინციპებსა და რწმენას, ან საერთოდ შეეწყვიტათ წერა.

 

მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ თანამშრომლობაც კი არ იყო საკმარისი და მოსკოვს კომუნისტური იდეების აქტიური პროპაგანდისტები ესაჭიროებოდა. მალე დაიწყო ქართველი მწერლების დაკავება და დეპორტაცია. 1932 წელის 23 აპრილს მოსკოვის პოლიტბიურომ გადაწყვიტა და საქართველოს პროლეტარი მწერლების კავშირის პრეზიდენტმა კი სიტყვასიტყვით გაიმეორა, რომ „დღეიდან კომინისტური პარტია ვერ შეეგუება რაიმე ოპოზიციას ან გადახრას“.

 

ბევრი ქართველი მწერალი სიცოცხლეს გამოასალმეს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ არ მოიხარეს ქედი ძალადობის წინაშე. გადარჩნენ მხოლოდ ისინი, ვინც ზეწოლას ვერ გაუძლო და დაემორჩილა კომუნისტურ ტირანიას. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ წარსულში ესოდენ მდიდარ ქართულ ლიტერატურაში ისტორიის ამ ეტაპზე ერთი დიდი მხატვრული ღირებულების ნაწარმოებიც კი არ ჩანს.

 

ხელოვნება და თეატრი ლიტერატურაზე ნაკლებ როდი დაზარალდა. ამიერიდან დრამატული ხელოვნებაცა და მუსიკაც საბჭოთა თეორიების შესაბამისი უნდა ყოფილიყო და მოსკოვიდან მიღებული ბრძანების მიხედვით უნდა შექმნილიყო. სტალინმა განაცხადა, რომ მუსიკა ხელოვნების ზოგად კანონებს და აქედან გამომდინარე, მარქსისტულ-ლენინური ესთეტიკის პრინციპებსა და პარტიულ კონტროლს ექვემდებარებოდა.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია