ხელისუფლება აშკარად თაღლითობაზე გადავიდა - ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ხოლო, მატყუარა და თაღლით ხელისუფლებას მოკლე დღეები.

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
19-03-2016, 00:00 | ეკონომიკა | ნანახია - 1520

 

დავით ნებიერიძე

 

ერთ კვირაზე მეტია რაც ეკონომიკის ექსპერტები თავს იმტვრევენ ისეთი ანომალიური პროცესის საიდუმლოს ამოხსნაზე, როგორიცაა ლარის კურსის მოულოდნელი და ანომალიური გამყარება. მაგრამ, საიდუმლოება ამოუხსნელი რჩება. არანაირი ფუნდამენტალური ეკონომიკური ფაქტორი, რომელიც ზეგავლენას მოახდენდა ლარის კურსის ასეთ ნახტომისებურ გამყარებაზე არ არსებობს. ეს ცვლილებები, ჩემთვის ღრმად პატივცემულმა და ავტორიტეტულმა ბატონმა რომან გოცირიძემ ნაწილობრივ, ხელისუფლების მხრიდან საბიუჯეტო ხარჯვების დისციპლინის გამკაცრებას დაუკავშირა. ხელისუფლებამ საბიუჯეტო სახსერების არარაციონალური და ხელაღებით ხარჯვა დროებით შეამცირა. რაშიც თამამად მეც დავეთანხმები. თუმცა, ასევე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ფაქტორი მაინც ვერ გამოიწვევდა ლარის კურისის გამყარების ესოდენ დიდ ამპლიტუდას. სამაგიეროდ, საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური მენეჯმენტის „გაბრწყინებულმა სახემ“, ბატონმა მეჭიაურმა არ უღალატა თავის სტილს და ეს ანომალიური პროცესი ჩვეულებისამებრ ამპარტავნული და სრულიად დემაგოგიური ფაქტორით ახსნა: ქადაგიძე მოვიშორეთო. რაც ელემენტარულად იაფფასიანი, კონიუნქტურული განცხადებაა. თუმცა, ამ განცხადებაში ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ მმართველ გუნდში ტყუილის თქმის აღარანაირი მორალური და კანონიერი ბარიერი აღარ არსებობს. ქვეყნის ეკონომიკის საქმე ტრაგიკული ხდება ზუსტად მაშინ, როდესაც შექმნილი მოცემულობის ექსპერტული ანალიზი შეუძლებელია. ვითარება შეუქცევლად კატასტროფულ მოცემულობაში გადადის მაშინ, როდესაც მიმდინარე პროცესები აღარ ექვემდებარება ლოგიკურ ანალიზს. როდესაც პროცესები გასულია გამჭვირვალობისა და დემოკრატიული, ხოლო ეკონომიკის შემთხვევაში აღიარებული საბაზრო პრინციპების ჩარჩოებიდან.

 

ჩვენი მკითხველებიდან ალბად არავის ეპარება ეჭვი, ბატონი დემურ გიორხელიძის კომპეტენციაში. ეს უაღრესად ძლიერი ექსპერტი, რომელიც თავის დროზე საკმაოდ აქტიურად აკრიტიკებდა ეროვნული ბანკის და კონკრეტულად ქადაგიძის პოლიტიკას, გუშინ მთელი დღის მანძილზე, თითქმის ყველა ტელე-ახრხზე, გაოგნებული საუბრობდა შექმნილ ვითარებაზე. ამტკიცებდა, რომ საქმე გვაქვს აუხსნელ პროცესებთან, რომლებიც აბსოლუტურად მოწყვეტილია ლარის კურსის ცვლილების ფუნდამენტურ საფუძვლებს. საკმარისია მიმდინარე წლის ეკონომიკურ სტატისტიკაში ჩავიხედოთ, შეუძლებელი იქნება არ დავეთანხმოთ. ზუსტად ბატონ დემურს ეყო გამბედაობადა, საქვეყნოდ გამოეთქვა არგუმეტირებული ეჭვი იმის თაობაზე, რომ დიდი ალბათობით საქმე გვაქვს ჩვეულებრივ თაღლითობასთან. როცა, ხელისუფლება პოლიტიკური დივიდენდების მიღების მიზნით, უბრალოდ აყალბებს ისეთ მნიშვნელოვან მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს, როგორიცაა ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი. მითუმეტეს, რომ ამ კურსის დადგენის დღემდე არსებული დახურული და გაუმჭვირვალე სისტემა ამგვარი უკანონიბის გაკეთების ნოყიერ საფუძველს იძლევა. მითუმეტეს, რომ ხელისუფლების უუნარობა და ელემენტარული უცოდინრობა, რომელიც გამყარებულია მათივე ამორალური საბჭოთა სტილის მენტალობითა და რაიკომის მდივნების შესაფერისი უნარჩვევებით, ძალიან ლოგიკურად ხსნის ამგვარ უკანონობას და ვირტუალური რეალობის შექმნის მცდელობას.

 

ამ მოსაზრებების და შეფასებების ლოგიკურობა, რომ განვამტკიცოთ, საკმარისია გავაანალიზოთ ის საერთო რეალობა, რომელშიც თითოეულმა ჩვენგანმა ამოვყავით თავი, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის მეოთხე, „საუკეთესო“ წელს:

 

ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების გზით პოლიტიკოსების დისკრედიტაცია და ზოგადად პოლიტიკური პროცესების არაჯანსაღ ფორმაში გადაყვანა;

 

კრიმინოგენული ვითარების უკიდურესად დაძაბვა;

 

ეკონომიკის ჩამოშლა და სოციალური პრობლემების გამწვავება;

 

ფასეულობების ხელოვნურად აღრევა, როცა რიგით მოქალაქეს ვეღარ გაურჩევია ვინ არის გმირი და ვინ მოღალატე;

 

იზოლაციონისტური პოლიტიკა და ცივილიზებული სამყაროს დისკრედიტაციის მცდელობა.

 

ეს ყველაფერი ერთი დიდი თამაშის შემადგენელი ნაწილებია. რომლის მიზანია საერთო ნიჰილიზმისა და სასოწარკვეთილების დანერგვა. თითოეულ მოქალაქეში უსუსურობის განცდის დამკვიდრება. ეს კი საბოლოო მიზანს ემსახურება - განამტკიცოს და უალტერნატივო გახადოს მოსაზრება, რომ თითოეულ ჩვენთაგანს არაფრის თავი გვაქვს. რომ, ჩვენზე არაფერია დამოკიდებული და თუ მხსნელი, "მესია", ერისა და ქვეყნის გადამრჩენელი ერთი კონკრეტული ძლიერი პიროვნება არ გვეყოლება ქვეყნის სათავეში (თუნდაც არაფორმალურად), ჩვენ თავად არაფრის მაქნისები ვართ. თან ეს ერთი, შეძლებისდაგვარად ძალიან მდიდარი უნდა იყოს, რომ ამდენი უსუსური და არაფრისმაქნისი ადამიანი გვარჩინოს.

 

ასე, ხელოვნურად ხდება საზოგადოებაში დიქტატორზე - "ერის მამაზე" მოთხოვნილების გაჩენა, კულტივირება. ხოლო, ვისთვის ამზადებენ ამ ტახტს, ძნელი მისახვედრი არ არის. თუ ამ იდეოლოგიით მიუდგებით დიდი ალტერნატივაც არ არსებობს. ამ ტექნოლოგიით ხდება თავისუფლების მოყვარული მოქალაქეების მონებად გადაქცევა. ამიტომ, ნურც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მასიურად გავრცელებას, ნურც უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს, ნურც კრიმინალის ზრდას და ნურც ეკონომიკის ნგრევას ნუ განიხილავთ ცალ-ცალკე, განყენებულად. ეს ერთი დიდი და ძალიან მზაკვრული გეგმის შემადგენელი ნაწილებია. რომელიც კრემლშია დაწერილი და რომელსაც ჩვენი სოლოლაკელი კარაბაზ-ბარაბაზი, დიდი წარმატებით ახორციელებს, რათა კიდევ ოთხი წლით გაიხანგრძლივოს არსებობა. თუმცა, ამ არსებობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ისეთი გარემოს შექმნას სადაც მას, მის მენტალობას, მის უნარ-ჩვევებს და მის ფასეულობებს მაქსიმალურად ხელსაყრელი და კომფორტული ასპარეზი ექნება თვითრეალიზებისათვის.

 

განვლილი ოთხი წელიწადი ზუსტად ასეთი გარემოს შექმნას მოახმარა ქართულმა ოცნებამ. მოდით მაქსიმალურად მარტივად გავაანალიზოთ შექმნილი რეალობა ეკონომიკური თვალსაზრისით. რეალობაა გარემო სადაც მბრძანებლის მითითებით შეუძლიათ შეთითხნონ ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი და კაცისშვილი აღარ არის თუნდაც ეროვნულ ბანკკში, ვისაც შეუძლია შეეწინააღმდეგოს ამ აშკარად კრიმინალურ ქმედებას. აი, ახალი პრეზიდენტი დაინიშნა - ბატონი კობა გვენეტაძე. ამ არჩევანის შესაფასებლად უნდა დაველოდოთ თუ როგორ ახსნის ის ლარის კურსის ანომალიურ და აუხსნელ გამყარებას. ძალიან მარტივი ტესტია..! ყველაფერი ცხადი გახდება: თუ როგორი პროფესიონალია ახალი პრეზიდენტი და ახლო მომავალში რას უნდა ველოდოთ მისგან? გარდა ამისა მოდით გავაანალიზოთ საინვესტიციო გარემო, რომელიც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ლარის გაცვლითი კურსის ჩამოყალიბებას და რომელიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე ხარისხობრივადაც შეიცვალა. გარდა იმისა, რომ საკმაოდ შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, ამ სეგმენტშიც კი ფინანსთა მინისტრი აშკარად თაღლითობს და 2015 წლის პირველ კვარტალში კავშირგაბმულობის სეგმენტში კომპანიების მიერ განხორციელებული რეინვესტიციები ასახა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. რითიც ხელოვნურად და ფიქტიურად გაზარდა ქვეყანაში შემოსული უცხოური ვალუტის მოცულობა. ანუ, ფალსიფიცირება და ფუნდამენტური სტატისტიკური მონაცემების გაყალბება ამ ხელისუფლების პირობებში არახალია. გარდა ამისა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ფუნდამენტურად არის შეცვლილი ინვესტიციების ხარისხი და თავად ბიზნესის შინაარსი. ქვეყანაში აღარ შემოდის ჯანსაღი ინვესტიციები. ამის ნათელი მაგალითია მაშკევიჩისა და ამგვარი ცუდი რეპუტაციის მქონე ბიზნესმენების მასიურად შემოსვლა ქართულ ეკონომიკურ სივრცეში.

 

მინდა იცოდეთ, რომ დღევანდელი მოცემულობით ქართულ ეკონომიკაში აქტიურად ოპერირებენ ის ბიზნეს სუბიექტები, რომელთა ბიზნესი მთლიანად აწყოიბილია ოლიგარქიულ ინტერესებზე. ანუ, სახელმწიფოს ხარჯზე, ბიუჯეტიდან მოგების მიღებაზე. ახალი ფარმაცევტული ბიზნეს ოპერატორი, რომლის შემოსვლა ზარზეიმით დაანონსენს თანადაფინანსების ფონდის მესვეურებმა ცალსახად პარაზიტული ბიზნესის წარმომადგენელია. სავარაუდოდ ძალიან მალე საყოველთაო უფასო სამედიცინო დაზღვევის პროგრამას დაემატება უფასო წამლების სეგმენტი. ზუსტად ეს ახალი ფარმაცევტული კომპანია მზადდება იმისთვის, რომ მან მოახდინოს ამ წამლების იმპორტი და წარმოება. ანუ, ის იქნება ბიუჯეტიდან ჩვენი ფულის ამოტუმბვის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი.

 

იგივე სურათია ეკონომიკის სხვა სეგმენტებშიც. წარმატებულია მხოლოდ ის ბიზნეს ოპერატორი, რომელიც არაფორმალური მმართველის ინტერესებს ემსახურება და პარაზიტირებს საბიუჯეტო სახსრებზე. ქვეყანაში აბსოლუტურად მოიშალა ჯანსაღი კონკურენტუნარიანი ბიზნეს გარემო და ყოველივე ეს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მაქსიმალურად მოთხოვნადი გახდეს დიქტატორის, „ერის მამის“, ჰეგემონის ფიგურა. ნებისმიერმა ბიზნეს ოპერატორმა უნდა იცოდეს და უკვე იცის, რომ თუ ის მინიმუმ ლოიალური არ იქნება ამ ფიგურისა და მისი ინტერესების მიმართ ის უბრალოდ გაკოტრდება. ჰეგემონის, პატრონის არსებობა ბიზნესის წარმატებულობის აუცილებელი წინაპირობა გახდა. ზუსტად ასეთი ვითარება იყო ასლან აბაშიძის დროინდელ აჭარაში. ზუსტად იგივე ხდებოდა სადამ ჰუსეინისა და მოამარ კადაფის ქვეყნებში. ეს არის ცივილიზაციური ჩიხი. ეს არის რუსული გეგმის გენერალური მიმართულება. ზუსტად ასე მკვიდრდება „რუსული სამყარო“ საქართველოში. გარემო სადაც ყვავის არა ჯანსაღი ბიზნესი, არამედ „მისიანების“ პარაზიტული, მაფიოზური ბიზნესი. სამყარო სადაც მაკროეკონომიკურ პარამეტრებს თათბირის დროს ფურცელზე ხელოვნურად ჯღაბნიან, ბელადის მითითებით და პოლიტიკური კონიუნქტურის შესაბამისად. სამყარო სადაც უკანასკნელნი პირველები ხდებიან. სამყარო სადაც პირადი ცხოვრება აბსოლუტურად დაუცველია. სამყარო სადაც მეხუთე კოლონა ოფიციალურად ქმნის პოლიტიკურ პარტიებს პატრიოტული სახელწოდებებით და უკვე ლეგალურად ძირს უთხრის ქვეყნის სახელმწიფოებრიობას. სამყარო სადაც ოფიციალურ ჯაშუშებს, წამლის ბარიგებს, მკვლელებს და მწამებლებს ციხიდან ათავისუფლებენ და ტანჯულთა თიკუნებით ამკობენ. თან უპირატესად ფინანსური სარგებლის, ქრთამის სანაცვლოდ. სამყარო სადაც მტრის წინააღმდეგ მებრძოლ გმირებს ქვეყანაში არ დაედგომებათ. ხოლო, ვინც დარჩა ან უკვე გამოკეტეს ციხეში, ან გამოკეტავენ.

 

ერთი სიტყვით, ჯანსაღი ლოგიკით და რაციონალური მიდგომებით საქართველოში, მის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს უკვე ვეღარავინ ახსნის. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო: დღეს-დღეობით საქართველოში არ არსებობს ეკონომიკის ექსპერტი, რომელიც მეტ-ნაკლებად არგუმენტირებულად და საფუძვლიანად ახსნის ეროვნული ვალუტის ნახტომისებურ გამყარებას. ყველაფერი მახინჯური და ხელოვნური გახდა. იმიტომ, რომ თავად ეს ხელოვნურობაა სიმახინჯე. ამიტომ, მხოლოდ ერთიღა დაგვრჩა იმედად, რომ ჩვენი პროტესტი არ იყოს ხელოვნური!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია