The Fiscal Dive (სტაბილიზაცია და სტიმულირება)

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
17-03-2016, 15:41 | ეკონომიკა | ნანახია - 944

The Fiscal  Dive	(სტაბილიზაცია  და  სტიმულირება)

 

არჩილ იაკობაშვილი

 

(1) რა არის დეფიციტური ხარჯვა?

 

2013-2015 წლებში, მთავრობის მიერ საბიუჯეტო ხარჯების ექსპანსიისა და მათი შიდა ვალებით დაფინანსების ფონზე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სულ უფრო ცნობილი ხდება ფრაზები „დეფიციტური ხარჯვა“, „ხადურის ობლიგაციები“, „ვალდებულებების ზრდა ნულოვანი უკუგებით“. ე.ი. სახელმწიფო ხარჯავს იმაზე მეტს, ვიდრე გამოიმუშავებს გადასახადების სახით, ხოლო სხვაობის შევსება ხდება ძირითადში ვალებით, აგრეთვე უმნიშვნელო რაოდენობით საერთაშორისო გრანტებით და დაუგეგმავი ერთჯერადი მოსაკრებლებით (მაგალითად, პატრულის ჯარიმები და ა.შ.).

 

ყოველთვიურად ნამდვილად ვერ აიცილებს სახელმწიფო დეფიციტურ ხარჯვას, მაგრამ როდესაც ყოველი კვარტლის ბოლოს დეფიციტური ხარჯვის შუქნიშანი ყვითლად ციმციმდებდა, ლოგიკური იყო, რომ 2013, 2014, 2015 წლების ბოლოს გაწითლდებოდა.

 

კერძოდ, 2015 ბიუჯეტის შესრულების მონაცემებით (საგადასახადო შემოსავლები: 7.5 მლრდ, ბიუჯეტის ხარჯები: 9.5 მლრდ) გასული ფისკალური წელიწადი 1.8 მლრდ –მთლიანი, ხოლო 1.4 მლრდ – წმინდა დეფიციტური ხარჯვით დასრულდა.

 

დეფიციტური ხარჯვის მიზანშეწონილობა ორი ძირითადი კრიტერიუმით შეიძლება შეფასდეს:

 

• რამდენად უკუგებადია დეფიციტური ხარჯვით გამოწვეული ვალდებულებების ზრდა? ე.ი. ხმარდება თუ არა სახელმწიფოს ახალი ვალები საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას? თუ ვალდებულებების ზრდა მხოლოდ მიმდინარე სახელმწიფო შესყიდვებისა და მოხმარების დაფინანსებზე იხარჯება, ისე რომ ეკონომიკური ზრდის ეფექტი უმნიშვნელოა, ვალდებულებები იზრდება არაეფექტურად, რაც ნიშნავს სახელმწიფო ფინანსების ჩაფლობას თაობათა გაღარიბების უფსკრულში.

 

• რამდენად ახდენს გავლენას დეფიციტური ხარჯვა სავალუტო ბაზრის მოთხოვნაზე, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან იმპორტის მოხმარების ზრდით არის მოსალოდნელი? როგორც ცნობილია, საქართველოს სამომხმარებლო კალათის 70% ივსება იმპორტით. ეს ნიშნავს, რომ დეფიციტური ხარჯვის ყოველი 1 დამატებითი ლარიდან 70 თეთრით იზრდება მოთხოვნა სავალუტო ბაზარზე.

 

ე.ი. თუ ეროვნულ ვალუტაში დენომინირებულ ვალდებულებებს შეიძენენ უცხოელი ინვესტორები, მხოლოდ მაშინ არის შესაძლებლობა, რომ დეფიციტური ხარჯვით მოსალოდნელი გაუფასურების ეფექტი განეიტრალდეს სავალუტო ბაზარზე. პორტფელურ ინვესტიციებში (ე.ი. მათ შორის სახელმწიფო ობლიგაციებშიც) უცხოელების აქტიურობა არის სავალუტო ნაკადების გენერირების ყველაზე სწრაფი და მოქნილი წყარო, ვიდრე სხვა რესურსები (ექსპორტი, ტურიზმი, რემიტენსები, სახელმწიფოთშორისი და კერძო გრანტები, ან თუნდაც პირდაპირი ინვესტიციები).

 

(2) დეფიციტური ხარჯვის ქრონიკა 2013-2015

 

2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილს დააკლდა 620 მლნ, ხარჯვით ნაწილში გასავლები აღემატებოდა მიზნობრივ მაჩვენებელს, ვალებით დანაკლისის შევსებაზე მთავრობას ხელები აუკანკალდა და ბიუჯეტი გაერღვა, და ეს მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის ბოლოს ხაზინის ნაშთი სთავაზობდა საკმარის ბუფერს - 800 მლნ ლარს - იმისთვის, რომ საგადასახადო შემცირებით მომხდარიყო რეალური სექტორის წახალისება, რაც ხელს შეუწყობდა საბიუჯეტო შემოსავლების დაგეგმილზე მეტად ზრდას და დიდი ალბათობით საკმარისი იქნებოდა თუნდაც ისეთი ხარჯვითი ნაწილის დასაფინანსებლად, რომლის სტრუქტურაც დღემდე ვერ უძლებს რაციონალურ კრიტიკას.

 

2014 წელს, კიდევ უფრო გაიზარდა ხარჯები, დაუბეგრავი მინიმუმით და მსგავსი შეღავათებით ხვრელები გაჩნდა სახელმწიფო ფინანსებში, საშემოსავლო ნაწილში გაუარესება არ მომხდარა, მაგრამ ბიუჯეტის გასავლების ნაწილში აღებული ვალდებულებების გამო ფისკალური პროგრესიც არ დადგა. სამაგიეროდ მთავრობას ხელები აღარ აუკანკალდა ვალების აღებაზე და რეკორდები მოხსნა დეფიციტურ ხარჯვაში.

 

2015 წელს გაშლილმა ხელებმაც ვეღარ შეაკავა საგარეო ფაქტორები - დოლარის გლობალური გამყარება იმდენად დიმენზიონალური მოვლენა იყო მსოფლიოს ეკონომიკაში, რომ ნამდვილად ვერ ჩაითვლებოდა რეგიონალურ შოკუნიად. „პარლამენტს რომ ერთი წლის განმავლობაში სამჯერ შეაცვლევინებ ბიუჯეტის პარამეტრებს, ნოემბრის ბოლოს რაღაც რიცხვს დაასახელებ მიზნობრივ მაჩვენებლად, რომელიც 31 დეკემბერს ოდნავ ნაკლებია საგადასახადო შემოსავლების ფაქტიურ მაჩვენებელზე და თვითკმაყოფილი უცხადებ ამომრჩეველს, ბიუჯეტი შევასრულეო, წლიური დეფიციტი ეროვნული შემოსავლის 3%-ზე მეტი არ იქნებაო, გაუარესების მოლოდინი აღარ გვაქვსო, ნამდვილად ვერ შეფასდება სახელმწიფო ფინანსების ოპტიმალურ მართვად“.

 

ეროვნულ შემოსავალთან მიმართებაში 3% წლიური დეფიციტური ხარჯვა დასაშვებია ბელგიისთვის, სლოვაკეთისთვის და მაასტრიხტის ხელშეკრულების წევრ-სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ერთიანი ევროპული კაპიტალის ბაზარზე მოკლევადიანი ვალის აღების ნორმირებული უფლებით ურთიერთსარგებლობენ.

 

2012 წლიდან გერმანიის ფედერალური ბიუჯეტი იგეგმება ნულოვანი (და არა 3%) დეფიციტით, ხოლო ფისკალური წელი სრულდება პროფიციტით. ე.ი. უმაღლესი საინვესტიციო ხარისხის (AAA) მქონე სახელმწიფო, რომელიც არა მხოლოდ ევრობაზარზე არამედ კაპიტალის საერთაშორისო ბაზარზე ფინანსური რესურსების მოზიდვის შეუზღუდავი უფლებით სარგებლობს, არიდებს თავს დეფიციტურ ხარჯვას და, თუ იღებს ვალს, ისევ მეზობელი ქვეყნების დასახმარებლად. 2015 წლის ფედერალური ბიუჯეტი (€ 283 მლრდ) გერმანიამ დაასრულა € 12 მლრდ პროფიციტით. როგორც 13 იანვარს ფედერალურმა მთავრობამ განაცხადა, აქედან € 6 მლრდ, ე.ი. ნახევარს, გამოიყენებს ე.წ. „დეფიციტური ფედერალური მხარეების“ დახმარებისთვის, ხოლო მეორე ნახევარს - € 6 მლრდ - ე.წ. „ლტოლვილთა პროგრამის“ დასაფინანსებლად, რომლებიც „... 2016 გადასახადის გადამხდელებად უნდა ვაქციოთ, რათა მომდევნო წლებში მათი შენახვა ტვირთად არ დააწვეს ფედერალურ ბიუჯეტს...“ ფედერალურმა მთავრობამ ბოდიში მოუხადა მოსახლეობას იმის გამო, რომ 2016 წლისთვის დაანონსებული დღგ-ს განაკვეთის 19%-დან 18%-მდე შემცირება აუცილებლად განხორციელდება 2017. აი, ეს არის სახელმწიფო ფინანსების სანიმუშო მართვა, რომელიც ახერხებს ჰარმონიულად თავი მოუყაროს ეროვნულ სოლიდარობას, შანსების თანაბრობას თაობებს შორის, მომავალზე ორიენტაციას და სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას არამხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის, საკუთარი ქვეყნის და კონტინენტის, არამედ, წარმოიდგინეთ, „დაუპატიჟებელი“ ლტოლვილების წინაშეც.

 

(3) კითხეთ ესტონელ კოლეგებს:

 

• როგორ ახერხებენ დამოუკიდებლობის ყოველ წელს ბიუჯეტის პროფიციტით დაგეგმვას და ყოველი ფისკალური წლის უფრო მაღალი პროფიციტით დასრულებას ?

 

• როგორ იყენებენ წინა წლის პროფიციტს მომდევნო წელში ფინანსურ ბუფერად იმისთვის, რომ იმავდროულად საგადასახადო განაკვეთების თუნდაც უმნიშვნელო შემცირებით ეკონომიკას არ აძლევენ გადახუნების საშუალებას - მოხმარების დონესაც ინარჩუნებენ და ახალი დანაზოგიც ემატება წინა წლების დანაზოგს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში?

 

კორპორაციების დაბეგვრაში მოგებიდან რეინვესტიციის კომპონენტის ამოღება, რომელსაც ესტონელებისგან (ჩემი აზრით, სლოვენიას კიდევ უფრო უკეთესი მოდელი აქვს) 3 წელი სწავლობდა მთავრობა და მე-4 წლის შუა პერიოდში ხელის კანკალით ნერგავს, 2017 შემდეგ შეძლებს ბიზნესის სრულად წახალისებას. საშუალო და მცირე ბიზნესში დივიდენდებმა რომ ინდივიდუალურ შემოსავლებში გადაინაცვლოს, 20%-ით დაიბეგრება პირდაპირი წესით? აიძულებს სახელმწიფო ერთი პირის საწარმოებს, რომ სააქციო საზოგადოებებად იქცნენ?

 

(4) გთავაზობთ „სტაბილიზაციისა და სტიმულირების“ შემდეგ ღონისძიებებს:

 

• შეიკვეცოს 2016 დაგეგმილი ხარჯები 30%-ით (The Fiscal Dive);

 

• მოხმარების წახალისების მიზნით შემცირდეს 1 აპრილიდან დღგ-ს განაკვეთი 15%-მდე (როგორც ეს ხელისუფლების წევრმა რესპუბლიკურმა პარტიამ რეკომენდაციის სახით შეიმუშავა ყრილობაზე ნოემბერში - თუ ნებაყოფილობით მაინც ეცნობით ხელისუფლების წევრები ერთმანეთის რეკომენდაციებს, თორემ ე.წ. „კოალიციური შეთანხმება“თქვენს შორის არ არსებობს);

 

• 2017 წლისთვის, დღესვე დაანონსდეს საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის შემცირება 15%-მდე, როგორც ეს გაწერილი იყო საგადასახადო კოდექსში ჯერ კიდევ 2015 წლისთვის.

 

• თვითმმართველობის რეფორმა, რომლის დაფინანსების კომპონენტი საერთოდ არ ამოქმედდა დღემდე, მიყვანილ უნდა იქნეს ბოლომდე, რომ 2017 წლიდან სრულყოფილად შევიდეს ძალაში.

 

ამ ოთხი რეფორმიდან ერთ-ერთის გამოტოვების შემთხვევაშიც, 100%-იანი ალბათობაა იმის, რომ დეფიციტური ხარჯვის შუქნიშანი 2016 წლის დასასრულსაც გაწითლდება - და იქნება უფრო მუქი, ვიდრე 2015,2014 და 2013 წლებში.

 

ამ ოთხი ფისკალური რეფორმის სრულყოფილად გატარების შემთხვევაში მთავრობას აქვს 70%-იანი ალბათობა იმის, რომ 2016 წლის ბოლოს დეფიციტური ხარჯვის შუქნიშანი აღარ გაწითლდეს. მაგრამ თუ ამ ცვლილებებს არ გაატარებთ, 2016 წელს ვერ აიცილებთ დეფიციტური ხარჯვის შუქნიშნის გაწითლებასაც (ანუ წითელ ბარათს).

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია