ვისი გორისანი ვართ... (ნაწილი II)

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
27-03-2016, 01:23 | კომენტარები | ნანახია - 1753

 

გაგა გობრონიძე

 

„ჩვენი სახელმწიფო“ ახალგაზრდაა და მიუხედავად ყველაფრისა და იმ სტაგნაციისა რაც ამჟამად გვჭირს, გვინდა - არ გვინდა მაინც შენდება. აქედან გამომდინარე ან ჯერ არ ვიცით ან საერთოდ ვერ ვხდებით რა არის ქვეყნის მოქალაქეობა და რა არის ჩვენი სახელმწიფო. ბევრს შეიძლება ეცინება კიდევაც გმირთა მოედანზე მდგარი საპატიო ყარაულის დანახვაზე. „ამათ მოცლიათ რა“-ც გამიგონია.

 

არ ვიცით ეროვნული სიმბოლიკის დანიშნულება. გახსენებაზე იგივე 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს რუსებმა სამი ქართული შენაერთის დროშა წაიღეს და მოსკოვში სამხედრო მუზუემში გამოფინეს. ეს ამბავი არც მაშინ და არც ახლა დიდ ტრაგედიად არავის ჩაუთვლია. ამ დროს „საბრძოლო ნაწილის დროშის დაკარგვა“-ზე დიდი სირცხვილი არ არსებობს. უფრო მეტიც რომის იმპერიიდან დაწყებული (IX „დაკარგული“ ლეგიონის ანუ Legio IХ Hispana-ს ისტორიაც კმარა ამისთვის) დღემდე არსებობს დაუწერელი წესი - ნაწილი, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო დააზიანებს ან რაც უფრო სამარცხვინოა დაკარგავს საბრძოლო დროშას, წყვეტს არსებობას. თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ - უქმდება აღნიშნული სამხედრო ნაწილის დასახელება და მისი ნომერი. პირადი შემადგენლობა კი გადანაწილდება სხვა მონათესავე დანაყოფებში. ჩვენთან მსგავსი მგონი არც მომხდარა და დღემდე ალბათ არსებობს სამი სამხედრო შენაერთი რომლებმაც დროშა დაკარგეს.

 

თუმცა შორს რომ არ წავიდეთ, ჩვენ სახელმწიფო დროშაზე რამდენჯერ გაგვიგია სხვადასხვა აბსურდული ეპითეტები. რომლებსაც ე.წ. პატრიოტული ძალები გვიქადაგებდნენ რაღაც პერიოდი - „მასონების დროშა“, „ტამპლიერების დროშა“ (ამ დროს რეალურად ტამპლიერული დროშა შავ-თეთრია და საეჭვოდ წააგავს დავით აღმაშენებლის საომარ შტანდარტს). „სატანისტების დროშამდეც“ მივიდნენ და მხოლოდ სადღეგძელოში თუ ახსენდებათ ხოლმე ქართველების იერუსალიმში შესვლის პრივილეგირებული წესები და ალბათ ვერანაირ პარალელსაც ვერ ავლებენ ამ პრივილეგიას და „იერუსალიმის სიმბოლოს“ შორის, რომელიც ჩვენ დროშაზეა გამოსახული. „ხუთ ჯვარზეა“ საუბარი, რომლებიც უფლის ხუთი ჭრილობის სიმბოლური გამოსახულებაა.

 

დიახ, გვქონდა ოდესღაც სახელმწიფო და ჩვენც ვიყავით მაშინდელი სამყაროს სრულფასოვანი ნაწილი, თავისი პრეტენზიებით და პრივილეგიებით. მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო და ამ ყველაფერმა ჩვენამდე თავიდან ბოლომდე გაზღაპრებულად, დამახინჯებულად და შეგნებულად ფალსიფიცირებულად მოაღწია.

 

ამ ყველაფერმა კი მიგვიყვანა იქამდე, რომ ერს რომელიც სახელმწიფოს შექმნის მიჯნაზე დგას აბსოლუტურად დაუკარგა რეალობის, მოვლენებიდან ასე თუ ისე ლოგიკური დასკვნების კეთების და ობიექტურობის განცდა. მიზეზი ძალიან მარტივია - იმპერიის (რა თქმა უნდა რუსეთის, რომელსაც ბრწყინვალედ ჰქონდა და დღემდე აქვს შესწავლილი ქართველის ფსიქო პორტრეტი) პროპაგანდა 200 წლის განმავლობაში, სხვადასხვა სახით და ფორმებით, თითქმის გენეტიკის დონეზე გვიდებდა ფორმულას - „რაც კარგები ვართ“-ს. ამის ფონზე ხდებოდა რეალური ისტორიის, ანუ პირველწყაროების მიჩქმალვა-აკრძალვა, ქართველების ტრადიციული ყოფის მოშლა და რეალური „ადათების“ თუ ტრადიციების ჩანაცვლება ახალი, აბსურდული ფენომენებით, რომელსაც ახლა, 21-ე საუკუნის მიჯნაზე რატომღაც „ეროვნულ თვითმყოფადობას“ ვუწოდებთ. ამ საქმიანობაში სამწუხაროდ და ამ დროს აბსოლუტურად ლოგიკურად დიდი წვლილი ქართულ საბჭოთა ისტორიოგრაფიასთან ერთად, ე.წ. ქართული კულტურული „ინტელიგენციის“ დიდ ნაწილსაც მიუძღვის, რომელიც ბუნებრივია რუსული პროპაგანდისტული მანქანის ერთი ჩვეულებრივი და რიგითი ნაწილი იყო. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი დღემდე გრძელდება და ნებისმიერი მცდელობა „რევიზიისა“, თუ საკითხის მიმართ ახლებურად და რეალურ წყაროზე დაყრდნობით მიდგომისა, უსასტიკეს წინააღმდეგობას იწვევს. ასე „დისკუსიების“ დიდი ნაწილი - „თქვენ ხომ საქართველო არ გიყვართ, თქვენ ხო არაქართველები ხართ“ ტიპის ტირადებით მთავრდება.

 

და ამ ყველაფრის მიუხედავად გვყავს ჩვენი ეპოქის გმირები და ადამიანები რომლებიც თანამედროვე საქართველოს ისტორიას ქმნიან. როდესაც „ჭეშმარიტების მომენტი“ დაუდგათ არც ერთ მათგანს არ დაუსვია შეკითხვა „კი მაგრამ აი ამ ქვეყანამ მე რა გამიკეთა“?

 

არ გვინდა სადღაც შორს და „გმირულ წარსულში“ ქექვა და სხვადასხვა ისტორიების მოგონება. ეს ხალხი, ჩვენი „მატიას შინდელარები“ ეგერ აქ გყვავს, ჩვენს გვერდით, რომლებსაც არც ადრე ვამჩნევდით და არც მათი ჩადენილი ქმედებების შემდეგაც არ ვიკლავთ თავს მათი გახსენებით.

 

IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, რომლის გმირობა სადღაც 300-400 წლის წინ არ მომხდარა და ჩვენამდე მატიანეს არ მოუტანია. ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ მოხდა და ყველას შეიძლება ითქვას „ჩვენი თვალით“ გვაქვს ნანახი. ტყვედ ჩავარდნილს ჯალათებმა (იმ რუს და ოს სუბიექტებს „სამხედროებს“ ვერანაირად ვერ ვუწოდებ) ეროვნული დროშის შეურაწყოფა მოსთხოვეს. მერე რაც მოხდა უკვე ყველამ ვიცით და ბევრს არ გავაგრძელებ.

 

უბრალოდ გიორგის მშობლიურ სოფელში ვიღაცეების მიერ რუსული „ტრეკოლორების“ პერიოდული და „მთვრალზე“ გამოფენა და მანიაკალური სიჯიუტით სტალინის ბიუსტის დადგმა, თუ მკრეხელობად არა მინიმუმ უცნაურად ჩანს. ამ ყველაფერს კი უფრო მაღალფარდოვნად „ფასეულობების სერიოზული აღრევა“ ჰქვია.. ეგეც დაავადებაა, ეგეც სახადია, რომელსაც მოვხდით... აუცილებლად მოვიხდით.

 

მოვიხდით იმიტომ რომ ჩვენ გყვავს მომავალი საქართველოს კიდევ ერთი სიმბოლო, გულიკო ჭიტაძე. უბრალო ქართველი ქალბატონი რომლის ისტორიაც ალბათ ყველამ ვიცით. არც მან დასვა ის ცნობილი შეკითხვა. რომელიც ამ წერილში ბევრჯერ გავიმეორეთ და როდესაც თბილისის ზოოპარკმა წყალდიდობის შემდეგ დატბორვა დაიწყო, გულიკო დაუფიქრებლად თავისი პროფესიული და მოქალქეობრივი მოვალეობების შესასრულებლად მეუღლესთან ერთად სტიქიის ეპიცენტრში გაემართა. იგი ზოოპარკის ცხოველების მომვლელი გახლდათ. იგივე სამსახურში მიღებული უსერიოზულესი ტრამვის მიუხედავად (სტიქიამდე რამოდენიმე კვირით ადრე იგი ვოლიერში სერიოზულად დაზარლდა ცხოველისგან) ერთი წამითაც არ დაფიქრებულა. მას უბრალოდ თავისი ცხოველები უნდა გადაერჩინა. გულიკო ჭიტაძე დაიღუპა.

 

ბევრს აღარ გავაგრძელებთ, ისედაც წერილი საკმარისზე მეტი გამოვიდა. ფაქტი ერთია -ახალმა საქართველომ უამრავი ახალი გმირი გვაჩუქა, რომლებსაც იმის მაგივრად ძეგლები დავუდგათ და ეროვნულ სიმბოლოებად ვაქციოთ, ბანალურად და როგორც ჩვენ გჩვევია უბრალოდ ვივიწყებთ. ეს სხვადასხვა ასპექტებში გამოიხატება ხოლმე. არც ამის ჩამოთვლას დავიწყებ.

 

ზუსტად მათი მეოხებით იქნება ის რომ... როდესაც, როდესღაც მოგვიწევს უმცროსი თაობებისთვის რაიმე ქრესტომათიული მაგალითის მოყვანა „თუ რა არის პატრიოტიზმი და რატომ არ არის პატრიოტიზმი არამზადების თავშესაფარი“ და რას ნიშნავს „შენი ქვეყნის შვილობა და მოქალაქეობა“, უკვე თამამად შეგვეძლება ვუთხრათ - „აი ბავშვებო, თქვენ გიორგის და გულოკოს... გორისანი ხართ“.

 

P.S.

 

მახსოვს ადრე გაზეთებში ასეთი ტერმინი მხვდებოდა -„იმ დროს როდესაც ნომერის აწყობა ხდებოდა“ და ამას მოჰყვებოდა რაიმე ოპერატიული და ახალი ინფორმაცია...

 

ზუსტად მსგავსი განმეორდა ამ წერილის აკრეფვის დროსაც. დავამთავრე, ამოვისუნთქე და სოციალურ ქსელში შევიხედე. მოხდა უცნაური „დამთხვევა“, თუმცა იძახიან რომ დამთხვევები სამყაროში არ არსებობენო და ყველაფერი რაღაც დიდი ლოგიკას ექვემდებარებაო...

 

მოკლედ, პირველი რაც facebook-ში თვალში მომხვდა ეს იყო იყო ნიკა რურუას იმ წამს დაწერილი სტატუსი ( https://www.facebook.com/nika.rurua.9/posts/1064668860271650).

 

აი ამაზე ამბობენ ხოლმე „მინაწერის მაგივრად“-ო...

 

P.S.1

 

და ზუსტად ამ წერილის აკრეფვის დღეს ნადეჟდა სავჩენკო რუსულმა სასამართლომ... დამნაშავედ სცნო...

 

 

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია