ვისი გორისანი ვართ....

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
24-03-2016, 14:35 | კომენტარები | ნანახია - 4336

 ვისი გორისანი ვართ....

 

“ask not what your country can do for you – ask what you can do for your country... „

 

John Fitzgerald «Jack» Kennedy

 

გაგა გობრონიძე

 

ერთი პარადოქსული თუ საკმაოდ უცნაური ფენომენით დავიწყებ. 1992-1993 წლების ე.წ. აფხაზეთის ომი იყო და ქართველთა დიდი ნაწილი ვიძახდით - „ეს შევარდნაძის ომია და მე მანდ არაფერი მესაქმებაო“. დადგა 08.08.08 და ისევ ავიტაცეთ ქართველების დიდმა ნაწილმა „ეს ხო მიშას ომია და ეგ ჩვენი საქმე არ არის“ ტიპის ლოზუნგები, თან იქამდეც მივედით რომ „მიშას გამო“ საჯაროთ ვაცხადეთ - „ჩვენ დავესხით უმანკო ოსებს თავს, მძინარე ცხინვალი დავბომბეთო“. ღმერთმა დაგვიფაროს და ამჟამინდელი მთავრობის დროს რაიმე სამხედრო კონფლიქტი რომ დაიწყოს, დიდი ეჭვი მაქვს ისევ ქართველების დიდი ნაწილი დავიწყებთ მოთქმას - „ეს ხო ბიძინას ომია, მანდ ჩვენ რა გვინდა“-ს ტიპის გამონათქვამებს.

 

ჰეროიკულ ფსევდო ლირიკას თავი რომ დავანებოთ, ამ ყველაფრის შემდეგ ძალაუნებურად დაგვებადება კითხვა - საქართველოს მოქალაქენო! „ომი“ როგორც ასეთი კონკრეტულად ჩვენად როდის ან რა კრიტერიიუმად ითვლება? ან რა ასეთი ფენომენია ეს „ქართული პატრიოტიზმი“?

 

დავიწყოთ შორიდან...

 

„პატრიოტიზმი“... რამდენის მომცველი სიტყვაა, რომლის „ცივ“ და სხარტ განმარტებას ნებისმიერ ლექსიკონში ვიპოვით და რომელიც მიახლებით ასეთი შინაარსის იქნება:

 

პატრიოტიზმი (ბერძნულიდან PATRIS -სამშობლო) არის მორალური და პოლიტიკური პრინციპი, სოციალური შეგრძნება, რომელიც შედგება სხვადასხვა კომპონენტებისგან. ესენია - სამშობლოს სიყვარული, სიამაყის განცდა მისი წარსულით და რაც მთავარია აწყმოთი და რაც მთავარია მუდმივი მზადყოფნა საკუთარი ინტერესები დაუქვემდებარო შენი ქვეყნის მოთხოვნებს და მუდამ იცავდე სამშობლოს და თანამემულეების ინტერესებს ნებისმერ დროს, ნებისმიერ ასპეტქტში და... ნებისმიერი ხერხით.

 

აი რაღაც მიახლოებით ასეთი ოფიციალური განმარტება აქვს ხოლმე ყველასთვის კარგად ცნობილ და ხშირ შემთხვევაში უკვე ყბადაღებულ ფენომენს.

 

ამ წერილს კი ეპიგრაფად JFK-ის ერთი გამონათქვამი დაერთო, რომელიც თავის ცნობილ საინაგურაციო სიტყვის დროს წარმოთქვა 1961 წლის 20 იანვარს და რომლის თარგმანიც მიახლებით ასე ჟღერს - მუდამ ნუ ვწუხვართ თუ რას მიკეთებს მე ჩემი ქვეყანა, არამედ ხშირად ვკითხოთ საკუთარ თავს… მე რას ვაკეთებ ჩემი ქვეყნისთვის.

 

თითქოს უკვე ბანალურიც არის და ამ დროს მშვენიერიც. რაღაც მომენტში ჩვენში მართლაც თუ რატომ გახდა „ბანალური“ ასეთი დატვირთვის მატარებელი ფრაზა, მაგაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ.

 

მშვენიერი კი ალბათ იმიტომ არის, რომ ბევრისთვის აი ასეთი მიდგომა (რაც კენედის ნათქვამ ფრაზაში ჟღერს) არის არც მეტი და არც ნაკლები პატრიოტიზმის უდიდესი გამოვლინება. პრინციპში ალბათ ეს ხალხი არანაირად არ ცდება.

 

ტერმინი „პატრიოტიზმი“, რომელიც შინაარსობრივად თითქოსდა უმარტივესია და ამ დროს რამდენ წინააღმდეგობას შეიცავს. მას „არამზადების უკანასკნელი თავშესაფარიც“ კი უწოდა სემუელ ჯონსონმა. ყოველ შემთხვევაში მისი ბიოგრაფიის ავტორმა ჯეიმს ბოსუელომ მას ასეთი რამ მიაწერა. თითქოს და სემუელ ჯონსონს რომელიღაც ლიტერატურულ კლუბში 1775 წელს მსგავსი განეცხადებინოს. შეიძლება ასეც მოხდა. ამის გადამოწმება ალბათ შეუძლებელიცაა და ალბათ არც არის საჭირო. აქ მთავარი ისაა, რომ „ჯონსონისეული“ განმარტება („არამზადები, თავშესაფარი“) ბევრმა მართლაც მყუდრო „თავშესაფარად“ აღითქვა, გაითავისა და ცხოვრების შეგნებულ ან შეუგნებელ კრედოდ აქცია. თუმცა არც ამ ფენომენზე შევჩედებით (მითუმეტეს რომ ... ჯონსონის ეს ფრაზაც კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი). ამ წერილს ოდნავ სხვა მიზნები აქვს. არავის არ განვსჯით, არც არავის არ განვიკითხავთ.

 

თქვენს წინაშე არსებული ინტერნეტ გამოცემაში გამოქვეყნებული წერილების ძირითადი მასა პოლიტიკურ ან ეკონომიკურ საკმაოდ კვალიფიცირებულ ანალიზს მოიცავს. თუმცა თავად საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიის“, ასე ვთქვათ სპეციფიკიდან გამომდინარე ინტერნეტ-გაზეთში გამოქვეყნებული მასალები არც „შემეცნებითობას“ ერიდება ხოლმე. აი ამ წერილსაც მიახლოებით ასეთი მისია ექნება. და ეს ყველაფერი თუ რამდენად წარმატებული და ეფექტური გამოვა, ამას მკითხველი (ე.წ. „კომენტებში“) შეაფასებს...

 

პირადად ჩემთვის წერილის წერის დროს შესავალიდან მთავარ თემებზე გადასვლა მუდამ პრობლემატიურია ხოლმე ამიტომაც ავდგეთ და უცერემონიოდ გადავინაცვალოთ „დროში და სივრცეში“ და ავღმოჩნდეთ XX საუკუნის დასაწყისის (კონკრეტულად 30-ნი წლები) ავსტრიაში და რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს ვისაუბროთ... ფეხბურთზე.

 

ბევრისთვის შეიძლება აღმოჩენაც გახდეს ის ფაქტი რომ, მაგ დროს ევროპაში ჰეგემონი თუ არა და ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები ავსტრიელებს ჰყავდათ. 5:0 და 6:0 გერმანიის ნაკრებთან. 6:0 შვეიცარიელებთან, 8:2 უნგრელებთან (ეს ის უნგრელები არიან რომლებიც 1938 წელს მსოფლიოს ვიცე ჩემპიონები გახდნენ) და ა.შ.

 

1932-ში კი უეფას ევროპის ჩემპიონატის მაშინდელი ანალოგის ფინალში იტალიელები დასდეს 4:2 და პირველი და უკანასკნელი ტიტულიც მოიპოვეს. შემდეგ კი მსოფლიო (1934 წელი - იტალია) ჩემპიონატის ნახევარფინალში ავსტრიელები ისევ იტალიას დაუპირისპირდნენ. მუსოლინის პერიოდის იტალიის ნაკრების შინ დამარცხება არაფრით არ შეიძლებოდა და მსაჯმაც ყველაფერი იკადრა. თამაში იტალიელებმა მოიგეს მატჩის მიწურულს ხელით გატანილი ბურთის წყალობით… (უფრო ზუსტი რომ ვიყოთ ავსტრიელების მეკარე იტალიელმა თავდასხმელებმა პირდაპირ ბურთიანად შეაგდეს კარში) შვედი მსაჯის ივან ეკლინდის სასტვენი კი დუმდა.

 

„გამარჯვებულ“ იტალილელებს პირადად მუსოლინიმ მიულოცა. ავსტრიელებიც იქვე იდგენ, დაღლილები, დამტვრეულები (იტალიელები სასტიკად უხეშობდნენ), მაგრამ სახეზე ყველას ამაყი ღიმილის დასთამაშებდათ.

 

აი ასეთი ნაკრები ჰყავდათ ავსტრიელებს რომელსაც „ვუნდერტიმად“ (Wunderteam - გუნდი სასწაული) მონათლეს გულშემატკივრებმა და სპეციალისტებმაც.

 

ყველა დიდ გუნდს ყავს თავისი ლიდერი, ქარიზმა, გმირი...

 

ასეთი გახლდათ 30-ნი წლების ევროპული ფეხბურთის ლეგენდა მატიას შინდელარი, რომელსაც აღნაგობის და თამაშის არისტოკრატიული სტილის გამო „ქაღალდის (მუყაოს) მოცარტი“ შეარქვეს. ადამიანი რომლის ქუჩაში უმანკოდ გამოჩენაც მთელ ვენაში დიდ ალიაქოთს იწვევდა. ადამიანი რომელიც უყვარდა მთელ ავსტრიას და ადამიანი რომელსაც უყვარდა ძალიან ფეხბურთი და კიდევ უფრო მეტად თავისი... ავსტრია.

 

მასთან ერთად „ვუნდერტიმმა“ ტრიუმფალურად გაიარა შემდგომი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. თუმცა ვერც ერთი ავსტრიელი ფეხბურთელი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ 1938 წლის მარტის შემდეგ ავსტრია, როგორც ქვეყანა აღარც იარსებებდა. „მარტის ანშლუსმა“ ავსტრიის, როგორც ქვეყნის ლიკვიდაცია მოახდინა და მესამე რეიხს შეუერთა. ევროპირას რუკიდან უცებ ერთ დღეში და ერთი ტყვიის გავარდნის გარეშე გაქრა ქვეყანა, რომელიც რამოდენიმე ასწლეული ევროპაში მიმდინარე პროცესების ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე იყო.

 

დღესდღეისობით ამ თემაზე არ არის მიღებული ლაპარაკი, მაგრამ არის ერთი ნუანსიც. პრინციპში კაი ხნით ადრე ჰიტლერამდე ავსტრიის რესპუბლიკის კონსტიტუციაში სპეციალური მუხლიც კი იყო, რომლის მიხედვითაც თავად ქვეყანა ავსტრიის ერთ-ერთ დანიშნულებად „ყველა გერმანულენოვანის“ ერთ ქვეყნად გაერთიანება მოიაზრებოდა. თუმცა ვერსალის კონგრესზე ავსტრიას მკაცრად მოsთხოვეს კონსიტუციიდან ამ მუხლის ამოღებაც და საერთოდ ამ თემებზე ფიქრიც კი. რომ არა თავის დროზე პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულების სიჯიუტე თუ შიშები ვენა და ბერლინი გაერთიანდნებოდნენ ყოველgვარი „ჰიტლერების“ გარეშეც და თითქმის შეუძლებელიც კი იქნებოდა უკვე ამ გაერთიანებული ქვეყნის წიაღიდან გამომძვრალიყო ფენომენი „NSDAP“ თავისი პარანოიკი ფიურერით. იქნებოდა საერთოდ სხვა რეალობა, სადაც ნაციონალ სოციალიზმს წესით არანარი საარსებო სივრცე არ ექნებოდა და პლანეტა აცდებოდა უამრავ რამეს...

 

მაგრამ ჯობია თავი დავანებოთ მარჩიელობას და „პეპლის ეფექტის“ თეორიებით გატაცებას და წერილის თემას დავუბრუნდეთ, მითუმეტეს რომ ამ ისტორიის ნაღვლიანი და ამავე დროს გმირული ფინალი ძალიან მალე უნდა დადგეს.

 

შინდელარს ანშლუსის შედეგები წესით არანაირად არ უნდა შეხებოდა. ის ლეგენდაა. ის გმირია, ის ძალიან დიდი ფეხბურთელია და მატიასი იღებს წინადადებას მესამე რეიხის მესვეურებისგან. ის და კიდევ ოთხი ავსტრიელი ფეხბურთელი ავტომატურად ირიცხებიან მესამე რეიხის ნაკრებში, რომელიც ასეთი ძალის შეძენის შემდეგ სერიოზულად იწყებს მზადებას 1938 წლის მსოფლიო ჩემიონატისთვის. „დაფნის გვრიგვინები“ და საკმაოდ დიდი ჰონორარები ავსტრიელებს უკვე გარანტირებული აქვთ. და უცებ... მატიას შინდელარი სახალხოდ აცხადებს - მე ავსტრიელი ვარ. ჩემი ქვეყანა აღარ არსებობს. მე სხვა ქვენის დროშის ფერებით არასოდეს გამოვალ. შინდელარმა სიტყვა შეასრულა და მიუხედავად უამრავი წინადადებებისა (ჰონორარი გაუსამკეცეს) და საკმაოდ არაორაზროვანი მუქარებისა მას ერთი წამითაც არ უთამაშია მესამე რეიხის ფორმით. იმ ქვეყნის ფერებში, რომელმაც მისი სამშობლო... ადგა და გააუქმა.

 

დადიოდა ხმები რომ მატიასს შეიძლება სერიოზული დისკომფორტი შექმნოდა, უცებ დაიწყო გავრცელება ჭორებმა მისი ებრაული ფესვების შესახებ. ესეთი „ხმები“ კი 1938 წელს მესამე რეიხში უკვე საკმაოდ საშიში მომენტი იყო...

 

საბოლოო სასიკვდილო განაჩენი მატიასს ალბათ იმავე წლის 3 აპრილს გამოუტანეს. მაგ დღეს შედგა პროპაგანდისტული მატჩი, მესამე რეიხის და ყოფილი ავსტრიის ნაკრებებს შორის. მთელი 90 წუთის განმავლობაში ავსტრიელები მონდორზე აკეთებდნენ ყველაფერს რასაც მოისურვებდნენ და მთელი თამაში დომინირებდნენ. რამდენჯერმე 100%-ნი გოლი არ გავიდა. ასე დასცინოდნენ ავსტრიელები გერმანელებს. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით „ვუნდერტიმმა“ გასახდელში მოილაპარაკა რომ „კატა-თაგვობანა“ ეთამაშათ გერმანელბთან, ოღონდ ბურთი არ გაეტანათ. მატჩი მიწურულს უახლოვდებოდა. ტრიბუნები სადაც ავსტრიელი გულშამტკივრები ისხდნენ გამუდმებით სკანდირებდა - „ავსტრია..ავსტრია“-ს...

 

აი აქ უმტყუნა ეტყობა ნერვებმა შინდელარს, შეასრულა თავისი ლეგენდარული დრიბლინგი და გერმანელებს ბურთი შეუგდო. შემდეგ ავსტრიელებმა მეორე ბურთიც გაიტანეს.

 

ავსტრიული ტრიბუნა სიხარულისგან გაგიჟდა და ალბათ მანდვე უკანასკნალად აიწია ავსტრიული ეროვნული დროშებიც. „ვუნდერტიმი“ კი წესისამებრ თავიანთი გულშემატკივრების ტრიბუნისკენ უნდა მისულიყო და მადლობა გადაეხადა. მაგრამ ამ დროს მოხდა საინტერესო რამ. შინდელარი დაიძრა ტრიბუნისკენ სადაც დაბოღმილი გერმანელები ისხდნენ. მას მთელი გუნდი მიყვა და დადუმებული სტადიონი უცნაური სანახაობის მოწმე გახდა - ავსტრიულმა „ვუნდერტიმმა“ გერმანელების ტრიბუნის წინ ვენური ვალსი შეასრულა.

 

თითქოსდა თერთმეტი ცოცხალი ავსტრიული დროშა („ვუნდერტიმი“ ტრადიციულ შავ-წითელ ფერებში იყო გამოწყობილი) ტრიალებდა გერმანელების ტრიბუნის წინ. ბევრმა ავსტრიელმა იტირა..

 

მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, 1939 წლის 23 იანვარს ანაგასეს ქუჩაზე მდგომ სახლში გაზით გაგუდული აღმოაჩინეს მატიას შინდელარი და მისი მეგობარი ქალი. ოფიციალური ვერსია - დეფექტი გამათბობელში. თუმცა ყველა დარწმუნებული იყო მატიასი მოკლეს. მოკლეს მხოლოდ იმის გამო რომ მან გერმანელ ემისრებს რამდენჯერმე პირში მიახალა უარი ფრაზით - „უკაცრავად, მე ავსტრიელი ვარ“ (აი აქ გინდა არ გინდა „კრემლში გამართული ტაშ-ფანდურები“ გაახსენდება ადამიანს).

 

შინდელართან ერთად წარსულს ჩაბარდა ძველი ავსტრია და მხიარული შუბერტი დეპრესიულმა კაფკამ ჩაანაცვლა. თუმცა მატიასის საფლავი დღემდე არის საკულტო ადგილი, სადაც სისტემატიურად მიდიან მადლიერი ავსტრიელები, ავსტრიული ეროვნული დროშებით და ყვავილებით ავსებენ საფლავს, იმ ადამიანისას რომელმაც თითქმის ერთმა დაიცვა მთელი ქვეყნის ეროვნული ღირსება (ეს ტერმინი ამ ბოლო დროს ჩვენში სამწუხაროდ სულ სხვა ასოციაციებს იწვევს), იმ ადამიანის რომელსაც ფანატიკურად უყვარდა ფეხბურთი, მაგრამ ფეხბურთზე მეტად თავისი სამშობლო ავსტრია.

 

ეს არის პატრიოტიზმი. ეს არის ნორმალური მოქალაქის რეაქცია და ეს არის აზროვნება „სახელმწიფობრივად“. ასეთ რაღაცეებზე იზრდებიან თაობები და ამგვარი ქმედებებით იკვებება ის ხე, რომელსაც თავისუფალი ქვეყანა ჰქვია. და როგორც ხშირად მსგავს შემთხვევებში ხდება, ადამიანი რომელსაც თავიდან ბოლომდე აქვს გათავისებული თუ რა არის მისთვის ის ქვეყანა ან სახელმწიფო, რომელშიც ის ცხოვრობს და რომელიც არა მარტო პირადობის მოწმობაში, არამედ მთელი სხეულით და შეგნებით ატარებს „სახელმწიფოს მოქალაქის“ სახელს, არც არასოდეს არ გადმოაგდებს ფანჯრიდან საჭმლის ნარჩენებს და არც არასოდეს დასვავს შეკითხვას -„კი მაგრამ მე რა გამიკეთა ამ ქვეყანამ“ და მშვიდად, ნებისმიერ ექტრემალურ პირობებშიც კი გააგრძელებს სულ მცირე თავისი უფლება-მოვალეობების შესრულებას. ეს არც ლოზუნგია და არც რაიმე ჰეროიკული მოწოდება. ეს უბრალოდ ნებისმიერი შემდგარი „ერის“ და ასევე შემდგარი სახელმწიფოს თანდაყოლილი ფენომენია. ალბათ ყველას გვახსოვს 2011 წლის 11 მარტის ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ იაპონელი მაშველების, სათანადო სამსახურების და ჩვეულებრივი მოქალაქეების (რომლებიც მიუხედავად უდიდესი ქაოსისა არ გადაქცეულან ბრბოდ) გმირობები. ჩვენში ცოტა არ იყოს უცნაურად დეკლარირებული კიდევ უფრო უცნაური ტერმინ „იაპონიას ღვთის სასჯელი დაატყდა“-ს მიუხედავად, არც ერთი „გარყვნილი“ იაპონელი არ შეყოყმანებულა და ჩაიდინეს ქმედებანი რომელბიდანაც უმრავლესობა მათთვის ფატალური შედეგებით დამთავრდა. იმ წამს არც ერთ მათგანს არ დაუსვავს შეკითხვა თავისი ქვეყნისთვის - „შენ მე რა გამიკეთე“?

 

ვისი გორისანი ვართ....

არც იმ 341 მეხანძრეს და 60 ნიუ იორკელ პოლიციელს არ დაუსვია მსგავში შეკითხვა, რომლებიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტს შეეწირნენ. თითოეულმა მათგანმა დაუფიქრებლად დაიწყო თავისი მოვალეობების შესრულება და „ამ ქვეყნად“ ის დღე მათთვის უკანასკნელი აღმოჩნდა.

 

ვისი გორისანი ვართ....

აი ეს არის პატრიოტიზმი და არა „ოპერეტული ჩოხებით“, ფსკვნილით და მჭმუნვარე სახით პოზიორობა და უკვე ყელში ამოსული და თავიდან ბოლომდე ფალსიფიცირებული ბანალური სადღეგრძელოების და ლექსების გაუთავებელი თქმა, რუსული რომანსების (რომლებიც როგორც ტრადიციულად რუსებს სჩვევიათ, ფრანგულიდან აქვთ გადმორუსულები) და უმდარესი პოპსა-„შანსონის“ ფონზე.

 

ვერც ერთ ირლანდიურ პაბში ვერავინ ვერ გაბედავს და აზრადაც კი არ მოუვა (რა დონის ნაძირალა ან უპრინციპოც არ უნდა იყოს ადამიანი), რომ “God Save the Queen“ შეუკვეთოს. რატომ მოვიტანე ეს ამბავი? იმიტომ რომ პირადად მე მაქვს „მოსმენილი“ იგივე 2008 წლის აგვისტოს ბოლოსკენ „ვიღაცეების ჯინაზე“ რესტორანში შეკვეთილი რუსული „ДЕНЬ ПОБЕДЫ“ .

 

თუმცა.. ეგ ხომ „მიშას ომი“ იყო, ჩვენ რა...

 

დანარჩენი კი II ნაწილში

 

(I ნაწილის დასასრული)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია