ამერიკელი სერჟანტის ისტორია

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
17-03-2016, 15:01 | მსოფლიო | ნანახია - 1761

მამუკა სამჭკუაშვილი

 

რეალობაში საქართველო იყო არის და იქნება დასავლური, ევროპული და აზიური ცივილიზაციების ბრძოლის ველი, ის რომ ამჟამად არავინ არ ისვრის იარაღიდან, არ ნიშნავს, რომ ომი არ მიმდინარეობს. რეალურად ჩვენ ოკუპანტ სახელმწიფოსთან, არც სამშვიდობო ხელშეკრულება გვაქვს და არც მისი არსებობის რაიმე წინაპირობა. სანამ ოკუპანტი თავის სტრატეგიულ გეგმებს არ მიაღწევს, ურთიერთობის "დამლაგებლების" ძალისხმევის მიუხედავად არ უნდა მოვდუნდეთ, მითუმეტეს ოკუპაციის ზონას დაუღალავად ზრდიან, იმიტომ რომ შეუძლიათ და იმიტომ რომ უნდათ.

 

უახლოეს ისტორიაში ჩვენ უკვე გამოვიარეთ ომის მეორე ცხელი ფაზა. მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები მიგვანიშნებს მესამე ცხელი ფაზის, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ იარაღის გამოყენებით პოლიტიკის გაგრძელების ალბათობას.

 

საქართველოში მიმდინარე მოვლენები: განსაკუთრებით თავდაცვის ინსტიტუტების დაკნინება, არსებული ქვედანაყოფების არაეფექტურობა, მაღალინტელექტუალური ჯარების სახეობების გამიზნულად გაჩერება და შემდგომში გაუქმება, საზოგადოებაში დეპრესიული გრძნობების გაღვივება, ეს მოწინააღმდეგის სპეცსამსახურების, მუშაობის ეფექტურობაზე მიანიშნებს, რაც ომის ალბათობას უფრო აახლოვებს.

 

რაც თავი მახსოვს მუდმივად მიმდინარეობს ჯარების სახეობების შექმნა შენარჩუნების საკითხის წამოწევა. მსჯელობენ ყველა ვისაც ეკითხება ან არ ეკითხება და ყოველი არჩევნების შემდგომ ხდება ამ მნიშვნელოვანი საკითხის პოლიტიზირება. ამჟამად თავდაცვის მინისტრი არის რესპუბლიკური პარტიიდან, შეგახსენებთ ამავე პარტიის წარმომადგენელის კიდევ ერთი მინისტრის სიტყვებს "პუტინი მტერი არაა...და ა. შ." ამ "მოღვაწის" ძალისხმევით სულ ახლახანს გაუშვეს უვადო პატიმრობაში მყოფი რუსი ტერორისტები ქართველების სანაცვლოდ, მაგრამ... დააკვირდით თუ როგორ იყო ეს ფაქტი გაპიარებული, როგორც ქართველების და "აფხაზების", ქართველების და "სამხრეთ ოსების" კეთილი ნება და ჩვენს შორის ვითომ და რუსეთისაგან დამოუკიდებელი დიალოგის არსებობაში შეფუთული. მე ყოველგვარად წინააღმდეგი ვარ რუსი ტერორისტების ასე მიამიტურად, უპასუხისმგებლოდ გაშვებისა და ვერ აღვიქვავ ამ მინისტრს და მთლიანად მის “მფლობელობაში” არსებულ სამინისტროს საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესების დამცველად. რეალურად პირიქითაა, ხელისუფლებაში ასეთი მინისტრის არსებობა, საფუძველშივე ანტისახელმწიფეობრივი მოვლენაა. სულ ერთი კვირაც არ გასულა რაც ეს „გაცვლა“ მოხდა და შედეგად ოკუპანტებს ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენი მოსახლეობის ბაღებში გზები გაჰყავთ და აიძულებენ თავისივე ხელით გაჩეხონ ბაღები. კრემლს ჩვენი საზოგადოება, თავისი მოქალაქეების მსგავსად, გამოსაყენებელი იდიოტების ბრბო ვგონივართ, მე მჯერა ჩვენი საზოგადოების ზრდასრულობისა და მომავალ არჩევნებში საღი აზრის გამარჯვების იმედი მაქვს.

 

გაცილებით ადვილია რეალური სამოქმედო გზების მონახვა, მანამ სანამ კონფლიქტი ცხელ ფაზაში გადაიზრდება და ჩვენი მტერი ხან სხვისი ხან თავისი ხელით, შეეცდება თავისი ინტერესების იარაღის საშუალებით გატარებას. თუ ჩვენ სათანადო წინააღმდეგობას გავუწევთ, ჩვენ მტრის თვალში უფრო პატივსაცემი ერი ვიქნებით. ასე არის რუსული სული მოწყობილი, ერთადერთს რასაც პატივს ცემს არის ძალა, ოპონენტის მხრიდან დათმობა მათ მიერ აღიქმება ოპონენტის სისუსტედ და დამარცხებად. ყოველი სამშვიდობო ან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება გამოიყენება ძალთა გადაჯგუფებისათვის, ახალი შეტევის მოსაწყობად, ასე იქნება მანამ სანამ რუსული იმპერიალიზმი, საბოლოოდ არ მიაღწევს თავის მიზანს, ჩვენს შემთხვევაში: საქართველოს სახელმწიფოს განადგურებას.

 

თუ გავიაზრებთ რა ხდება და რა მოხდა განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომში ჩვენ მივხვდებით, რომ შემდეგი სამიზნე ისევ ჩვენ ვართ. მტერი ამჟამად პირდაპირი

ინტერვენციის მეთოდს ვეღარ გამოიყენებს, დარჩა ერთადერთი, შიგნიდან ქვეყნის საფუძვლების მორყევა (ეგრეთწოდებული ჰიბრიდული ომი).

 

ეჭვი მაქვს ჩვენი სპეცსამსახურების ჩუმი თანხმობის პირობებში მიმდინარეობს დივერსანტების ინფილტრაცია, ბრძოლის ველის შესწავლა, ადგილობრივი რადიკალური პირების დაქირავება და რუსების მოწინააღმდეგეების გამოვლენა, საჭიროების შემთხვევაში მათი ფიზიკური განადგურება. მე ამ პროცესს "ყირიმიზაციას"ვუწოდებ.

 

საქართველო ნელ ნელა ემსგავსება 80-იანი წლების ლიბანს. ახლო მომავალში თბილისი ბეირუთს რომ არ დაემსგავსოს, ჯობია მოვთხოვოთ არჩეულ ხელისუფლებას ქმედითი, სახელმწიფოებრივი ღონისძიებების გატარება, პირველ რიგში განათლების სისტემაში პატრიოტული აღზრდის ელემენტების შეტანა, სასწავლო პროგრამაში დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული გმირების ისტორიებთან ერთად, მსოფლიო ისტორიიდან, რუსეთის იმპერიალიზმთან ბრძოლებში გამორჩეული გმირობების მაგალითების შეტანა. დღევანდელი პროცესების ფონზე პატრიოტული აღზრდა მთელი საქართველოს მასშტაბით ან შესუსტებულია ან საერთოდ არ მიმდინარეობს. ჩვენ თუ გვინდა გვქონდეს მომავლის იმედი და თავისუფალი ერის ამბიცია, უნდა გვესმოდეს რომ ჩვენი წინაპრების გმირობისა და თავდადების მაგალითები, რითაც ჩვენი საზოგადოება იკვებებოდა და იკვებება, ჩვენი ისტორიიდან სუკ-ის მთავარი პოლიტიკური სამმართველოს მიერ გადამუშავებული ვერსიაა და აბსოლუტურად არ არის საკმარისი თავისუფალი ერის სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებისათვის. ასევე უნდა გვახსოვდეს ბოლშევიკური რუსეთის მიერ აღიარებული გმირები და მათი საქმენი საგმირონი, უმეტეს შემთხვევაში ეს „გმირობები“გამოგონილია და მასებში მარქსისტული იდეოლოგიის გავრცელების ინსტრუმენტს წარმოადგენს. ასე გვასწავლიდნენ პავლიკ მოროზოვის გმირობას, რომელმაც მშობლები გასწირა ბოლშევიკების გამო. იგივე ზოია კოსმოდემიანსკაია, რომელმაც რეალურად სოფელი გადაწვა, სოფლის მოსახლეობა ზამთარში თავშესაფრისა და საკვების გარეშე დატოვა. იმ სოფლის გამწარებულმა მაცხოვრებლებმა კი ჩამოახრჩეს. პროპაგანდამ იგი ფაშისტებთან მებრძოლ გმირად აქცია.

 

რადგანაც პატრიოტულ აღზრდას უდიდესი როლი ენიჭება, მინდა გაგაცნოთ ერთერთი გმირის ისტორია, რომელიც თავისნაირ ადამიანებთან ერთად რუსების მიერ გაჩაღებულ მსოფლიო ომებში, თავისუფლებას იცავდნენ და თავისი თავდადებული საქციელით, უმეტეს შემთხვევაში ერები და სახელმწიფოები გამოიხსნეს რუსეთის იმპერიალიზმის მარწუხებიდან.

 

მართალი, რომ გითხრათ, როდესაც ამ თემაზე მასალებს ვეცნობოდი, იმდენად ბევრია ბრძოლის ველზე მეგობრობის, ურთიერთდახმარების, მამაცობისა და წარმოუდგენელი თავგანწირვის მაგალითები, რომ განსაკუთრებულის გამორჩევა გამიჭირდა.

 

ყველამ ვიცით ვიეტნამის ომის შესახებ, მაგრამ მხოლოდ რუსული ვერსია. ფაქტობრივად აშშ ამ ომიდან წაგებული გამოვიდა. მაშინდელი აშშ-ს საზოგადოება მარქსისტული იდეებით, თავისუფალი სექსით, პაცეფიზმით იყო დაავადებული, თვით კონსტიტუციური წყობის შეცვლაზეც მიდიოდა საზოგადოებაში დისკუსიები. ამ პირობებში ვიეტნამის ომის ვეტერანებს საზოგადოება პატივს არ სცემდა. პრეზიდენტმა რ.რეიგანმა სწორედ ასეთ პირობებში ჩაიბარა აშშ. ისტორიიდან ჩვენ ვიცით, თუ როგორ მოახდინა რონალდ რეიგანმა აშშ-ს საზოგადოების განმტკიცება და „ბოროტების იმპერიის“ წინააღმდეგ მთელ დასავლეთს ჩაუდგა სათავეში, რაც საბჭოთა კავშირის უტოპიური იდეოლოგიის განადგურებითა და თვითდაშლით დაგვირგვინდა. რონალდ რეიგანმა ეს პროცესი დაიწყო საზოგადოებაში პატრიოტული გრძნობების გაღვივებით. კონკრეტულად - ვეტერანების გმირული მოქმედებების გამოკვლევებით და საჯაროდ დაჯილდოვებით.

 

გმირის დაფასება აუცილებელია, საგმირო საქმეებს ხანდაზმულობის ვადა არ აქვს. ჩვენი ისტორიაც აშშ-ს მასტერ სერჟანტ როი ბენავიდესზე ასეთია: სერჟანტ როი ბენავიდესს 1968 წლის 2 მაისს, გადაეცა აშშ-ს კონგრესის საპატიო მედალი, გაბედული, განსაკუთრებული სიმამაცით ჩადენილი ქმედებებისათვის: იმ დილით მოწინააღმდეგემ გამოავლინა 12 კაციანი სადაზვერვო ჯგუფი, რომელიც აგროვებდა ინფორმაციას დასახლებულ პუნქტ ლოკ ნინ-ის დასავლეთით. სადაც წინასწარი ინფორმაციით წითელი ვიეტნამელები ახდენდნენ გადაჯგუფებას.

 

ეს 12 კაციანი ჯგუფი ვიეტნამელებმა აღმოაჩინეს და ცეცხლი გაუხსნეს. ჯგუფი ხელჩართულ ბრძოლაში ჩაება მოწინააღმდეგის ბატალიონის ზომის ქვედანაყოფთან. მებრძოლების გამოსაყვანად გაგზავნილი ვერტმფრენები მოხვდნენ ავტომატური იარაღის ძლიერი ცეცხლის ქვეშ, მათ პირველი მცდელობით ვერ მოახერხეს ჯგუფის გამოყვანა და დაბრუნდნენ დაჭრილი და დახოცილი ეკიპაჟის წევრების შესაცვლელად. ამ პროცესს რადიოში ისმენდა როი ბენავიდესი, რომელიც წინა დავალებიდან ჭრილობების მოშუშების შემდგომ ჰოსპიტალიდან ახალი გამოწერილი იყო და იქვე გახსნილ სამლოცველოში წირვას ესწრებოდა. როგორც ყველა, ისიც გაიქცა მისიიდან დაბრუნებული სამი ვერტმფრენისაკენ. მისი მონაყოლიდან ირკვევა რომ, როდესაც მან პირველივე ვერტმფრენიდან დაღუპული მსროლელი (door gunner) გადმოასვენა, პილოტმა უთხრა რომ ეს ის მსროლელი იყო, რომელმაც ორი კვირის წინ როი და მისი მძიმედ დაჭრილი მეგობარი სიკვდილს გადაარჩინა. წინა მისიის მიმდინარეობისას როი და მისი მეგობარი აღმოჩნდნენ მტრის ძალებთან პირისპირ, მისი მეგობარი მძიმედ დაიჭრა, როიმ მოახერხა და გამოუძახა საევაკუაციო ვერტმფრენს, დაჭრილი გაიყვანა შედარებით უსაფრთხო ადგილას ჯუნგლებში. მტრის ცეცხლის ქვეშ ვერტმფრენით მათი ევაკუაცია ხდებოდა ჩამოშვებული თოკებით, როიმ ერთ თოკს მეგობარი გამოაბა, მეორეს თვითონ ჩაება, ვერტმფრენმა დაიწყო აწევა და ასე ჩამოკიდებულები ორივე გაიყვანა უსაფრთხო ადგილას. ფრენისას ეს ორი თოკი ერთმანეთს შემოეხვია, რაც დაუშვებელია და უეჭველად ნეილონის თოკების აალებას იწვევს. ეს დაინახა მსროლელმა, გადაეკიდა ვერტმფრენის გარეთ და ფაქტიურად ამავე თოკებზე ჩამოკიდულმა განაცალკევა ისინი, ამ გმირული საქციელით გადაარჩინა ორივე მებრძოლი. თვითონ როი მოწინააღმდეგის ცეცხლის პირობებში ევაკუაციისას მსუბუქად დაიჭრა. როი აღფრთოვანებული იყო ამ მსროლელის მოქმედებით და არც კი დაფიქრებულა ისე ჩაჯდა ვერტმფრენში, მხოლოდ სამედიცინო ჩანთის აღება მოასწრო, (სხვა სპეციალობებთან ერთად საბრძოლო მედიკოსის სპეციალობასაც ფლობდა). ასე იარაღის გარეშე გაჰყვა ერთერთ ვერტმფრენს 12 კაციანი ჯგუფის გადარჩენის მეორე მცდელობაზე. ბრძოლის ველს მიახლოვებულებმა ვერ მოახერხეს ალყაშემორტყმულ ჯგუფთან დაფრენა, როიმ შენიშნა ახლოს პატარა მდელო და ვერტმფრენი იქითკენ მიმართა. ვერტმფრენიდან გადმოხტომის შემდგომ იგი გაიქცა დასახმარებლად. დაახლოვებით 75 მეტრის დისტანციის გარბენისას იგი სამჯერ დაიჭრა: ფეხში, სახეში და თავში.

 

ამერიკელი სერჟანტის ისტორია

მიუხედავად ინტენსიური ცეცხლისა მან ჯგუფის მეთაურობა თავის თავზე აიღო, მოახერხა მებრძოლების გადაჯგუფება ისე რომ პირველ ვერტმფრენს შეძლებოდა დაფრენა, გაუწია მებრძოლებს სამედიცინო დახმარება, გაანაწილა ამუნიცია და ვერმფრენში ჩატვირთა დაჭრილები და დახოცილები. მან ბოლით მონიშნა დაფრენის ადგილები და ჯგუფის ნახევარი პირადად გაათრია სროლა სროლით ვერტმფრენამდე. მიუხედავად იმისა რომ დაჭრილი იყო მეორე ვერტმფრენის გვერდით მირბოდა, სროლით იცავდა ვერტმფრენს და მიმართავდა პილოტს ჯგუფის დარჩენილი წევრებისაკენ. მან გადაწყვიტა ჯგუფის ლიდერის მოძებნა და საიდუმლო დოკუმენტების გადარჩენა, როდესაც ჯგუფის გარდაცვლილი ლიდერი მოძებნა, მოწინააღმდეგის ძლიერი ცეცხლისა და აფეთქებული ხელყუმბარის ნამსხვრევით კიდევ მძიმედ დაიჭრა, წელს ქვევით და ზურგის არეში. იგივე მომენტში სასიკვდილოდ დაიჭრა ვერტმფრენის პილოტი და ვერტმფრენი შეეჯახა მიწას. მიუხედავად ტკივილებისა მან გადმოიყვანა ვერტმფრენიდან დაჭრილები და დახოცილები, შეაგროვა ჩამოვარდნილ ვერტმფრენის სიახლოვეს ჯგუფის დარჩენილი წევრები. მოწინააღმდეგის კონცენტრირებული შეტევის აღსაკვეთად მან გამოიძახა და მიმართა ტაქტიკური საჰაერო მხარდაჭერა. კოორდინაციას უწევდა ვერტმფრენებიდან ტყვიამფრქვევების ცეცხლს, ამ მოქმედებებით მან უზრუნველყო მესამე ვერტმფრენის შედარებით უსაფრთხო დაფრენა. იგი ეხმარებოდა დაჭრილებს ვერმფრენისაკენ გადაადგილებაში. მეორე მცდელობაზე მიბრუნებულმა შენიშნა და პირადად გაანადგურა მოწინააღმდეგის ორი ჯარისკაცი, რომლებიც უახლოვდებოდნენ ვერტმფრენს ისეთი კუთხით რომელსაც მსროლელი ვერ იცავდა, ბოლო დაჭრილის გამოყვანისას როის მოუხდა ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმა, მოწინააღმდეგემ სიკვდილამდე მოასწრო როი დაეჭრა ხელში და სახეში კონდახი ჩაერტყა. მიუხედავად ამისა როი დაეხმარა დაჭრილებს და ვერტმფრენში ჩატვირთა დარჩენილი დაღუპულები. მხოლოდ ამის შემდეგ მისცა თავს უფლება, რომ საკუთარი ნაწლავებით ხელში შეეთრიათ ვერტმფრენში. ასე დასრულდა ჯგუფის გამოყვანის 6 საათიანი ბრძოლა როიმ არცერთი დაჭრილი და დაღუპული მებრძოლი არ დატოვა იქ. როდესაც ვერტმფრენიდან დაჭრილები და გარდაცვლილები გადმოტვირთეს, როი მიღებული ჭრილობებისაგან ვეღარ მოძრაობდა და ვერ ლაპარაკობდა, თუმცა ყველაფერი ესმოდა. აღმოჩნდა, რომ როის შემთხვევით, დაღუპული ორი მოწინააღმდეგეც ჩაეტვირთა, თვითონ დასისხლიანებული როი თავისიანებმა ვერ ამოიცნეს და მისი გარეგნობიდან გამომდინარე დაღუპულ ვიეტნამელებთან დააწვინეს (იგი წარმოშობით მექსიკელი ინდიელი იყო) ექიმს ის გარდაცვლილი ეგონა, არც გაუსინჯავს და გარდაცვლილების ტომარაში ჩააწვინეს. როის ყველაფერი ესმოდა მაგრამ ვერ ინძრეოდა, იგი ასე იხსენებს: „მე ყველაფერი მესმოდა ტომრის ელვა ნელ ნელა როგორ იკვრებოდა და მიახლოვდებოდა.“ ამ მომენტში მისმა ახლად მოსულმა თანამებრძოლმა იცნო და აიძულა ექიმი როისათვის მკერდზე ხელი დაედო, გულისცემა გაესინჯა და სუნთქვისთვის მოესმინა. როიმ ერთადერთი რაც მოახერხა ამოახველა, ექიმს სახეში სისხლი შეესხა, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო საოპერაციოში მისი გადარჩენისათვის ბრძოლა.

 

მისი მოგონებებიდან: „როდესაც ვიეტნამიდან სამედიცინო თვითმფრინავით იაპონიაში გადავყავდით ამ თვითმფრინავში ორი დაჭრილი ჯარისკაცი გარდაიცვალა და მედდა, რომელიც მე თავზე მედგა ისე განიცდიდა ამ ამბავს, რომ დაძინების საშუალებას არ მაძლევდა როგორც თვალებს დავხუჭავდი სულ მჩქმეტდა და გონებაზე მოვყავდი“.

 

რ. რეიგანის გამოსვლიდან: „სერჟანტ ბენავიდესის გალანტური არჩევანი ნებაყოფლობით შეერთებოდა თავისი მეგობრებს რომლებიც იყვნენ კრიტიკულ სიტუაციაში, მოწინააღმდეგის ცეცხლის ქვეშ მისი თავგანწირული ქმედებები, მძიმე ჭრილობების მიუხედავად შეჩრებაზე უარის თქმა, რასაც მოყვა მინიმუმ რვა ადამიანის გადარჩენა. მიუხედავად დაღუპვის მაღალი ალბათობისა მისი უშიშარი სამაგალითო სამსახური, მისი შეურყეველი ერთგულება, და უკიდურესად მამაცი ქმედებები, არის აშშ-ს შეიარაღებული ძალების უმაღლესი ტრადიციების ერთგულების ნათელი მაგალითი “. „სეჟანტო ბენავიდეს ერი მადლობას გიხდით თქვენ, თქვენს ცოცხალ და გარდაცვლილ მეგობრებს და გაჯილდოვებთ, კონგრესის ღირსების მედლით „სამსახურებრივ მოვალეობაზე მეტი გარემოებისას აღმატებული მოქმედებისათვის, ქვეყნის წინაშე, უმაღლესი დამსახურებისათვის“. კონგრესის ღირსების მედალი გახლავთ სამხედრო მოსამსახურეთათვის უმაღლესი ჯილდო. (The Medal of Honor is the United States of America's highest military honor, awarded for personal acts of valor above and beyond the call of duty. The medal is awarded by the President of the United States in the name of the U.S. Congress to U.S. military personnel only.)

 

როის აღმოაჩნდა 40-მდე სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობა. ჰოსპიტალიდან გამოსვლა მან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეძლო. ვეღარ მსახურობდა საბრძოლო ნაწილებში, თუმცა თავი მიუძღვნა ბავშვების პატრიოტულ აღზრდას, ანტი-ნარკოტიკულ და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას.

 

მადლიერმა აშშ-ს მთავრობამ საზღვაო ძალების ერთერთ გემს დაარქვა როი ბენავიდესის სახელი.

 

როი ბენავიდესი დაიბადა 1935 წლის 5 აგვისტოს, გარდაიცვალა 1998 წლის 29 ნოემბერს.

 

გმირული მოქმედებების აღიარება მოხდა 13 წლის შემდგომ 1981 წლის 24 თებერვალს რონალდ რეიგანის ადმინისტრაციის პერიოდში.

 

სერჟანტი როი ბენავიდესი ნებისმიერი ქვეყნის სიამაყე იქნებოდა. გმირობას არ აქვს გეოგრაფიული საზღვრები.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია