ეკონომიკური ტერორი გრძელდება - ხელისუფლება დივერსანტებით დაკომპლექტდა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
21-03-2016, 21:50 | ეკონომიკა | ნანახია - 1441

 

დავით ნებიერიძე

 

როდესაც ეკონომიკური პროცესები ლოგიკას აღარ ექვემდებარება, როდესაც კითხვები პასუხგაუცემელი რჩება, როდესაც სისტემა სადაც ეს პროცესები ვითარდება სულ უფრო დახურული და აბსოლუტურად გაუმჭვირვალე ხდება. ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფაქტზე მეტყველებს, მთავრობამ დაკარგა ძალაუფლობა და ის ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას.

 

რიგითი მკითხველისთვის მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ლარის კურსს აყალიბებს სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტასა და ეროვნულ ვალუტას შორის არსებული მოთხოვნა მიწოდების ბალანსი. ამ ბალანსს კი, ძირითადად განსაზღვრავს საგარეო ვაჭრობაში არსებული ექსპორტ-იმპორტის ბალანსი. ანუ, ის თუ რა რაოდენობის უცხოური ვალუტა შემოდის ქვეყანაში ექსპორტის ხარჯზე და რა რაოდენობის უცხოური ვალუტა გაედინება ქვეყნის ეკონომიკური სივრციდან იმპორტის უზრუნველყოფისთვის. სამწუხაროდ, შარშანდელი მაჩვენებლებით საგარეო ვაჭრობის უარყოფითი ბალანსი ხუთ მილიარდ დოლარზე მეტი იყო. ეს კი ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ კომპონენტში ქვეყნის ეკონომიკური სივრციდან 2015 წელს ხუთ მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტი გავიდა.

 

2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 852 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1,413 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა. რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2%- ით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 281 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (13 %-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1,132 მლრდ. აშშ დოლარს (1%-ით მეტი). ამ სტატისტიკაში ყველაზე ტრაგიკული პირველ რიგში ის არის, რომ საგარეო ვაჭრობა შემცირდა 2%-ით. ეს მაშინ, როდესაც 2016 წლის ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 3%-ს არ აღემატება. ეს მაშინ, როდესაც მიმდინარე წელსაც ინფლაციის საშუალო შეწონილი მაჩვენებელი 5%-ზე ნაკლები ნამდვილად არ იქნება. ხოლო, მშპ-ს მოცულობის განმსაზღვრელ სხვა ეკონომიკურ სეგმენტებში კიდევ უფრო რთული ვითარებაა, ვიდრე საგარეო ვაჭრობაში. მხოლოდ ტურიზმის სეგმენტი გამოიყურება იმედის მომცემად. იმიტომ, რომ თურქული და არაბული ტურისტული ბაზარი ფაქტიურად ტერორიზმის საფრთხე გახდა. მაგრამ, ეს ამინდს ვერ შექმნის. თავად საგარეო ვაჭრობის პერსპექტივები კიდევ უფრო მძიმდება იმ გარემოებით, რომ იანვარ-თებერვლის მაჩვენებლებით იმპორტი, ანუ უცხოური ვალუტის გადინების მთავარი წყარო გაზრდილია 1%-ით. ხოლო, ექსპორტი, ანუ უცხოური ვალუტის ქვეყანაში შემოდინების მთავარი წყარო შემცირებულია 13%-ით. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ მაჩვენებლების ასეთი დინამიკა ცალსახად კატასტროფის მომასწავებელია. რადგან, საგარეო ვაჭრობით მიღებული უარყოფითი სალდო კიდევ უფრო გაიზარდა და სამწუხაროა, რომ ეს მაჩვენებელი ზრდის ტრენდს ინარჩუნებს. რაც იმას ნიშნავს, რომ დაწოლა ლარზე კიდევ უფრო გაიზარდა.

 

აქვე მინდა ვთქვა, რომ ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის და მისი შემდგომი გაუფასურების შეჩერების ამოცანის გადასაჭრელად, ხელისუფლებას მხოლოდ ერთი და ყველაზე ცუდი ინსტრუმენტი რჩება - ქართულ ეკონომიკურ სივრცეში აქტიურად შეამციროს ლარის მასა. ეკონომისტებისთვის ცხადზე ცხადია თუ რა უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება ეს გზა. მაგრამ, სხვა ალტერნატივა მთავრობას და ეროვნულ ბანკს არ გააჩნია. არ გააჩნია იმიტომ, რომ მათ არ სურთ სახელმწიფო ბიუჯეტის რადიკალური კორექტირება. არ სურს ქვეყნის ეკონომიკის სანაციის რეჟიმში გადაყვანა. არ სურს ბიუჯეტისთვის გაუმართლებელი და არაეფექტური სოციალური ტვირთის შემცირება. არ სურს სახელმწიფო მოხელეთა „ჭამის მადის“ ალაგმვა. ამიტომ, ისევ მივუბრუნდეთ ლარის მასას. თუ ჩავხედავთ ეროვნული ბანკის ოფიციალურ სტატისტიკას ვნახავთ, რომ 2016 წლის დასაწყისში მონეტარული აგრეგატი M2 შეადგენს 5,403,938 ათას ლარს. ეს მაშინ, როდესაც 2015 წლის შედეგებით ქვეყნის მშპ 31691.6 მილიონ ლარს შეადგედა. ხოლო, მიმოქცევაში მყოფი ლარის მოცულობა შეადგენს სულ რაღაც 2,273,510 ათას ლარს. ანუ, მონეტიზაციის კოეფიციენტი (M2) სულ რაღაც 17,68-მდეა. ეს კი ნიშნავს, რომ უკვე ახლა, ეკონომიკა პრაქტიკულად დაცლილია ფინანსური რესურსებისგან. ეკონომიკაში ლარის მასა უაღრესად მცირეა. რაც ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. უფრო ნათელი, რომ იყოს ამ ვითარების სიმწვავე და კატასტროფულობა მაგალითისთვის გეტყვით, რომ წარმატებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ეროვნული ვალუტის მონეტიზაციის დონე, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 75%-ზე მეტია. მოკლედ და გასაგებად, რომ ვთქვათ სავალუტო კრიზისის საფრთხის გამო, ქართული ოცნების ხელისუფლება ეკონომიკას განვითარების ყველანაირ პერსპექტივებს მოუკლავს. რამეთუ, ხელისუფლებას ლარის მასის კიდევ უფრო მეტად შემცირების გარდა სხვა ეკონომიკური ინსტრუმენტი და პოლიტიკური ნება არ გააჩნია.

 

ისევ საგარეო ვაჭრობას დავუბრუნდეთ. რამეთუ, ზუსტად ის არის ლარის კურსისთვის ბრძოლის მთავარი ფრონტი. თუ საგარეო ვაჭრობის სტრუქტურას ჩავხედავთ, 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ექსპორტი როგორც ევროკავშირში, ასევე დსთ-ს სივრცეში შემცირდა. საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის 2 თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 532 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 38 %-ით მეტია. მაგრამ, ექსპორტის მოცულობა 28%-ით, 77 მლნ. აშშ დოლარამდე შემცირდა. ზუსტად აი ამ ექსპორტის მაჩვენებლის კატასტროფული ვარდნის მაჩვენებლის გამო თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ხელისუფლების პოლიტიკამ ქართული პროდუქციისთვის ევროპული ბაზრების გახსნასთან მიმართებაში სრული კრახი განიცადა. ივანიშვილის ტურებმა აკვანშივე მოკლეს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით მიღებული ქვეყნის ევროინტეგრაციის პოლიტიკა. რაც არ უნდა თქვან; როგორი ვირტუალური რეალობაც არ უნდა შეგვიქმნან; რაოდენ ლამაზადაც არ უნდა შეგვიფუთონ ქართული ოცნების, როგორც საქართველოს ხელისუფლების პროევროპულობა სტატისტიკური მაჩვენებლები უტყუარად საპირისპიროზე მეტყველებენ. რეალობა კი ასეთია: ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში უზარმაზარი, ცივილური, სტაბილური და მომხიბვლელი ევროპული ბაზარი ქართული პროდუქციისთვის მიზანმიმართულად და განუხრელად იხურება. ამ მაჩვენებელში 28%-იანი ვარდნა უაპელაციოდ კატასტროფული მაჩვენებელია. ეს ნამდვილი კრახია ბატონებო.

 

რაც შეეხება დსთ-ს სივრცეს - ამ ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-თებერვალში 353 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წელთან შედარებით 18%-ით ნაკლები). აქედან ექსპორტი 74 მლნ/ აშშ დოლარი (33%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 279 მლნ აშშ დოლარი იყო (12 %-ით ნაკლები). უკომენტაროდ ბატონებო. უკომენტაროდ...

 

მათემატიკა, ზუსტი მეცნიერებაა და ქართული ოცნების ეკონომიკური „ვაი ექსპერტებიც“ კი ვერ შემოსძახებენ - „უი გატყუებენო“. ვერ შეგვედავებიან ამ მონაცემების სისწორეში. რამეთუ, ეს მონაცემები არც ჩემი შედგენილია და არც ნაციონალური მოძრაობის ეკონომისტთა გუნდის. ეს საქსტატის ოფიციალური მონაცემებია. ამიტომ, ქართული ოცნების სულიერ მამას მინდა ვუთხრა: ლარი ჯანმრთელად ვეღარ იქცევა ბატონო ბიძინა. ის რაც დღეს ხდება, ლარის კურსთან მიმართებაში აშკარად ლარის უმძიმეს ავადმყოფობაზე მეტყველებს. ლარის კურსის ამჟამინდელი გამყარება ფრიად სამწუხარო პროცესს მაგონებს - აგონიაში მყოფი ავადმყოვი სულის ამოშვების წინ მოულოდნელად გონს, რომ მოვა და თავის ჭირისუფალს თბილი და ალერსიანი სიტყვებით ანუგეშებს. შემდეგ კი ალერსიანი თვალებით, რომ გადახედავს გარშემო მყოფთ და სულს განუტევებს. ეს რა დღეში ჩაგვყარეთ თქვე ყიზილბაშებო, რომ ეროვნული ვალუტის კურსის გამყარებისა უფრო გვეშინია, ვიდრე მისი გაუფასურების?! იმიტომ, რომ აუხსნელ და ანომალიურ პროცესებთან გვაქვს საქმე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია