სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება (ანუ, რა უნდა გავაკეთოთ და რისი გაკეთება არ შეიძლება...)

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
6-04-2016, 13:22 | პოლიტიკა | ნანახია - 2012

სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირება (ანუ,  რა  უნდა გავაკეთოთ და რისი გაკეთება არ შეიძლება...)

 

გიგი კუბლაშვილი

 

ყარაბაში მიმდინარე დაპირისპირება თუ უახლოეს პერიოდში არ შეჩერდა, მაღალი ალბათობით, კატასტრფოული შედეგები დადგება სომხეთისთვის, ოდნავ მოგვიანებით აზერბაიჯანისთვის და ცხადია მთლიანად კავკასიისთვის. ის ილუზია, რომ აზერბაიჯანი მოახერხებს გამარჯვებას ამ გეო-პოლიტიკურ ლანდშაფტში არ არის რეალური. ცხადია ვის ინტერესებშიც შედის ამ დაპირისპირების დამძიმება. რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს სადაც ხელი მიუწვდება - ქაოსის და ნგრევის გასაღვივებლად. მავანი იკითხავს ჩვენ რა გვეშველება ჩვენო!?

 

სიტუაციის სივალალე იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც შენს უახლოეს სამეზობლოში ასეთი უბედურება ტრიალებს, პერსპექტივით - რომ შენს ქვეყანასაც მოედება ცეცხლის ალი, აუცილებელია სახელმწიფომ მწყობრი, გათვლილი ნაბიჯები გადადგას ყოველგვარი იმპროვიზაციის გარეშე.

 

როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია? ჩემი ფიქრით ისეთი როგორიც იქნებოდა კეთილგონიერი კარის მეზობლის მოქმედებები, თუ შესაძლებელია, შევაჩეროთ დაპირისპირება და შევარიგოთ დაპირისპირებული მხარეები.

 

შევეცადოთ რეალობის გათვალისწინებით გავშალოთ ზემოთმოყვანილი მოსაზრება. იმისათვის, რომ ჩვენი მეზობლები, როგორც მინიმუმ დავაზავოთ, აუცილებელია გვქონდეს ამისი გულწრფელი სურვილი, ვიცოდეთ როგორ ვიმოქმედოთ და გავთვალოთ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების ეფექტურობა.

 

სრულიად დაუშვებელია ვესაუბროთ ამ ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს ერთ მათგანს აღვუთქვათ ყველანაირი დახმარება და შემდგომში ეს ინფორმაცია გახდეს მედიის მონაპოვარი, აქვე დავუმატებდი - არ არის საჭირო თავდაცვის მინისტრის ესეთ ვითარებაში ჩართვა, ხოლო თუ ეს პირადი ინიციატივა იყო, როგორც მინიმუმ მივიღოთ ზომები, რომ ესეთი რამ აღარ განმეორდეს. სჯობს - ამ პრობლემას საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ამ შემთხვევაში უშუალოდ მინისტრმა მიხედოს, ან თუ არ გყავს შესაბამისი კვალიფიკაციის პროფესიონალი მაშინ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები ჩაერთონ თავისი სპეციალური წარმომადგნლების მეშვეობით, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს მას შემდეგ, რაც შენ უკვე ხელთ გაქვს, როგორც მინიმუმ პირველადი ინფორმაცია, სამხედრო მოქმედებების ოპერატიული სურათი, პროგნოზი და დაპირისპირებული მხარეების განწყობები, უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების - აშშ, ევროპული დედაქალაქების და თურქეთის პოზიციები.

 

აუცილებელი პირობაა, რომ ხელთ გვეკავოს რეალური პროგნოზები, თუ რა მოჰყვება კონფლიქტის ესკლაციას, მოქმედების გეგმა როგორ შეიძლება სწრაფად და ეფექტურად შეჩერდეს დაპირისპირება.

 

აი ამის შემდეგ იწყება შეძლებისდაგვარად სწრაფი და მიზანმიმართული, დაგეგმილი მოძრაობის და მოლაპარაკებების მთელი სერია, სავარაუდო მარშრუტით: ვაშინგტონი - ბრიუსელი - ანკარა - ბაქო - ერევანი... შეიძლება სხვა რიგითობითაც, გააჩნია ვითარებას და კონკრეტულ ამოცანას...

 

აქვე უნდა ითქვას, რომ გარანტია მისიის წარმატებით დასრულებისა არის 50/50-ზე, შეიძლება ნაკლებიც, მაგრამ მცდელობა აუცილებელად უნდა განხორციელდეს თუ ხარ სახელმწიფო.

 

თუმც ჩვენ ძალიან გავერთეთ მსჯელობებით და პროგნოზებით, სამწუხაროდ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ასეთი მოქმედებისათვის არც ცოდნა აქვს, არც სურვილი, არც გამოცდილება და არც თავი.

 

ასეთი ნაბიჯების გადაგმა შეეძლო გამართულ, მომავალზე ორიენტირებულ, ამბიციურ ქვეყანას. რაც დღეს შორს არის რეალობისგან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს სამშობლოში ამ სავალალო ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ (იმედია მალე), ყველანი ერთად შევძლებთ დამუხრუჭებული ქართული სახელმწიფოს განვითარების უზრუნველყოფას.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია