დამფუძნებელი მამების 200 წლის წინანდელი სიბრძნე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
6-03-2016, 16:12 | პოლიტიკა | ნანახია - 3013

დამფუძნებელი მამების 200 წლის წინანდელი სიბრძნე 

 

ნიკა რურუა

 

ყველა დამკვირვებელი, კომენტატორი თუ უბრალო ცნობისმოყვარე ადამიანი თითქმის ერთნაირადაა (და ასევე თითქმის სასაცილოდ) დაზაფრულ-შოკირებული ამერიკული საპრეზიდენტო კამპანიის გავულგარულების, უგემოვნებობის და გატრივიალურების გამო, მიუხედავად მისი უდიდესი მნიშვნელობისა არა მხოლოდ შეერთებული შტატებისთივის, არამედ მთელი დასავლური დემოკრატიებისთვის.

 

პირველად ამერიკის ისტორიაში საპრეზიდენტო კანდიდატების საჯაროდ განსახილველ თემებში აღმოჩნდა კანდიდატის თითების (და არა მარტო თითების) სიგრძე-სიგანე, ოფლიანობის ხარისხი, კანდიდატების სახის რუჯი, გარუჯვის სპრეის მიერ დახუფული ოფლის ჯირყვლები, კანდიდატთა თმის ვარცხნილობა, და ა. შ. ერთი სიტყვით - სახეზეა სრული დეგენერაცია საჯარო დებატის ხარისხის და დახვეწილობისა, რომელშიც, რაც უფრო უტიფარი, უზრდელი, ვულგარული, თავხედი და ყოყლოჩინაა კანდიდატი, მით უფრო მეტ მხარდაჭერას ელის ის ამომრჩევლისგან. მიმდინარეობს შეჯიბრი აშკარად ნეგატიური ნიშნის მატარებელი მაჩვენებლებისა.

 

ამ სიტყვების კითხვისას ყველას, ცხადია, განსაკუთრებით ერთი კანდიდატი - ბიზნესმენი დონალდ ტრამპი დაუდგება თვალწინ. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ავღნიშნოთ, რომ სხვა კანდიდატებმაც აუბეს მას მხარი და აყვნენ მას ამ ახალ, მახინჯი თამაშის წესების დამკვიდრებაში. რუბიოს, ბერნი სანდერსის, თედ კრუზის ანალოგიური გამოხტომების მიუხედავად, ქალთმოძულე, უმცირესობებ-მოძულე, პუტინისტი, ანტიევროპელი ტრამპი ყველა ამ კანდიდატს მაინც ჯობნის უტიფრობასა და ბრიყვულ, თვითდარწმუნებულ უზრდელობაში. და ის ლიდერობს რეიტინგებშიც.

 

დიდი შანსია, რომ დონალ ტრამპი, წარსულში დემოკრატი, დემოკრატიული პარტიის მსხვილი სპონსორი და რესპუბლიკელების ღია კრიტიკოსი, სულ მალე რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინანტი გახდეს. მაგრამ ეს არაფერი, გარდა იმისა, რომ ეს ძალიან დააზარალებს GOP-ს, ანუ “უდიდეს ძველ პარტიას”, როგორც რესპუბლიკელები თავმომწონედ უწოდებდნენ საკუთარ თავს არსებობს მთელი წლების განმავლობაში. და ეს მაინც მხოლოდ ერთი პარტიის ტრაგედია იქნებოდა, რომელსაც უამრავი ობიექტური მიზეზი აქვს, რომელთა გამოვლინების მხოლოდ სიმპტომის როლი ითამაშა ტრამპმა: წაყრუებული პრობლემები, როგორც ავადმყოფობა, ამ პარტიას უკვე დიდი ხანია ასუსტებს და დღეს ამ ავადმყოფობამ დონალდ ტრამპის სახით უკვე ღიად გამოვლენილი ფორმა მიიღო.

 

მაგრამ მთლად უარესი არც ესაა. მთლად უარესი იქნება ის, რომ ტრამპისმაგვარი დემაგოგი - პოლიტიკურად უვიცი, სრულიად გამოუცდელი და კატასტროფულად უპასუხისმგებლო ტიპაჟი შეირჩეს იმ უდიდესი მნიშვნელობის თანამდებობის დასაკავებლად, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოზიცია ქვია.

 

ეს კი არც თუ ისე შეუძლებელია, თუ იმ დინამიკას მივადევნებთ თვალს, რითაც პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს. ტრამპის ერთადერთ სერიოზულ კონკურენტს დემოკრატიული პარტიიდან - ჰილარი კლინტონს - უამრავი სკანდალური თუ სამართლებრივი პრობლემა აქვს იმისთვის, რომ მას იოლი გამარჯვება ჰქონდეს გარანტირებული.

 

მაშინ რაღამ შეიძლება დაიცვას ამერიკული დემოკრატია და მთელი დასავლური სამყარო ტრამპისმაგვარი მოფაშისტო დემაგოგისთვის ამერიკის პრეზიდენტის ხელთ მქონე უდიდესი ძალაუფლების გადაცემისგან?

 

პასუხი მარტივია და ის 200 წლისაა. მისთვის მადლიერება კი შეერთებული შტატების “დამფუძნებელ მამებს” ეკუთვნით. და ამ უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელ სამართლებრივ ზღუდეს “ელექტორალური კოლეჯი” (Electoral College - საარჩევნო კოლეგია) ჰქვია.

 

მისი არსი ძალიან მარტივია: მიუხედავად ხალხის უმრავლესობაში გავრცელებული, მცდარი შეხედულებისა, რომ ამერიკა საკუთარ პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს პირდაპირი დემოკრატიული გზით ირჩევს, სინამდვილეში ეს ასე არ არის.

 

დამფუძნებელი მამების 200 წლის წინანდელი სიბრძნე

 

ნუ გაიკვირვებთ, მაგრამ ეს მართლაც ასეა.

 

პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ ე.წ. შტატების “ელექტორები” (ანუ, სპეციალურად შერჩეული ამომრჩევლები) ირჩევენ, იმის მერე რაც ტარდება საყოველთაო არჩევნები. ანუ, ბოლო სიტყვა არა ხალხს, არამედ ამ შტატების “ელექტორებს” ეკუთვნით და ისინი, როგორც წესი, უკვე ხალხის გაკეთებული არჩევანის შესაბამისად ირჩევენ პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს.

 

მაგრამ, ნათქვამის მიუხედავად, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ “ელექტორები” ყოველთვის სწორედ იმ კანდიდატს აირჩევენ, რომელიც ხალხმა აირჩია: შეერთებული შტატების მთელი რაოდენობის მხოლოდ ნახევარი ითხოვს კანონის ძალით “ელექტორებისგან” რომ მათ უერთგულონ ხალხის უმრავლესობის მიერ არჩეულ კანდიდატს, მაგრამ შტატთა მეორე ნახევარში ეს ასე სულაც არაა. ანუ, “ელექტორებს”, იდეაში, შეუძლიათ დამარცხებული კანდიდატი “აირჩიონ” და ეს ისტორიაში უკვე ოთხჯერ მომხდარა.

 

ყველაზე დასამახსოვრებელი შემთხვევა, ცხადია, ყველაზე ბოლო შემთხვევაა, როდესაც კანდიდატმა ჯორჯ ბუშმა უმცროსმა 2000 წლის არჩევნებში ფლორიდის შტატში პოპულარული არჩევნები წააგო კანდიდატ ელ გორთან, თუმცა ფლორიდის “ელექტორებმა” გამარჯვებულად მაინც ბუში დაასახელეს, რამაც მისთვის ამერიკის პრეზიდენტის სკამი უზრუნველყო.

 

ყოველ შტატს, გარდა კოლუმბიის ოლქისა (მას სამი მუდმივი “ელექტორი” ჰყავს, როგორც არამრავალრიცხვოვან ერთეულს), იმდენი “ელექტორი” ჰყავს, რამდენი წარმომადგენელიც გააჩნია მას კონგრესში და ისინი ყოველი შტატის ინდივიდუალური წესების მიხედვით არიან არჩეულნი. როგორც ავღნიშნე, შტატების ნახევარი “ელექტორებს” სასჯელის შიშის ქვეშ თხოვს, რომ მათ “უერთგულონ” ხალხის არჩევანს; მაგრამ დაახლოებით ამდენივე შტატებში ამგვარი სამართლებრივი მოთხოვნა არ არსებობს, რაც ქმნის თავისუფალ შანსს, რომ “ელექტორებმა” საერთო-სახალხო არჩევნებში დამარცხებულ კანდიდატს მისცენ საკუთარი ხმა. ამან, უდაოდ, შესაძლოა მთელი არჩევნების ბედი გადაწყვიტოს და ეს, ბუნებრივია, ერთი შეხედვით მთლად დემოკრატიულად არ გამოიყურება (ამ სისტემის მკითხველისთვის უფრო მარტივად ასახსნელად შეგვიძლია გავიხსენოთ საქართველოში აწ გაუქმებული დედაქალაქის მერის არჩევის წესი, როდესაც ხალხი ირჩევდა საკრებულოს, და საკრებულო ირჩევდა ქალაქის მერს - “ელექტორალური კოლეჯის” პრინციპიც ასეთი არაპირდაპირი დემოკრატიის მაგალითია, დაახლოებით).

 

დღეისთვისაც, “დამფუძნებელთა” სიბრძნე სწორედ რომ შორსმჭვრეტელი აღმოჩნდა, და თან, ვინ მოსთვლის, მერამდენედ.

 

ალექსანდრ ჰამილტონი საკუთარ საგაზეთო დებატში კონსტიტუციის ფორმისა და შინაარსის შესახებ ჯეიმს მედისონთან და ჯონ ჯეისთან “ფედერალისტთა ფურცლებში” წერდა: “ადამიანის ვნებებზე რომ გონება ბატონობდეს, სახელისუფლებო ინტიტუტები რაღა საჭირო იქნებოდა?! - საქმეც ისაა, რომ ვნებები გონების კარნახსა და სამართლიანობის მოთხოვნებს გარკვეული იძულების გარეშე არ მორჩილებენ” (“ფედერალისტთა ფურცლები”, ნომერი 15). ჰამილტონი უფრო შორსაც მიდის, და ამავე პუბლიკაციაში ხალხს “დიდ ურჩხულსაც” (“Great beast”) უწოდებს, რითაც იმას უსვამს ხაზს, რომ ხალხი ხშირადაა საფრთხის ქვეშ ბრბოდ გადაიქცეს და წამიერ სურვილსა და ვნებას გადააყოლოს ძალიან მნიშვნელოვანი ინტერესი.

 

სწორედ ადამიანის ბუნების საფუძვლიანმა ცოდნამ შეაძლებინა “დამფუძნებელ მამებს” - ამ კონსტრუქციულ სკეპტიკოსებს - იმგვარი მმართველობითი სისტემის შექმნა, რომელიც ადამიანის არა მხოლოდ დადებით, არამედ უარყოფით თვისებებსაც გაითვალისწინებდა და ამგვარად მდგრადი, ადაპტირებადი და დღეგრძელი აღმოჩნდებოდა. ეს სწორედ ასეც მოხდა - ამერიკულმა მმართველობის სისტემამ გაუძლო დროის ყველა გამოცდას და ის დღემდე მინიმალურად სახეცვლილ ინსტრუმენტად რჩება.

 

“ელექტორალური კოლეჯიც” ამ ადამიანების შექმნილი და ამ სისტემის ნაწილია, და მის სხვა ფუნქციებთან ერთად, მას ერთი მთავარი დანიშნულებაც აქვს: კერძოდ ის, რომ გამორიცხოს აშკარად საშიში, მაგრამ პოპულარული დემაგოგის გაპრეზიდენტება, ვინც შესაძლოა მთელი ქვეყანა ქაოსისა და ნგრევის სტიქიაში გადაჩეხოს.

 

ამდენად, ყველაზე ცუდი სცენარის განვითარების შემთხვევაშიც, ამერიკის შეერთებულ შტატებს გააჩნია სამართლებრივი მექანიზმი, რომ ძალიან საშიში და არასერიოზული კანდიდატისგან დაიცვას საკუთარი ხალხი და სახელმწიფო.

 

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, “დამფუძნებელთა” სიბრძნე გადამწყვეტ როლს ითამაშებს და ამაში “ელექტორალური კოლეჯი” მთავარი ინსტრუმენტი იქნება.

 

თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ საქმე ასეთ რადიკალურ ზომებამდე არ მივა და უტიფარი კანდიდატი ხალხისგანვე მიიღებს საკადრის პასუხს.

 

ამას ჩვენ, ქართველებიც და ამერიკელებიც საკმაოდ მალე გავიგებთ.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია