სალამი კომუნისტს

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
28-03-2016, 14:49 | კომენტარები | ნანახია - 1322

 სალამი კომუნისტს

 

ჯონ მაკკეინი

The New York Times

16 მარტი, 2016 წელი.

თარგმნა: გიორგი იმედაშვილმა

 

„ვის უხმობს ზარი“ ჩემი საყვარელი რომანი იყო, ხოლო მისი მთავარი გმირი რობერტ ჯორდანი, ჩემი ლიტერატურული კერპი. მის მსგავსად დელმერ ბერგი ესპანეთში იბრძოდა. სიყვარულისთვის.

 

ცოტა ხნის წინ, „ნიუ იორკ თაიმსმა“ ძალიან საინტერესო ნეკროლოგი დაბეჭდა, მიუხედავად იმისა, რომ ცნობა მისი მიზეზის გარდაცვალების შესახებ, გასულ თვეში, ოჯახისა და მეგობრების წრეს, ფაქტობრივად, არ გასცდენია.

 

ეს არც არის გასაკვირი, დელმერ ბერგი არ იყო ცნობილი პიროვნება, ის არ ყოფილა არც მდიდარი და არც გავლენიანი კაცი და არც არასდროს დაუკავებია საჯარო პოსტი. ის კალიფორნიელი იყო, მუშაობდა ფერმის მუშად და ქვისმთელად, ასევე აგვარებდა გაერთიანების საორგანიზაციო საკითხებს, იყო N.A.A.C.P.1-ის ლოკალური ფრთის ვიცე პრეზიდენტი. აპროტესტებდა ვიეტნამის ომსა და ბირთვულ შეიარაღებას. ამერიკის შეერთებული შტატების კომუნისტურ პარტიას 1943 წელს შეუერთდა და The Times-ის ცნობით, სიცოცხლის ბოლომდე ერთგულ კომუნისტად დარჩა. ის ასი წლის იყო.

 

გარდა ამისა, ბერგი „აბრაამ ლინკოლნის ბრიგადის“ უკანასკნელი, ჩვენთვის ცნობილი ცოცხალი ვეტერანი იყო.

სალამი კომუნისტს

 

70 წელზე ახალგაზრდა არც ისე ბევრმა ამერიკელმა იცის „ლინკოლნის ბრიგადის“ შესახებ. ეს იყო სახელწოდება, რომლითაც მოიხსენიებდნენ დაახლოებით სამი ათას ძირითადად ამერიკელ მოხალისეს, რომლებიც ესპანეთის სამოქალაქო ომში იბრძოდნენ 1937 და 1938 წლებში. ისინი რესპუბლიკელების მხარეს, ესპანეთის დემოკრატიულად არჩეული მემარცხენე მთავრობის დასაცავად იბრძოდნენ და უპირისპირდებოდნენ ნაციონალისტებს, რომელთაც გენერალი ფრანცისკო ფრანკო ხელმძღვანელობდა.

 

ნაციონალისტები ამტკიცებდნენ, რომ კომუნისტების წინააღმდეგ და მონარქიის რესტავრაციისათვის იბრძოდნენ, ხოლო რესპუბლიკელები, დემოკრატიის დასაცავად. პირველებს ფაშისტები უძღვებოდნენ, ხოლო მეორენი, ორთავენაირი, ცინიკური და გულუბრყვილო ვარიაციებით, კომუნისტების მფარველობის ქვეშ იყვნენ. რესპუბლიკელების ბანაკში საზღვარგარეთიდან ჩამოდიოდნენ იდეალისტი თავისუფლებისთვის მებრძოლები.

 

„ლინკოლნის ბრიგადას“ თავიდან ბატალიონი ერქვა და წარმოადგენდა ერთ-ერთ სამოხალისეო ერთეულს, რომელიც მაშინ იმ „საერთაშორისო ბრიგადების“ ნაწილი იყო, რომელიც აერთიანებდა არაერთი ქვეყნიდან ჩამოსულ ათასობით მოხალისეს და რომელის ორგანიზებასაც „კომინტერნი“ ახდენდა, საერთაშორისო კომუნისტური ორგანიზაცია, რომელსაც საბჭოელები მართავდნენ. ფრანკოს ნაციონალისტებს კი ნაცისტური გერმანია და მუსოლინის იტალია ეხმარებოდათ.

 

ესპანეთი გახდა თეატრი იმ ომისთვის რომელიც სამმა, მეოცე საკუნეში ყველაზე გავლენიანმა იდეოლოგიამ - კომუნიზმმა, ფაშიზმმა და თვითგამორკვევის იდეამ დაიწყეს და რომელიც, ამა თუ იმ ფორმით, ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა მანამ, სანამ თავისუფლების დამცველებმა და მათმა ჩემპიონმა შეერთებულმა შტატებმა არ გაიმარჯვეს.

 

ყველა ამერიკელი, ვინც „ლინკოლნის ბრიგადაში“ იბრძოდა, კომუნისტი არ იყო, თუმცა ბევრნი იყვნენ, დელმერ ბერგის ჩათვლით, ხოლო სხვები უბრალოდ ფაშისტების წინააღმდეგ და დემოკრატიის დასაცავად ჩამოვიდნენ. ბევრ კომუნსიტსაც სწამდა, რომ ისინი ურპირველესად თავისუფლებისათვის მებრძოლნი იყვნენ, რომლებიც სიცოცხლესა და სხეულს სწირავდნენ ქვეყნისთვის, რომელსაც კარგადაც არ იცნოდბდნენ და ხალხისთვის, რომელსაც არასდროს შეხვედრიან.

 

თქვენ ისინი შეიძლება რომანტიკოსებად ჩათვალოთ, იმ განწირული იდეისთვის მებრძოლებად, რომელიც რაღაც უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე მათი პირადი ინტერესები. და მიუხედავად იმისა, რომ მისტერ ბერგის მსგავსი ადამიანები ასოცირდებიან „კომუნიზმთან“, ცნებასთან რომელმაც ბევრად უფრო მეტი ტანჯვა მოავლინა, ვიდრე შეამსუბუქა და ადამიანის ღირსება სახელმწიფოს მსახურად აქცია- მე ყოველთვის აღტაცებული ვიყავი ესპანეთში მათი სიმამაცითა და თავგანწირვით.

 სალამი კომუნისტს

ეს თორმეტი წლისამ ვიგრძენი, ჰემინგუეის „ვის უხმობს ზარი’-ის კითხვისას, მამაჩემის კაბინეტში. ეს ჩემი საყვარელი რომანია, ხოლო მისი გმირი, რობერტ ჯორდანი, შუა დასავლელი მასწავლებელი, რომელიც ესპანეთში იბრძოდა და მოკვდა, ჩემი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟი გახდა. რომანში ჯორდანი იწყებს ომის მიზეზების უაზრობად აღქმას. ის ცინიკურია თავის ხელმძღვანელობის და იმ არასანდო საბჭოელების მიმართ, რომლებიც ხელმძღვანელობის მოსყიდვას ცდილობენ.

 

მაგრამ წიგნის ბოლო სცენაში, ჯორდანი აირჩევს სიკვდილს იმ საბრალო ესპანელი სულების გადასარჩენად რომელთა მხარდამხარ და რომელთათვისაც იბრძოდა, ამის მიზეზი აღარ იყო იდეოლოგიათა ჯახი, არამედ კეთილშობილური თავგანწირვა სიყვარულისთვის.

 

„სამყარო კარგი ადგილია და ღირს საბრძოლველად“- ფიქრობს ჯორდანი, როდესაც სიკვდილს ელოდება, „და მე მძულს მისი დატოვება“. თუმცა, მაინც დატოვა. სურვილისამებრ.

 

მისტერ ბერგი ესპანეთში მაშინ წავიდა, როდესაც ძალიან ახალგაზრდა კაცი იყო. ის ომის ყველაზე დიდ და გადამწყვეტ ბრძოლებში მონაწილეობდა, გაუძლო ჭრილობებს, ნახა როგორ იხოცებოდნენ მეგობრები. იცოდა, რომ სიცოცხლე გადადო წაგებული მიზნებისათვის, მისთვის უცნობი ხალხისთვის, მაგრამ მათ მიმართ გრძნობდა ვალდებულებას და ამას არ გაქცევია. შემდეგ სახლში დაბრუნდა, დაიწყო ცემენტისა და ქვის ბიზნესი და მთელი მისი გრძელი ცხოვრების მანძილზე იბრძოდა იმისთვის, რაც სწამდა.

 

მე არ მჯერა იმ საქმეების, რასაც მისტერ ბერგი აკეთებდა, გარდა ერთისა. როგორც დონი2 წერდა: „არც ერთი კაცი არ არის კუნძული, მთლიანად თავისთვის.“ ის არის „მთლიანის ნაწილი“ და მე მწამს, რომ „ყოველი კაცის სიკვდილი მამცირებს მე, რადგან ვარ ნაწილი კაცობრიობის“.

 

ასეთი იყო მისტერ ბერგი, მას არ სჭირდებოდა იმის ცოდნა, თუ ვისთვის რეკდა ზარი, იცოდა რომ სწორედ მისთვის რეკდა და მე მივესალმები მას. მშვიდად განისვენე.

 

--------------------------------------------------

1. National Association for the Advancement of Colored People- „ფერადკანიანთა წინსვლის ხელშემწყობი ნაციონალური ასოციაცია“.

 

2. ჯონ დონი (1572- 1631)- ინგლისელი პოეტი და სასულიერო პირი. მოხმობილია ფრაგმენტები მისი ლექსიდან: No Man is an Island:

No man is an island,

Entire of itself,

Every man is a piece of the continent,

A part of the main.

If a clod be washed away by the sea,

Europe is the less.

As well as if a promontory were.

As well as if a manor of thy friend's

Or of thine own were:

Any man's death diminishes me,

Because I am involved in mankind,

And therefore never send to know for whom the bell tolls;

It tolls for thee.

 

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია