დე-ხე-ნერაცია - (სურრეალისტური ჩანახატი)

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
28-03-2016, 22:52 | კომენტარები | ნანახია - 2047

დე-ხე-ნერაცია - (სურრეალისტური ჩანახატი) 

 

ზურა ოდილავაძე

 

ალფა კენტავრის სისტემის, კერძოდ კი, ვარსკვლავ ალფა კენტავრი B-ს ბინადარი: ,,დავიჯერო, მართლა ფიქრობ, რომ აქამდე არსად მსოფლიოში არ მომხდარა,– ხის გადატანა? ეს ხომ ჩვეულებრივი, ყოველდღიური, შეიძლება ითქვას, ბანალური ამბავია? რაა ამაში გასაოცარი, რა?! ნუთუ ვერ ხვდები, რომ ეს ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟია?! ნუთუ-ნუთუ-ნუთუ-ნუთ-ცს-ცს-ცს-ცს?“.

 

რიგითი მოქალაქე: ,,რავიი, აბაა... სხვაგანაც გადააქვთ ასწლოვანი, 50- მეტრიანი გიგანტები?... გრანდიოზული ეპოპეა, ბატალური სცენები: მეპროტესტეები, ხელჩართული ბრძოლა, კარვები, პოლიცია, მესიის გამოცხადება, პირობა და... მაინც მიწიანად ამოგლეჯა; ამდენი ადამიანის შრომა, წვალება, ღამისთევა... მძიმე ტექნიკა, ბარჟა – გიგანტური ტიტას ხე ზღვაზე მიცურავს!.. ,,არ დაიჯერებ, არ დაიჯერე-ე-ებ“... და ფიასკო – ზღვის არასაკმარისი სიღრმის გამო, ნაპირთან ბარჟა გაიჭედა!.. ისევ ომი, ისევ ღამისთევა და უშედეგო შრომა,– გაურკვეველი მიზნით... ჯერ ქვიშის ამოტუმბვა – ,,ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა?”... მერე ზღვაში გზის გაყვანა... წყალში შეყვანილი მძიმე ტექნიკა, სანაპიროს გადათელვა!.. იცი, რა მაინტერესებს – დავიჯერო, სხვაგანაც გაჰყავთ ზღვაში გზები?

 

მერე რა, რომ თავის ფულს ხარჯავს?.. ამ გაძვალტყავებულ ქვეყანაში?.. ვისთვის, რისთვის?“.

 

ალფა კენტავრის სისტემის, კერძოდ კი, ვარსკვლავ ალფა კენტავრი B-ს ბინადარი: ,,ნუთუ გაუგებარია, კაცი ამხელა საქმეს აკეთებს – ურეკში აყვავდება ედემის ბაღი და აშენდება სუპერთანამედროვე, ულამაზესი ფილარმონია – ,,შეკვეთილი სკვერ გარდენი“! საკონცერტო კომპლექსი მოიცავს უკიდეგანო დარბაზებს, რესტორნებს, ბარებსა და დისკოთეკებს. გარშემო კი იბიბინებს დენდროლოგიური პარკი დინოზავრებითა და ეგზოტიკური ცხოველებით – აქ იფრენენ ზვიგენები, ილივლივებენ ზებრები, იცელქებენ გამჭრიახი ,,მეჭიკები“ და იცუღლუტებენ მავნე ,,ბურატინოები“, ამ გასაოცარ სამყაროზე კი, აცრემლებული მიმინოს მზერით იმეფებს მარტოობის დედოფალი ,,ლედი ლობოტომია“! მთელი მსოფლიო ურეკისკენ დაიძრება! ჩვენ გვესტუმრებიან თვით იოსებ კობზონი და ოლეგ გაზმანოვიც კი! შენ წარმოიდგინე, არის შანსი, ლიუდმილა ზიკინაც კი ჩამოვიდეს!.. თუმცა, გადავამეტე – ზიკინა მკვდარია... კობზონიც? არ მახსოვს... მოკლედ, მთელი მსოფლიო გასკდება შურით და აქეთ გადმოსახლდება!.. რა ,,სან- რემო”, რის ,,ევროვიზია”, მსოფლიოს ეცოდინება მხოლოდ ,,შეკვეთილი სკვერ გარდენი“!“.

 

რიგითი მოქალაქე: ,,ვახ, ვახ!“...

 

....................................................................

 

მე, ჩვეულებისამებრ, უსაქმოდ ვწევარ, ზანტად ვფიქრობ და ჩიბუხს ვაბოლებ... გამახსენდა – ჩუბუხს ვერა, თამბაქო გამითავდა, ამიტომ სიგარეტს ვეწევი... საცოდავი ხე ისევ წყალშია გაჭედილი... ტალახში ამოგანგლული ხალხი ომობს, წვალობს, ოფლიანდება... მე ვიძინებ – ტუუ-უ-უ-უ-უ... წკაპ აპლიკაცია!

 

,,ძალიან დაიძაბა თამაში, მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთია დარჩენილი... სამ ქულას ვაგებთ, თუმცა,– ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ჯერ დრო არის... გადმოვიდა მეტოქე შეტევაზეე-ე-ე, ყურადღებით უნდა ვიყოთ დაცვაში!.. და-და-და-დან!.. კაჭარავა, ბრავოო! გაუვარდა წინ ბურთი მეტოქეს, ინიშნება შერკინება საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ... უუ-უ-უჰ!.. დადგა შერკინება, შეაგორა ბურთი ლობჟანიძემ... უნდა მივაწვეთ! კარგად შეიკრნენ ბიჭები, მშვენივრად ვაწვებით!.. გამოვიტანეთ ბურთი შერკინებიდან!.. ხმალაძე! გაიშალა შეტევა ხაზზეე-ე!.. კაჭარავაა... ჯვარზე შეიყვანა კალაძე... და შებოჭეს იგი...შხუუილ-შხუ-უ-შხუუილ... თუმცა ბრწყინვალე გადაცემა – წიკლაური! ძალიან ახლოს ვართ მიზანთან... და ლელო!..

 

ლელოო-ო-ო?! კი, კი – როგორც იქნა, ხე დავამიწეთ! შეკვეთილის გავერანებული სანაპირო: გიგანტური გრეიდერები, პლაკატები – ,,უფალო შეგვიწყალე და არ გაგვლახო“, გაშტერებული ზღვა და გახარებული ხალხი... ურა-ვაშა! ტაშ-ფანდური! შაიბუ-შაიბუ-შაიბუ! ჯოს, ჯოს, ბიჯოს! ისევ ლელო-ლელო-საქართველოო-ო!.. ჯინიანი და ნაწვალები ტიტას ხე ადგილზეაა-ა – ის მიწას მიაბარეს! ლელოოოო! ვიშ, ვიშ, გასკდით ,,ნაცებო“, იხარეთ ,,ქოცებო“ – ხეც მიწაშია და ,,ლივერპულიც“ ბიძინამ იყიდა! გუგუუ-უ-უ-უ-უნ – წკრიალ!“...

 

ხე, როგორც ტესტი და გამყოფი ხაზი: ერთის მხრივ,– ახირებასთან შერწყმული კრეტინიზმი – სრული დე-ხე-ნერაცია და მეორეს მხრივ – ვახ!

 

P.S.

 

არარიგითი ,,მოქალაქე“: ,,ჯერ კიდევ ძველ შუმერებს უთქვამთ: მამაკაცმა სახლი უნდა ააშენოს, ხე დარგოს და კაი პორნოც დადოსო! სახლი – არის, ხეს მივწერე – ,,შე შეყვარებულო ტიტა, ხომ არ გინდა შენი პირადი ცხოვრება ,,დავაიუთუბო“-მეთქი, ჰა?!.. სულ სრიალ-სრიალით აშლიგინდა შეკვეთილის სანაპიროზე! ახლა წარმოების ნაყარნუყარი – ,,რესპუბლიკური“ იქნება ის, ,,ფორუმული“, ,,გოგიასი“ თუ ,,მეჭია-ბურატინოსი“, ყველა ერთი ოხერია, ერთი ნაგავია და უტილიზაციას ექვემდებარება. მოკლედ, მე მუდამ ვარ სვიანი და ამიტომაც აღვნიშნავ ამას ლუდით ,,სვიანი“! მაგრად მკიდიხართ, ძალიან მაგრად!“

 

 

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია