ომის გმირი კონგრესმენის პირით გამოთქმული გაფრთხილება ოლიგარქსა და არაფორმალურ მმართველს

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
23-04-2016, 22:11 | პოლიტიკა | ნანახია - 2251

ომის გმირი კონგრესმენის პირით გამოთქმული გაფრთხილება ოლიგარქსა და არაფორმალურ მმართველს

 

ნიკა რურუა

 

კონგრესმენმა სტივ რასელმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოზე ბრწყინვალე სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც გარდა ფაქტებისა ნამდვილი ამერიკული იდეალიზმის საუკეთესო მუხტიც ჩაატია. მან მოკლედ მიმოიხილა ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის რთული, წინააღმდეგობით სავსე, მაგრამ გმირული ისტორია, რომლის განმავლობაშიც ჩვენი ქვეყანა მძიმედ, შეცდომებით, დაცემებით, მაგრამ ისევ წამოდგომებით ჯიუტად მიიწევს წინ - თავისუფლებისკენ, რომელიც მას მთელ თავისუფალ სამყაროში ელის.

 

ასეთი შთაგონებული და შთამაგონებელი სიტყვები ხშირად არ ისმის ხოლმე, რომელშიც ერთმა ყალბმა მეტაფორამ ან უზუსტობამაც კი შეიძლება მთელი ამაღლებული მიზანი საფრთხის ქვეშ დააყენოს: ამ თვალსაზრისითაც კონგრესმენი რასელი უზადო იყო. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვაში მრავლად იყო მხატვრული შედარებები და მეტაფორები, არც ერთი მათგანი მიზანს - მიუკერძოებელი და თავისუფლებისმოყვარე მსმენელის გულს - არ ასცდენია. ამის ტესტი დოჩანაშვილისეული პერსონაჟის - აი, იმის, ლიტერატურა ძლიერ რომ უყვარდა - ტესტისა არ იყოს, ყველას საკუთარი გაგვაჩნია.

 

საქართველო მეომარმა კონგრესმენმა (სტივ რასელი სადამ ჰუსეინის აყვანის ოპერაციაში მონაწილეობდა ერაყის განთავისუფლების კამპანიისას) წმინდა გიორგის შეადარა - საქართველოსთვის ყველაზე საყვარელ წმინდანს - რომელიც უთანასწორო ბრძოლაში ურჩხულს შესჭიდებია, და რომელიც აუცილებლად იმარჯვებს მასზე ფიზიკურად ძლიერ, მაგრამ მორალურად ბევრად სუსტ მტერზე. სიტყვა ასე მთავრდება: ქართველებო, წმინდა გიორგის მაგვარ აიღეთ შუბი, და უშიშრად ეკვეთეთ თქვენი სამშობლოს მტერს!

 

მაგრამ გარდა ამ დეკლარაციური ნაწილისა კონგრესმენის სიტყვაში იყო მკაფიო და არაორაზროვანი გზავნილი ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც მან პუტინის მოკავშირე ოლიგარქად მოიხსენია; კერძოდ, ეს გზავნილი მდგომარეობს იმაში, რომ თავისუფალი სამყაროს ლიდერი ქვეყანა, ამერიკის შეერთებული შტატები არ მისცემს უფლებას ‘გაზპრომის’ უმხსვილეს კერძო აქციონერს და პუტინის “სტავლენნიკს” ქართული სახელმწიფოებრიობის პუტინის რუსეთზე გაყიდვის საშუალებასა და უფლებას.

 

კონგრესმენმა ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართა და მოუწოდა, რომ კონკრეტული ზომები იქნეს მიღებული რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქისა და მისი ხელშემწყობი პირების დასავლეთში განლაგებული მთელი აქტივების გაყინვის თაობაზე; იდენტიფიცირებულ იქნას საქართველოს დემოკრატიული მომავლისათვის საფრთხის შექმნის საქმეში ივანიშვილის თანამზრახველთა ვინაობა და მათ მიმართაც გატარდეს ანალოგიური ქმედებები; და ასევე, რომ შეეზღუდოთ ან გაუუქმდეთ ამ პირებს თავისუფალ სამყაროში გადაადგილების შესაძლებლობა; და ბოლოს, კონგრესმენმა ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელ ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ეს უკანასკნელი ჩაერთოს საქართველოს პარლამენტის მომავალი არჩევნების მონიტორინგის პროცესში, რომ ამ არჩევნებამდე დარჩენილი თვეები არ იქცეს საქართველოს თავისუფლების უკანასკნელ თვეებად და ქართველ ხალხს მიეცეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისას საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება.

 

ამაზე კონკრეტული და მკაფიო მესიჯი აღარ არსებობს.

 

ასეთი გაფრხილებები შემთხვევით და კერძო ინიციატივით არასდროს ხდება. ასევე, ძალიან ნიშანდობლივია, ვისი პირით შეირჩა ამ გზავნილის გახმოვანება: ყოფილი სამხედროსი, და ერაყის კამპანიის გმირისა, ვისაც სადამ ჰუსეინის დაპატიმრების გამო ამერიკის ერთ-ერთი უმაღლესი სამხედრო ჯილდო აქვს მიღებული - კონგრესმენ სტივ რასელის.

 

და ბოლოს - როგორ მიიღეს ეს გაფრთხილება აქაურ მმართველ წრეებში? ზუსტად ისე, როგორც ანალოგიურ გაფრთხილებებს იღებდნენ ჰუსეინის და კადაფის ქვეშერმდომები, ინფორმაციის თუ იდეოლოგიური სამინისტროების აწ უკვალოდ გამქრალი კომიკური პერსონაჟები - ქილიკითა და ვიგინდარულ-მდაბიური გაუფასურების მცდელობებით.

 

ეს ისტორიები როგორც დამთავრდა, ყველას კარგად ახსოვს - მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

 

თავისუფალ სამყაროს ერთი მთავარი სიძლიერე აქვს - სოლიდარობა თავისუფლებისმოყვარე ერებს შორის და ეს სოლიდარობა ბევრად ძლიერი და პრინციპული რამაა, ვიდრე ნებისმიერი ფულისა და ავლადიდების მიერ მოპოვებული დროებითი ძალაუფლება.

 

ერის ისტორიულ ბედთან თამაშის ნებას არავინ მისცემს გათავხედებულ, თავბრუდახვეულ ოლიგარქსა და მისი წყალობის მომლოდინე ხროვას - არც ჩვენ, ამ ქვეყნის პატრიოტი შვილები და არც თავისუფალი სამყარო.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია