გამარჯვების სინდრომი, როგორც კონფორმიზმი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-09-2013, 19:56 | ბლოგები | ნანახია - 1572

გამარჯვების სინდრომი, როგორც კონფორმიზმიმართა იამანიძე

 

ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ უწოდა ალბერტო მორავიამ ფაშისტურ საიდუმლო პოლიციასთან ასოცირებულ თავის  გმირს  მარჩელო კლერიკს ნოველაში ,,კონფორმისტი“ .

 

ამ ნოველის ეკრანიზაცია ბერნარდო ბერტოლუჩიმ 1970 წელს განახორციელა.

 

ფილმისა და ნოველის მთავარი გმირი მხოლოდ საიდუმლო პოლიციის დავალებას ასრულებს და ვერანაირი გრძნობა ვერ ახდენს მასში კათარზისს.
ვერც მისი პროფესორი, რომელიც ხვდება მოწაფის ჩანაფიქრს და ცდილობს, ჭეშმარიტებაზე საუბრით მასში სინდისის დამალული მარცვლები გააღვივოს.
ვერც პროფესორის ცოლით, ანათი გატაცება. და ორივეს სასიკვდილოდ იმეტებს.
კარგად დაპროგრამებული რობოტივით, მარჩელო მხოლოდ დავალებას ასრულებს. ვერანაირი ადამიანური ემოცია მასში ადამიანს ვერ აღვიძებს, რაც ერთგვარად მისი ბავშვობისდროინდელი ტრავმით არის განპირობებული, რომელიც ჯერ კიდევ არ შეხორცებია.  საბოლოოდ, ამგვარი ტრავმებისგან დაკომპლექსებული, საკუთარ თავთან შეურიგებელი არსება ფაშიზმში პოულობს სასოებას და მისსავე წარმოქმნილ რეალობაში ,,იმარჯვებს.“

 

ჩემი აღქმით, მარჩელო დავალებას არა მხოლოდ იმიტომ ასრულებს, რომ ეს მისი მოვალეობაა, არამედ იმიტომ, რომ მას უბრალოდ სურს გამარჯვება ვინმეზე, რადგან ბავშვობაში ის თავად გახდა ძალადობის მსხვერპლი და დაჩაგრული.

 

ასე ხდება გამარჯვებას დანატრებული ძალადობის პირმშო ,,კონფორმისტი.“

 

მისი გამარჯვება ყველაფრის ფასად, მათ შორის ადამიანის სიკვდილის სანაცვლოდ მიიღწევა და ეს გამარჯვებაც სხვა არაფერია, თუ არა მისივე ადამიანური ვნებების დაკმაყოფილება, რომ სხვაზე უფრო მაღლა დადგეს.

 

მარჩელოს ისტორია მხოლოდ მხატვრული გაფორმებაა, მაგრამ კარგად წარმოჩენილი რეალობა, თუ როგორ გვიტევს ხოლმე ეს მაცდური ადამიანური ვნება გამაჯვების მისაღწევად - ზოგს გარკვეული პირობებით, ზოგს ნებისმიერ ფასად.

 

რეალობაში კი, აბა, გავიხსენოთ, რამდენ ჩვენგანს განგვიცდია გამარჯვების ზენიტი, როცა კამათში მოსაუბრეს ვამარცხებთ, როცა რომელიმე კონკურსში წარმატებას ვაღწევთ, როცა რაიმეს ან ვინმეს მოვიპოვებთ, ან, თუნდაც, როცა აზარტულ თამაშებში ვიგებთ.

 

გამარჯვების სინდრომი, როგორც კონფორმიზმირა ვნებაა ეს? ვიმარჯვებთ სხვაზე, თუ ვიმარჯვებთ ჩვენსავე საკუთარ თავებზე?
რატომ მოსდევს დაბადებიდანვე ადამიანს ეს თანდაყოლილი ინსტინქტი?
როდესაც ადამიანი იბადება და შორდება დედის მუცელს - ერთგვარ ,,სამოთხეს“ და მას აიძულებენ შეეგუოს მის, ღმერთმა იცის, როგორ მომავალს, მას უჩნდება ერთგვარი სურვილი ხელახლა მოიპოვოს თავისი ახალი სამოთხე.
შეიძლება ითქვას, ახალი ჰარმონიული რეალობა, რომლისკენ მიმავალ გზაზე მას ჰაერივით სჭირდება ეს პატარ-პატარა გამარჯვებები: ზოგჯერ ეგოს წასახალისებლად, ზოგჯერ თავდაჯერებულობის განსამტკიცებლად და ზოგჯერ იმისთვის, რომ უბრალოდ ვიღაცაზე მაღლა იგრძნოს თავი.
ალბათ სწორედ ამ გამარჯვებების ხარჯზე გვგონია, რომ დავისაკუთრებთ ახალ სამოთხეს.
ამიტომ გვიყვარს ყველაფერი, რაც ,,ჩვენია,“ კალეიდოსკოპური სისწრაფით ვიყენებთ კუთვნილებით ნაცვალსახელებს საუბარში და ვისაკუთრებთ ჩვენსავე რეალობაში შექმნილ სუბ-კულტურებს - იმავე ჩვენს ,,ახალ სამოთხეებს.“

 

სანაცვლოდ, გვძულს ყველა და ყველაფერი, რაც გზაზე გვეღობება. გვძულს ის ,,სხვაც,“ რომელიც ჩვენი მოწინააღმდეგეა. ,,სხვა“ ამ შემთხვევაში მხოლოდ ობიექტია, რომელიც ჩვენ უნდა დავანგრიოთ (რა მნიშნველობა აქვს, ფიზიკურად თუ სულიერად), რათა მასზე მაღლა დავდგეთ, მასზე უფრო ჭკვიანებად ვიგრძნოთ თავი და ხალხსაც ვაჩვენოთ, რომ ჩვენ, გამარჯვებულები უნდა ვიყოთ მათი ,,მწყემსები,“ ხალხი კი ფარასავით გამოგვყვეს უკან.

 

ხშირად ამბობენ, რომ პოლიტიკოსებისთვის მიზანი ამართლებს საშუალებას.
და ისინიც ყველანაირ რესურსს იყენებენ მოწინააღმდეგის დასამარცხებლად, ზოგჯერ გასანადგურებლად და ზოგჯერ არჩევნებში სასურველი შედეგის მისაღწევად.
ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. ასე ხდება ყველგან. განსხვავდება მხოლოდ ფორმები უპირობო გამარჯვების მისაღწევად.
კათარზისი კი, არ ვიცი...
პოლიტიკასაც ადამიანები წარმართავენ და ბევრი პოლიტიკოსი (როგორც ქართველი, ისე დასავლელი), ხშირად ამბობს, რომ ადამიანში, პირველ რიგში, ადამიანობას აფასებს.
მაგრამ რამდენად დიდია მათში სივრცე  ადამიანობისთვის, რომ კათარზისი, თუნდაც საკუთარ მოწინააღმდეგეში, ჭეშმარიტების დანახვის სურვილმა გააღვივოს?

 

რატომ ვარჩევთ თანამშრომლობას მუდმივ კონკურენციას?
ან რატომ გვგონია, რომ ჭეშმარიტება შეიძლება მხოლოდ ერთ პოლიტიკურ ძალაში იყოს?
და გამარჯვებული ყოველთვის მართალი?

 

ნუთუ ყველანი ასეთი კონფორმისტები ვართ?
ბუნებრივია, ჩვენ არ ვგავართ მარჩელოს გმირს, მაგრამ ყველა ჩვენგანს გვაქვს ჩვენ-ჩვენი შიშები და კომპლექსები, ჩვენი ბავშვობისდროინდელი ტრავმები და ჩვენი მარცხები.
ამიტომ გვიხარია, როცა ამ ნაკლოვანებებს ჩვენი გამარჯვებებით ვავსებთ და ამგვარად, ბედნიერების ჰორმონებიც ჩვენსავე ორგანიზმებში უხვად გამოიყოფა.
მაგრამ რის ფასად?

 

არ მიყვარს მორალის კითხვა და მაქსიმალურად შევეცადე, ეს სტატიაც ზედმეტად მორალისტური ქადაგებებით არ დამეტვირთა, მაგრამ ვერ გავექცევით იმას, რომ ჩვენში, ქართველებში, რომლებმაც არა ერთი დამარცხება გადავიტანეთ როგორც სამხედრო, ასევე მორალური თვალსაზრისით, გამარჯვებისადმი სწრაფვა უფრო მძაფრადაა ფეხმოკიდებული.

 

წარსულში, დამარცხებით გამოწვეული ტკვილი მკაფიოდ იყო შესამჩნევი დასავლეთშიც. მაგალითად, ამერიკულ საზოგადოებაში, ვიეტნამის ომის დასრულების შემდეგ. 70-იანები წლების თაობის სულისკვეთება ყველაზე კარგად პანკ-როკის ,,ჰიმნში“ - “Blank Generation”-ში (ქართ. ,,ცარიელი თაობა“) იქნა გამოხატული, სადაც რიჩარდ ჰელი ბოლო ხმაზე გაჰყვირის: ,,მე ცარიელ თაობას მივეკუთვნებიო.“
ეს სიმღერა ხშირად მახსენებს ჩვენს 90-იანელებს. მაშინდელ თაობას უფრო ,,დაკარგულ თაობად“ მოიხსენიებდნენ (სიტყვა ,,დაკარგული“ ხომ აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ აქტუალური გახდა), თუმცა მაშინ არავის დაუწერია ამგვარი ,,ჰიმნი.“

 

დღეს, როცა ძველი ჭრილობები ჯერ კიდევ მოუშუშებელი გვაქვს, გასაკვირი არაა, რომ გამარჯვებისადმი სწრაფვა თითოეულ ქართველში ვულკანის ლავას გავს, რომელიც დროგამოშვებით ამოფეთქავს.
არაფერია ცუდი იმაში, რომ გამარჯვება გვინდა.
მაგრამ კიდევ ერთხელ დავსვამ შეკითხვას: რის ფასად?
კვლავ კონფრონტაციის, დაპირისპირებული ბანაკების, ანტაგონიზმისა და კონკურენციის ერთი დიდი აპოთეოზისთვის, რომელიც მხოლოდ სიძულვილს შობს.
სიძულვილს ,,სხვის“ მიმართ, იმის მიმართ, ვინც ,,ჩვენთან“ არ არის.

 

ალბათ სწორედ ამიტომ ჯერ კიდევ უცხოა ჩვენთვის სიტყვა ,,თანამშრომლობა.“
საძულველ ტერმინად იქცა ტერმინი ,,კოჰაბიტაცია.“
და კვლავაც იმის მოლოდინში ვართ, თუ როდის ვიპოვით ჩვენს ,,ახალ სამოთხეს.“
და, რაღა თქმა უნდა, ყველანი ვრჩებით კონფორმიზმის ერთ დიდ ამფითეატრში.  

 

მაგრამ ყველას გვავიწყდება, რომ ყველაფერი შედარებითია.
გამარჯვებაც და დამარცხებაც პირობითი ცნებებია.
და მეც, ამ წინაასაარჩევნო ბატალიების შემყურე, ბოდლერის სიტყვები მახსენდება:
“Life has but one true charm: the charm of the game.
But what if we’re indifferent to whether we win or lose?”

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია