საგარეო ვალი „დალომბარდებული“ საქართველო და უღელი მომავალი თაობებისთვის

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
24-04-2016, 15:02 | ეკონომიკა | ნანახია - 1492

საგარეო ვალი  „დალომბარდებული“ საქართველო და უღელი მომავალი თაობებისთვის

 

დავით ნებიერიძე

 

ნებისმიერი სოციალური გამოკითხვების შედეგად საქართველოში მთავარი პრობლემა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დონის უკიდურესი ვარდნაა. მარტივად რომ ვთქვათ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უდიდესი ნაწილი უბრალოდ გაღატაკდა. ანუ, უაღრესად შემცირდა მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი და გადახდისუნარიანობა. ზუსტად ეს ფაქტია იმისი პირობა, რომ მოსახლეობა სულ უფრო იძირება ბანკებისა და მიკროსაფინანსო ინსტიტუტების ვალებში და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დიდი ხანია კრედიტორთა „შავ სიაშია“ მოხვედრილი. რაც ავტომატურად ნიშნავს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის ფინანსურ რესურსებთან წვდომის სრულ შეზღუდვას. რაც იწვევს ქვეყანაში ბიზნეს აქტივობის უკიდურეს შემცირებას. გარდა ამისა და რაც ყველაზე დიდი საშინელებაა სულ უფრო იზრდება იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომელიც ამ კრედიტების გადაუხდელობის გამო კარგავს საკუთარ საცხოვრებელს და უბრალოდ ქუჩაში, ღია ცის ქვეშ რჩება.

 

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის (რომლებიც საკრედიტო დაწესებულებების „შავ სიებში“ არიან მოხვედრილნი) ფინანსურ რესურსებთან წვდომის სრული შეზღუდვა ავტომატურად წარმოშობს ისეთ სავალალო რეალობას, როდესაც ქვეყნის მოქალაქეების ნაცვლად, ეკონომიკის ზრდა დამოკიდებულია მხოლოდ უცხოურ ინვესტიციებზე და უცხოელ ინვესტორებზე. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს მხოლოდ ერთს - საქართველოში ბიზნესის და საკუთრების მფლობელები ხდებიან მხოლოდ უცხოელები. ეს ტენდენცია კი სულ უფრო მზარდი ხდება. თუმცა, რჩება ერთი გამონაკლისი - უმდიდრესი ქართველი და მისი ოლიგარქიული გარემოცვის წევრები. თუ დაკვირვებულხართ - დღეს საქართველოში ყველაზე ხშირად წარმოთქმული ფრაზაა: „ფული რომ დაგჭირდეს ლარიანსაც ვერ ისესხებ“. მემგონი არ ვცდები... ეს ყველაფერი კი უვარგისი ხელისუფლების ხალხის ხარჯზე პარაზიტირების ბრალია.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის შედეგი კი ისევ და ისევ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა და ზოგადად გაუარესებული ეკონომიკური გარემოა, რომელშიც უაღრესად გაფუჭდა ბიზნესის ხარისხი. ბიზნესი სულ უფრო და უფრო იღებს ოლიგარქიულ სახეს. სადაც შემოსავლის ძირითადი წყაროა ეკონომიკური და ადმინისტრაციული პრივილეგიები ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნეს ოპერატორებისთვის. ანუ, მიზანმიმართულად ხდება ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი ბიზნესურთიერთობების განდევნა საქართველოს ეკონომიკური სივრციდან და ეს ყველაფერი ხდება იმ ქვეყანაში რომელიც სულ რაღაც ოთხი წლის წინ ბიზნესის წარმოების სიმარტივისა და საინვესტიციო მომხიბვლელობის რეიტინგში მსოფლიოში მოწინავე პოზიციებზე იყო. მაგრამ, ამ პერიპეტიების მიღმა და მოსახლეობის ყურადღების პირველხარისხოვან ყოფით პრობლემებზე გადატანით გამოგვრჩა ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც უაღრესად გრძელვადიანი მოქმედების ეფექტი გააჩნია. ეს არის ქვეყნის საგარეო ვალის უკიდურესი და საგანგაშო ზრდა. რომელმაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კოლოსალურ და ეკონომიკურ შედეგებთან შედარებით არაადექვატურ ნიშნულს მიაღწია. მან საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობას გადააჭარბა. ეს კი შეიძლება ქვეყნის დეფოლტის წინა პირობა გახდეს.

 

2015 წლის 1-ლი ინვრისთვის:

 

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა - 13 959.9 (მილიონი) აშშ დოლარი.

 

მთლიანი საგარეო ვალი - 14 973.9 (მილიონი) აშშ დოლარი

 

იხილეთ ცხრილები N1 და N2.

 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის მეოთხე „საუკეთესო“ წელს საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა მშპ-ს მაჩვენებელს 1 მილიარდ დოლარზე მეტით გადააჭარბა.

 

ყველა ჩვენს მოქალაქეს მინდა მცირედი ანალიზი შევთავაზო, მიუხედავად მათი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ სიმპათიებისა. როგორც არ უნდა ვაკრიტიკებდეთ „ნაციონალური მოძრაობის“ და კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობის შედეგებს, აშკარა ფაქტებს მაინც ვერ გავექცევით:

 

შევარდნაძის მმართველობის უკანასკნელ წელს ქვეყნის ბიუჯეტი დაახლოებით 600 მილიონი იყო. რომელიც წლის მანძილზე სეკვესტრს რამოდენიმეჯერაც კი განიცდიდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტმა 10 მილიარდს ლარს მიაღწია. თანეც, ეს ფაქტი დაფიქსირდა გადასახადების უმრავლესობის გაუქმებისა და საგადასახადო განაკვეთების უპრეცენდენტო კლების ფონზე. ქვეყნის ქალაქები და ისტორიული ცენტრები ისე განახლდა და ისეთი აღმშენებლობა განხორციელდა, რომ უპრეცენდენტოდ გაიზარდა მოქალაქეთა ქონების კაპიტალიზაციის დონე, დასაქმება, ტურიზმი და მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე მოცულობის მაჩვენებლის უპრეცენდენტო ზრდა. საქართველო მისი მოქალაქეებისთვის საამაყო ქვეყნად გადაიქცა. პენსიები 14-დან 150 ლარამდე გაიზარდა. ქვეყანაში უდაო იყო ეკონომიკის მდგრადი განვითარება და მთლიანმა შიდა პროდუქტმა უპრეცენდენტო ზრდა განიცადა. რიგ წლებში მისმა ზრდამ ორნიშნა მაჩვენებელსაც კი მიაღწია. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის მომენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას სახაზინო ანგარიშზე ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დაუტოვა.

 

ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ ზარზეიმით მოსვლისთნავე ქვეყანაში მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ვითარება ასოთხმოცი გრადუსით შეიცვალა და „მეოთხე საუკეთესო“ წელს პიკეში შევიდა. ეკონომიკა კიარ დაპაუზდა, არამედ პრაქტიკულად ჩამოიშალა. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის 3%-იანი მაჩვენებელი სანატრებელი გაგვიხდა. თავიდან აშენებულმა ქალაქებმა ნგრევა დაიწყო. ხოლო, მათი ქუჩები შევარდნაძისდროინდელს დაემგვანა. ეს ყველაფერი კი იმ დროს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ ქვეყნის მთლიანი საგარეო ვალი თითქმის 15 მილიარდ აშშ დოლარამდე აიყვანა. ხოლო, ლარის კურსმა 2,5-ს მიაღწია.

 

თუ ხელისუფლებამ ასეთი უზარმაზარი ვალები აიღო და მათივე განცხადებით ეკონომიკაში მიმართა, თუ ყბადაღებულმა „თანადაფინანსების ფონდმა“ უამრავი ბიზნეს პროექტი დააფინანსა; თუ სოფლის მეურნეობაში მილიარდზე მეტი ჩაიყარა; თუ ფინანსთა სამინისტრო ყოველ წელიწადს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების გეგმას გადაჭარბებით ასრულებს; თუ გვიმტკიცებენ, რომ ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების არნახული ბუმიაო, მაშინ მე, რიგით მოქალაქეს მიჩნდება მკაფიო და ლეგიტიმური კითხვა: სად წაიღეთ ეს უზარმაზარი თანხები, რომ საქართველოს მოსახლეობის 90%-ს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა დაუმძიმდა, კატასტროფულად გაუუარესდა და ქვეყანამ უბრალოდ ნგრევა დაიწყო? თუნდაც ამ საგარეო ვალების გასტუმრებას ხომ ბიძინა ივანიშვილის მთელი ქონებაც კი აღარ ეყოფა. თუმცა, ძალიან მეეჭვება მას ამის სურვილი ჰქონდეს. „ქართული ოცნების“ შეჭმული და განიავებული საგარეო ვალები ხომ ჩვენი და ჩვენი შვილების გდასახდელი იქნება!?

 

თუ, ქვეყანა გამოფხიზლდება და მომდგარ საპარლამენტო არჩევნებზე ივანიშვილის ხელისუფლებას მოიშორებს. თუ ქვეყნის სათავეში საუკეთესო ხელისუფლება მოვა, მაინც ურთულესი იქნება შექმნილი რეალობის უკეთესობისკენ შემობრუნება. იმიტომ, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, უაღრესად მძიმე იქნება დაგროვილი უზარმაზარი საგარეო ვალების მომსახურება და მათი გასტუმრება. ნაცვლად მოსახლეობის მატერიალური კეთილდღეობის ზრდისა სახსრების უდიდესი ნაწილი ამ ვალების დაფარვაზე დაიხარჯება. ნურავის გონია და ნუ ეშლება, რომ სახელმწიფო ვალი ჩვენი კი არა, სახელმწიფოს გადასახდელია. ეს ვალები ჩვენი და ჩვენი შვილების გადასახდელია. იმიტომ, რომ ჩვენ თუ არ შევიტანთ ბიუჯეტში თანხებს, სახელმწიფო ვერ გასწევს ამ ხარჯებს. სახელმწიფო ხომ ჩვენ ვართ, თითოეული ჩვენთაგანი; თითოეული ჩვენთაგანის შვილები და მათი შვილებიც. მარტივად, რომ ვთქვათ ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ცხოვრება და ჩვენი შვილების მომავალი უბრალოდ „დაგვილომბარდა“.

 

შეიცვლება თუ არა დღევანდელი ხელისუფლება, პირველ რიგში უნდა გამოვიძიოთ სად წავიდა ხალხის ფული და სად განიავდა უზარმაზარი საგარეო ვალებით შემოსული თანხები. გადამალულს კი არა, დახარჯულსაც ვერ დაგვიმალავენ...

 

საგარეო ვალი  „დალომბარდებული“ საქართველო და უღელი მომავალი თაობებისთვის
საგარეო ვალი  „დალომბარდებული“ საქართველო და უღელი მომავალი თაობებისთვის
საგარეო ვალი  „დალომბარდებული“ საქართველო და უღელი მომავალი თაობებისთვის
საგარეო ვალი  „დალომბარდებული“ საქართველო და უღელი მომავალი თაობებისთვის
საგარეო ვალი  „დალომბარდებული“ საქართველო და უღელი მომავალი თაობებისთვის

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია