ზოგიერთი მოსაზრება საქართველოში მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების განვითარების სტრატეგიის შესახებ

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
24-03-2016, 17:16 | კომენტარები | ნანახია - 1228

 

აკაკი რუსეცკი

 

ამ წერილში გამოთქმული მოსაზრებები ეფუძნება იმ გამოცდილებას, რომელიც მივიღე საქართველოში მომუშავე კოლეგებთან მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად სხვადასხვა პროექტების ფარგლებში. ამ თანამშრომლობამ, აგრეთვე უამრავმა დისკუსიამ, რაც წლების განმავლობაში მქონდა მათთან, თვალნათლივ დამანახა ის სირთულეები, რაც ხელს უშლის მეცნიერების და უმაღლესი განათლების განვითარებას საქართველოში. ასევე ნათლად დავინახე ის ნაბიჯები, რაც აუცილებლად უნდა გადაიდგას ამ მდგომარეობის შესაცვლელად. კერძოდ, ამ წერილში მინდა გაგაცნოთ ჩემი ხედვა საქართველოდან უცხოეთში სასწავლებლად თუ სამუშაოდ წასული მეცნიერების შესახებ, რომელთა რიგებში მეც ვიმყოფები. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, საქართველოდან წასვლის შემდეგ სამუშაო კონტაქტები ძირითადად ქართველ ფიზიკოსებთან შევინარჩუნე, თუმცა მჯერა, რომ ის პრობლემები, რომლებზედაც ქვემოთ ვილაპარაკებთ, ზოგადია, ისევე როგორც მათი გადაჭრის გზები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქვემოთ მოყვანილი მსჯელობები და მოსაზრებები მხოლოდ ჩემს პირად მოსაზრებებს წარმოადგენს.

 

როგორც ცნობილია, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან დაწყებული, საქართველოდან ხდება ტვინების მასიური გადინება, რის შედეგადაც რამდენჯერმე შემცირდა საქართველოში მოღვაწე აქტიურ მეცნიერთა რაოდენობა. ამას არ შეიძლება არ მოჰყოლოდა მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების საერთო დონის დაცემა. საწყისი შოკის შემდეგ, მდგომარეობა ერთგვარად დასტაბილურდა ცხოვრების საერთო დონის ამაღლებასთან ერთად, თუმცა უახლოეს წლებში ახალი საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით. საქმე იმაშია, რომ საქართველოში დარჩენილ მეცნიერთა საშუალო ასაკი იზრდება, ხოლო ასაკოვანი მეცნიერების ახალგაზრდა თაობით ჩანაცვლება საკმარისი ინტენსივობით არ ხდება. ასე, რომ სამეცნიერო კადრების პრობლემამ, ჩემი აზრით, უკვე კრიტიკულ ზღვარს მიაღწია და ცოტა ხანში შეიძლება შეუქცევადიც კი გახდეს.

 

პრობლემის თავი და თავი იმაშია, რომ საქართველოში არ არსებობს სამეცნიერო კარიერის ფუქციონირებადი მოდელი, რომელიც მოიცავს მეცნიერად ჩამოყალიბების ყველა საფეხურს, დაწყებული უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტობიდან, დამთავრებული უნივერსიტეტის სრული პროფესორობით. არადა, ასეთი გამართული მოდელის არარსებობის პირობებში შეუძლებელია უზრუნველვყოთ სამეცნიერო კადრის უწყვეტი მოდინება. შედეგად ვიღებთ იმ პრობლემას, რაც ზემოთ იყო აღნიშნული. მინდა აქვე ვთქვა, რომ ეს პრობლემა მხოლოდ დაფინანსების მექანიკური გაზრდით ვერ გადაიჭრება. საჭიროა ვიფიქროთ სტრატეგიაზე, რომელიც მაღალკვალიფიცირებული სამეცნიერო კადრების მოზიდვაზე იქნება ორიენტირებული. უნდა გავითავისოთ, რომ ყველაზე კარგი ინვესტიცია ადამიანურ რესურსში ჩადებული ინვესტიციაა (ეს თანაბრად ეხება არა მხოლოდ მეცნიერებას, არამედ საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს).

 

მაგალითისათვის, განვიხილოთ იმ ახალგაზრდის კარიერა, რომელსაც ჯერ კიდევ სასკოლო ასაკიდან მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, თავის ცხოვრება ფიზიკას დაუკავშიროს. იგი დაიწყებს სწავლას უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე. უკვე სამაგისტრო სწავლების პერიოდში იგი დაინახავს, რომ მიმართულებების არჩევანი საკმაოდ შეზღუდულია, და მთელი რიგი სამეცნიერო დისციპლინები არასაკმარისად არის წარმოდგენილი. ეს პრობლემა კიდევ უფრომ მწვავედ დგას დოქტორანტურაში სწავლისას და პირდაპირ არის დაკავშირებული სამეცნიერო კადრების ნაკლებობასთან, რომელიც დასაწყისში აღვნიშნეთ.

 

მოდით, ვიყოთ გულახდილნი და პირდაპირ ვაღიაროთ: არსებულ პირობებში, იმისათვის, რომ ქართველი ახალგაზრდა კვალიფიცირებულ მეცნიერად გაიზარდოს, აუცილებელია, რომ მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში ის, სულ მცირე, აქტიურად იყოს ჩაბმული გაცვლით პროგრამებში დასავლეთ ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებთან, დაჰყოს რამდენიმე სემესტრი ამ უნივერსიტეტებში. საერთოდ უმჯობესია საუკეთესო სტუდენტების სასწავლებლად გაშვება, სამაგისტრო და სადოქტორო თემების დაცვა საზღვარგარეთ. ეს მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა და ამაში ცუდი არაფერია. კარგია, რომ საქართველოს სახელმწიფოს ეს პრობლემა გათვითცნობიერებული აქვს – როგორც ვიცი, ჩვენთანაც არსებობს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამები, რომლებიც სტუდენტების საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლას ხელს უწყობს.

 

პრობლემები იწყება შემდეგ ეტაპზე. ახალგაზრდა მეცნიერი, რომელმაც ახლახანს დაიცვა სამეცნიერო ხარისხი, ჯერ არ არის მზად დამოუკიდებელი სამეცნიერო კარიერისათვის. მან შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა დააგროვოს მუშაობის გამოცდილება ე.წ. პოსტდოკად მუშაობისას. რამდენადაც ვიცი, საქართველოში ამგვარი პოზიციები უკანასკნელ დრომდე საერთოდ არ არსებობდა. ასეც რომ არ იყოს, სასურველია ეს გამოცდილება საზღვარგარეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში იყოს დაგროვილი. სხვათა შორის, ეს მოთხოვნა მხოლოდ საქართველოსთვის არ არის აქტუალური. მაგალითად, გერმანიაში აკრძალულია პროფესორის ადგილის დაკავება იმავე უნივერსიტეტში, სადაც კანდიდატი პოსტდოკად მუშაობს. ძალიან „ფასობს“, მაგალითად, ამერიკის უნივერსიტეტებში მიღებული გამოცდილება და ა.შ. აღარაფერს ვამბობ ისეთ ქვეყნებზე, როგორიც არის, მაგალითად, ჩინეთი და ინდოეთი.

 

დავუბრუნდეთ ჩვენს ახალგაზრდას, რომელმაც წარმატებით დაიცვა სადოქტორო ნაშრომი, თავად იშოვა პოსტდოკის პოზიცია და რამდენიმე წელი იმუშავა საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში. მის განათლებაში უკვე საკმაო ფული დაიხარჯა, მათ შორის, ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულიც. ამ მომენტისათვის მან დააგროვა საკმარისი სამუშაო გამოცდილება და მომწიფდა იმისათვის, რომ დაიკავოს პროფესორის ადგილი. ამ პერიოდში იგი აქტიურად იწყებს პროფესორის ადგილის მოძიებას.

 

რას აკეთებენ ამ დროს ის ქვეყნები, რომლებიც დაინტერესებული არიან საკუთარი სამეცნიერო კადრებით? განვიხილოთ ჩინეთის მაგალითი რომელიც, ჩვენი არ იყოს, კადრების ნაკლებობას განიცდის (რა თქმა უნდა, მისი მასშტაბების გათვალისწინებით). ჩინეთში არსებობს, ე.წ., 1000 ტალანტის პროგრამა და სხვა მსგავსი პროგრამები, რომლებიც მიმართულია იმისკენ, რომ რომ ასეთი ახალგაზრდები სამშობლოში დააბრუნოს, ქმნის მათთვის სამუშაო ადგილებს, სთავაზობს მაღალ ანაზღაურებას და მრავალ სხვა შეღავათს. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მათ იწვევენ წამყვან პოზიციებზე და საუკეთესო პირობებს უქმნიან ამბიციური გეგმების განსახორციელებლად. იმის გათვალისწინებით, რომ უახლოესი ათწლეულების მანძილზე საქართველო შრომის ანაზღაურებით მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს ვერ გაუტოლდება, ამ ასპექტს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. მაგალითად, ამ ცოტა ხნის წინ, მე გავესაუბრე ერთ ძალიან წარმატებულ ახალგაზრდა ქართველ მეცნიერს (სოციალური მეცნიერებების დარგში) და პირდაპირ ვკითხე, ისურვებდა თუ არა იგი ახლო მომავალში საქართველოში დაბრუნებას. მან მითხრა, რომ სერიოზულად იფიქრებდა ამაზე, თუ საშუალება ექნებოდა, შეექმნა პატარა ჯგუფი (ინსტიტუტი), და არა მარტო თვითონ გაეგრძელებინა კვლევები, არამედ გარკვეული მიმართულებისათვის ჩაეყარა საფუძველი საქართველოში (ეს მიმართულება, როგორც მითხრა, დღეს საქართველოში არ ვითარდება). მხოლოდ პროფესორის პოზიციით ის დაინტერესებული არ არის, რადგან მსგავსი პოზიციის ან ინდუსტრიაში ექვივალენტური პოზიციის შოვნის იმედი დასავლეთშიც აქვს (და თანაც ბევრად უფრო დიდი ანაზღაურებით). ზემოთმოყვანილი მაგალითი ძალიან კარგი ილუსტრაციაა იმისათვის, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ არამატერიალური წახალისების ფაქტორები ახალგაზრდა კადრების მოსაზიდად. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩინეთში, რომელიც ფართოდ იყენებს როგორც მატერიალური, ასევე არამატერიალური სტიმულების ფართო სპექტრს, და რომლის მთავრობაც სპეციალურ პროგრამებს ქმნის ახალგაზრდების დასაბრუნებლად, დაბრუნების საშუალო პროცენტი დაახლოებით 36%-ს აღწევს. ამგვარი კვლევები საქართველოში არ ჩატარებულა, თუმცა მათი შედეგის წინასწარმეტყველება ძნელი არ უნდა იყოს.

 

ახალგაზრდა მეცნიერების დაბრუნების სახელმწიფო სტრატეგიის არარსებობის პირობებში საქმე გვაქვს მოვლენასთან, რომელსაც ინდოეთში „მეწველი ძროხის ეფექტი“ შეარქვეს. საქმე იმაშია, რომ ბევრი ინდოელი ახალგაზრდა, რომელმაც განათლება სამშობლოში მიიღო და ამაში სახელმწიფომ ფული დახარჯა, სამუშაოდ მიდის, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ევროპაში და ხელს უწყობს ამ ქვეყნების ეკონომიკურ აღმავლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ძროხა ბალახს ინდოეთში სძოვს, ხოლო რძე ამერიკას და ევროპას რჩება. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელი უნდა იყოს, რომ ახალგაზრდა სპეციალისტების უკან დაბრუნებაში ჩადებული ინვესტიცია გაათმაგებულად დაგვიბრუნდება. ასეც რომ არ იყოს, დღევანდელ სიტუაციაში უცხოეთში წასული ქართველი ახალგაზრდები სამეცნიერო კადრების შევსებისა და განახლების უმთავრეს (თუ არა ერთადერთ) სერიოზულ რეზერვს წარმოადგენს. ამ შანსის გამოუყენებლობა ქართული მეცნიერებისათვის ჟანგბადის გადაკეტვის ტოლფასია.

 

რაც შეეხება იმ ქართველი ახალგაზრდის ჰიპოთეტურ ისტორიას, რომლის სამეცნიერო კარიერაც ზემოთ განვიხილეთ, მისი გაგრძელება ადვილი წარმოსადგენია. რამდენიმე წლის განმავლობაში პოსტდოკად ყოფნის შემდეგ ის შეეცდება, რადაც არ უნდა დაუჯდეს, მუდმივი სამუშაო ადგილი იპოვოს დასავლეთში. თუ აკადემიურ სამსახურს ვერ იშოვნის, მუშაობას რომელიმე ფირმაში გააგრძელებს. უკიდურეს შემთხვევაში, თუ ეს ვერ მოახერხა, დაბრუნდება საქართველოში და, მოსალოდნელია, რომ უფრო კარგად ანაზღაურებად სამსახურს იპოვის, ვიდრე ეს აკადემიურ სფეროშია. ასე, რომ, ძალიან დიდი ალბათობით, ეს ახალგაზრდა ქართული მეცნიერებისათვის დაკარგულია. სწორედ ამაში მდგომარეობს სიტუაციის ტრაგიზმი: ჩემთან რომ მოვიდეს მოზარდი, რომელსაც ფიზიკოსად გახდომა აქვს გადაწყვეტილი, და რჩევა მკითხოს, პირველად ამას ვეტყვი: ის ჩემსავით მზად უნდა იყოს სამუდამოდ უცხოეთში საცხოვრებლად წასასვლელად, რადგან მის უკან დასაბრუნებლად არანაირი მოფიქრებული სტრატეგია და პირობები არ არსებობს. თუმცა, საზოგადოდ, კადრების მობილობაში არაფერი ცუდი არ არის, საქართველოს შემთხვევაში მობილობა ცალმხრივ ქუჩად არის ქცეული, როდესაც ყველა მიდის და ერთეულები ბრუნდებიან. თუ ასე გაგრძელდა, ერთი თაობის შემდეგ საქართველოში მეცნიერები აღარ გვეყოლება.

 

რისი გაკეთება შეიძლება დღეს ამ პრობლემის გადასაჭრელად?

 

როგორც უკვე აღვნიშნე, არა მხოლოდ ხელისუფლებამ, არამედ მთელმა ქართულმა საზოგადოებამ უნდა გაითავისოს მდგომარეობის სერიოზულობა და მიხვდეს მეცნიერების რეპატრიაციის სახელმწიფო სტრატეგიის არსებობის აუცილებლობას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ ბიუროკრატიული სტრუქტურების შექმნა პრობლემას ვერ უშველის, საჭიროა კონკრეტული ქმედებები.

 

ერთ-ერთ ასეთ კონკრეტულ ნაბიჯად მიმაჩნია ე.წ. „ახალგაზრდა პროფესორების“ (tenure track) ინსტიტუტის შემოღება. იგულისხმება, რომ ეს ვაკანსიები შეივსება, როგორც წესი, იმ ახალგაზრდა (40 წლამდე) მკვლევარებით, რომელთაც აქვთ რამდენიმეწლიანი მუშაობის გამოცდილება მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში. გამოსაცდელი ვადის (დაახლოებით 3-6 წელი) გასვლის შემდეგ მოხდება მათი მუშაობის შედეგების შეფასება. დადებითი შეფასების შემთხვევაში, ისინი მიიღებენ სრული პროფესორის პოზიციას (tenure), რომელიც დროში არ იქნება შეზღუდული1.

 

ამ პოზიციების შექმნისა და შევსებისათვის შემდეგი უნდა გავითვალისწინოთ, რომ:

 

1. ეს სამუშაო ადგილები კონკურენტუნარიანი უნდა იყოს იმ ანალოგიურ სამუშაო ადგილებთან მიმართებაში, რომლებიც არსებობს ევროპასა და ამერიკაში. ამის მიღწევა არარეალურია ისეთი ანაზღაურების პირობებში, რაც დღეს საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში გვაქვს. ამიტომ, პირდაპირ მზად უნდა ვიყოთ, რომ ამგვარ პოზიციებზე, როგორც წესი, დაფინანსება არ უნდა იყოს ავტომატურად გათანაბრებული უმაღლეს სასწავლებელში სხვა პოზიციების დაფინანსებასთან. სახელმწიფო მზად უნდა იყოს, დაფინანსებაში ეს განსხვავება დაფაროს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილი გრძელვადიანი გრანტების საშუალებით, რომლებიც მოიცავს როგორც სახელფასო დანამატს, აგრეთვე, მაგალითად, კონფერენციებზე სამოგზაურო და ლაბორატორიების აღსაჭურვად გამოყოფილ თანხას, დოქტორანტების პოზიციების დაფინანსებას და ა.შ.

 

ცხადია, რომ დაფინასებაში ამგვარი განსხვავება სერიოზული დაპირისპირების საფუძველი შეიძლება შეიქნას შრომითი კოლექტივის შიგნით. ეს პრობლემა ახალი არაა და არც მარტო ჩვენთან იქმნება. ჩინური პრესა, მაგალითად, ბევრს წერს ამგვარი პრობლემების შესახებ, რომელიც 1000 ტალანტის პროგრამის განხორციელების დროს წარმოიშობა. მიუხედავად ამისა, ქართულმა საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ ჩვენი მეცნიერების წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტის სხვა გზა არ არსებობს და უარი უნდა თქვას ყველას ავტომატური გათანაბრების (уравниловка) მანკიერ პრაქტიკაზე. საქართველოს ხელისუფლებას კი უნდა ეყოს პოლიტიკური გამბედაობა, რომ შესთავაზოს სამეცნიერო საზოგადოებას ამ მწარე აბის გადაყლაპვა. ყველა სხვა გზა ჩიხში მიდის.

 

მეორე მხრივ, სამართლიანობა მოითხოვს, რომ ზემოთაღნიშნული გრანტი არ იყოს განკუთვნილი მხოლოდ უცხოეთიდან დაბრუნებული ახალგაზრდებისათვის. იგი, პრინციპში, ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოში მომუშავე მეცნიერებებისათვისაც, რომლებმაც განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს თავიანთ დარგში. შეფასების კრიტერიუმი ყველასთვის ერთი უნდა იყოს, ხოლო შეფასების თამასა ძალიან მაღლა უნდა ავწიოთ.

 

ამგვარი მიდგომა თანაბარს გახდის საქართველოში მომუშავე და უცხოეთიდან დაბრუნებული მეცნიერების შანსებს.

 

2. ბევრი ობიექტური და სუბიექტური მიზეზის გამო, შეუძლებელია, ამ ეტაპზე ახალ პოზიციებზე კანდიდატების არჩევის მთელი პროცედურა უმაღლეს სასწავლებლებს მივანდოთ. ცხადია, რომ ამგვარი მიდგომა გამოიწვევს მწვავე ბრალდებებს უმაღლესი სასწავლებლის ავტონომიის დარღვევაში. ამის მიუხედავად, მიმაჩნია რომ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოშიც შეიქმნება ჩინური 1000 ტალანტის მსგავსი პროგრამა, მაშინ ამ პროგრამაში გამარჯვებული კანდიდატების შერჩევა უნდა მოხდეს ცენტრალიზებულად, განათლების სამინისტროსა და რუსთაველის ფონდის მიერ შექმნილი დარგობრივი კომისიების მიერ, რომელიც უცხოეთიდან მოწვეული აღიარებული მეცნიერებისგან იქნება დაკომპლექტებული. ამით, ერთი მხრივ, უზრუნველვყოფთ შერჩევის პროცედურის ჩატარებას უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და, მეორე მხრივ, მაქსიმალურად აგვაცილებს მიკერძოებას და ინტერესების კონფლიქტს. ამასთან ერთად, შერჩევის დასკვნით ეტაპზე აუცილებლად უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლების მონაწილეობა კომისიის მუშაობაში, რაც თავიდან აგვაცილებს კანდიდატის კონფლიქტს შრომით კოლექტივთან. კიდევ გავიმეორებ, საქართველოს მთავრობას უნდა ეყოს პოლიტიკური ნება, რომ უაღრესად გამჭვირვალედ და მაღალი სამეცნიერო სტანტარტების დაცვით ჩაატაროს აღნიშნული კონკურსი, რაც ადვილი არ იქნება.

 

მინდა სპეციალურად აღვნიშნო, რომ კანდიდატების შეფასების პარამეტრები კომისიამ თავისით უნდა დაადგინოს და არ იყოს შებოჭილი შესაბამის უმაღლესი სასწავლებლების წესდების მოთხოვნებით, თუ იგი ჩათვლის, რომ ეს წესდება წინააღმდეგობაში მოდის არსებულ საერთაშორისო პრაქტიკასთან და ზღუდავს თავისუფალ კონკურენციას. კერძოდ, მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქართულ რეალობაში ამ კრიტერიუმებში გარკვეული დისბალანსი შეიმჩნევა. მაგალითად, პედაგოგიური მოღვაწეობის წონა ხელოვნურად არის გაზრდილი სამეცნიერო მუშაობასთან მომართებაში. ამას გარკვეული მიზეზები აქვს, რომლებზეც ახლა არ შევჩერდებით. კომისიას უფლება უნდა ჰქონდეს, რომ ასეთი გადაჭარბებული მოთხოვნები არ გაითვალისწინოს.

 

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატმა გაიმარჯვა კონკურსში, ეს ავტომატურად უნდა ნიშნავდეს მისთვის ზემოთაღნიშნული გრძელვადიანი გრანტის მინიჭებას. ამის შემდეგ პერიოდში მისი მუშაობის შეფასება უნდა ხდებოდეს პერიოდულად იგივე კომისიის მიერ, და გრანტი გაგრძელდეს, თუ მისი მოღვაწეობა კომისიის მიერ დაწესებულ მაღალ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოში მომუშავე მეცნიერებსაც უნდა ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ ამავე გრანტზე გააკეთონ განაცხადი. ეს განაცხადი უნდა შეფასდეს იგივე საერთაშორისო კომისიის მიერ იგივე მაღალი სტანდარტების დაცვით. დაფინანსების ავტომატური მომატება ყველასთვის დაუშვებელია და უკუშედეგს გამოიწვევს.

 

3. საქართველოში არსებობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უმაღლესი სასწავლებლები. მეცნიერების განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე, ზემოთაღნიშნული სახელმწიფო პროგრამა უნდა გავრცელდეს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო უნივერსიტეტებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხოეთიდან ჩამოსული ახალგაზრდის დასაქმება ყველა უნივერსიტეტს შეეძლება თანაბარი პირობებით. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ (სახელმწიფო თუ კერძო) უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერს.

 

4. როგორც უკვე აღვნიშნეთ, უცხოეთიდან ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოსაზიდად, მატერიალურ პირობებთან ერთად, არამატერიალურ სტიმულებსაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ამ სტიმულებს შორის უმთავრესია, რომ ახალგაზრდებს უმოკლეს ვადაში მივცეთ საკუთარი სამეცნიერო თუ სოციალური ამბიციების განხორციელების პერსპექტივა რაც, მაგალითად, გულისხმობს კარიერულ კიბეზე სწრაფი ზესვლის პერსექტივას. ცხადია, რომ ამგვარ მოსაზრებას ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდება საქართველოში. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიმაჩნია რომ საქართველოს მთავრობამ იფიქროს გარკვეული სახის ასაკობრივი ცენზის დაწესებაზე ადმინისტრაციული თუ წამყვანი სამეცნიერო პოზიციების დაკავებისას, რაც დადებითად იმოქმედებს სამეცნიერო კადრების განახლებაზე და დამატებით სტიმულს მისცებს ახალგაზრდა მეცნიერებს. მინდა შეგახსენოთ, რომ ევროპის უმთავრეს ქვეყნებში ამგვარი ცენზი მოქმედებს. კერძოდ, თავიდანვე უნდა იყოს დაწესებული მკაცრი ასაკობრივი ცენზი იმ პოზიციებისათვის, რომლებიც ამ პროგრამაში განიხილება. იგივე შეეხება გრანტსაც, რომელიც ზემოთ იყო განხილული.

 

5. აქამდე საუბარი იყო უცხოეთში სასწავლებლად თუ სამუშაოდ წასული ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების რეპატრიაციაზე. უნდა კარგად გავითავისოთ რომ, თუმცა ეს რეზერვი ჩვენთვის სამეცნიერო კადრების შევსების ყველაზე სერიოზულ წყაროს წარმოადგენს, ის მაინც არ იქნება სრულიად საკმარისი იმ ვაკუუმის შესავსებად, რომელიც ახლა არის წარმოშობილი. ამიტომ, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ახალი პოზიციების ნაწილს უცხოელი კანდიდატები დაიკავებენ, რაც ღია კონკურსის ჩატარების პირობებში ბუნებრივად მოხდება. უფრო მეტიც, მოვლენების ამგვარი განვითარება ყოვლად მისასალმებელია და ამას უნდა ვესწრაფოდეთ კიდევაც ყველა საშუალებით, რადგან ეს იმის ნიშანი იქნება, რომ საქართველო ტვინების ექსპორტიორი ქვეყნიდან ბოლოსდაბოლოს იმპორტიორ ქვეყნად გადაიქცევა. ამიტომაც, ამ პროცესისთვის ხელის შეშლა თითიდან გამოწოვილი კრიტერიუმებით და მოთხოვნებით (მაგალითად, ქართული ენის სავალდებულო შესწავლა უცხოელთათვის და ლექციების ქართულად ჩატარება) ძალიან მავნე იქნება. შედარებისათვის, ჩემი ლექციების უმეტესობას გერმანიაში ინგლისურად ვატარებ და არასოდეს არ მქონია პრობლემა ამის გამო.

 

მე ვშიშობ, რომ ამგვარ მიდგობას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება საქართველოში, რადგან საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში არქაულ ფობიებს მყარად აქვს გამჯდარი ფესვები. ამას დაემატება საკუთარი სოციალური სტატუსის გაუარესების და კონკურენციის შიში. ამის მიუხედავად, ართხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ გლობალიზაციის პირობებში მხოლოდ ის გადარჩება, ვინც საყოველთაოდ მიღებული წესებით ითამაშებს. ვინც საკუთარი წესების დაწესებას და გარესამყაროდან კედლით გამოყოფას შეეცდება, მარცხისთვისაა განწირული.

 

6. „ახალგაზრდა პროფესორების“ პოზიციების დაფინანსებისათვის სავსებით შესაძლებელია უცხოური სამეცნიერო ფონდების მოზიდვა. მაგალითად, 2013 წლიდან მე ვმონაწილებ სამეცნიერო პროექტში „თეორიული ფიზიკის რეგიონალური სამეცნიერო ქსელი“, რომელიც აერთიანებს ბონის, თბილისის, ერევნისა და ზიგენის უნივერსიტეტებს, და რომელიც ძირითადად ფინანსდება გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდის მიერ, ქართული და სომხური მხარის თანამონაწილეობით. ამ პროექტის გაგრძელებისას ჩვენ ვგეგმავთ, მივმართოთ ფოლკსვაგენის ფონდს, თბილისისა და ერევნის უნივერსიტეტებში თითო-თითო ახალგაზრდა პროფესორის დროებითი პოზიცია დააფინანსოს (3-დან 6 წლამდე). აქვე მინდა აღვნიშნო რომ, ჩემს გარდა, კიდევ ბევრი ქართველი მეცნიერია საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული და მათაც მიუწვდებათ ხელი საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებზე. ასე, რომ, საქართველოს მთავრობისა და სამეცნიერო დიასპორის ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიძლება მივაღწიოთ საკმაო რესურსის მოზიდვას საწყის ეტაპზე ამგვარი პოზიციების (თუნდაც ნაწილობრივი) დაფინანსებისათვის.

 

აქვე მინდა აღვნიშნო ყველაზე მთავარი პირობა: არც ერთი ფონდი არ გაიღებს ერთ ცენტსაც კი, თუ არ ექნება იმის გარანტია, რომ მის მიერ დაფინასებულ კადრს ქართული სახელმწიფო არ შეუწყეტს დაფინანსებას პირველადი გრანტის ვადის გასვლის შემდეგ. ასეთი გარანტიის არარსებობის პირობებში ყველაფერს აზრი ეკარგება. აქედან გამომდინარე, ყველაფერი დადის ერთ შეკითხვაზე: გააჩნია თუ არა საქართველოს მთავრობას საკმარისი პოლიტიკური ნება იმისათვის, რომ განახორციელოს ახალგაზრდა სამეცნიერო კადრების მოზიდვის გრძელვადიანი სტრატეგია?

 

7. დაბოლოს, შენიშვნის სახით: მკითხველი ადვილად შეამჩნევდა გარკვეულ მსგავსებას წინამდებარე წერილსა და „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის კონცეფციის პროექტს“ (ავტორები: დვალი, ბერეჟიანი, კოკაია და ლორთქიფანიძე) შორის, რომელიც ამ რამდენიმე წლის გამოქვეყნდა და რომელიც, რამდენადაც ვიცი, არ განხორციელებულა. ეს მსგავსება გასაკვირი არაა, რადგან ორივე ემყარება დასავლეთის წამყვან სამეცნიერო ცენტრებში მიღებულ პრაქტიკას და უბრალოდ ცხოვრებისეულ საღ აზრს. ველოსიპედის გამოგონება საჭირო არ არის.

 

ცხადია, რომ ამის და კიდევ მრავალი მსგავსი კონცეფციის დამუშავება შეიძლება, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარია, რომ საზოგადოებაში მომწიფდეს მოთხოვნა კონკრეტული რეფორმების ჩატარების შესახებ, რომლებიც აუცილებლად ძალიან მტკივნეული იქნება და ყველას კმაყოფილს ვერ დატოვებს. ამის ალტერნატივა კი ქართული მეცნიერების შეუქცევადი რეგრესია, რასაც დღეს ვაკვირდებით.

 

-----------------------------------------------

1. რამდენადაც ვიცი, მუშაობა ამ პრობლემაზე დაწყებულია. შერჩეულია კანდიდატი, რომელიც გერმანიიდან დაბრუნდება და პოსტდოკად გააგრძელებს მუშაობას საქართველოში. მის პოზიციას რუსთაველის ფონდი დააფინანსებს, მუშაობისთვის საჭირო ლაბორატორიულ აპარატურას გერმანული მხარე გადასცემს უსასყიდლოდ, ხოლო ლაბორატორიის ინფრასტრუქტურის შექმნას თსუ თავის თავზე აიღებს. ეს, ცხადია, თავისთავად კარგი სიახლეა, მაგრამ ერთი ნაბიჯის გადადგმა არ არის საკმარისი. საჭიროა, ამაზე შორს წავიდეთ. იმისათვის, რომ უმაღლესი სკოლის მუშაობა გარდავქმნათ, ახალი გრძელვადიანი პოზიციები პირდაპირ ფაკულტეტებზე უნდა შევქმნათ და არა იზოლირებულად. გარდა ამისა, გვჭირდება არა მარტო პოსტდოკის, არამედ პროფესორის პოზიციებიც. იმისათვის, რომ უნივერსიტეტები თავად იყვნენ დაინტერესებული ამ პოზიციების მიღებაში, საწყის ეტაპზე მაინც, პოზიციების ავტომატური გაუქმება არ უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, როდესაც ამ პოზიციის მფლობელი სამსახურს იცვლის, ან პენსიაზე გადის. თუ უნივერსიტეტი დაინტერესებული იქნება ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებაში, შესაძლებელი უნდა იყოს მისი ჩანაცვლება ახალი კანდიდატით, იგივე შერჩევის პროცედურის გავლის შემდეგ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია