რაციონალურობის აღმოცენებული მარცვალი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
13-04-2016, 23:20 | პოლიტიკა | ნანახია - 996

რაციონალურობის აღმოცენებული მარცვალი 

 

ნიკა რურუა

 

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ რუსეთი მთელ თავისუფალ სამყაროს წინააღმდეგ, საქართველოს ჩათვლით, ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს რუსული პროპაგანდა წარმოადგენს. რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტები არა მხოლოდ “ოცნების” პირობებში აღდგენილი რუსული სახელმწიფო და კომერციული არხების ხელახალი ჩართვაა საქართველოში, არამედ გარეგნულად ქართული და ქართულენოვანი, მაგრამ სინამდვილეში პუტინზე მომუშავე არასამთავრობოების, მედია-საშუალებების და პრორუსული პარტიების დაფინანსებაცაა. ამ ყველაფერს მოსალოდნელი პირველადი ეფექტიც ჰქონდა, რაც ე.წ. “ევრაზიული კავშირის” მითის გაპოპულარულება მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ არავინ იცის (ამ ქაღალდზე არსებული ორგანიზაციის წევრთა ჩათვლით) რას წარმოადგენს ეს ბუნდოვანი წარმონაქმნი.

 

ამ ყველაფერს ართულებდა და ართულებს აქამდე თვითკმაყოფილი, მერე დაბნეული და ახლა გამოფხიზლების გზაზე დამდგარი ევროპის კავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. დღეს იქ უკვე ნათელია ყველა ნორმალური პოლიტიკური ძალისა და ლიდერისათვის, რომ პუტინის რუსეთი თავისუფალი სამყაროსათვის აშკარა და მყისიერ საფრთხეს წარმოადგენს, რომელის იგნორირებით არ გაქრება, არამედ მოითხოვს სასწრაფოდ შეცვლას არსებული “დამამშვიდებელი პოლიტიკისა”.

 

შექმნილ ფონზე, ჩვენს ქვეყანაში წესითა და რიგით უამრავ ადამიანს უნდა მოსვლოდა ე.წ. განხიბლვა (disillusionment) დასავლური, ევროატლანტიკური ინტეგრაციის რეალურობასა და მიღწევადობაში - მეტადრე მაშინ, როდესაც რუსული პროპაგანდა და მისი ყოველი საცეცი ქართულენოვანი არასამთავრობოების, გაზეთებისა და პრორუსი პარტიების პირით გამალებული თესავდა ხალხში უიმედობისა და ნიჰილიზმის შხამს. საბედნიეროდ, შხამს, ცილისწამებასა და სიბინძურეს მალფუჭებადი პროდუქტების ნიშან-თვისებები აქვთ; მათი ინფლაცია, გაწყალება, ცვეთა რაღაც პერიოდის შემდეგ გარდაუვალი ხდება და ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი რუსული პროპაგანდის ბალღამი დაუძლურდა.

 

ცხადია, ამას ხელი შეუწყო სამოქალაქო საზოგადოების სერიოზულმა გააქტიურებამაც, რაც მეტწილად ხელისუფლების პასიურობასა და უპასუხისმგებლობასაც უნდა დავაბრალოთ: საზოგადოებამ პასუხისმგებლობამოხსნილი ხელისუფლების იმედზე ყოფნა შეწყვიტა და მოქმედების სადავეები საკუთარ ხელში აიღო; მრავალი დიდი თუ პატარა ორგანიზაცია, არასამთავრობო, ანალიტიკური ცენტრი, გამოცემა თუ მოქალაქეთა გაერთიანება, საზოგადოება “ივერიის” ჩათვლით, თვით-ორგანიზდა, დაირაზმა და რუსულ პროპაგანდასა და მის პროტაგონისტებს გაბედულად დაუპირისპირდა.

 

შედეგმაც არ დააყოვნა: NDI-ს უკანასკნელმა კვლევებმა ცხადყო, რომ რუსული პროპაგანდის მიერ “ტვინგამორეცხილ” მოქალაქეთა რაოდენობამ მთელი ერთი მესამედით იკლო. ანუ, ხალხის დიდმა ნაწილმა შედარებით უფრო რაციონალური აზროვნება დაიწყო და შეძლო კრიტიკული ანალიზის მოშველიება და პარაზიტული ოცნებებიდან გამოფხიზლება.

 

ეს უდაოდ დამაიმედებელია, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ გულზე ხელი დავიკრიფოთ და თვითკმაყოფილებას მივეცეთ.

 

სანამ პუტინი ძალაუფლების პატრონია, ის თავისუფალი სამყაროს გაფართოებას, რაც საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასაც მოიცავს, თავს არ დაანებებს.

 

ჩვენ კი უფრო მეტი მოთმინებითა და მხნეობით უნდა აღვივსოთ, და ერთიანი ფრონტით გავაგრძელოდ წინააღმდეგობა.

 

მტერთან და მის დაქირავებულებთან ბრძოლას ერთობით მოვიგებთ. და ეს აუცილებლად ასე იქნება.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია