უალტერნატივო პრეზიდენტის პრეზენტაცია

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-09-2013, 21:05 | პოლიტიკა | ნანახია - 1868

უალტერნატივო პრეზიდენტის პრეზენტაციანათია მეგრელიშვილი

                                         

საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველმა პარტიამ უალტერნატივო კანდიდატი წარადგინა. ეს არის ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც ალბათ, კარგად იცის, რომ სამყაროში უალტერნატივო არის მხოლოდ მშობელი და შვილი, დანარჩენს ყველაფერს აქვს ალტერნატივა, ცოლ-ქმრობასაც კი, მათი ჩანაცვლებაც არ არის პრობლემა.

 

თავად სიცოცხლესაც აქვს ალტერნატივა. . .

 

რაოდენ საინტერესო და სანდოც არ უნდა იყოს კონკრეტული საპრეზიდენტო კანდიდატი, მაინც უხერხულად და არაეთიკურად მიმაჩნია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მიერ ყველა სხვა დანარჩენი  კანდიდატის უგულვებელყოფა და მხოლოდ საკუთარი ფავორიტის აღიარება. ძალიან ლამაზი, ღირსეული და  სამართლიანი იქნებოდა, თუ პრემიერი ყველა კანდიდატს წარმატებას უსურვებდა და აგრძნობინებდა, რომ ის მთელი საქართველოს პრემიერია და თითოეულ კანდიდატს პატივს სცემს.

 

ხალხი ჭრელია და ყველას თავისი კანდიდატი ჰყავს. შესაბამისად, ისინი არჩევანში თავისუფლები არიან.

 

როგორც საზოგადო მოღვაწეების ერთი ჯგუფი აცხადებს, მათ გიორგი მარგველაშვილის პერსონაჟი და მისი მთავარი გზავნილი - „კოჰაბიტაციის დასრულება“ ხიბლავთ, რაც „საქართველოს გაბრწყინების“ პროექტად მოიაზრება. არავინ უფიქრდება ამ სიტყვების არსს. ანუ, დამთავრდება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებთან თანაცხოვრება? როგორ დამთავრდება, მათ ვინც პრეზიდენტის აზრებს არ მოიწონებს, ციმბირში გაასახლებენ?

ვფიქრობ,  მარგველაშვილი პასუხისმგებელია ამ ლოზუნგზე და ვალდებულია აგვიხსნას, თუ რას გულისხმობს “დასრულებაში“. ტერმინებით ისედაც გაბრუებული და დარეტიანებული საზოგადოება კიდევ უფრო იბნევა და ბევრს იმ შიშის შეგრძნებაც უძლიერდება, რომელიც 1989 წლიდან არ გვტოვებს.

 

როგორც ქალბატონმა ნინელი ჭანკვეტაძემ ბრძანა, მალე დამთავრდება „მახინჯი კოჰაბიტაცია“ და საერთოდ, ვერ იტანს ამ სიტყვას. ეს  სიტყვა რომ  მოიფიქრეს, მასში კაცთმოყვარეობისა და ტოლერანტობის ელემენტი ჩადეს და სამწუხაროა, რომ ეს ხელოვან ადამიანს აღიზიანებს.

 

ჭანკვეტაძემ ბრძანა, რომ „კოჰაბიტაცია დასრულდება, მაგრამ არ იქნება რევანში, არამედ მოხდება სამართლიანობის აღდგენა“. ვფიქრობ, გიორგი მარგველაშვილმა და მისმა მრჩევლებმა იციან, რომ სიტყვა „აღდგენა“ ადრე არსებული და დროებით შეწყვეტილი მოვლენის გაცოცხლებას და განახლებას ნიშნავს. საპრეზიდენტო კანდიდატის პირდაპირი მოვალეობაა განმარტოს, რა უნდა აღადგინონ - როდის იყო საქართველოში სამართლიანობა? ვისი ხელისუფლების დროს? უკანასკნელი 200 წელი ავიღოთ და უფრო შორს ნუღარ წავალთ. დაასახელეთ, რა უნდა აღადგინოთ, რაც არ ყოფილა და თუ იყო - როდის? ეს ყველას ძალიან გვაინტერესებს. ის მაინც ვიცოდეთ, ათვლა საიდან  დავიწყოთ.

 

კანდიდატიც და პრემიერიც გვპირდებიან, რომ არასდროს მოგვატყუებენ. ამ შემთხვევაში სიტყვა „აღდგენა“ უნდა შეიცვალოს „დამკვიდრებით“. ვერაფერს აღადგენთ, რაც ჩვენს ეპოქაში არ ყოფილა. თქვენ სად ცხოვრობდით xx-საუკუნის მეორე ნახევარში?

 

ნინელიჭანკვეტაძემ ბრძანა, რომ „ჩვენი ახდენილი ოცნება იქნება  მარგველაშვილის ტრიუმფალური გამარჯვება“. ისევ კანდიდატს მივმართავ, ნაკითხი კაცია და იცის, რომ ტრიუმფალური გამარჯვებით რომში მთავარსარდლები, იმპერატორები და მეომრები ბრუნდებოდნენ. ნუთუ გგონიათ, რომ ჩვენ არ ვიცით, რა არის „ტრიუმფი“?

 

„მარგველაშვილის წარსული არის ძალიან წარმატებული რეფორმები,“ - ნ.ჭანკვეტაძე.

როდესაც მსგავსი განცხადება ასეთი დიდი აუდიტორიის წინაშე, პირდაპირ ეთერში კეთდება, თუ ვერ დაასაბუთებენ , მაშინ, სულ ცოტა, უნდა ჩამოთვალონ მაინც „წარმატებული რეფორმები“. თუ ჭანკვეტაძის სიტყვას უნდა ვენდოთ და ჩვენთვის უცნობი რეფორმები „ტრიუმფად“ უნდა მოვნათლოთ?

 

როცა ტრიბუნიდან  მარგველაშვილზე საუბრობდნენ, ის რამდენჯერმე გაწითლდა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვივით უხაროდა ქება, რაღაც უხერხულობა მასში მაინც შეიმჩნეოდა. ცოტა იმედი მოგვეცა - მან ზუსტად იცის, რომ გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ეს არ იქნება რომაული ტრიუმფი.

 

ტენდენციური ამომრჩევლებისგან განსხვავებით, გისურვებთ წარმატებას და სამშობლოსთვის სიკეთეს თუ გააკეთებთ, ნამდვილად არ გვეწყინება.

 

თქვენს პრეზენტაციაზე ნ. ჭანკვეტაძემ ის ადამიანები გააკრტიკა, ვინც წინა ხელისუფლების დროს მუშაობდნენ და ახლა, თურმე, თავს საყოფაცხოვრებო მიზეზებით იმართლებენ. მსახიობი თვლის, რომ „პირადი კეთილდღეობა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არ უნდა დააყენო“ - ამ სიტყვებზე კომენტარს შეგნებულად არ გავაკეთებ. . . თუმცა, ქალბატონ მსახიობს შევახსენებ, რომ ოჯახის მოვლა, მოხუცების მკურნალობა, შვილების გამოკვება, განათლება და დეპრესიაში არჩავარდნა, სულაც არ არის კეთილდღეობა - ეს ადამიანის ცხოვრებაა და როცა ადამიანს შვილი ავად ჰყავს, მისთვის არავითარი სხვა ინტერესი აღარ არსებობს, მისი ქვეყანაც და სამშობლოც, იმ წუთებში, მხოლოდ შვილია. იმედი მაქვს, ფილოსოფოსი კანდიდატი დამეთანხმება.

 

მერკანტილური და საყოფაცხოვრებო მიზნებით დღესაც გაჟღენთილია პოლიტიზებული საზოგადოება და მალე, ალბათ, ისინიც დაიწყებენ თავის მართლებას. თუმცა, ნურავის დაამადლით სამშობლოს სიყვარულს და ხალხს ნუ მოუწოდებთ, რომ „ჯობია იშიმშილო, მაგრამ არ გააცდინო მიტიგი“. მთავარი შიმშილი კი არ არის, არამედ სული არ უნდა გაყიდო და დანარჩენს ყველაფერს ეშველება.

თქვენ თუ გაიმარჯვებთ, იმედი მაქვს, რომ არ მისცემთ ხალხის გარკვეულ ნაწილს იმის უფლებას, რომ თქვენგან მიუწვდომელი და მითოლოგიური გმირი შექმნან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისევ თქვენ დაიტანჯებით - ეს უკვე მძიმე ტვირთია!

 

პრემიერ მინისტრმა ბრძანა, რომ თქვენ მარტო „ქართული ოცნების“ კი არა, მთელი საქართველოს პრეზიდენტი იქნებით. დიდი თხოვნა გვექნება თქვენთან - ყველამ კარგად ვიცით, რომ საარჩევნო კამპანიას ყოველთვის თან ახლავს ფანტასტიკის ჟანრის პიარ-ტექნოლოგიები. ამიტომ, არჩევნების შემდეგ, ნუ წამოგვაძახებთ ნურც თქვენ და ნურც თქვენი დამპიარებლები, რომ „საქართველო ბიძინა ივანიშვილის წინაშე ვალშია“ - ეს უკვე მეტისმეტია!

 

ეს ილიაზეც კი არ უთქვამთ! არც ექვთიმე თაყაიშვილზე, რომლის წინაშე მართლაც დიდ ვალში ვართ და არც დავით სარაჯიშვილზე, რომელიც ასობით ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდა მრავალი წლის განმავლობაში. ასობით ახალგაზრდა მისი სტიპენდიით სწავლობდა უცხოეთში. უამრავი შენობა ააგო საკუთარი სახსრებით და, რაც მთავარია, შექმნა დიდი და განუმეორებელი ქართული ბრენდი - “ქართული კონიაკი სარაჯიშვილი“. გარდაცვალების შემდეგ კი ანდერძში აღმოაჩინეს, რომ  დიდძალი უძრავ-მოძრავი ქონება საჩუქრად დაუტოვა სხვადასხვა ორგანიზაციებს, მწერლებს, მხატვრებს, მეწარმეებს, ექიმებს, თეატრს. ბევრ გაჭირვებულ ოჯახს ქონება უანდერძა. სამწუხაროდ, ეს ქონება არავის შეხვდა გარდა ბოლშევიკებისა. 30-იან წლებში, როდესაც მისი ცხედარი ჩეკისტებმა დიდუბის პანთეონის მიწიდან ამოაგდეს, სარაჯიშვილის ოჯახს საშუალება არ ჰქონდა, რომ ის გადაესვენებინა. ჩეკისტებმა ცხედარს ხელიდან წააძვრეს ბეჭედი და ამ ძვირფასი ნივთის ფასად გადაასვენეს პანთეონიდან. თქვენს კოლეგებს ნუ ათქმევინებთ, რომ მსგავსი ქველმოქმედება ჩვენს ქვეყანას არ ახსოვს. საარჩევნო კამპანიის დროს ყველანაირი სლოგანის შექმნა შეიძლება, მაგრამ იმედი მაქვს, ისეთ ხელისუფლებას არ დაამყარებთ, რომელიც იტყვის - „ჩვენ ყველას უნდა გვჯეროდეს,რომ ბიძინა მართალია“. ფილოსოფიურად შეხედეთ ამ ფრაზას, ეს ხომ აბსურდია. . . ეს ხომ არჩევანის და თავისუფლების სრული შეზღუდვაა, მით უმეტეს, რომ თავად პრემიერმა ბრძანა, დღეს თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთო.

 

არ მგონია, ბატონ ივანიშვილს ეს მოსწონდეს. მან ალბათ იცის, რომ ეს კერპთაყვანისცემაა და ადამიანებს სჩვევიათ კერპის აგებაც და მისი დანგრევაც.

 არ გამოვრიცხავ, რომ, შესაძლოა, მართლაც გაიმარჯვოთ არჩევნებში, მაგრამ მე თქვენში უფრო მეტად ადამიანს ვხედავ, ვიდრე რამზესს ან ტუტანჰამონს. საბედნიეროდ, ბევრი თქვენი კოლეგისგან განსხვავებით, ბოროტების ელემენტებსაც ვერ ვამჩნევ თქვენში და არც რუსეთუმეს შთაბეჭდილებას ახდენთ.

 

თქვენი საპრეზიდენტო პროგრამა მოვისმინეთ და სამწუხაროდ, არაფერი იყო ახალი, ორიგინალური, ქარიზმატული, სენსაციური და ეფექტი არ იყო ეფექტური.

მართალია, ბრძანეთ, რომ ოპონენტების აზრი არ გაინტერესებთ, მაგრამ ჩვენ ამომრჩევლები ვართ და გვაინტერესებს, როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას და განვითარებას?

 

„ქართულმა ოცნებამ“ დანერგა ტერმინი „უკანსკნელი ცხრა წელიწადი“. ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად პრემიერმაც და კანდიდატმაც ახსენეს „უკანსკნელი ოცი წელიწადი“ - მართალია, გაკვრით, მაგრამ მაინც ახსენეს, ვინაიდან ყველამ კარგად იცის, რომ „ჯოჯოხეთი“ დაიწყო 90-იან წლებში და არა 2000 წლიდან და იძულებულები არიან აღიარონ, რომ მარტო ცხრა წელიწადი არ ყოფილა საქართველოს მოქალაქეთა პირველი და უკანასკნელი პრობლემა.

 

„უალტერნატივო კანდიდატმა“ ბრძანა, რომ „ერთ წელიწადში არ მეგონა, რომ ამდენს შევძლებდით“. სამწუხაროდ, ბევრმა ვერ გაიგო, რა იგულისხმა.

 

რაც შეეხება დაზღვევას, ეს არ არის „ქართული ოცნების“ ნოვაცია. უკანასკნელი წლების განმავლობაში ათასობით მოქალაქემ უფასოდ, დაზღვევით გაიკეთა რთული და ძვირადღირებული ოპერაცია, რომელსაც ისინი ვერასდროს გაიკეთებდნენ, რომ არა დაზღვევის ინსტიტუტი, რომელიც შეიქმნა არა შევარდნაძის, არამედ სააკაშვილის ხელისუფლების დროს.

 

პენსიების მომატებაც წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და 14 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ჩვენი ხელფასები სახელმწიფო ორგანიზაციებში - 18 ლარიდან რამდენიმე ასეულ ლარამდე. ასე რომ, ამ პროექტების ავტორი არ არის „ოცნება“. თუმცა, ძალიან სასურველია, რომ კიდევ უფრო განავითაროთ და წარმატებულად წარმართოთ მომავალი პროცესები.

 

რაც შეეხება უფასო სახელმძღვანელოებს, უფასო საბავშვო ბაღებს და ფაკულტეტებს. თეორიულად შესანიშნავი იდეაა, მაგრამ ეკონომიკურ კრიზისს ხომ არ გამოიწვევს და გაზაფხულზე ხელფასების, პენსიებისა და სხვადასხვა დახმარებების დარიგება ხომ არ გაჭირდება? მეც კი, ადამიანს, რომელიც ეკონომიკის საკითხებში დილეტანტიც კი არ ვარ, ინსტინქტმა მიკარნახა, რომ ბევრი ადამიანი უფასო პროექტებმა შეიძლება ძალიან დააზარალოს.

 

საპრეზიდენტო კანდიდატი ბრძანებს, რომ რუსეთთან ურთიერთობაში უკვე გვაქვს შედეგი და ეს არის რუსეთის ბაზრის გახსნა. მინდა შევახსენო კანდიდატს, რომ დღეს ის რუსეთი აღარ არსებობს, რომლისთვისაც ქართული პროდუქცია დომინანტური იყო, იქ დღეს მთელი მსოფლიოს ბაზარია გაშლილი.

 

 კანდიდატმა კიდევ ერთი საინტერესო რამ თქვა - „რუსეთი არ არის ჩვენით დაინტერესებული“. ის ნაკითხი კაცია და ცოტა გასაკვირია მისი გაოცებული სახე - საქართველო-რუსეთის შესახებ შეკითხვა, საკმაოდ ოსტატურად, პუტინთან გადაამისამართა - კარგი გამოსავალია!

 

ევრაზიის კავშირთან დაკავშირებით კი დაგვამშვიდა - თურმე,  მედვედევიც ამბობს, რომ „საქართველო თავისუფალია თავის არჩევანში“. ისეთი გრძნობა გვეუფლება, თითქოს ბატონი გიორგი უკანსკნელი ოცი წლის განმავლობაში საქართველოში არ ცხოვრობდა, არც შევარდნაძის, არც სააკაშვილის მთავრობებთან და არც ბურჯანაძის გუნდთან კონტაქტობდა და ჯერ არ იცის საქართველოსა და რუსეთს შორის რა ხდება..!

 

კანდიდატი გვამხნევებს, რომ ზურაბ აბაშიძის და კარასინის მოლაპარაკებები სიკეთეს მოგვიტანს.

 

ურატაძე-კარახანის ხელშეკრულების ბედი არ ეწიოს აბაშიძე-კარასინის მომავალ მოლაპარაკებებს. ამას ვინ აკონტროლებს? ჩვენ ამის შესახებ ფიქრიც კი არ გვინდა! სიმართლე ყველა ეპოქაში მწარეა! საინტერესოა, როგორც ფილოსოფოსი, როგორ აგვიხსნის „უალტერნატივო კანდიდატი“, რატომ არ არის სიმართლე ტკბილი?  სამაგიეროდ, მან ძალიან საინტერესო ანალიზი გაუკეთა პრემიერის ევრაზიულ პოზიციას. პრემიერმა თქვა: „მე ამას ვსწავლობ; მე ვფიქრობ; მე ვაანალიზებ“ - მეც ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ ამ სენტენციას კომენტარი არ სჭირდება.

 

ორი შეკითხვა მაქვს ბატონ მარგველაშვილთან:

 

1. „ჩვენმა ქვეყანამ უნდა აღადგინოს ნდობა“ - ისევ სიტყვა „აღდგენა“. ესე იგი, იყო და აღარ არის. ალბათ, იმ ნდობას გულისხმობდით, რომელიც მსოფლიოს ჰქონდა წინა ხელისუფლების მიმართ, აბა, შევარდნაძის და კომუნისტების ეპოქაში არავითარი ნდობის ფაქტორი არ არსებობდა.

 

2. ბიძინა ივანიშვილი: „მარგველაშვილისათვის ნდობის გამოცხადება ჩემთვის ნდობის გამოცხადებაა“ - რას ნიშნავს ეს?

 

ფილოსოფიური და უალტერნატივო პასუხი მჭირდება...

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია