დასავლური Empowerment და საბჭოთა “ნიშის” სინდრომი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
28-03-2016, 15:11 | პოლიტიკა | ნანახია - 1610

 დასავლური Empowerment და საბჭოთა “ნიშის” სინდრომი

 

ნიკა რურუა

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში შვიდწლიანი ცხოვრებისას ჩემთვის ბევრ სხვა სიახლესთან ერთად ერთი სასიამოვნო რამ აღმოვაჩინე. კერძოდ ის, რომ იქ ის ადამიანები, ვინც სოციუმის, თემის, უბნის, ქალაქის, რასის ან ნებისმიერი სხვა გაერთიანების მიერ მიჩენილი, მიწეპებული, დადგენილი, წინასწარ განსაზღვრული იმიჯის, ეტიკეტის დამარცხებას ან დაძლევას თუ შეძლებდა, მათ უამრავ ტელე-შოუში, სტატიასა თუ სხვა სახის პუბლიკაციაში ვხედავდით ხოლმე. ვხედავდით, როგორც მაგალითს ადამიანური სიძლიერისა და პიროვნული გაუმჯობესების სურვილისა.

 

სხვა სიტყვებით ამას დასავლეთში Empowerment-საც უწოდებენ, რაც პირდაპირ თარგმანში “გაძლიერებას” და გამხნევებას ნიშნავს. ეს “გაძლიერება” იქ მოქალაქეთა მოტივირებას, მისთვის საკუთარ ძალებში დარწმუნებას ემსახურება.

 

აღნიშნული ტრადიცია, რომელიც პოლიტიკის რანგშია აყვანილი, ლოგიკურიცაა, რადგან თავისუფალ ქვეყანასა და ასეთივე საზოგადოებაში ერთი ადამიანის პროდუქტიულობა, მისი კარგი მოქალაქეობა, აქტიურობა, საზოგადოებრივი სიკეთისა და კეთილდღეობის მთავარ გარანტიადაა მიჩნეული; იქ ამაზე დგას საერთო წარმატება - თითოეულ მოქალაქეზე, რა ერთობაც კუმულატიულ ეფექტს წარმოშობს იმ საერთო, შთამბეჭდავი წარმატებისა, რასაც თავისუფალი სამყაროს სახელმწიფოებმა მიაღწიეს ყველა არსებული პრობლემის მიუხედავად.

 

ამერიკაში არავის უკვირს, მაგალითად, ჰარვარდის ან სტენფორდის უნივესიტეტის კურსდამთავრებულის წინსვლა, ან ბავშვობიდან ნიჭიერი ადამიანის მხრიდან რაიმე ინოვაცია ან წარმატების რაიმენაირი გამოხატულება - ეს მოსალოდნელიც იყო. მაგრამ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა იმ ადამიანებს, ვინც რაიმე რთულს სძლია, რაიმე მძიმეს დააღწია თავი: იქნება ეს ნარკომანია, ალკოჰოლიზმი, უიმედო სიღატაკე, უზომოდ ჭარბი წონა, ქუჩის ბანდა, თუ მაწანწალობა.

 

ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა, ამერიკის შეერთებული შტატების მესამე პრეზიდენტი და დამოუკიდებლობის დეკლარაციის ავტორი, თომას ჯეფერსონი წერდა, რომ “ახალგაზრდობისას, მე ვიყავი ცუდ წრეში და დიდი შანსი მქონდა ისეთივე უვარგისი და უსარგებლო გავმხდარიყავი ჩემი ქვეყნისა და ხალხისთვის, როგორადაც ბევრი ჩემი თანამეინახე დარჩა. საბედნიეროდ, ასე არ მოხდა”.

 

ეს მრავლისმთქმელი, უშიშარი განცხადებაა.

 

დღეს თომას ჯეფერსონი, ისევე როგორც ახალგაზრდობისას მეკობრეთ შერაცხული ალექსანდერ ჰამილტონი, ამერიკული დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანებად არიან მიჩნეული და მათი პატრიოტიზმი ასობით მილიონისთვის მისაბაძ მაგალითადაა ქცეული.

 

ახლა კი ჩვენს თავს შევხედოთ.

 

ამის სრულიად საპირისპირო ფენომენი მახსოვს საბჭოთა კავშირში და, რაც ყველაზე სავალალოა, პოსტ-საბჭოთა საქართველოშიც. იქ, ინდივიდუალიზმისადმი პოლიტიკურ დონეზე მტრულად განწყობილ რეჟიმში, მკაცრად იყო განსაზღვრული კლასობრივი დისპოზიცია და საზოგადოებრივი “წოდებები”. ვითომცდა ამ უკლასო საზოგადოებაში ხელისუფლება და მასთან დაახლოვებული ადამიანთა ჯგუფები განსაზღვრავდნენ “ვინ იყო ვინ”.

 

საკმარისი იყო, რომ ადამიანისთვის მიენიჭებინათ რომელიმე “ტიტული” ამ კლასობრივ იერარქიაში, რომ სამუდამო ნიშა-კარცერი ამ პიროვნებას გარანტირებული ჰქონდა. მაგალითად, არსებობდნენ ინტელიგენტი ლოთები, ე.წ. “ჩუდაკები”, “ზაპადნიკები”, “ცეკას ბიჭები”, “თბილისელები”, “მოქეიფეები”, “გაღმელები”, “სოფლელები”, “ატკაზჩიკები”, “კაიფარიკები”, “დამრტყმელები”, “მტრული ელემენტები”, “ტექნიკური ინტელიგენცია” და ათასი ამგვარი ნიშა-განაჩენი, რომელთაგანაც გამოსვლას ადამიანს, არათუ მხოლოდ რეჟიმი და მისი წარმომადგენლები, არამედ თვითონ სხვა, ანალოგიური ნიშების წარმომადგენლებიც აღარ პატიობდნენ: სოციალური, და ღმერთმა ნუ ქნას, პოლიტიკური მობილურობა საშიშ მოვლენად ითვლებოდა, რასაც რა მოყვებოდა, მხოლოდ ეშმაკმა და საბჭოთა უშიშროებამ უწყოდა.

 

და ეს არ იყო შეუმჩნეველი ფენომენი.

 

საბჭოთა კავშირში არ უყვარდათ არც გამოსწორებული ლოთები, არც უცებ წარმატებამიღწეული (წარსულში კი) ხელმოცარულები, ყოფილი ნარკოტიკების მომხმარებლები, ყოფილი გაჭირვებულები, ყოფილი პარტიულები, ყოფილი პატიმრები და ა.შ. ანუ, ცვლილება, განსაკუთრებით უკეთესი მიმართულებით, რამდენადაც ეს ულოგიკო უცნაურობად არ უნდა გვეჩვენოს (მაკარენკოსეული “პერეკოვკის” ფარისევლური კულტის მიუხედავად), არ ითვლებოდა მოსაწონ, მისასალმებელ რამედ.

 

სვლა ცუდი მიმართულებით, ანუ გაუარესებისკენ კი, ნებადართული იყო: გნებავთ კისერიც გიტეხიათ - ამბობდა უტყვი და პირქუში წესი, რომელიც ბეტონისებური სიმტკიცით გამოირჩეოდა.

 

ოღონდ, შინაგანი და დაფარული ლოგიკა ამაშიც, ცხადია, არსებობდა.

 

საბჭოთა სახელმწიფო, როგორც ჩაკეტილი სისტემა, ხელისუფლების და საზოგადოების მკაფიოდ განსაზღვრულ და ჩამორიგებულ როლებს ეფუძნებოდა; იქ ზედმეტი ინიციატივა, ნებისმიერი გადახვევა მინიჭებული “ნორმიდან” თუ პირდაპირ არ ისჯებოდა, სისტემის მხრიდან ეჭვისა და გამოძიების ობიექტი უდაოდ ხდებოდა. სახელმწიფოს, რომელიც მთელი ხალხის იძულებისა, და, ხშირ შემთხვევაში რეპრესირების საშუალებით ახორციელებდა საკუთარ პოლიტიკურ (მარქსისტულ-ბოლშევიკურ) ექსპერიმენტს, სიტუაციის მართვა მკაფიოდ განაწილებული როლების მიხედვით ერჩივნა.

 

სამწუხაროთ, ნელ-ნელა სახელმწიფოს მხრიდან თავსმოხვეული მოდელი საზოგადოებისთვისაც მისაღები გახდა, რომელსაც დაუმორჩილებლობის და წინააღმდეგობის გაწევის აპეტიტი რამდენიმეჯერ დააკარგვინა უკიდურესად დაუნდობელმა სადამსჯელო კამპანიებმა ჯერ 20-იან, შემდეგ 30-იან, შემდეგ 50-იან და ბოლოს 80-იან წლებში. ამდენად, საზოგადოების დიდი ნაწილიც შეეგუა უცვლელ სოციალურ სტურუქტურირებას, რომლის სადარაჯოზეც უკვე თვითონვე დადგა სახელმწიფოსთან ერთად.

 

მიუხედავად ჩემი არცთუ ხნოვანი ასაკისა, კარგად მახსოვს როგორც “უშლიდა ნერვებს” საბჭოთა ელიტებს ის ხალხი, ვინც მათთვის გამოყოფილ ნიშას არ ეგუებოდა და ცვლილების, ევოლუციის, ექსპერიმენტის სურვილს არ კარგავდა. ისინი ამ “ელიტების” დისფავორში, ანუ უკმაყოფილების არეალში ხვდებოდნენ, როგორც კი ბედავდნენ და მათთვის დადგენილ-გამოყოფილი როლიდან გასვლის მცდელობას ბედავდნენ. ისინი, როგორც მინიმუმ, საყოველთაო ღია თუ დაფარული დაცინვისა და ქილიკის ობიექტები ხდებოდნენ. საბოლოოდ კი ამან საზოგადოებრივი სინდრომის მანკიერი ფორმა მიიღო. სტატუს-უცვლელობის მომხრეები უკვე საზოგადოების ყველა ფენაში საკმარისად გაჩნდა.

 

ამგვარი მენტალობის ხალხი, საქართველოს დამოუკიდებლობის 25-წლიანი ისტორიის მიუხედავად, დღემდე არსებობს. ანუ, ეს სინდრომი ჯერ კიდევ ცოცხალია: ისინი საბჭოთა “ელიტების” ნამსხვრევ-ნარჩენები არიან და ისევ ამ კატეგორიებით აზროვნებენ; ცდილობენ ასევე გაზარდონ საკუთარი შვილები და იგივე “ფასეულობები” გადაულოცონ მათაც, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში არსებული საზოგადოებრივი სტრუქტურები, საბედნიეროდ, მოირღვა და ბევრად უფრო მერიტოკრატული, ანუ შესაძლებლობებზე დაფუძნებული გახდა, რაც მათ ამოცანას ფრიად ართულებს (ყველაზე ნათელი მაგალითი ამ ჯგუფის ჯერ კიდევ არსებობისა გამოიხატა მის მიერვე საკუთარი თავისთვის დარქმეულ სახელწოდებაში: “ჩარეცხილები”, რომელიც გარდა იმისა, რომ სასაცილოა, ასევე გასთქვამს “მსხვერპლის” პოზაში ჩამდგარის მაზოხისტური სიამოვნების კონოტაციას და ამავე დროს დაკარგული “ელიტარულობის” განცდისადმი სევდას).

 

მაგრამ ცხოვრება, როგორც სწრაფი მდინარე, მიედინება და უამრავი სიახლე მოაქვს. დღეს საქართველო, მიუხედავად მისი ნაწილობრივი და მიმდინარე ოკუპაციისა, უკვე თავისუფლებისა და დემოკრატიის რთულად, მაგრამ ჯიუტად მშენებელი ქვეყანაა. და ეს ასე იმიტომაა, რომ ჩვენი ერის უდიდეს ნაწილს ესმის ამის მნიშვნელობა, მიუხედავად მთავარიდან ყურადღების უამრავი გადამტანი პრობლემისა თუ გასაჭირისა.

 

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყანა ცდილობს საკუთარი ადგილის მოპოვებას თავისუფალ ერთა გლობალურ ოჯახში, მას ძალიან ჭირდება მოტივირებული, გამბედავი, გულანთებული, და გაუმჯობესების მსურველი, მხნე ადამიანები - აი ისეთები, სტიქიური უბედურებისას გმირთა მოედანზე რომ ვნახეთ მოხალისეებათ გამოსული.

დასავლური Empowerment და საბჭოთა “ნიშის” სინდრომი

 

ასეთი ადამიანები კი მხოლოდ საკუთარი თავის იმედად და მხოლოდ საკუთარ ნაჭუჭში ვერ ჩნდებიან. ასეთი მოქალაქის ჩამოყალიბება და შენარჩუნება ნებისმიერი რაციონალური და თავისუფალი სახელმწიფოს მიზანია. სწორედ ამიტომაც, დროა საბოლოოდ დავემშვიდობოთ ჩვენს საბჭოურ ანტი-გამოცდილებას და მივესალმოთ ყველაფერ საინტერესოს, გამბედავს, ცვლილებაზე ორიენტირებულს, რაციონალურსა და სასურველს.

 დასავლური Empowerment და საბჭოთა “ნიშის” სინდრომი

 

და სხვებსაც დავეხმაროთ ამაში. ჩვენი, ქართული Empowerment, ანუ “გაძლიერებაც” - ერთმანეთის გაძლიერება - ეს იქნება და საერთო კეთილდღეობასაც ასე ბევრად უფრო მალე მოვიპოვებთ.

 

 

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია