თაგვმა თხარა, თხარა და პანამა გამოთხარა... - ფულის “გათეთრების” მარტივი განმარტებები:

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
6-04-2016, 01:00 | ეკონომიკა | ნანახია - 2366

თაგვმა თხარა, თხარა და პანამა გამოთხარა... - ფულის “გათეთრების” მარტივი განმარტებები:

 

დავით ნებიერიძე

 

ფულის გათეთრება კორუფციული, უკანონოდ მოპოვებული შემოსავლების ლეგალიზაციის დასკვნითი ნაწილია. ალბათ უპრიანი იქნება მოკლედ განვიხილოთ კორუფცია, როგორც სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების მახინჯი, კრიმინალური ფორმა.

 

კორუფციის არსებობისთვის და მისი მეტასტაზების მაქსიმალურად გავრცელებისთვის აუცილებელია ორი სივრცის არსებობა. პირველი: სადაც კორუფცია ეფექტურია და მეორე: სადაც შესაძლებელია კორუფციის გზით მიღებული შემოსავლების გათეთრება და ლეგალიზაცია. აქვე, მინდა გითხრათ, რომ კორუფციაზე მოთხოვნილებას აჩენენ არა „ხელმრუდი“ ადამიანები, არამედ არაკომპეტენტური, არასწორი ხედვების მქონე პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო მოხელეების მიერ შექმნილი გარემო. გარემო, სადაც შედეგის მიღწევა ქრთამის გადახდის გზით გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე კონკურენტულ გარემოში, კანონიერი გზით. ასეთი, კორუფციული გარემო იქმნება მაშინ, როდესაც არასწორი და ხელოვნური რეგულაციების გამო რიგით მოქალაქეებს ეზღუდებათ სახელმწიფო მომსახურეობის პროდუქტებზე წვდომა. როდესაც ირღვევა კონკურენტული გარემოს არსებობისთვის აუცილებელი პირობები. როდესაც სასჯელის გარდაუვალობა აღარ არის აქსიომა. როდესაც დემოკრატიული მმართველობა იცვლება ოლიგარქიული მმართველობით. როდესაც ნაცვლად ხალხისა ძალაუფლების წყარო ერთი პიროვნება, ან პიროვნებათა ჯგუფი ხდება. თუმცა, უკანონო შემოსავლების (მათ შორის ქრთამის) მიღება კორუფციული ჯაჭვის მხოლოდ ნაწილია. თანამედროვე გლობალიზირებულ და გამჭვირვალობაზე აგებულ სამყაროში სავალდებულოა უკანონოდ მიღებული შემოსავლის გათეთრება და ლეგალიზება. ანუ, შემოსავლის მიღების კანონიერების უზრუნველყოფა და ამ შემოსავლის საგადასახადო ტვირთისგან მაქსიმალურად განთავისუფლება. უკანონოდ მიღებული შემოსავლების ლეგალიზებისთვის, შემოსავლების კანონიერების უზრუნველყოფისთვის და ამ შემოსავლების საგადასახადო ტვირთისგან მაქსიმალურად განთავისუფლებისთვის განსაკუთრებით ფასეულია მსოფლიოში არსებული ოფშორული ეკონომიკური ზონები. სხვათაშორის ორი ათასიანი წლების დასაწყისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განსაკუთრებით გაამკაცრეს საკუთარი პოლიტიკა ოფშორულ ზონებთან მიმართებაში. ფაქტიურად შეერთებულმა შტატებმა ომი გამოუცხადეს ამგვარ წარმონაქმნებს და საკმაო წარმატებებსაც მიაღწიეს ამ ბრძოლაში.

 

კანონი ერთნაირია როგორც რიგითი მოქალაქის მიმართ, ასევე ყველაზე მაღალი რანგის საჯარო მოხელის ან პოლიტიკოსის მიმართაც. მაგრამ, როდესაც მოქალაქე პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებას იღებს, წინასწარვე უნდა გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ ამის შემდეგ მას უზარმაზარი გამადიდებელი შუშის ქვეშ მოუწევს ცხოვრება.

 

იგრძნო თუ არა ვლადიმერ პუტინმა, რომ საქართველოს ყველაფერი გამოუვიდოდა და მათთვის წარმოუდგენელ წარმატებებს მივაღწევდით, მაშინვე დაიწყეს პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მიერ ვითომ და მოპარული მილიარდების ძებნა. რატომ მაინც და მაინც მიხეილ სააკაშვილის? იმიტომ, რომ კრემლში ვერ გაითვალისწინეს მთავარი ქართული მიღწევის შინაარსი: საქართველოს წარმატება პირველ რიგში მის ინსიტუციურ მმართველობას დაემყარა. საქართველოს ბედს უკვე ერთი პიროვნება კი არა, არამედ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები წყვეტდნენ. საქართველო აღარ გავდა რუსეთს. სადაც საკმარისია პუტინის განეიტრალება, რომ ბოროტების იმპერია შეტორტმანდება და დიდი ალბათობით ჩამოიშლება კიდეც. ამიტომ, სწორედ რუსების სერიოზული შეცდომის გამო, კრემლიდან წამოსული ძირითადი დარტყმა ზუსტად მიხეილ სააკაშვილის პიროვნებაზე იყო მიმართული. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი, კრემლში იფიქრეს, რომ ეს ამოცანა გაცილებით გაუმარტივდებოდათ. ამიტომ, საქართველოს ახალი ხელისუფლებისადმი მათი მთავარი დავალება ზუსტად მიხეილ სააკაშვილის მიერ ვითომ და მოპარული მილიარდების მოძებნა გახდა. რითიც მოსკოვიდანვე გავრცელებული ქართული ელიტარული კორუფციის მითიც რეალობად გადაიქცეოდა. მთელი „რუსული სამყარო“ და „ქართული ოცნება“ მაქსიმალური ძალისხმევით ეძებდნენ „მოპარულ მილიარდებს“. მაგრამ, სულ ოთხი პიჯაკისა და ვიქტორ იუშენკოზე გაწეული 50 ლარამდე ოდენობის სააბაზანო ხარჯების მეტი ვერაფერს მიაკვლიეს. იმდენი თხარეს, იმდენი ჩიჩქნეს სანამ პანამა და ოფშორული კომპანიები არ ამოითხარეს. თანაც მათივე... ეს კი ზუსტად ის კატაა, რომელიც აუცილებლად გადასანსლავს პუტინსაც და მასთან აფილირებულ ყველა ბინძურ პოლიტიკურ ძალას. „ქართული ოცნება“ და კრემლის ბინადრები ზუსტად იმ ხაფანგში გაებნენ რომლის ეფექტურად გამოყენებას საკუთარივე პოლიტიკური მეტოქეების წინააღმდეგ ცდილობდნენ.

 

ძალიან საინტერესო პროცესები გველის წინ. ამიტომ, ძალიან მარტივად მინდა აგიხსნათ თუ რაში სჭირდებათ ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული კომპანიები უკანონო შემოსავლების მიღების მოყვარულებს და მექრთამეებს. ცივილიზებულ სამყაროში და დიდ პოლიტიკაში ქრთამი და უკანონო შემოსავლები ყველაზე დიდ დანაშაულთა რიგს მიეკუთნება. ამიტომ, ნებისმიერი მაღალი რანგის პოლიტიკოსი ან მსხვილი ბიზნესმენები სანამ ქრთამს აიღებენ ან უკანონო შემოსავლის მიღებაზე გაიფიქრებენ, წინასწარ აუცილებლად ზრუნავენ ამ შემოსავლების შემდგომ ლეგალიზებაზე და საკუთარი კვალის წაშლაზე. თვალსაჩინოებისთვის მოგიყვანთ ბანალურ, მარტივ სქემას:

 

საბიუჯეტო სახსრების დიდი ოდენობით მითვისებისთვის მაღალი რანგის პოლიტიკოსი ან სახელწიფო მოხელე მსხვილ, მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებისთვის, ტენდერამდე რამოდენიმე თვით ან დღით ადრე ოფშორულ ზონაში არეგისტრირებენ ან ყიდულობენ კომპანიას. ან საქართველოში არეგისტრირებენ ასეთი ოფშორული კომპანიის შვილობილ საქართველოს რეზიდენტ კომპანიას. შემდეგ, სამოხელეო დანაშაულის გზით ტენდერში იმარჯვებენ და იღებენ მრავალმილიონიან სახელმწიფო შეკვეთას. მაგალითად დანადგარების ან ავტომობილების შეძენაზე. ტენდერში გამარჯვებული საქართველოს რეზიდენტი კომპანია ამ საქონლის შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ ფულს ურიცხავს მის დამფუძნებელ ოფშორულ კომპანიას. თან ურიცხავს პრაქტიკულად მთლიანად. მაგალითად ყოველი მილიონიდან 990 ათასს. შედეგად, საქართველოს საგადასახადო სივრცეში მოგების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა ნაცვლად რეალური სიდიდისა შეადგენს მხოლოდ 10 ათასს. ანუ, პრაქტიკულად არაფერს. ოფშორულ ზონაში კი მიღებული შემოსავლები პრაქტიკულად განთავისუფლებულია გადასახადებისგან. გარდა ამისა ოფშორულ კომპანიებს არა აქვთ ვალდებულება კომპანიის მფლობელების ვინაობის გასაჯაროების. ამ მარტივი კომბინაციით პირველ რიგში საფუძვლიანად იკარგება ფულადი ნაკადების კვალი და მეორე - თანხები პრაქტიკულად თავისუფლდება საგადასახადო ტვირთისგან. ამ გზით გაწმენდილი და ლეგალიზირებული უზარმაზარი ფინანსური სახსრებით კორუმპირებულ პოლიტიკოსს ასევე ამ ოფშორული კომპანიის საშუალებით, აბსოლუტურად უპრობლემოდ შეუძლია შეიძინოს მრავალ მილიონიანი უძრავი ქონება და ნებისმიერი სხვა ფუფუნების საგნები, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ხშირად ამგვარი ოპერაციების კვალის საბოლოოდ ასარევად და დასაკარგად წინდახედული კორუფციონერები რამოდენიმე ოფშორულ კომპანიებს ფლობენ. რომლებიც ერთმანეთის დამფუძნებლები და შვილობილი კომპანიები არიან. რუსული სლენგის მიხედვით ასეთი კომპანიების „მატრიოშკები“ ქვიათ.

 

აი ასე, უმტკივნეულოდ და წარმატებით სარგებლობენ ოფშორული ზონებით კორუმპირებული პოლიტიკოსები და სხვა ნებისმიერი „ჯიშის“ უკანონო შემოსავლების მოყვარული პირები.

 

ფრიად საინტერესო მოვლენების მომსწრენი ვხდებით ბატონებო. სპექტაკლი დასკვნით აქტში გადავიდა. მალე ნიღბებიც ჩამოიხსნება. „Лед тронулся господа заседатели…“ აღმოხდა დიდ კომბინატორს - ოსტაპ ბენდერს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია