მეხუთე თაობა (ნაწილი პირველი)

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-04-2013, 13:25 | მსოფლიო | ნანახია - 2151

მამუკა გამყრელიძე

გასული 2012 წელი პოლიტიკური აქტივობის მოყვარულთათვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ქვეყნებში არჩევნები მათი მოსახლეობის ძირითადი ნაწილისთვის უმთავრეს “გასართობად” იქცა. ამ ფერხულს, მოგეხსენებათ, არც საქართველო ჩამორჩა. პრე და პოსტსაარჩევნო, ეფექტური და არცთუ ისე ეფექტური პერიპეტიებით გადაღლილ ქართველობას ალბათ არც შეუმჩნევია, როგორ უხმაუროდ და მშვიდად შეიცვალა ხელსუფლება ჩვენგან 6000 კილომეტრით დაშორებულ ჩინეთში. როგორც ჩინელებს სჩვევიათ, გეგმაზომიერად, აუღელვებლად, ათი წლით წინ გათვლილი პერსპექტივით მათ აირჩიეს კომუნისტური პარტიის (ჩკპ) მეთაურების ახალი, რიგით მეხუთე თაობა. ქვემოთ მოგითხრობთ ხელისუფლების ცვლილების ჩინურ სპეციფიკაზე, წარსული და მოქმედი ლიდერების შესახებ. ასევე შევეცდებით გავიხედოთ წინ, მომავალში, და ვისაუბროთ იმ პერსპექტიულ პარტიულ კადრებზე, რომლებიც უკვე შემდგომ დეკადაში მოგვევლინებიან როგორც მეექვსე თაობის მთავრობა.
როცა ვსაუბრობთ ჩინეთის კომპარტიის ლიდერებზე, უნდა ვიცოდეთ, რომ სწორედ კომუნისტური პარტია თამაშობს ქვეყანაში ხელმძღვანელ როლს და მისი გენერალური მდივანი ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა კრების (ჩინეთის საკანონმდებლო ორგანო) სესიაზე თავმჯდომარის (ქვეყნის პრეზიდენტის) ადგილს ხუთი წლით იკავებს. მეხუთე თაობაც პარტიული ლიდერების მიხედვით ითვლება. მაო ძე დუნი, დენ სიაო პინი, ძიან ძე მინი, ხუ ძინ ტაო და აი უკვე ახალი გენერალური მდივანი სი ძინ პინი. საინტერესოა, რომ დენ სიაო პინის შემდეგ, მისივე ინიციატივით, ახალი ლიდერი მხოლოდ ორჯერ შეიძლება იყოს არჩეული. ჩინელები კარგად იყენებენ დასავლური დემოკრატიის გამოცდილებას და, საზოგადოების ხელისუფლებით დაღლილობის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის მეთაურს სამუშაოდ მხოლოდ ათ წელს უტოვებენ. თუმცა, ათი წელი სტაბილურ და მშვიდ გარემოში მუშაობისთვის საკმაოდ ბევრია და ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ლიდერმა, ისევე როგორც საზოგადოებამ, წინასწარ იცის თავისი მემკვიდრე. ის კი, თავის მხრივ, ასევე წინასწარ ემზადება მეთაურობისთვის.
ჩკპ-ის რიგით მე-18 ყრილობამ გასული წლის ნოემბერში ახალი, 25-წევრიანი პოლიტბიურო აირჩია. თუმცა, ამ პროცედურას უფრო დანიშვნის სახე აქვს, ვიდრე არჩევნების. ამ 25 წევრს შორის ხელმძღვანელ როლს ასრულებს პოლიტბიუროს მუდმივი 7-წევრიანი ჯგუფი. ეს ჯგუფი, გენერალური მდივნის მეთაურობით, ყოველ კვირას იკრიბება მის მიერ შედგენილი სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების განსახილველად, ხოლო გადაწყვეტილება, ფრიად დემოკრატიულად, საყოველთაო თანხმობის საფუძველზე მიიღება. გენერალური მდივანი აქ სხვა წევრების თანაბარი უფლებებით სარგებლობს. გადაწყვეტილებების მიღების ასეთი კოლექტიური მეთოდი იცავს ჩინეთის მთავრობას დიქტატურისგან. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ პოლიტბიუროს მუდმივი და სრული შემადგენლობაც სახელისუფლებო აისბერგის მხოლოდ წვერი გახლავთ. ჩინეთში ძალიან ძლიერია სხვადასხვა სამთავრობო ჯგუფების, პროვინციების ხელმძღვანელებისა და ყოფილი ლიდერების გარშემო შექმნილი დაჯგუფებების გავლენა. ჩინეთში არსებობს ცნება “გუანსი”, რაც ურთიერთობებს ნიშნავს. “გუანსის” გარეშე შეუძლებელია მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი რაიმე საკითხის გადაწყვეტა. ამას ემატება ჩინელების ტრადიციულობა და კონსერვატიულობა და ამიტომაც ყოფილი და ზოგჯერ უკვე გარდაცვლილი მეთაურების ოჯახის წევრების როლი სახელმწიფოს მართვაში უცხოელისთვის შეიძლება გასაკვირი აღმოჩნდეს, მაგრამ სინამდვილეში ეს ქვეყნის მართვის ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია, რომელიც ჩინელებს უნარჩუნებს მათთვის უაღრესად მნიშვნელოვან სტაბილურობას. ჩინეთის საპირისპიროდ, საქართველოში სახელმწიფოს ყოფილი მეთაური, მისი კარგი თუ ცუდი მემკვიდრეობის მიუხედავად, ინდური “პარიების” მსგავსად, გარიყულების კასტაში ხვდება. ახალი ხელმძღვანელი კი ავტომატურად იძენს “ბრაჰმანის” სტატუსს და ნდობის უსაზღვრო მანდატს. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ეს ისტორია რამდენჯერმე გამეორდა. ალბათ უკვე დროა, საზოგადოებამ სიბრძნე გამოიჩინოს და ხელისუფლებას ისეთი პირობები შეუქმნას, როცა ის ძველის ნგრევას და ახლის შეკოწიწებას კი არ დაიწყებს, არამედ წინამორბედთა მიერ აშენებულ საძირკველზე ქვეყნის აღმშენებლობას გააგრძელებს. თუმცა, ეს სხვა ისტორიაა, ჩვენ კი დავუბრუნდეთ ჩინელებს, ერს, აღსავსეს შორსმჭვრეტელობით და სახელმწიფოებრიობის მრავალათასწლოვანი წარმატებული გამოცდილებით.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია