პლიტიკური სირაქლემების ეპოქა - „რასაც ვერ ვხედავ ის არც არსებობს“

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
14-04-2016, 17:32 | ეკონომიკა | ნანახია - 1230

პლიტიკური სირაქლემების ეპოქა  - „რასაც ვერ ვხედავ ის არც არსებობს“

 

დავით ნებიერიძე

 

რამოდენიმე დღეა ქართული საზოგადოება „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევების შედეგების განხილვით ცხოვრობს. ამ კვლევების ძირითადი შედეგი კი იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანაში უკიდურესადაა გაუარესებული მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა. მკაფიოდ უნდა გავიაზროთ, რომ ეს ფაქტი მთლიანად ქვეყნის ეკონომიკური რეალობის შედეგია. თუმცა, ყველაზე ტრაგიკომიკური ისაა, თუ როგორი რეაქცია აქვს ამ კვლევებზის შედეგებზე საქართველოს ხელისუფლებას - „არ ვენდობით“. „ასეთ პრობლემას ვერ ვხედავთ“. ანუ, თვალებს იმ იმედით ხუჭავენ, რომ თუ, პრობლემას ვერ დაინახავენ ეს პრობლემა არც არსებობს.

 

ეკონომიკა ეს არის სახელმწიფოს ყველა სეგმენტის ფუნქციონირების ერთიანი და საბოლოო გამოხატულება. აი უკვე წარმატებული და დინამიურად მზარდი ეკონომიკა განაპირობებს მოქალაქეთა სოციალური დონის სტაბილურ და განუხრელ ზრდას. შეუძლებელია ქვეყანაში არსებობდეს მზარდი ეკონომიკა და ამასთანავე ხდებოდეს მოსახლეობის სოციალური დონის გაუარესება. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ამგვარი ანომალიური რეალობა დგება, აღინიშნება მაშინ, როდესაც ქვეყანაში კორუფციის დონე და ეკონომიკაში ოლიგარქიული შემადგენელი უაღრესად მაღალია. ანუ, სტატისტიკურად ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ქონების გადანაწილების ფორმა არის ანომალიური: ერთის მხრივ კორუფციული გარიგებების შედეგად ეკონომიკაში შექმნილი აქტივები მოქალაქეთა მიღმა მიედინება და მეორეს მხრივ ეკონომიკურ სარგებელს ნახულობს მხოლოდ ეკონომიკური სუბიექტების ოლიგარქიული ნაწილი. წინააღმდეგ შემთხვევაში თუნდაც 2,8%-ით მზარდი ეკონომიკის პირობებში ქვეყანაში სოციალური დონის ასეთი კატასტროფული ვარდნა არ უნდა მომხდარიყო.

 

არაერთხელ მითქვამს, რომ გლობალიზირებულ თანამედროვე სამყაროში ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას განაპირობებს სახელმწიფო მესვეურთა, ხელისუფლების წარმომადგენელთა სწორი ხედვები, შეუვალი პოლიტიკური ნება და ხელისუფლების ნებისმიერ რგოლში მყოფი მოხელეების სათანადო მენეჯერული უნარჩვევები. ეს უნარჩვევები კი, თავის მხრივ ადაპტირებული უნდა იყოს თანამედროვე გამოწვევების მიმართ. სწორი ხედვები და წარმატებული უნარჩვევები ყალიბდება მხოლოდ იმ ფასეულობათა საფუძველზე, რომელიც დეკლარირებულია ცივილიზებული სამყაროს მიერ. ზუსტად აქ არის დამარხული „ძაღლის თავი“. საკმარისია გადავხედოთ დღევანდელი ხელისუფლების სახეებს, მათ ბეგრაუნდს და პარადოქსი კანონზომიერებად გადაიქცევა.

 

ბიძინა ივანიშვილი ცდილობს საკუთარი პოლიტიკური პარტიის რებრენდინგს. ნებისმიერი ადამიანისთვის ცხადზე ცხადია, რომ ოდიოზური, უინტელექტო, საეჭვო ფასეულობების მქონე და მომხვეჭელობის სურვილით შეპყრობილი „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები აუცილებლად მოსაშორებლები არიან, რათა ივანიშვილმა ოდნავ მაინც გამოისწოროს ხალხის მისდამი დამოკიდებულება. მაგრამ, ამას ფრიად უცნაურად აკეთებს. მისი პარტიის ახალ სახეებად ივანიშვილი განიხილავს მინისტრთა კაბინეტში მის მიერვე გამწესებულ ჩინოვნიკებს, რომლებიც წლების მანძილზე ემსახურებოდნენ პირადად მას. ამ არჩევანში კი გადამწყვეტი მნიშვნელობა უდაოდ მისი პიროვნებისადმი ერთგულების ხარისხმა ითამაშა. შედეგად კი, ქვეყანამ შეიძლება მიიღოს არა სახელმწიფოსადმი ერთგული და წარმატებული ხელისუფლება, არამედ, პირადად ივანიშვილის მსახური მოხელეები და პოლიტიკური პირები. ორ ბატონს ვერ ემსახურები. ეს უბრალოდ შეუძლებელია. ან სამშობლო, ან ბატონი. ამგვარი კონფიგურაციის მთავარი მიზეზი კი პოლიტიკური ძალაუფლების წყაროშია. არასრულ ოთხ წელიადში ივანიშვილმა საქართველოს წაართვა მთავარი - ქვეყანაში ხელისუფლების წყარო აღარ არის ხალხი. ქვეყანაში ხელისუფლების წყარო თავდ ბიძინა ივანიშვილი გახდა. ზუსტად ამიტომ არის, რომ გამოქვეყნებულ კვლევებში ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი უაღრესად შემცირებულია. შესაბამისად, თუ სახელმწიფოებრიობის საფუძვლები არასწორია, უკბვე ზედმეტია რაიმე პოზიტივზე და დადებით შედეგებზე საუბარი. მათ შორის ქვეყნის კონომიკაში მიმდინარე პროცესებში.

 

კვლავ და კვლავ მინდა ვთქვა, რომ წარმატებული ბიზნესმენი ვერასოდეს გახდება წარმატებული სახელმწიფო მოხელე, თუ არ მოხდა მისი უნარჩვევებისა და ხედვების ტრანსფორმაცია. ამისთვის პირველ რიგში საჭიროა, რომ სახელმწიფო მოხელე ანგარიშვალდებული იყოს საკუთარი ხალხის მიმართ და არა საკუთარი „დირექტორის“ წინაშე. რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში პრაქტიკულად გამორიცხულია. ქვეყნის დღევანდელი ეკონომიკური რეალობა ზუსტად ამ ტრაგიკულ მოცემულობას ასახავს. სახელმწიფო მოხელისთვის სავალდებულოა სივრცითი აზროვნება და გარემოთა კონცეფციით მოქმედება. სახელმწიფო არ არის შეზღუდული ან შეუზღუდავი პასუხისმგებლობის საწარმო. სახელმწიფო მოხელეები არ უნდა განიხილავდნენ ქვეყანას, როგორც მეწარმე სუბიექტს. პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოხელეები უნდა ზრუნავდნენ ქვეყანაში სათანადო გარემოს შექმნაზე, სადაც მაქსიმალურად განვითარდება ეკონომიკა, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების საბოლოო ნაყოფი. ჩვენ კი მძლავრი სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად არასრულ ოთხ წელიწადში მივიღეთ შპს “ეკონომიკის სამონისტრო“, სააქციო საზოგადოება „ფინანსთა სამინისტრო“, ინდმეწარმე „კახი კალაძე“ და კერძო დეტექტიური ფირმა „სუსი“. კინაღამ დამავიწყდა - საპასპორტო მაგიდის უფროსი თეა წულუკიანი.

 

ზემოთ უკვე ვთქვი, რომ ბატონი ბიძინა ძალიან უცნაურად ცდილობს თავისი პოლიტიკური პარტიის რებრენდინგის განხორციელებას. პარტიის პირველ პირებად ირჩევს ყველაზე წარუმატებელ მინისტრებს. ზუსტად ბატონი კვირიკაშვილის ეკონომიკის მინისტრობის დროს გაქრა ქვეყანაში ეკონომიკა. მესმის, რომ მეჭიაურ-კობახიძე, ბესელიაზე მეტად ზუსტად ეს მინისტრები ესიმპათიურება ბატონ ივანიშვილს. მაგრამ, ამ ახალმა პოლიტიკურმა სახეებმა ხომ ძირს დასცეს ქართული ეკონომიკა და ფაქტიურად გააკოტრეს ქართველი ხალხი. მერე რა, რომ ეს მინისტრები წლების მანძილზე მისი ერთგულებით გამოირჩეოდნენ? მერე რა, რომ ისინი ივანიშვილის ბიზნესის წარმატებული მენეჯრები იყვნენ. მათ ხომ არაფერი საერთო არა აქვთ კლასიკურ ბიზნესთან და ნამდვილი ბიზნესმენის უნარჩვევებს ფაქტიურად არ ფლობენ. ამის დასასაბუთებლად საკმარისია თავად ივანიშვილის ბიზნესის მცირე ანალიზი მოვახდინოთ. ეს არის ოლიგარქიული ბიზნესის კლასიკური მაგალითი. ანუ, ბიზნესის, რომელიც პრივილეგიების ხარჯზე ვითარდება და ყვავის. ბიზნესი რომელიც წარმატებას აღწევს მხოლოდ სხვის ხარჯზე და არაფერს ღირსეულს არ ქმნის. არ შედის კონკურენტულ ბრძოლაში. ასეთი ბიზნესი ხომ აბსოლუტურად წარუმატებელია ჯანსაღი კონკურენციის პირობებში. შესაბამისად, ოლიგარქიული ბიზნესის მენეჯერებს აბსოლუტურად არ სჭირდებათ დამოუკიდებელი ანალიტიკური აზროვნება. არ სჭირდებათ პრინციპული გადაწყვეტილებების მიღება. მათთვის საკმარისია პატრონის მითითებების პირნათლად და უსიტყვოდ შესრულება. რამეთუ, ბიზნესის წარმატება მხოლოდ მათი პატრონის მიერ მოპოვებული პრივილეგიებიდან გამომდინარეობს. ყველაფერს ის აგვარებს და ყველაფერს ის წყვეტს. მენეჯერებს კი, მხოლოდ ამ შედეგების იურიდიულად გაფორმება ევალებათ. ზუსტად აეთი მექანიკური შემსრულებლები იყვნენ ივანიშვილის კარზე დღევანდელი ჩვენი მინისტრების უმრავლესობა. განსაკუთრებით კი ახალი პრემიერ მინისტრი. რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიას ჩაუდგება სათავეში. ასეთი პოლიტიკური ფიგურების ფასი და წონა რომ აბსოლუტური ნოლის ტოლია დაამტკიცა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბედმაც. რა წუთშიც ივანიშვილმა ის გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან იმ წუთში ეს კაცი უბრალოდ გაქრა. გაქრა უკვალოდ, ისე თითქოს არც კი ყოფილაო.

 

ბოლოს კი მინდა კვლავ მივუბრუნდე ეკონომიკური შედეგების ანალიზს, რომელიც NDI-ს კვლევებში აისახა, როგორც ქვეყნის მოქალაქეთა სოციალური დონის უაღრესად გაუარესება. შევეცდები ძალიან მარტივად და მაქსიმალურად გასაგებად ავხსნა:

 

თუ სტატისტიკურ მონაცემებს დაეჯერება, ქვეყნის ეკონომიკა 2015 წელს 2,8%-ით გაიზარდა. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ეკონომიკურად უაღრესად ჩამორჩენილი ქვეყანაა, ასეთი მაჩვენებლით ზრდა ცალსახად კატასტროფული შედეგია ქვეყნის მომავლისთვის. მაგრამ, სტატისტიკურად მაინც ზრდა დაფიქსირდა. ეს კი ლოგიკურად ნიშნავს, რომ მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა პირდაპირპროპორციულად თუ არ გაუმჯობესდებოდა, არ უნდა გაუარესებულიყო მაინც. თავად ქართული ოცნების ლიდერები აცხადებენ, რომ კვლევების შედეგებში ახალი არაფერიაო. ვიცით, რომ მოსახლობას ეკონომიკურად უჭირსო. მაშ რა გამოდის..? რაშია მოსახლეობის სოციალური დონის ვარდნის მიზეზები? პრობლემა ეკონომიკური შედეგების გადანაწილების დამახინჯებულ ტრანსფორმაციაში და კორუფცის დონის მნიშვნელოვან ზრდაშია.

 

ქვეყნის ეკონომიკურ სივრცეში ფაქტიურად მოისპო ჯანსაღი კონკურენტული გარემო და საბოლოოდ განადგურდა საშუალო და მცირე ბიზნესი. მათი წილი კი მთლიანად მსხვილმა ოლიგარქიულმა ბიზნესმა გადაინაწილა. ხოლო ოლიგარქიული ბიზნესიდან მიღებული შემოსავლები მხოლოდ „სამეფო კართან“ დაახლოებული პირების ჯიბეებში ილექება. ანუ, ქვეყანაში დამკვიდრებული ოლიგარქიული ეკონომიკის მოდელი ახდენს საზოგადოების ხარჯზე ოლიგარქატის მატერიალური დონის განუხრელ ზრდას და მოსახლეობის ძირითადი მასის უკიდურესად გაღარიბებას. ამას კი ემატება ეკონომიკაში კორუფციული შემადგენლის ზრდა. ამასწინად აგორებული ოფშორების სკანდალიც ამის პირდაპირი მტკიცებულებაა. ოფშორული სქემებით ხდება ეკონომიკაში შექმნილი დოვლათის გამორეცხვა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია. კორუფციული და ოლიგარქიული კაპიტალი იზრდება. ხოლო, მოსახლეობის სოციალური დონე უკიდურესად ეცემა. ქვეყანაში ავად თუ კარგად მაინც შემოდის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. მაგრამ, მათი ხარისხი უაღრესად დაბალი ეფექტის მატარებელი გახდა. რადგან უსაშველოდ გაიზარდა კორუფციული შემადგენელი. ვერცერთ მეტ-ნაკლებად მსხვილ ინვესტიციას ვერ განახორციელებს ინვესტორი თუ სახლმწიფო მოხელე არ ჩისვა წილში. მიუხედავად იმისა, რომ ამ სეგმენტში შექმნილი დოვლათი ავტომატურად აისახება მთლიანი შიდა პროდუქტის სტატისტიკურ მონაცემებში. პრობლემა იმაშია, რომ აქ შექმნილი დამატებული ღირებულება მოიცავს დიდ კორუფციულ წილს. რომელსაც ძირითადად დაგროვების ფუნქცია აქვს. უპირატესად კი ქვეყნის ეკონომიკური სივრცის გარეთ და ძირითდად ოფშორულ ზონებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კორუფციული და ოლიგარქიული უკანონოდ მიღებული შემოსავლები მასიურად კონვერტირდება უცხოურ ვალიუტაში და გადის ქვეყნის ეკონომიკური სივრციდან. რაც ცალსახად იწვევს ლარზე დაწოლას და მის გაუფასურებას. საკმარისია გადავხედოთ ეროვნული ვალუტის „ქოცური“ ეპოქის დინამიკას, რომ აუცილებლად დამეთანხმებით ამ შეფასებებში.

 

P.S. ქვეყნის მოსახლეობის სოციალური დონის უკიდურესი გაუარესების სათავეები ქვეყნის პოლიტიკურ მოწყობასა და მართვის მახინჯ ფორმებშია. რასაც ემატება სახელმწიფო მოხელეთა არაადექვატური უნარჩვევები და მცდარი ხედვები. მათი ბანალური სიბეცე. ამიტომ, ცალსახად და უაპელაციოდ უნდა ვთქვათ: შედეგებს ვერ შევცვლით თუ არ მოისპო მისი გამომწვევი წყაროები, პრობლემის სათავე - ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ოლიგარქიული მოდელი. წინააღმდეგ შემთხვევაში აბსოლუტურად ზედმეტია ნებისმიერ რეფორმებზე და ეკონომიკურ ცვლილებებზე საუბარი. „ქართული ოცნების“ პარტიული სახეების გადანაცვლებით არაფერი შეიცვლება. პრობლემების სათავეა მოსასპობი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია