პატარა ამბავი: გესმის სიჩუმე?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
19-03-2016, 22:47 | კომენტარები | ნანახია - 1003

 

ლელა პავლიაშვილი

 

ორანგაბადიდან აჯანტას გამოქვაბულებში სარეისო ავტობუსით წასვლა გადავწყვიტე. ზოგადად ასე დავადგინე, თუ ქალაქის სახელი „აბად“–ზე ბოლოვდება მუსულმანურია, თუ „პურ“–ზე ინდუისტების: აჰმედაბადი, ჯაიპური, ბოჯპური... ასე რომ ორანგაბადში მუსლიმებს ველოდი, მაგრამ ესენი რაღაცნაირი გაბრაზებული მუსლიმები აღმოჩნდნენ, სუნიტები, როგორც მერე წავიკითხე. სულ თეთრი ტანსაცმელი აცვიათ, თავზე თეთრი პატარა ნაქსოვი ქუდები ახურავთ და თუ ქალი ხარ, საერთოდ ზედ არ გიყურებენ...

 

ავტობუსში ადგილი აღარ იყო და სულ ბოლო რიგში, გაერთიანებული სკამებიდან ერთ-ერთში შევძვერი. ეს იყო 90–იან წლებში ჩვენთან რომ პაზიკები დადიოდა, დაახლოებით ისეთი ჯაბახანა. ჩემს გვერდით ასაკოვანი მამაკაცი დაჯდა. ისე მოახერხა დაჯდომა, რომ საერთოდ არ შემხებია. გამახსენდა, ორიოდ დღის წინ, ასევე მუსულმანურ რეგიონში, ინდორიდან ბჰოპალამდე ავტობუსის ბილეთს რომ ვიღებდი, მკითხეს, მამაკაცის გვერდით დაჯდებიო... მერე ჩემი გაოგნება უარად ჩათვალეს და მითხრეს, აი, არის ქალის გვერდით ერთი ადგილიო. იქ კარგი ავტობუსი იყო, მძღოლებს მფრინავებივით თეთრი ქათქათა უნიფორმა ეცვათ, აქ კი მტვრიანი იყო ყველაფერი, ავტობუსიც და მძღოლიც. თუმცა, ამ ჩემს მეზობელ ასაკოვან მამაკაცს უქათქათესი, გაკრახმალებული პერანგი და შარვალი ეცვა და სხვებთან შედარებით თავი ძალიან ღირსეულად ეჭირა. როგორ მოაღწია აქამდე ასე სუფთამ გამიკვირდა და უცებ, ჩემეული ფორმულა გამოვიყვანე, ალბათ აქ სიმდიდრე ტანსაცმლის სისუფთავით გამოიხატება, ყველას ყველაფერი თეთრი მიტკლის კი აცვია, მაგრამ ალბათ, რაც უფრო ქათქათა და გაუთოებულია ეს შენი მიტკალი, მით უფრო პრივილეგირებული ადამიანი ხარ. მართალი ვიყავი თუ არა ამ მსჯელობაში, ავტობუსი დაიძრა. სხვა რეგიონებში მგზავრობისას ინდოელების ყურადღებით განებივრებულს ეს კუშტი დამოკიდებულება ძალიან მეუცნაურა. პროვინციებში მცხოვრები ინდოელები, მთელ თავის ინგლისურის მარაგს კანტი–კუნტად გამოჩენილ „თეთრ“ ადამიანთან ურთიერთობაში ხარჯავენ, სულ იღიმიან, ყველაფერს გიხსნიან და შავი თვალების ბრწყინვალებით გაგებინებენ, რომ ბედნიერი არიან შენთან ურთიერთობით. ესენი, არც ქალი, არც კაცი, ზედ არ მიყურებდა. ამ მხარეში ტურისტები იშვიათად ხვდებიან, მხოლოდ გამოქვაბულებში თუ მიდის ვინმე და ისინიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს იშვიათად იყენებენ. ორასამდე კილომეტრი მორყეული ავტობუსით უნდა გვევლო და ერთხელ მაინც ვცადე და ვიკითხე,

 

– ეს ნარგავები ბამბის პლანტაციებია არა?

 

– Yes, Aurangabad

 

გაბრაზებულმა მიპასუხა მეზობელმა, ზედაც არ შემოუხედავს. ეჰ, ჩემი ინდუსები ყოფილიყვნენ! ოთხი რიგის წინიდან მოიღერებდა რომელიმე ახალგაზრდა გოგო ყელს და ბამბის მოკრეფის, დალაგების და რა ვიცი, კიდე რასაც უშვრებიან ბამბას, ყველა ტექნოლოგიას ჩამომირაკრაკებდა ღიმილით. ამ ოთხი რიგის კი არა, მთელი ავტობუსის მგზავრები ჩაერთვებოდნენ, რამე არასწორად არ უთხრაო და ისეთი თეთრი კბილების და შავი თვალების წკრიალით ჩავიდოდი აჯანტაში, ვერც ვიგრძნობდი ამ საშინელ ავტობუსს. ახლა კი, რა უნდა მექნა?! ეტყობა რაღაცა დავაშავე. მთელი გზა დაძაბულად გავატარე, ავტობუსშიც რაღაცნაირი სიჩუმე იყო, ერთმანეთსაც არ ელაპარაკებოდნენ, გაბრაზებულები, ჩუმად ისხდნენ. საერთოდ, რა მინდოდა ამ ავტობუსში... ფანჯრიდან ყურებით გავერთე, დროდადრო ტელეფონში GPS-ს ჩავხედავდი, რომ რამდენი დარჩა მისვლამდე მცოდნოდა. როცა მივუახლოვდით, უკვე სულ რუკას ჩავყურებდი და ფანჯარაშიც დავინახე Ajanta თეთრი აბრა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოვედი, ავტობუსმაც მოუხვია, როგორც რუკაზე ეხატა და გაჩერება დაიწყო. ტელეფონი შევინახე, ზურგჩანთას ხელი წამოვავლე და ადგომა დავიწყე... უცებ ასე სამი–ოთხმა ადამიანმა რაღაც შემომყვირა... ადგილზე გავშეშდი. მარტო თვალები გავამოძრავე, ასე შვიდი–რვა ადამიანი შეშფოთებული მიყურებდა.

 

– გამოქვაბულები იქეთაა – ხელს იქნევდნენ მომავლისკენ და მივხვდი, რომ სოფელი კი აქაა, მაგრამ გამოქვაბულები ალბათ მოშორებით იყო. დავჯდე? ხელითაც ვანიშნე, შვიდი–რვა თავი ერთად დაიქნიეს. ყველა ერთად არ მომატყუებდა... ჩემი რუკაც კიდევ უფრო გავადიდე ტელეფონში და ასე 200–300 მეტრში გამოქვაბულების აღნიშვნა გამოჩნდა. ერთბაშად გავლღვი. გამეხარდა. თურმე არაფერი მიჭირდა და რატომ უნდა დამკონტაქტებოდნენ? ვიჯექი ავტობუსში, ავტობუსი მიდიოდა... რა იყო სალაპარაკო? თუ სხვა გაჩერებაზე ჩავდივარ, კი ბატონო, აქ არიან, ესენიც ჩემზე ზრუნავენ და ყველაფერს ამიხსნიან! განა რა მომივიდოდა 300 მეტრი ფეხით გამევლო დილის 11 საათზე, მაგრამ ეს ავტობუსიც იქეთ მიდიოდა და რატო უნდა მეწვალა?

 

–Ajanta caves! თავი გამოყო და ეს ერთადერთი გაჩერება გამოგვძახა არც ისე სუფთა ავტობუსის მძღოლმა, რომელსაც არ შემოუხედავს, მაგრამ ახსოვდა, რომ 3 საათის წინ მის ავტობუსში ერთი „თეთრი“ ადამიანი ამოვიდა და აბა სხვაგან სად წავიდოდა, თუ არა აქ.

 

მადლობა საერთო ვთქვი, მაგრამ ყურებამდე ღიმილი სათითაოდ ყველა კეფას ჩამოვურიგე, ვინც წეღან ჩემს გამო შეშფოთდა... უცნაური სიმსუბუქის და შვების განცდით ჩამოვედი, უკვე ყველაფერი მიხაროდა. ეს სიმშვიდე მერე მთელი დღე დამყვებოდა და ახლაც, როცა ტელევიზორში სირიელ თუ ერაყელ გაბრაზებულ მუსლიმებს აჩვენებენ და აქეთა მხრიდანაც მათზე აღშფოთებები ისმის, მე ჩუმად ვზივარ, ახსნა არ შემიძლია, მაგრამ მახსოვს, მე ერთხელ უკვე შევცდი მათ შეფასებაში.

 

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია