პრეზიდენტის და ჩვენი სიტყვის ფასი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-03-2016, 20:46 | მსოფლიო | ნანახია - 1649

პრეზიდენტის და ჩვენი სიტყვის ფასი 

 

ნიკა რურუა

 

ბავშვმაც კი იცის, რომ სიტყვას ფასი გააჩნია - როდესაც რამეს ამბობს ადამიანი, მსმენელის მხრიდან პრეზუმფცია იმგვარია, რომ სიტყვის მთქმელი გულისხმობს ნათქვამში გამოხატულ იდეას, ქმედებას, განზრახვას.

 

სხვაგვარად სალაპარაკო კომუნიკაციას აზრი დაეკარგებოდა და ჩვენ ვერ მივხვდებოდით, ვინ რას და რატომ ამბობს, რადგან მათ ნათქვამს არანაირი რაციონალური საფუძველი არ ექნებოდა იმისათვის, რომ იქ მოცემული ინფორმაცია ყურადღების ღირსად ჩაგვეთვალა.

 

წამოვიდგინოთ ცოტა ხნით ასეთი ანომალიური გარემო:

 

ადამიანები ერთმანეთს ესაუბრებიან, ედავებიან, ელაპარაკებიან, მიმართავენ - ოღონდაც, ყოველმა მათგანმა იცის, რომ მოსმენილ სიტყვებს არანაირი ქმედება არ მოჰყვება, მათ არანაირი აზრი არ გააჩნიათ; რომ ეს სიტყვები უბრალო ბგერითი ერთიანობებია, რომელთაგანაც ზოგის სონიკური (sonic) ღირსება უკეთესია (ანუ, უკეთ ჟღერს), ზოგის უარესი.

 

ცხადია, რომ ასეთ გარემოში ცხოვრება ბაბილონის გოდოლის მშენებელთა ბედის გაზიარების ტოლფასი იქნებოდა. იქ ადამიანთა სწორხაზოვან, პრიმიტიულ გადაწყვეტილებაზე განრისხებულმა ღმერთმა ასე დასაჯა ბაბილონის გოდოლის მშენებლები - მათ სხვადასხვა ენაზე დააწყებინა საუბარი და წამში დააკარგინა ურთიერთობის უნარი, რომ აღარაფერი ვთქვად თავიანთი სულელური პროექტის დასრულების რაიმენაირ შესაძლებლობაზე.

 

მოკლედ, რთული არაა იმაზე შევთანხმდეთ, რომ როდესაც ადამიანები საკუთარ სიტყვებში აზრს არ დებენ, საკუთარ დაპირებებს არ გულისხმობენ, საკუთარ მოწოდებებს თვითონვე არ სცემენ პატივს - ამ სიტყვების ფასი ჩალის ფასის ტოლია.

 

და თუ ეს ასეა ჩვეულებრივ ადამიანებს შორის, ადვილი წარმოსადგენია რა მოხდებოდა, როდესაც საკუთარ სიტყვას არაფრად ჩააგდებდა, ვთქვად, რომელიმე დიდი კორპორაციის ან ბიზნეს გაერთიანების ხელმძღვანელობა, ან სამგზავრო თვითმფრინავის დისპეტჩერი, ან ქირურგი, ან გენერალი, ვინც ჯარისკაცებს ცეცხლის ხაზზე აგზავნის, და ნებისმიერი ელემენტარული პასუხიმგებლობით აღჭურვილი პროფესიის წარმომადგენელი.

 

რეზულტატი ყველგან თითქმის იგივე იქნებოდა - ქაოსი, უნდობლობა და აქედან გამომდინარე ყველა სახის დესტრუქცია, კატასტროფები, სიკვდილიანობა, ტრაგედიები, სიღატაკე და ათასგვარი ჯოჯოხეთური ამბავი.

 

ზემოთმოყვანილი ჰიპოტეტური სიტუაციები მკითხველს შეიძლება წარმოუდგენლად მიაჩნდეს და მან თავი იმით დაიმშვიდოს, რომ ეს რეალობაში არასდროს მოხდება, რადგანაც ამას წარმოუდგენლად დიდი ზარალის მოტანა შეუძლია.

 

სამწუხაროდ, ამით თავს ვერ დავიმშვიდებთ - რეალურ სამყაროშიც ასე ხდება ხოლმე და თან ყველაზე მოულოდნელი აქტორების მხრიდან, ვის სიტყვასაც, წესით და რიგით, ყველაზე დიდი წონა უნდა გააჩნდეს.

 

მეხუთე წელია, რაც მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია სირიის დიქტატორის მიერ გაჩაღებულ სასაკლაოსკენ, სადაც ბაშარ ალ ასადი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არნახულ სისასტიკეს იჩენს.

 

თავისუფალი სამყარო სამართლიანად აღაშფოთა მძიმე არტილერიის, საავიაციო დაბომბვების, ყველანაირი ტანჯვა-წამების გამოყენებამ სირიის მოსახლეობის მიმართ და მან მშვიდად მოსაუბრე, თუმცა აშკარად შეშლილი დიქტატორის შეჩერება გადაწყვიტა.

 

იმ იზოლაციონისტური სენტიმენტებით შეპყრობილმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც მას ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მხრიდან ერაყში შეჭრის გადაწყვეტილების მერე გაუჩნდა, როგორც ვიცით, პრეზიდენტად ის კანდიდატი აირჩია, ვინც საკუთარ პლატფორმად აშშ-ს ყველა სამხედრო დაპირისპირებიდან გამოყვანა დაანონსა. მისი სახელიც ასევე ყველამ კარგად ვიცით - ბარაკ ობამა. მაგრამ, ობამამაც კი ვერ აუარა გვერდი ბაშარ ასადის ხსენებულ ბარბაროსობას, და საქვეყნოდ განაცხადა, რომ “თუ ბაშარ ალ ასადი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ეს იქნება ‘წითელი ხაზი’, რომლის გადაკვეთასაც ამერიკა არავის აპატიებს”.

 

როგორც ცნობილია, ბაშარ ალ ასადმა გადაკვეთა ეს “წითელი ხაზი” - ანუ, ქიმიური იარაღი გამოიყენა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, რასაც ათობით ათასი ადამიანი შეეწირა მთელი მსოფლიოს თვალწინ.

 

და რა მოხდა “წითელი ხაზის” გადაკვეთის შემდეგ? როგორ მოიქცა თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა?

 

არანაირად.

 

გაირკვა, რომ “წითელი ხაზები” მხოლოდ მეტაფორული გამონათქვამი ყოფილა და მეტი არაფერი.

 

გაირკვა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი საკუთარ სიტყვებს არ ანიჭებს იმ მნიშვნელობას, როგორცსაც იმავე სიტყვებს მთელი კაცობრიობა და საღი აზრი ანიჭებდა, მისგან განსხვავებით.

 

სულ რამდენიმე თვეში ამის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ახლა ასევე მოიქცა უკრაინის კრიზისთან მიმართებაშიც - ოღონდ არხლა ფუჭი მუქარიდან ის ღია კაპიტულაციაზე გადავიდა; ანუ ერთი უკიდურესობიდან - მეორეში.

 

ყირიმის ოკუპაციის, XXI საუკუნისთვის ამ გაუგონარი აგრესიის შემდგომ, პუტინმა აღმოსავლეთ უკრანის მიტაცებაც განიზრახა, რასაც უკრაინის სახელმწიფომ სამხედრო წინააღმდეგობით უპასუხა. ცხადია, სულ მალე ნათელი გახდა, რომ უკრაინელებს დასავლეთისგან დახმარება ესაჭიროებოდათ; ყველა სახის დახმარება: საინფორმაციო, პოლიტიკური, სამხედრო. სხვაგვარად, უკრაინის დამოუკიდებლობას საფრთხე უმუქრებოდა, რასაც, სინამდვილეში, მიზნად ისახავდა საბჭოეთის იმპერიის აღდგენაზე მეოცნებე პუტინის რუსეთი.

 

ამერიკის პრეზიდენტმა აქაც არ დააყოვნა და განაცხადა, რომ ის საქვეყნოდ გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის მიმართ, მაგრამ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები “არ აღმოუჩენს უკრაინას სამხედრო დახმარებას ცოცხალი ძალით თუ სამხედრო ტექნიკით.”

 

ზედმეტი თქმა, რომ ამით პრეზიდენტმა ობამამ, თუნდაც მას რეალისტურად არ ჰქონოდა არანაირი საშუალება უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისა (რაც ასე სულაც არ იყო - თუნდაც ანტისატანკო შეიარაღების მიწოდების თვალსაზრისით), პუტინის აგრესიულ ინსტინქტებს ყველაზე ძლიერი შემაკავებელი და ანტი-მოტივატორი მოუხსნა - ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი სამხედრო პოტენციალის შიში.

 

აქ პრეზიდენტის სიტყვა, როგორც ავღნიშნე, ერთიდან მეორე უკიდურესობაში გადაეშვა: უაზრობიდან - წამოცდენამდე, რაც მოწინააღმდეგის დამშვიდების, და შესაბამისად გაძლიერების, გამხნევების, წაქეზების ტოლფასია.

 

მაგრამ სულ ეს არაა.

 

ამასწინად, პრეზიდენტმა კიდევ ერთი თვით-ჭრილობა მიიყენა: განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე ყოველთვის შეძლებს სამხედრო დომინირებას და რომ რუსეთისთვის უკრაინა ყოველთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ეს შეერთებული შტატების შემთხვევაშია.

 

აქაც თითქმის ფროიდისტულ წამოცდენებთან გვაქვს საქმე, ვინაიდან თავისუფალი სამყაროდ დღევანდელმა ლიდერმა, ვინც იცის, რომ საკუთარ თანამდებობაზე მხოლოდ ერთი წელიღა დარჩენია და რომ ახალი პრეზიდენტი შესაძლოა სულაც არ იზიარებდეს მის ასეთ მოსაზრებებს, მაინც აკეთებს ამგვარ განცხადებებს, რომელიც ისევ მოწინააღმდეგეს თუ გაამხნევებს და მომხრეს კი დემორალიზებას გაუწევს; პრეზიდენტის სიტყვა აქაც საკუთარ შიშებს უფრო ელაპარაკება, ვიდრე რეალობას, რომელიც სულ მალე აუცილებლად შეიცვლება რომელიმე მიმართულებით. თუმცა, ჯერ კიდევ ამ თანამდებობაზე მყოფ პრეზიდენტ ობამას წარმოუდგენელია არ ესმოდეს, რომ ბალტიის სახელმწიფოების NATO-ში გაწევრიანების შემდეგ ისინი, სწორედაც რომ განთავისუფლდნენ იქამდე მარად არსებული რუსული სამხედრო დომინირებისგან და რომ უკრაინის შემთხვევაშიც ეს ასე იქნება, როგორც კი ეს უკანასკნელი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება.

 

მაგრამ, აქ ერთი პრეზიდენტის გაუფრთხილებელ წამოცდენებში არაა საქმე. მით უმეტეს, როდესაც ის მალე ტოვებს ოფისს. აქ პრობლემური თვით დასავლური პოლიტიკის, როგორც სანდო და რაციონალური იდეალიზმით მართული ცივილიზაციისთვის პრობლემის შექმნაშია.

 

დღეს უკვე აშკარად გამოიკვეთა ის ცივილიზაციური შეჯახება, რომელიც თავისუფალ სამყაროსა და მის დაუძინებელ მტრებს - ავტოკრატიებსა და თეოკრატიებს შორის მიმდინარეობს. ამ ცივილიზაციურ ომში, ძალიან ზოგადად, ერთ მხარესაა შეერთებული შტატები, კანადა, ევროპის კავშირი, იაპონია, თურქეთი, უკრაინა, საქართველო, მოლდოვა; მეორე მხარეს კი რუსეთი, ჩრდილოეთ კორეა, ალ-ქაიდა, ISIS-ი და სხვები.

 

ამდენად, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მკაფიო კომუნიკაცია, განსაკუთრებით დასავლური სამყაროს ლიდერთა მხრიდან, ვინც ისედაც შებოჭილია მრავალი სამართლებრივ-კულტურული ნორმით, მაშინ როცა მეორე მხარე საერთოდ არაა შებოჭილი არანაირი თვითშეზღუდვით და ფაქტობრივ ტოტალურ ჰიბრიდულ ომს აწარმობს თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ.

 

სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით შეერთებული შტატების პრეზიდენტის მხრიდან. რონალდ რეიგანის პრეზიდენტად არჩევის პირველ დღესვე ირანმა ამერიკის საელჩოს მძევლად აყვანილი თანამშრომლები გაათავისუფლა, რადგან უწყოდა, რომ კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი სიტყვებს ჰაერზე უბრალოდ არ ისროდა და არასდროს აკადრებდა არც საკუთარ თავს არც მსმენელს ისეთი ოქსიმორონის ჯერ შეთხზვას და შემდეგ კი პოლიტიკად ქცევას, როგორიცაა “უკნიდან ლიდერობა” (Leading From Behind), რაც დამერწმუნებით, არც თუ ძალიან პერვერსიული წარმოსახვის პატრონშიც სრულიად სხვა, პოლიტიკასთან არანაირ კავშირში მყოფ, ასოციაციებს იწვევს.

 

ამიტომ, უნდა გვახსოვდეს ჩვენც რომ “ჯერ იყო სიტყვა”, და რომ ჩვენს ნებისმიერ სიტყვას, საქმე უნდა მოვაყოლოთ, თუ გვსურს რომ პატივისცემა შევინარჩუნოთ - საკუთარი თავისა თუ სხვათა მხრიდან.

 

განსაკუთრებით საშიშია, როდესაც მტერი კარგავს შენს საბაზისო პატივისცემასაც კი. დღეს “ქართული ოცნება” სწორედ ამგვარი სავალალო “უსიტყვო” პოლიტიკის დამკვიდრებითაა დაკავებული, რომლიც მაგალითიც უამრავია.

 

მაგრამ ამაზე - მოგვიანებით.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია