L’état c’est moi ქართულად

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
12-04-2016, 00:36 | პოლიტიკა | ნანახია - 1535

 

რუსა მაჩაიძე

 

ლუი XIV-ის ცნობილი ფრაზა „სახელმწიფო მე ვარ!“ (L’état c’est moi), რომელიც აბსოლუტიზმის სიმბოლოდ იქცა, ქართულ პოლიტიკას ყველაზე უკეთ ახასიათებს. კანონის საკუთარ თავზე მორგება ტენდენციად იქცა და ამას მეორე პრობლემაც დაემატა - კანონის საკუთარი სურვილისამებრ ინტერპრეტირება.

 

დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე თანასწორობა. ეს კი მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ კანონის ერთ პირზე მორგება და კანონის ისე წაკითხვა, როგორც კონკრეტულ მომენტში გჭირდება, არ შეიძლება.

 

საქმე ის არის, რომ კანონის უზენაესობა მიიჩნევა ეროვნული პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემების საყრდენად. ასევე, ეს პრინციპი სულ უფრო მეტად მიიჩნევა საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად კომპონენტად. კანონის უზენაესობა ეროვნულ დონეზე ნაწილობრივ დამოკიდებულია კანონის უზენაესობაზე საერთაშორისო დონეზე და პირიქით. ამიტომაც ამ საკითხს თანამედროვე სამყაროში სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ქვეყნის იმიჯისთვის არსებითი გახდა.

 

2005 წელს, სამართლის გლობალური სამიტის დასკვნით დოკუმენტში მსოფლიო სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებმა აღიარეს კანონის უზენაესობის დაცვის აუცილებლობა, როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. 2006 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია კანონის უზენაესობის შესახებ ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე და ამის მერე ყოველწლიურად ხდება ამ ვალდებულების შესრულების შეფასება.

 

საქართველოში კი კანონის „ერთ კაცზე მორგების“ ტენდენცია საკმაოდ ძლიერია. ამას ჯერ კიდევ სააკაშვილს საყვედურობდნენ, რომ ცალკეულ შემთხვევებში სწორედ კანონის უზენაესობის იგნორირება ხდებოდა.

 

ამის მაგალითად შეგვიძლია, გავიხსენოთ საკონსტიტუციო ცვლილებები, როგორც პრემიერის უფლებების გაზრდისთვის, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდა, ასევე ცალკეული საკანონმდებლო ინიციატივები. ეს ცვლილებები მაშინვე შეფასდა როგორც სააკაშვილის მცდელობა, რომ პრეზიდენტობის მეორე ვადის ამოწურვის შემდეგ ძლიერი პრემიერის თანამდებობის დაკავება შეძლებოდა. ეს ცვლილებები 2010 წელს იქნა მიღებული და მაშინ ჯერ კიდევ ვერავინ იფიქრებდა, რომ 2012 წელს პროცესები სხვაგვარად განვითარდებოდა.

 

ასეთივე იყო პარლამენტარის ასაკის დაწევა 21 წლამდე, რომელიც ერთი კონკრეტული პირისთვის შეიტანეს კონსტიტუციაში და შემდეგ ფაქტობრივად დადასტურდა, რომ ცვლილება ერთი ადამიანისთვის იყო განხორცილებული.

 

ცოტა უფრო ადრე ასევე ერთი კაცისთვის შეცვალეს თბილისის მერის კანდიდატის კრიტერიუმები, რათა 2010 წელს ქდმ-ს კანდიდატს, გია ჭანტურიას, არჩევნებში მონაწილეობა შეძლებოდა.

 

2011 წლის ბოლოს საერთოდ მიღებული კანონი ჩასწორდა და სამი მოსმენით დამტკიცების შემდეგ ჩაამატეს ფრაზები, რომ მაშინ პოლიტიკაში ახლადგამოჩენილ ივანიშვილს საკუთარი პოლიტიკური ძალის დაფინანსებაც და პოლიტიკური აქტიურობაც შეზღუდვოდა. ეს კი საერთაშორისო საზოგადოების იმდენად მწვავე უკმაყოფილების მიზეზი გახდა, რომ ხელისუფლებას უკან დახევა მოუწია. საქმე ამ ჩანაწერის სამართლიანობა-არასამართლიანობაში კი არა, მიღების ფორმაშია.

 

მოგვიანებით კი კონსტიტუციაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა და, ალბათ, ეს იყო ყველაზე უცნაური ცვლილება, რაც 1995 წლის შემდეგ კონსტიტუციაში განხორციელებულა. პარლამენტმა მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც საქართველოში დაბადებულ ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებსაც ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივად უცხოვრიათ, პასიური და აქტიური საარჩევნო უფლების გამოყენების ნებას აძლევდა. თანაც მაშინვე ჩაიწერა, რომ ეს მუხლი მხოლოდ 2014 წლამდე იმოქმედებდა.

 

მაშინ თავად ხელისუფლებაშიც კი არავინ მალავდა, რომ ეს ცვლილება ივანიშვილისთვის განხორციელდა, რადგან მაშინ სააკაშვილმა მისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე კატეგორიული უარი თქვა, რამაც საერთაშორისო საზოგადოების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. პრობლემა კი ისევ კანონის და კონსტიტუციის ერთ კაცზე მორგებით დასრულდა.

 

„აბუჩადაა აგდებული ქვეყნის კონსტიტუცია. მისი გადაკეთებისა და ერთ ადამიანზე მორგების დამკვიდრებული პრაქტიკა ყოველგვარ სამართლებრივ და მორალურ ნორმებს სცილდება,” - ეს განცხადება ივანიშვილმა პარტიის სადამფუძნებლო ყრილობაზე გააკეთა და პირობაც დადო, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ამ პრაქტიკას შეცვლიდნენ.

 

ამ პირობასაც კი იგივე ბედი ეწვია, რაც დანარჩენებს.

 

სულ რამდენიმე დღის წინ „ოცნების“ ხელისუფლებამ საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინა, რომელიც პრემიერ-მინისტრს უფლებას აძლევს, წინასაარჩევნო პროცესში თანამდებობა არ დატოვოს და საარჩევნო კამპანია ისე ჩაატაროს.

 

ხელისუფლებას არც კი დაუმალავს, რომ ეს კვირიკაშვილისთვის გააკეთა, რადგან სიის პირველ ნომრად მას მოიაზრებენ და ამის გამო თანამდებობის დატოვება არ მოუწიოს. არგუმენტად კი ის სახელდება, რომ არჩევნებამდე ორი თვით ადრე ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება მიზანშეწონილი არ იქნება.

 

ცხადია, იმ პრობლემის მოგვარება, რომ საარჩევნოდ ახალი მთავრობა არ იყოს დასამტკიცებელი, ძალიან მარტივად შეიძლებოდა. თუნდაც იმით, რომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ვიცე-პრემიერი შეასრულებდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლებას აწყობს, რომ მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიას სწორედ მოქმედმა პრემიერმა უხელმძღვანელოს, რაც ამომრჩეველთა გარკვეულ კატეგორიაში მეტ ნდობას გააჩენს და ხმების მიღების მეტი შანსია.

 

ამას საერთაშორისო საზოგადოება როგორ შეაფასებს, კიდევ სხვა პრობლემაა, მაგრამ ამ შემთხვევაში არსებითი ის არის, რომ ხელისუფლება ერთი კაცისთვის ცვლის კანონს.

 

ამის პარალელურად კი პრეზიდენტმა არჩევნების თარიღი ისე დანიშნა და მერე ისე შეცვალა ნათქვამი, რომ თითქოს ზოგადად კანონის ფენომენის შესახებ არასოდეს არაფერი გაუგია.

 

არჩევნების კონკრეტული თარიღის დასახელებასთან არის დაკავშირებული კონკრეტული ქმედებები, რომელიც კანონშია გაწერილი და, როდესაც პრეზიდენტი ამ თარიღს ნიშნავს, ამის შესახებ ინფორმაციას მაინც უნდა ფლობდეს. მით უმეტეს, რომ პრეზიდენტს საგანგებოდ შექმნილი ადმინისტრაცია ემსახურება. ამასთან, თარიღის გამოცხადებამდე კონსულტაცია პრემიერთან და მინისტრებთან გაიარა, რომლებსაც ასევე საკუთარი აპარატები ემსახურება. მას შემდეგ კი, რაც ოპოზიციიდან, არასამთავრობო სექტორიდან და მედიიდან გაკეთდა განცხადებები, რომ არჩევნების დანიშვნას გარკვეული პროცედურების ამოქმედება მოჰყვებოდა, პრეზიდენტმა განაცხადა, ბრძანებულებაში ჩავწერ, რომ აგვისტოში ამოქმედდეს დღეს დანიშნული არჩევნების თარიღიო. პრობლემა კი ის არის, რომ ასეთ რეგულაციას საარჩევნო თარიღთან დაკავშირებით კანონმდებლობა არ იცნობს.

 

ანუ, ამ ყველაფრიდან იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ კანონმდებლობას არც პრეზიდენტი იცნობს და არც ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი, ან არც ერთ მათგანს არ აინტერესებს კანონი და ისე წყვეტენ, როგორც თავად სურთ.

 

კანონის საკუთარი ინტერპრეტაციით წაკითხვაც არ არის ახალი და იგივე ღარიბაშვილის ქმედებების გახსენებაც შეიძლება, როდესაც პრეზიდენტს ხელმოწერის უფლებაც წაართვა და საერთაშორისო ვიზიტებში მონაწილეობაც.

 

პრობლემა კი ის არის, რომ კანონის საკუთარ სურვილებზე მორგება ხელისუფლების ქმედების მახასიათებლად იქცა, რასაც დემოკრატიასთან არანაირი კავშირი აქვს და ტოტალიტარული სახელმწიფოს მახასიათებელია. თუკი ამას მმართველი გუნდის ცალკეული წევრების სხვადასხვა “ვორდინგის” და ერთი შინაარსის ანტიდასავლურ განცხადებებსაც დავამატებთ, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ქვეყნის მმართველობაში პრობლემაა, რბილად რომ ვთქვათ.

 

საზოგადოების განწყობების ბოლო კვლევები კი აჩვენებს, რომ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი დასავლური ფასეულობების ერთგულია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება საზოგადოების დაკვეთას არ ასრულებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია