ლესტერი წინ!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
28-04-2016, 22:53 | კომენტარები | ნანახია - 1156

ლესტერი წინ! 

 

გიორგი იმედაშვილი

 

ფეხბურთი ცხოვრება არ არის, მაგრამ სპორტზე მეტია. თამაშია, თანაც ნამდვილი მეოცნებეების თამაში, რომელშიც ყველანაირი კარტით შეგიძლია მოგებაც და წაგებაც და როცა ნამდვილი გულშემატკივარი ხარ, კარგად იცი, რომ კარტებს (ანუ საყვარელ გუნდებს) მხოლოდ შენით არ ირჩევ. ასეთ დროს რაღაც ისეთი ხდება ჯადოქრებსა და ჯადოსნურ ჯოხებს შორის გაბმულ უხილავ კავშირებს რომ ჰგავს და ერთ კონკრეტულ გუნდთან მთელი ცხოვრებით გაერთიანებს. მე არ მახსოვს, ზუსტად როდის ვნახე პირველად მანჩესტერის თამაში, არც ის მახსოვს ვის ეთამაშებოდა, მარტო ის ვიცი, რომ ლურჯი საგარეო ფორმა ეცვათ და მოიგეს, ანგარიშსაც ნუ მკითხავთ. მაგრამ იმას კარგად ვხვდები, რომ სწორედ იმ თამაშის ყურებისას ვიგრძენი, რომ რამდენიც არ უნდა წაეგოთ, ან მოეგოთ მე მაინც უნაიტედისკენ ვიქნებოდი და ამას აღარაფერი შეცვლიდა. ნაღდი გულშემატკივრები ნამდვილი მეოცნეები არიან, ყველაზე ძლიერების მხარდამჭერებმაც კარგად იციან, რომ სულ ვერ მოიგებენ, მაგრამ მზად არიან თავის გუნდთან ერთად ღირსეულად დამარცხდნენ ბევრჯერ, სანამ ერთად არ აისრულებენ ოცნებას.

 

ლესტერი პრემიერ ლიგას იგებს, იგებს დამსახურებულად და ღირსეულად. 2014 წლის შობაზე ეს გუნდი ინგლისის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის ბოლო პოზიციაზე იმყოფებოდა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი- პირველზე. ფაქტია, რომ წელს ლესტერი, რომლის მთელი გუნდი უფრო იაფად ფასდებოდა სეზონის დასაწყისში, ვიდრე მაგალითად, მხოლოდ აგუერო და ტურე სიტიდან, ბევრად უფრო უკეთ თამაშობს, ვიდრე რომელიმე სხვა მდიდარი და ტრადიციულად ძლიერი ინგლისური კლუბი, თუნდაც სიტი, ანდაც არსენალი, მანჩესტერი, ჩელსი, ლივერპული, ტოტენჰემი... გუშინწინ რანიერის ლესტერმა სუონსის მოუგო, მთავარი ბომბარდირი ჯეიმი ვარდის გარეშე და თანაც ოთხით ნული, მაშინ როცა დღეისათვის მისმა მთავარმა კონკურენტმა გუშინდელ მატჩში ვერ მოახერხა ტონი პულისის „უესტ ბმრომვიჩის“ დამარცხება და თამაში ფრედ დაასრულა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი თამაშით ადრე ლესტერმა ტოტენჰემს 7 ქულით გაუსწრო და დიდი ნაბიჯი გადადგა პრემიერ ლიგის მოსაგებად. შემდეგი თამაში ლესტერს უნაიტედთან უწევს „ოლდ ტრაფორდზე“ და თუ მოიგო ჩემპიონობას ფაქტობრივად გაინაღდებს და „ოცნებების თეატრი“, როგორადაც ამ სტადიონს მოიხსენიებენ ხოლმე, ნამდვილად შესაფერისი ადგილი იქნება ამ მოვლენისათვის. თუმცაღა, მე, რა თქმა უნდა, ამ კონკრეტულ თამაშში მაინც არ ვიქნები ლესტერისკენ.

 

პრემიერ ლიგის დაარსებიდან პირველად მას იგებს კლუბი, რომელიც წინა სეზონში გადმოვიდა უმაღლეს დივიზიონში და თანაც სასწაულებრივად გადარჩა გავარდნას. მაგრამ, ჯერ კიდევ 70-იან წლებში, პირველი დივიზიონის არსებობისას, დაფიქსირდა შემთხვევა, როცა კლაფის „ნოტინგემ ფორესტმა“ ქვედა ლიგიდან აღზევების შემდგომ მოიგო პირველი დივიზიონი და შემდეგ სეზონში მეორედაც მოახერხა გამარჯვება, თანაც ინგლისის ჩემპიონობას ევროპის ჩემპიონთა თასში გამარჯვებაც მიაყოლა. ბევრი ფეხბურთის გუშემატკივარი წელსაც დიდი ტკივილით მისტირის ძველ ფეხბურთს და იმ დროს, როცა დიდი ფული ჯერ კიდევ არ კეთდებოდა და მოთამაშეებიც, მათი თქმით, უფრო მოტივირებულები და ღირსეულები იყვნენ. ბევრის აზრით, ფეხბურთმა დაკარგა ის ხიბლი, რაც ადრე ჰქონდა. მათთან ბოდიში, მაგრამ მე ამ მოსაზრებას ვერაფრით დავეთანხმები. ლესტერის გამარჯვება იმის დასტურია, რომ ფეხბურთი ისევ ისეთი ამოუცნობი და მოულოდნელი თამაშია, როგორიც წლების წინ იყო და მას მხოლოდ მონდომებული და ღირსეული მოთამაშეები იგებენ. „ბრძოლაში, როდესაც ორივე მხარეს მიაჩნია, რომ მოწინააღმდეგე იმარჯვებს, სინამდვილეში იმარჯვებს ის, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა ბრძოლად აგრძელებს.“- ჯორჯ უაშინგტონის ეს სიტყვები არაფერს ისე არ ესადაგება, როგორც ფეხბურთსა და ლესტერის გამარჯვებას. ამ კლუბის დევიზიც კი ამას გვეუბნება - Foxes never quit.

 

ჩვენ, ქართველებს, რასაკვირველია, მოგვწონს ლესტერი, ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ, ასე რომ გვიყვარს დინამოზე დაჩოქილი ლივერპულის გახსენება და იმაზე ოცნება, რომ ასეთი სურათი განმეორდება. ლესტერი კი სწორედ იმის დასტურია, რომ ჩვენ ოცნებებსაც უწერია ასრულება. ვინც ამ სეზონის პრემიერ ლიგას თვალს ადევნებს და ლივერპული-დორტმუნდის ბოლოდროინდელ დაპირისპირებასაც უყურა, დამეთანხმება, რომ ფეხბურთი რჩება ყველაზე მაგარ, ემოციურ, ღირსეულ და მოულოდნელ თამაშად და სწორედ ამიტომ მისთვის ნამდვილად ღირს ცხოვრება. გაუმარჯოს ლესტერს, გაუმარჯოს ფეხბურთს და ოცნებებს!

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია