ტერაქტები ანკარაში: რუსეთის აჩრდილი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
16-03-2016, 23:01 | პოლიტიკა | ნანახია - 1249

 

გიორგი იმედაშვილი

 

დაახლოებით ერთი საათია, რაც ვლადიმერ პუტინმა სირიიდან რუსული სახმელეთო ძალების გასვლის შესახებ გააკეთა განცხადება, თანაც აღნიშნა, რომ ინტერვენციის მიზანი უკვე მიღწეულია, რითიც ფართო საზოგადოებისათვის კიდევ უფრო ძნელად გასაგები გახადა საკუთარი გეგმები სირიაში. ეს ფაქტი საეჭვოდ დაემთხვა სასტიკ ტერაქტს თურქეთის დედაქალაქში. ამ დროისთვის როგორც მინიმუმ 35 ადამიანია გარდაცვლილი (ზოგიერთი ცნობით 37), ხოლო 125 ადამიანი დაშავდა, არიან მძიმედ დაჭრილებიც, რაც, სამწუხაროდ, იმის რისკს ქმნის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს მსხვერპლის რაოდენობა. ასაფეთქებელი მოწყობილობა, როგორც ჩანს, ავტომობილში იყო ჩამონტაჟებული, ვარაუდობენ რომ თვითმკვლელმა ქალმა აამოქმედა, რომელსაც მამაკაცი თანამზრახველი ჰყავდა. წესით, დღეისთვის უნდა გაირკვეს ტერორისტების ვინაობაც, რომელიც დე ენ ემის ანალიზით დადგინდება.

 

ტერორისტული აქტის საპასუხოდ თურქეთის ხელისუფლებამ დაიწყო ანტიტერორისტული რეიდები, ამ მომენტისთვის, როგორც მინიმუმ 29 ადამიანია დაკავებული. ხელსიუფლებას, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ დაუბრალებია ტერაქტი ქურთების მუშათა პარტიისათვის (PPK), თუმცა პრემიერმა დავითოღლუმ ახსენა, რომ სავარაუდოდ საქმეში სეპარატისტული ორგანიზაციების ხელი ურევიია. სწორედ ამიტომ თურქეთმა დაიწყო ქურთების პოზიციების დაბომბვა ჩრდილოეთ ერაყში, სადაც, საფუძვლიანი ვარაუდით, ბევრი ქურთი სეპარატისტია გაქცეული თურქეთიდან. ბოლო პერიოდში, ძალიან დაიძაბა ქურთებსა და თურქეთს შორის ურთიერთობა. ეს მოჰყვა ტერაქტების სერიას თურქეთში, რაც ზაფხულში დაიწყო, თუმცა გამძაფრდა შემოდგომის შემდეგ და ზამთრიდან მოყოლებული თურქეთის ხელისუფლება უკვე ღიად აცხადებდა სურვილს განეხორციელებინა ინტერვენცია სირიის ქურთისტანში და ამავდროულად თხოვდა დასავლეთ პარტნიორებს არ გაეწიათ დახმარება სირიისა და ერაყის ქურთებისათვის. თუმცაღა, ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ვინაიდან ამ დროისათვის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღდეგ მებრძოლი ყველაზე ორგანზიებული ძალა ერაყსა და სირიაში სწორედ ქურთული უმცირესობებია. სწორედ მათ დაახევინეს უკან კობანის მიდამოებიდან ტერორისტებს სირიის ჩრდილოეთში და არ აძლევენ ერაყის ჩრდილოეთის დაკავების საშუალებას და სწორედ ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე აფარებს თავს ქვეყანაში ტერორისტებისაგან გაქცეული დევნილების უმრავლესობა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ქურთებთან კონფრონტაციით, თურქეთს „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერება სურს. უბრალოდ, ამ შემთხვევაში თურქეთის სახელმწიფოს ძველისძველი ინტერესი იღვიძებს, არ დაუშვას რეგიონში ქურთების დამოუკიდებლობა, რაც პრეცენდენტი იქნება საკუთარ ტერიტორიაზე ქურთებით დასახლებული რეგიონებისათვის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის კიდევ უფრო გასააქტიურებლად. ამავდროულად, ისიც მართალია, რომ ერაყისა და სირიის ქურთისტანში ბევრი თურქეთიდან გადასული სეპარატისტი აფარებს თავს და ტერაქტებსაც გეგმავს თურქეთის სახელმწიფოსა და მოსახლეობის წინააღდეგ.

 

Cui bono? ანუ, ვინ იხეირა? იკითხავდა ციცერონი და ვიკითხოთ ჩვენც. შემოდგომაზე, 24 ნოემბერს, რუსეთ-თურქეთის კონფორნტაცია გამძაფრდა იმით, რომ თურქეთის სახელმწიფომ საკუთარი საჰაერო სივრცის უხეში დარღვევა აღკვეთა და ჩამოაგდო რუსული სუ-24-ის ტიპის ბომბდამშენი, რის შემდეგაც ქვეყნებმა ერთმანეთს მთელი რიგი ეკონომიკური შეზღუდვები დაუწესეს, თურქეთმა რუსული ხომალდებისთვის ბოსფორის სრუტეც ჩაკეტა და ასე შემდეგ. სწორედ ამის შემდეგ, საგრძნობლად გააქტიურდნენ ქურთული სეპარიტისტული ორგანზიაციები, რომელთაგანაც ყველაზე ძლიერს, ქურთების მუშათა პარტიას წარსულში საბჭოთა კავშირთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ქურთებისა და თურქების კონფორტნაციის გაზრდა ავტომატურად იწვევს დასავლეთისა და რეგიონში მისი ყველაზე დიდი პარტნიორის, თურქეთის ურთიერთობების დაძაბვას. ვინაიდან, როგორც ვახსენე, თურქეთი ითხოვს ქურთებისათვის დახმარების შეწყვეტას, რასაც დასავლეთი ვერ აკეთებს, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში იზრდება „ისლამური სახელმწიფოს“ კიდევ უფრო გაძლიერების რისკი, არადა სწორედ ქურთები აკარგინებენ ამ ორგანიზაციის დაკავებული ტერიტორიის ყველაზე დიდ ნაწილებს. ჯერ კიდევ თებერვალში ანკარაში მოხდა ტერაქტი, რომელსაც 28 ადანიანი შეეწირა, ვითარება მაშინაც ძლაიან დაიძაბა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და ნატოს გენერალურმა მდივანა იენ სტოლტენბერგმა განაცხადეს, რომ თურქეთი მაქსიმალურად უნდა ეცადოს აარიდოს თავი რუსეთთან დაპირისპირებას, ვინაიდან რუსეთი, მოსალოდნელია, რომ წავა პროვოკაციებზე. ამ პროვოკაციების მიზანი, რასაკვრიველია, რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის გაერთიანებისა და კოორდინირებული მოქმედებების ჩაშლაა, ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა მიმდინარე პროცესებს და განაცხადა, რომ ნატოს წესდების მეხუთე პუნქტი მხოლოდ მაშინ იქნება ძალაში, როცა ქვეყანას ღიად დაესხმებიან თავსო, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განაცხადა, რომ თუ თურქეთი ჯარებს შეიყვანს სირიის ქურთისტანში და ეს რუსეთთან დაპირისპირებას გამოიწვევს, ალბათ, არ ჩავერევითო.

 

ამგვარად პუტინი აიძულებს თურქეთს გააქტურდეს, ცალკე მისი საჰაერო სივრცის რამდენჯერმე დარღვევით და ცალკე რადიკალი ქურთების გააქტიურებთ, რომლებიც საფუძვლიანი ვარაუდით რუსეთიდანაც ფინანსდებიან, თანაც, ამავდროულად აიძულებს დასავლეთს, ზეწოლა განახორციელოს თურქეთზე და არ მიაღებინოს სირიაში ინტერვენციის გადაწყვეტილება. ამგვარად, დაძაბულობა და დაპირისპირებები ნატოს შიგნით მძაფრდება. ამას ემატება ისიც, რომ რუსეთმა მშვიდობიანი მოსახლეობის უსასტიკესი დაბომბვებით ძალიან გაზარდა სირიიდან მიგრაციის მასშტაბები და მიგრანტთა ტალღები პირველ რიგში ევროპას მიაწყდა, სადაც პუტინის მთავარმა დასაყრდენებმა ბულგარეთმა, სლოვაკეთმა და უნგრეთმა (ექსცენტრიული ორბანით სათავეში) საზღვრები ფაქტობრივად ჩაკეტეს და დევნილების კრიზისი გერმანიის კანცლერს „შეაწერეს“. ის, თუ რა პრობლემები გამოიწვია გერმანიაში ამ ყველაფერმა „ივერიის“ მკითხველმა კარგად იცის. მერკელს იმედი აქვს, რომ თურქეთი ემიგრანტების დიდ ნაწილს მიიღებს, ამიტომ მასთან დაპირისპირება არავთარ შემთხვევაში არ აწყობს. არადა, თურქეთში სირიიდან უკვე ორ მილიონზე მეტი დევნილია გაქცეული. მიგრანტების წინააღმდეგ დასავლეთ-ევროპულ ქვეყნებში გააქტიურდნენ მემარჯვენე ძალები, რომლებიც რატომღაც პუტინის ფოტოებით დადიან აქციებზე და გერმანიამაც იწვნია თავის თავზე რუსული ჰიბრიდული ომის სიმწარე. ვითომდა, პროპაგანდისტული მედიით გაშუქებული მიგრანტების მსხვერპლი გაუპატიურებული რუსი გოგონა, სინამდვილეში სახლიდან გაქცეული ცელქი ახალგაზრდა აღმჩნდა, რომელიც სულაც არ გამხდარა თავდასხმის მსხვერპლი. არადა ამ ამბავმა, თავის დროზე, დიდი არეულობა გამოიწვია გერმანიის რამდენიმე ქალაქში. გარდა ამისა, ევროპაში რუსეთის მიერ ამოქმედებული პროპაგანდისტული მანქანა კიდევ უფრო გააქტიურდა განსაკუთრებით ერდოღანის ავტორიატარული მიდრეკილებებისათვის ხაზგასმით. ამას წინათ, „კომსომოლსკაია პრავდამაც“ კი დაადანაშაულა მერკელი იმაში, რომ თურქეთის პრეზიდენტის მიერ ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე თვალს ხუჭავს. ღმერთმანი „სამართლიანი“ ბრალდებაა, განსაკუთრებით რუსული მხრიდან.

 

გავიხსენოთ ისიც, რომ საფრანგეთში რუსეთი ღიად დგას მემარჯვენე ლე პენის პარტიის უკან, ხოლო 28 ქვეყნისაგან შემდგარ ნატოს ალიანსში დაძაბულობას ზრდის. თურქეთისა და დასავლეთის, ასევე სლოვაკეთის, ბულგარეთისა და განსაკუთრებით უნგრეთის პოზიციების ხშირი ცვლილებით. ამავდროულად, ისიც უნდა ითქვას, რომ რუსეთის ინტერვენციამ სირიაში ბაშარ ასადის მომაკვდავი რეჟიმი გააძლიერა, გაუმყარა პოზიციები და ალეპოს ალყაც დააწყებინა. პუტინმა სირიის ავანტიურით გააძლიერა დაპირისპირება ნატოს შიგნით, გააძლიერა მიგრანტთა კრიზისი, რომელიც, თავისმხრივ, აზარალებს ევროპულ ურთიერთობებს და ამვდროულად დაასუსტა ასადის სეკულარული ოპოზიცია, რამაც ხელი შეუწყო სირიაში, ფაქტობრივად, ორი ძალის, „ისლამური სახელმწიფოს“ და ბაშარ ასადის დარჩენას, რომელთაგანაც, პუტინის აზრით, დასავლეთს მოუწევს ბაშარ ასადის აღიარება. ეს ყველაფერი კი, კიდევ ერთხელ უმყარებს პოზიციებს რუსეთს, როგორც ვითომდა მნიშვნელოვან საერთაშორისო აქტორს. ხოლო ჟენევის მოლაპარაკებებით პუტინი დაუბრუნდა დიპლომატიურ ასპარეზს, რომელსაც უკრაინის კრიზისის გამო ჩამოშორებული იყო. ამავდროულად სირიაში სიტუაციის გამწვავებით ყურადღების დიდი ნაწილი მოაშორა უკრაინასთან კონფლიქტს. სწორედ ამ ყველაფრის გათვლასწინებით, შეგვიძლია გავიაზროთ მისი ფრაზა, თითქოს მიზანი მიღწეულია. არ მაქვს იმედი რომ, სახმელეთო ჯარების გასვლის შესახებ განცხადება, მართლაც სირიიდან სრულ გასვლას გულისხმობს, ალბათ გაგრძელდება ასადის მხარდაჭერა საჰაერო ძალებით, რუსები ასევე დარჩებიან ლატაკიასა და ტარტუსში. ხმელთაშუა ზღვაზე ერთადერთ რუსულ დასაყრდენად კვლავაც სირია დარჩება. ხოლო სახმელეთო ჯარების გასვლის შესახებ გაკეთებული განცხადება ნაწილობრივ განპირობებულია იმ ეკონომიკური გასაჭირით, რომელიც ნავთობის 120-დოლარიან ფასზე გათვლილ რუსულ სამხედრო გეგმებს დაატყდა თავს ნავთობის გაიაფებითა და ეკონომიკური სანქციებით. ამ განცხადებით, პუტინი ეცდება თავი კონსტრუქციულ ლიდერად მოგვაჩვენოს, რაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიჯეროთ. რაც შეეხება ტერაქტებს, პუტინი ამ შემთხვევაში უპირისპირდება თურქეთის სახელმწიფოს და პირადად რეჯიპ ტაიპ ერდოღანს, მის პრესტიჟს და ცდილობს ქვეყნის მოსახლეობაში დაუცველობის გრძნობა გაამძაფროს, რაც თავისთავად შეარყევს ერდოღანის ძალაუფლებას.

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია