9 მარტი - ლირიკისა და „ურა პატრიოტიზმის“ გარეშე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
9-03-2016, 23:57 | კულტურა | ნანახია - 1883

9 მარტი - ლირიკისა და „ურა პატრიოტიზმის“ გარეშე

 

დავით ნებიერიძე

 

1956 წლის 9 მარტი აშკარად და უდაოდ ტრაგიკული მოვლენაა საქართველოს უახლეს ისტორიაში. ეს ტრაგედია დაღვრილი სისხლის მასშტაბებით მნიშვნელოვნად აღემატებოდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას. მაგრამ, ღირებულებით ამ ორ ისტორიულ ფაქტს ახლოსაც ვერ დავაყენებ.

 

მოდით გავაანალიზოთ 9 მარტის ისტორიული წინაპირობა. მე არ გახლავართ ისტორიკოსი და მხოლოდ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებით ვილაპარაკებ. ვინც ჩემზე უკეთესად ერკვევით ამ პერიოდის ისტორიულ პერიპეტიებში სრული უფლება გაქვთ გამაკრიტიკოთ და არგუმენტირებულად დაასაბუთოთ ჩემი დასკვნების სიმცდარე.

 

საქართველოს ოკუპაციისა და გასაბჭოების შემდეგ, იმის შემდეგ რაც მოხდა საქართველოს სრული ანექსია, ბოლშევიკურმა რეჟიმმა მუსრი გაავლო ქართული საზოგადოების საუკეთესო ნაწილს. აშკარა იყო კომუნისტების მცდელობა სრულად წაეშალათ ქართული სახელმწიფოებრივი იდენტობა. წითელი ტერორის პირველ ტალღას შეეწირა პრაქტიკულად ყველა ქართველი პატრიოტი რომელმაც არ დახარა თავი და შეინარჩუნა საკუთარი სახე. გადარჩა მხოლოდ ის ჭეშმარიტი პატრიოტი, ვინც მოახერხა ქვეყნის დატოვება. ტერორის პირველი ტალღის შემდეგ ქვეყანაში დარჩა მხოლოდ ის საზოგადოება, რომელიც მოდით გულახდილად ვთქვათ, საკუთარ სინდისთან გარიგებაზე წავიდა. რომლისთვისაც ეროვნული თვითშეგნება და თავისუფლების იდეა ფაქტიურად გაუფასურდა. ანუ, სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით უარი თქვა იმ დიდ იდეაზე რასაც ჰქვია თავისუფლება და ღირსება. გეთანხმებით, ძალიან კრიტიკული შეფასებაა, მაგრამ ბევრი მიფიქრია ამ თემაზე და დღევანდელი გადმოსახედიდან უფრო მეტად ვრწმუნდები ამ შეფასების სისწორეში. ერთად-ერთი შეღავათი რაც შემიძლია გავაკეთო არის ის მოსაზრება, რომ ზოგიერთ ადამიანს ნამდვილად სჯეროდა კომუნისტური იდეების და დარწმუნებული იყო, რომ კომუნიზმი შეუფასებელ სიკეთეს მოუტანდა საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიზმი მთლიანად იყო დაცლილი ეროვნული იდეისგან. მაგრამ, დროთა განმავლობაში ამ ადამიანების უმრავლესობაში იდეური სიმტკიცე, იდეისადმი ერთგულება ჩაანაცვლა ელემენტარულმა, ძალიან ბანალურმა და ყველაფრის დამანგრეველმა შიშმა. რომელმაც საბოლოოდ შექმნა ბელადისადმი სიყვარული და ის ბელადომანია, რომელიც დღემდე ტანჯავს საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს. შიშმა და არა საღმა აზრმა. შიშმა რომელმაც დაანგრია პიროვნება და მთლიანად მოსპო მასში ღირსება. ხოლო, იმათ ვინც საბოლოოდ დაინახა „წითელი რეჟიმის“ სისხლიანი სახე და მათი იდეების უტოპიურობა რეპრესიების მეორე ტალღაში მოყვნენ. რომელიც აქტიურ ფაზაში 1937 წლიდან შევიდა. თუმცა, სტალინური რეპრესიების მანქანა აღარ არჩევდა მტერს და მოყვარეს. ტერორმა იმხელა მასშტაბები მიიღო და ისეთი განუკითხაობა დამკვდრდა, რომ მისი ახსნა მხოლოდ საყოველთაო შიშის დანერგვის მიზნით შეიძლება აიხსნას და მეტი არაფრით. ეს შიში კი იმდენად უსაზღვრო და დამანგრეველი იყო, რომ ზოგიერთი სიკვდილმისჯილი დახვრეტის წინ ყვიროდა: „გაუმარჯოს დიდ სტალინსო“. გაუმარჯოს იმ ადამიანს, რომელიც ამ სისხლიანი ტერორის მთავარი შემოქმედი იყო. ანუ, მისი პირადი მკვლელი. შედეგად კი მივიღეთ საზოგადოება, რომელიც მთლიანად იყო დაცლილი ნებისმიერი პოზიტიური იდეისაგან. დარჩა მხოლოდ შიში და შიშით გამოწვეული მორჩილება.

 

ბელადომანია განსაკუთრებით გააძლიერა მეორე მსოფლიო ომის შედეგად საბჭოთა კავშირის გამარჯვებულთა ბანაკში აღმოჩენამ. ანუ, სტალინის ფიგურამ გამარჯვებულის სახეც შეიძინა. ომში გამარჯვების იდეამ წკიპზე მოუსწრო კომუნიზმის გამარჯვების იდეის კრახზე მყოფ საბჭოთა მოქალაქეს. ანუ, მონას გაუჩნდა არგუმენტი რომლითაც ის დემაგოგიურად მაგრამ, მაინც გაამართლებდა საკუთარი პიროვნების ნგრევას. მის ნამუსთან დადებულ გარიგებას და ეს ყველაფერი ისევ და ისევ უკავშირდებოდა სტალინის სახელს. ფაქტიურად, სტალინმა ღმერთის იდეა ჩაანაცვლა. სტალინიზმმა კი ქრისტიანული რელიგია. გაიხსენეთ მაშინდელი ლოზუნგების მთავარი შინაარსი. მთავარი იყო დაპირება, რომ ვიტანჯოთ, გაუძლოთ, ავიტანოთ და სამოთხე დედამიწაზე დამკვიდრდებაო. კომუნისტების მთავარი იდეა იყო მიწიერი სამოთხე, ხოლო მთავარი ღმერთი ამხანაგი სტალინი. მაგრამ, მოულოდნელად, უცბად და ყოველგვარი წინა პირობის გარეშე, აი ამ კვაზი რელიგიის ადეპტებს ნიკიტა ხრუშოვმა გამოუცხადა, რომ მათი მთავარი ღმერთი, „წმინდა სამების“ (მარქსი-ლენინი-სტალინი) მთავარი ფიგურა - სტალინი ღმერთი კი არა, სატანა ყოფილა. ანუ, ცრუ ღმერთი და მათი კომუნისტური სულების წამბილწავი და ეს მაშინ, როდესაც „ღმერთი“ გარდაიცვალა და საზოგადოება ელოდებოდა მის წმინდა აღდგომას.

 

ახლა წარმოიდგინეთ იმ მრევლის სულიერი, ემოციური მდგომარეობა, ამგვარი რეალობის პირობებში. მათ ხომ უარი თქვეს პიროვნულ ღირსებაზე. მათ უარი თქვეს ეროვნულ ღირსებაზე. მათ ამ ღმერთს შესწირეს საკუთარი ნამუსი. მათ ხომ ამ ღმერთის სახელით უამრავი ადამიანი დახოცეს. კომუნიზმის ადეპტების უზარმაზარი რაოდენობა საკუთარმა მრევლმა ზვარაკად დააკლა „წმინდა“ სტალინის ხატს და შესწირა კომუნიზმის სალოცავს და უცბად აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ტყუილი იყო. აღმოჩნდა, რომ ისინი უბრალოდ მოტყუებულები რჩებოდნენ. აღმოჩნდა, რომ თავზე დაენგრათ კომუნისტური რელიგიაც და მთელი მათი წმინდანებიც. მაგრამ, ყველაზე მტკივნეული იყო ის, რომ ამ ხალხს გამოეცალა ის მთავარი არგუმენტი, რითიც თავს იმართლებდნენ, როდესაც საკუთარ ნამუსთან ერთი-ერთზე რჩებოდნენ. გაირკვა, რომ ისინი უბრალოდ არარაობები ყოფილან. იმიტომ, რომ თუ ადამიანს აღარ აქვს ღირსება. აღარ აქვს ნათელი იდეა და აღარ აქვს მომავლის რწმენა, ის უბრალოდ არარაობაა. არარაობიდან თავის დაღწევა კი მხოლოდ სულიერი კათარზისის გზით ხდება. რომლის გვირგვინი მონანიებაა. ამის საშუალებას კი მათ ის ამპარტავნობა არ აძლევდა, რომელიც მიზანმიმართულად ჩაუნერგა სტალინის კულტმა.

 

ზუსტად ამპარტავნობის გამო „ღმერთ დაკარგულმა“ საზოგადოებამ მონანიების ნაცვლად აირჩია პროტესტის გზა. ამ ამპარტავნობას კი, განსაკუთრებით აძლიერებდა ის გარემოება, რომ მათი ღმერთი წარმოშობით ქართველი იყო. ხოლო, ისინი - „ღმერთის რჩეული“ ერი. მინდა, რომ კარგად გაიაზროთ იმ დროინდელი საზოგადოების ამპარტავნობის დონე. მხოლოდ ასე მიხვდებით, რომ ისინი არ წავიდოდნენ მონანიების გზით. ისინი მხოლოდ ბარნაბას გზით წავიდოდნენ და წავიდნენ კიდევაც. მაგრამ, სამოქალაქო პროტესტს მაშინ მოაქვს შედეგი როდესაც ამ პროტესტს თავისუფალი სულისა და თვითშეგნების საზოგადოება გამოხატავს. ისეთი როგორადაც საზოგადოება ჩამოყალიბდა 1989 წლის 9 აპრილისთვის და არა ის როგორიც იყო 1956 წლის 9 მარტისთვის. ამის დასტურად საკმარისია პარალელები გავავლოთ ტრაგედიების შემდგომ დღეებს შორის. 9 აპრილი გახდა თავისუფლების წყურვილით გათანგული ხალხის ზეობა, რომელსაც ვეღარავითარი ძალა ვერ აღუდგებოდა წინ. 10 აპრილს რუსთაველის პროსპექტზე უკვე სრულიად საქართველო იდგა. რომელიც შიშის ზარს სცემდა მთელ „ბოროტების იმპერიას“. შედეგად, საკუთარი ნამუსის წინაშე პირნათელმა ხალხმა მოიპოვა თავისუფლება და დაამარცხა უზარმაზარი „ბოროტების იმპერია“. მაგრამ, რა მოხდა 1956 წლის 10 მარტს? ჭირისუფალ ხალხს ჩუმად გაატანეს საკუთარი მიცვალებულები და უბრძანეს, რომ იმ ღამესვე შეფარულად დაეკრძალად ცხედრები. დაეკრძალათ და საფლავებზე გარდაცვალების თარიღებიც კი არ მიეთითებინათ. ანუ საერთოდ გამქრალიყვნენ. რაოდენ სასირცხვილოც არ უნდა იყოს, მაშინდელმა ქართველებმა უხმოდ შევასრულეთ ეს პირობა და შიშისგან გათანგული ხალხი სახლებში გამოიკეტა. დაღუპულთა ხსოვნა კი 33 წლით გაქრა ქართველთა მეხსიერებიდან. ან, ისე ღრმად დაიმალა, რომ აღარავინ იხსენებდა დაღუპულებს.

 

ვიცი, რომ ძალიან ბევრი ქართველის თავმოყვარეობას შევეხე. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ქართველისთვის ეს ჩემი ხედვა მიუღებელი და შეიძლება შეურაცმყოფელიც იყოს. მაგრამ, ყველას გასაგონად მინდა ვთქვა, რომ კრიტიკული აზროვნება თავისუფალი ადამიანის მთავარი თვისება და ღირსებაა. ჩემი ასეთი ხედვა განპირობებულია გულწრფელი სურვილით, რომ იგივე აღარასოდეს განმეორდეს. იმიტომ, რომ ქართველები აღარასოდეს გაურიგდეთ ჩვენს სინდისს. იმიტომ, რომ პიროვნული ღირსება ყოველთვის უფრო მაღლა იდგეს ვიდრე ნებისმიერი სხვა საზოგადოებრივი სიკეთე. იმიტომ, რომ თავისუფლების იდეა და ეროვნული, სახელმწიფოებრივი იდენტობა არაფერში გაიცვლება.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია