გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი ხედვის ტესტი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-03-2016, 22:36 | პოლიტიკა | ნანახია - 1332

 გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი ხედვის ტესტი

 

ნინო წერეთელი

 

„ერთი თაობის საკლასო ოთახში ჩამოყალიბებული ფილოსოფია შემდეგი თაობის მთავრობის ფილოსოფიის საფუძველია“ აბრაამ ლინკოლნი

 

არჩევნების მოახლოებასთან ერთად პარტიების წარმომადგენლები დაპირებების უხვად გაცემას იწყებენ. ძირითადად სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით - საგდასახადო შეღავათები, ჯანდაცვის სისტემა, სოფლის მეურნეობა, განათლების სისტემა. თვით მემარჯვენეებიც კი ცდილობენ ამომრჩევლის გულის მოგებას მსგავსი დაპირებებით, ცხადია ნაკლები დოზით, მაგრამ მაინც.

 

რუსი ოლიგარქის უხვი დაპირებებით მოხიბლული, შემდეგ კი სასტიკად მოტყუებული, „გადაგდებული“ ამომრჩეველი დეპრესიაშია და ჯერჯერობით გულგრილად ადევნებს თვალს პროცესებს. ამიტომაც გადავწყვიტე მკითხველს ჩემი მოსაზრება გავუზიარო და გავაცნო ის ტესტი, რომელის ცოდნა მომავალში დაგვეხმარება თავი ავარიდოთ გაუგებარ მომავალს.

 

ნებისმიერ დაპირებებში, ნებისმიერ ქცევებში აუცილებლად არსებობს ნიშანი ან ნიშანთა ჯგუფი, რომელიც მათ გულწრფელობის ხარისხს განსაზღვრავს. ეს ის საკითხებია, რომელიც სახელმწიფოს გრძელვადიან პერსპექტივებზეა ორიენტირებული. როგორც წესი მოკლევადიანი პერსპექტივები მოსახლეობის ემოციურობაზეა გათვლილი და ძირითადად მართვის სისტემების საკუთარ თავზე მორგებას გულისხმობს. ყველას ესმის, თუნდაც ქვეცნობიერის დონეზე, რომ მმართველობა ვერ იქნება ხანგრძლივი, ამიტომაც არ იშურებენ „კეთილ“ დაპირებებს, სათავეში გაძრომას ცდილობენ და შემდეგ უკეთეს შემთხევევაში მხოლოდ საკუთარ ოჯახსა და ნათესავობაზე ზრუნავენ, უარეს შემთხვევაში კი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გაწერილი დავალებების შესრულებით არიან დაკავებული.

 

მოტყუებული რომ არ დავრჩეთ ყურადღებით მოუსმინოთ პოლიტიკოსების საუბარს და ორიენტაცია იმ პოლიტიკოსებზე ავიღოთ, რომლებიც შესაძლებელია მტკივნეულ, ხანგრძლივ ვადაზე გათვლილ, მაგრამ ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელ რეფორმებს გვთავაზობენ.

 

ასეთი რეფორმა კი განათლების რეფორმაა, რაც სრულებითაც არ არის, როგორც ზოგიერთი საუბრობს, მარტო სკოლის, ან მარტო უნივერსიტეტის თუ სამეცნიერო ინსტიტუტების რეფორმა. განათლების სფეროში წინსვლა შესაძლებელია ამ სამივე საფეხურის ერთობლივი რეფორმირების გზით. ახალგაზრდა ვერ შეძლებს თანამედროვე უნივერსიტეტების საწავლო კურსის დაძლევას, თუ მას არ ექნება სერიოზული ბაზა სკოლიდან. კარგი უნივერსიტეტების გარეშე კი ჩვენ ვერასოდეს ვერ გვეყოლება კარგი პედაგოგები და შესაბამისად ვერ გვექნება წინსვლა სასკოლო განათლების კუთხით. მაღალხარისხოვან საუნივერსიტეტო განათლებას კი უნივერსიტეტებთან კარგად განვითარებული სამეცნიერო ინსტიტუტები განაპირობებს, ამის გარეშე, უნივერსიტეტებში სერიოზული სამეცნიერო კვლევების გარეშე შეუძლებელია კარგი სამეცნიერო კორპუსის ჩამოყალიბება და ვერ მოხერხდება სამეცნიერო, კრიტიკული აზროვნების განვითარება ახალგაზრდებში, რაც საბოლოოდ ისევ სკოლას და საერთოდაც მთელ საზოგადოებას დააზიანებს. კრიტიკული აზროვნებას მოკლებულ საზოგადოებაში იმკვიდრებს დოგმებისა და მითებისკენ მიდრეკილი აზროვნება. მნიშვნელოვანია თავად მეცნიერების განვითარებაც. არნახული სამეცნიერო მიღწევების და ტექნოლოგიური ბუმის პირობებში გასაგები ხდება, რომ ქვეყნის ეკონომიკურ დონეს, ჯანდაცვის სისტემებსა თუ თავდაცვისუნარიანობას მომავალში ამ სფეროეში დანერგილი უახლესი სამეცნიერო მიღწევები და ტექნოლოგიები გასაზღვრავს. ქვეყნების წარმატება არც თუ ისე შორეულ მომავალში გადაწყდება არა მათი ზომების მიხედვით, არამედ უახლესი სამეცნიერო მიღწევებისა და ტექნოლოგიების დანერგვით ამათუიმ სფეროში. მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების განვითარება თანდათან ჩამოაცილებს ადამიანს სერვისულ სამუშაოებს. მისი მოღვაწეობის არე ძირითადად ინტელექტუალური სფეროები გახდება, რაც შესაბამის განათლებას და უნარებს მოითხოვს. საქართველოც აუცილებალად დადგება ამ გამოწვევების წინაშე და იმისათვის რომ შეძლოს და დაიმკვიდროს თავი როგორც სრულფასოვანმა სახელმწიფომ მომზადება დღეიდანვე უნდა დაიწყოს. ამის საფუძველს კი განათლებისა და მეცნიერების ფუნდამენტური, სრულყოფილი რეფორმა წარმოადგენს. განათლება ნამდვილად ის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გასაღებია, რომლის გარეშეც შეუძლებელია თავისუფლების, დამოუკიდებლობის, დემოკრატიულობის, თანასწორუფლებიანობის სანუკვარი კარის შეღება.

 

განათლების სფეროს დღევანდელი სავალალო მდგომარეობა ფესვებს წარსულიდან იღებს. უპირველესი მიზეზი, ის მძიმე მემკვიდრეობაა რაც საქართველოს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ერგო. შეიძლება ბევრ მკითხველს გაუკვირდეს და ბუნებრივად გაუჩნდეს კითხვა, კი მაგრამ როგორ? კომუნისტები ხომ განათლებას დიდ ყურადღებას უთმობდნენ? სამწუხაროდ არა, კომუნისტებმა არ დაუთმეს განათლებას ჯეროვანი ყურადღება. მათ მასებს წერა-კითხვა შეასწავლეს, ხოლო მთავარს - კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას თავი აარიდეს.

 

საქართველოში განათლების მდგომარეობს განხილვა დავიწყოთ სკოლის მაგალითზე - შეგახსენებთ, რომ გასული საუკუნის 70 წლების ბოლოს საქართველოში მძლავრად მოიკიდა ფეხი განათლების რეპეტიტორულმა სისტემამ. რადგან უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად საჭირო ცოდნას და უნარებს სკოლების უმეტესობა უკვე ვეღარ იძლეოდა, გარდა ზოგიერთი სპეციალიზირებული სკოლებისა (გეგელიასსახელობის სკოლა, ვეკუას სახელობის სკოლა და ა.შ, რომელთა რაოდენობა ძალზედ მცირე იყო და ქვეყანაში კლიმატს ვერ შექმნიდა). ამიტომ აბიტურიენტები ორი წლით ადრე იწყებდნენ კერძო მასწავლებლებთან მომზადებას. რაც უდავოდ მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ჯერ კიდევ მაშინ სკოლებში სერიოზული პრობლემები არსებობდა, რაც ქვეყნის მასშტაბით სასკოლო განათლებაში არსებულ მძიმე პრობლემების მანიშნებელია.

 

ვერ ვიტყვით, რომ უმაღლეს სასწავლებლებში იყო საქმე უკეთესად, მთელი რიგი უმაღლეს სასწავლებლები დიდი რაოდენობით უშვებდა უხარისხო დიპლომის მქონე ახალგაზრდობას. ვერც სამეცნიერო ინსტიტუტები გამოირჩეოდნენ მაღალი ხარისხით. საბჭოთა კავშირმა განავითარა მხოლოდ ისეთ მეცნიერებები, რომელიც სახელმწიფოს ჭირდებოდა სამხედრო იარაღის შესაქმნელად. ამიტომაც ისეთი დარგები, როგორიცაა თეორიული, ბირთვული ფიზიკა,მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია და ა.შ. პრიორიტედად გამოცხადდა, თუმც კომუნისტებმა დაბლოკეს ისეთი უმნიშვნელოვანესი დარგების განვითარება როგორიცაა ბიოფიზიკა, კიბერნეტიკა და ბევრი სხვა რამაც ბალანსის დარღვევა გამოიწვია. მეცნიერების დაყოფა რეიტინგულ და არარეიტინგულ დარგებად უდიდესი შეცდომა იყო, ვინაიდან მეცნიერების არც ერთი დარგი არ არის წრფივად დამოკიდებული ე.წ. ბაზრის მოთხოვნასთან და მისი ნაწილობრივი განვითარება აუცილებლად იწვევს სახელმწიფოს განვითარების ზოგადი მექანიზმის შეფერხებას. რაც მოგვიანებით დაემართა კიდეც საბჭოთა კავშირს. 80- იანი წლებიდან საბჭოთა კავშირი ჩამორჩა დასავლეთს თვით მისთვის პრიორიტეტულ დარგებშიც კი. ამ დროისთვის მისმა იდეოლოგიამ კრახი განიცადა და ის ვეღარ ახერხებდა იაფად ადამიანების რესურესების მობილიზებას, მხოლოდ ენთუზიაზმზე. ასევე არასწორი იყო განცალკევებულად არსებული უნივერსიტეტები და ძირითადი სამეცნიერო ინსტიტუტები, რამაც დროთა განმავლობაში ორივე მათგანზე ნეგატიური გავლენა მოახდინა. ამან გამოიწვია ერთის მხრივ ინსტიტუტების დაბერება და მეორეს მხრივ სამეცნიერო სისტემის დონის დაცემა უნივერსიტეტებში, რაც სწავლების დონეზეც აისახა, ყოველივე აქედან გამომდინარე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ გავრცელებული აზრი, თითქოსდა კომუნისტები დიდ ყურადღებას უთმობდნენ ხარისხიან განათლებას მითია.

 

სამწუხაროდ ამ მხრივ არც დამოუკიდებლობის შემდეგ შეცვლილა რამე და პროცესებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო, განათლების ფუნდამენტური რეფორმისთვის არცერთმა მთავრობამ არ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები. უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე მეტი ამ კუთხით მაინც ნაციონალური მოძრაობის დროს გაკეთდა, რომლის მთავარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ეროვნული გამოცდები და კორუფციის აღმოფხვრა უმაღლეს სასწავლებლებში. გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მიზნით. მოხდა უნივერსიტეტების და სამეცნიერო ინსტიტუტების გაერთიანება. შემოიღეს სახელმწიფო საგრანტო კონკურსები, მიზნობრივი პროგრამები და პროექტები მეცნიერული კვლევების განვითარებისთვის. სამწუხაროდ ეს პროცესები ბოლომდე ვერ განხორციელდა, რაც განპირობებული იყო განათლების რეფორმის სტრატეგიის არქონით. ფაქტია, რომ განათლების რეფორმა არ იყო პრიორიტეტული და უდავოდ პროგრესულ იდეებს ზოგჯერ არასაურველი შედეგები მოჰყვა.

 

სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ თავად საზოგადოებაშიც არ არსებობს სურვილი და მკაფიო დაკვეთა ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმის, რადგან თუ თვალს გადავავლებთ უახლეს ისტორიას, შევამჩნევთ, რომ უკანასკნელი 25 წლის მანძილზე ერთი თუნდაც 1000 კაციანი მიტინგიც კი არ ჩატარებულა მოთხოვნით - „მიეცით საფუძვლიანი განათლება ჩვენს შვილებს“ ან რაიმე მსგავსი.

 

ყველასათვის ცხადია რომ ეს რეფორმა მტკივნეული იქნება, ამასთანავე ის გრძელვადიანია და შედეგის დანახვას სულ მცირე ერთი ათეული წელი მაინც დასჭირდება, რაც რამდენიმე მართველობის პერიოდს მოიცავს. ამასთან ცხადია რომ ეს არ არის ის დანაპირები, რომელიც მთავრობაში მოხვედრის სურვილით შეპყრობილ პირებს ამომრჩეველთან დაახლოებს. ალბათ ეს არის ძირითადი მიზეზი, რის გამოც ყველა პარტია თუ მთავრობა თავს არიდებს ამ „თავისტკივილს“, მაგრამ ეს სწორედ ის რეფორმაა, რომლის პრიორიტეტად გამოცხადება განსაზღვრავს არჩევნებში მონაწილე პარტიების კეთილსინდისიერებასა და გულწრფელობას. განათლების რეფორმა ტესტია გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი ხედვის.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია