„Magna Carta Libertatum“ vc „ОПРИЧНИНА“

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-04-2016, 16:55 | კომენტარები | ნანახია - 2382

„Magna Carta Libertatum“  vc  „ОПРИЧНИНА“

 

პირველი ნაწილი

 

გაგა გობრონიძე

 

როდესაც გავიგონებთ ხოლმე ტერმინს “სახელმწიფო გადატრიალება“, ტრადიციულად და ალბათ უკვე რეფლექსების დონეზე აუცილებლად ან სამხრეთ ამერიკა უნდა წარმოვიდგონოთ, ან აფრიკა. მეტად უფრო მაინც პირველი. ეს იმიტომ, რომ ამ კონტინენტზე (და საერთოდ მთლიანად „ლათინურ ამერიკაში“) არსებული ქვეყნების ისტორია, თითქმის თავიდან ბოლომდე „სახელმწიფო გადატრიალებების“ ქრონიკებია. აფრიკა კი პირნციპში ყოველთვის ნაკლებად გვაინტერესებდა. არა და იქაც “ბობოქარი ცხოვრება“ მიმდინარეობს ამ კუთხით.

 

ჩვენშიც ტერმინმა „პუტჩმა“ (რომელიც შემდგარ ან არშემგარ სახელმწიფო გადატრიალებას ნიშნავს) შეიძლება ითქვას, რომ უცებ მოიკიდა ფეხი. საქართველოს 1991-1993 წლების სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტი, რომელიც კლასიკური სამხედრო გადატრიალებით დაიწყო, სამწუხაროდ ყველას გვახსოვს. მასიურად ზუსტად მაგ პერიოდიდან შემოდის ქართველების ცნობიერებაში და ლექსიკონში ეს უცხო სიტყვა.

 

თუმცა ისიც ავღნიშნოთ, რომ მიუხედავად გავრცელებული სტერეოტიპისა, ზემოთ აღნიშნული ტერმინი („პუტჩი“) არანაირად არ არის არც ესპანური და არც პორტუგალიური ენიდან ნაწარმოები. რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს Putsch-ი გერმანული სიტყვაა და კიდევ უფრო კონკრეტულები რომ ვიყოთ, უფრო შვეიცარიულია. ისტორიაში ზუსტად 1839 წლის ე.წ. „ციურიხის პუტჩი“ (ძალიან საინტერესო ისტორიაა) ითვლება პირველ ნომინალურ პუტჩად და ზუსტად ამ მომენტიდან მკვიდრდება ეს ტერმინიც.

 

წერილი კი დავიწყეთ იმით, რომ სამხედრო, კაბინეტური, ან კარის გადატრიალებების „მოდის ფუძემდებლებად“ რატომღაც ლათინური ამერიკის ქვეყნები მიგვაჩნია და აი ამ ყველაფრის ფონზე კი ძალიან უსამართლოდ გვავიწყდება ხოლმე ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი. არ გაგიკვირდეთ და ისევ და ისევ რუსეთზეა საუბარი.

 

არ დავიწყებთ იმ ამბების მოყოლას თუ როგორ მოკლა ივანე მრისხანემ (ეს პერსონაჟი დავიმახსოვროთ, ამ წერილში აუცილებლად მოგვიწევს მისი გახსენება) თავისი ვაჟი და მემკვიდრე იოანე, არც მისი უმცროსი ვაჟის, დიმიტრის დღემდე „გაუხსნელ“ მკვლელობას (მცირეწლოვან ბავშვს უბრალოდ ყელი გამოსჭრეს) და აქედან გამომდინარე ბორის გოდუნოვის გამეფებას გავიხსენებთ. არც იმ ამბავს შევეხებით გოდუნოვის სიკვდილის შემდეგ თუ როგორ და რა სასტიკი მეთოდებით მოკლეს მისი მეუღლე და შვილი. არც შემდგომი „ცრუდიმიტრების“ ეპოქა გვაინტერესებს. თუმცა აქაც კლასიკურ გადატრიალებებთან გვაქვს საქმე. არც რუსული ისტორიის ერთ უხერხულ მომენტს შევეხებით, საიდანაც ნათლად ჩანს რომ „რუსულ ტახტზე“ მაშინდელ პოლონურ სამეფო დინასტიასაც ჰქონდა საფუძვლიანი პრეტენზიები. შემდეგ იყო დიდი ქაოსი, ანარქია სისხლი და როგორც ჩვენში იტყვიან „ძაღლი პატრონს რომ ვერ ცნობს“ ზუსტად მსგავსი სიტუაცია. სხვათა შორის, როგორც ისტორიიდან ჩანს, ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისი ამ ქვეყანაში მასშტაბური სისხლიანი გარჩევებით სრულდება ხოლმე. მანდ სხვანაირად არ შეუძლიათ.

 

თუმცა ეს ყველაფერი არ არის თქვენს წინ არსებული წერილის მთავარი თემა.

 

ახლა კი შევეცდებით უბრალოდ ქრონოლოგიურად ჩამოვთლით რა ხდებოდა მოგვიანებით ანუ, როგორ იცვლებოდა რუსეთში „პირველი პირი“ თუ ხელისუფლება. დავიწყოთ პირობითად „პეტრე პირველის“ მეფობის (რომლის ნათლობის სახელი რატომღაც ისაკია. „პეტრედ“ მისი გადანათვლა მოგვიანებით ხდება და ეგეც საერთოდ სხვა და უცნაური ისტორიაა) შემდეგი ეპოქიდან. ეს ყველაფერი ამ წერილის მთავარი თემის გახსნაში დაგვეხმარება. ბოლო ბოლო ავართვათ ლიდერის „პალმის რტო“ ლათინური ამერიკის ქვეყნებს და მის რეალურ და ღირსეულ მფლობელს, რუსეთს დავუბრუნოთ.

 

დავიწყოთ:

 

• 1725 წელი - მენშიკოვის კლანი გვარდიული ნაწილებზე დაყრდნობით ხელთ იგდებს ხელისუფლებას და ტახტზე აჰყავთ ეკატერინე პირველი;

 

• 1727 წელი - ე.წ. „უმაღლესი საიდუმლო საბჭო“ (ისევ და ისევ გვარდიულ ნაწილებზე დაყრდნობით) დააპატიმრებს მენშიკოვს და ტახტზე აჰყავთ პეტრე II;

 

• 1730 წელი - „უეცრად“ (ქორწილის დღეს) გარდაიცვლება პეტრე II და ისევ გვარდიული ნაწილების „დახმარებით“ გარკვეული ძალები ტახტზე ანა იოანოვნას აიყვანენ;

 

• 1740 წელი - პრეობრაჟენსკის გვარდიული პოლკის გრენადერები აწყობენ გადატრიალებას და ტახტზე ელიზავეტა (პეტრე პირველის ქალიშვილი) აღმოჩნდება;

 

• 1762 წელი - ისევ გვარდიული ნაწილები, ისევ მონარქის (პეტრე III) მკვლელობა და ტახტზე ადის მისი მეუღლე ეკატერინე II;

 

• 1801 წელი - იმპერატორ პავლე პირველის მკვლელობა, მეფდება ალექსანდრე I, რომელიც ძალიან ბევრი ისტორიკოსის მოსაზრებით, თავად მშვენივრად იყო ინფორმირებული მამის შესაძლო მკვლელობის შესახებ.

 

ისე არც ამ იმპერატორის სიკვდილია ბოლომდე გარკვეული. მანდაც უამრავი თეთრი ლაქაა. ალექსანდრე გაემგზავრა როსტოვს სადაც უცებ და რატომღაც და საკმაოდ მოულოდნელად გარდაცვალა. ტახტზე მისი ძმა ნიკოლოზ I ადის.

 

მერე იყო დეკაბრისტების გამოსვლები და მათი ახლა უკვე არ შემდგარი სამხედრო პუტჩი. სხვათა შორის ჯერ საბჭოთა და მერე უკვე რუსულმა ოსტორიოგრაფიამ დეკაბრისტების სერიოზული გარომანტიზირება მოახდინა და თითქმის მეოცნებე ახალგაზრდა ოფიცრებად წარმოაჩინა, რომლებიც ტირანიას თითქმის უანგაროდ შეეწირნენ. გამოვიდა ძალიან ლამაზი ფილმი „Звезда пленительного счастья“ და კიდევ ერთი მავნე მითი შეიქმნა.

 

ამ დროს რეალობა საერთოდ სხვაა, ეს „ყმაწვილები“ თავიანთ იმპერატორს არაფრით არ ჩამოუვარდებოდნენ. ბოლო ბოლო პოლკოვნიკ პესტელის მიერ შემუშავებულ „კონსტიტუციას“ თუ გადაავლებთ თვალს (ინტერნეტში მისი მოძიება არ არის რთული), შეიძლება თმები ყალყზე დაგიდგეთ. „დიქტატურა“ და „რეპრესიები“ იქ არის თუ არის. ამ ქვეყანას სხვანაირად უბრალოდ არც შეუძლია, იმიტომ რუსეთი არის ერთი. არანაირი „მეორე რუსეთი“ ბუნებაში არ არსებობდა და არც იარსებებს. ეს გინდ გოდუნოვის რუსეთი იყოს (თუმცა მაგ დროს სახელი „რუსეთი“ საერთოდ არავის გაეგო, ხან მოსკოვის სახანოდ და ხან უბრალოდ „ტარტარიად“ არის მოხსენიებული მაგ პერიოდის ნებისმიერ ევროპულ რუკაზე), გინდ პეტრეს, გინდ დეკაბრისტი პესტელის და გინდ პუშკინის ან თუნდაც ლუდმილა ზიკინასი.

 

მოკლედ, რუსეთის ისტორიის მთელი XVIII და XIX საუკუნის დასაწყისი სახელმწიფო გადატრიალებების მრავალფერობანი კალეიდოსკოპია.

 

ახლა არც „თებერვლის რევოლუცია“ (რომელიც თავიდან ბოლომდე ე.წ. „რესპუბლიკელ გენერალთა“ ერთი და საკმაოდ გავლენიანი ჯგუფის მოწყობილია) დავივიწყოთ და არც ე.წ. “ოქტომბრის რევოლუცია“, რომლებიც ქრესტომატიული სამხედრო გადატრიალებები არიან (ოღონდ „ავრორამ“ გაისროლა და ეგეთი ზღაპრების გარეშე).

 

შემდეგ იყო ლენინის ხელისუფლებიდან ჩამოცილება, ტროცკის აღზევება, სტალინის მიერ იგივე ტროცკის მოცილება. არც ერთ პროცესს ძალის გამოყენების გარეშე არ ჩაუვლია. მილიონობით მსხვერპლზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

 

სხვათა შორის ამ ბოლო დროს ერთი სკანდალური დოკუმენტი (ჩვეულებრივი სხდომის ოქმია) გამოჩნდა, საიდანაც ირკვევა რომ იოსებ ბესარიონის ძეს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ყველა რეგალია, ტიტული და წოდება ჩამოერთვა. ამ ყველაფრის უკან ე.წ. ‘ბერია-მალენკოვის’ ჯგუფს მოიაზრებენ. აქაც გადატრიალება და ბელადის „დროული“ სიკვდილი. ლავრენტი ბერიას შემდგომი ბედიც ცნობილია ჩვენთვის. მანდაც კლასიკურ სამხედრო გადატრიალებსთან გვაქვს საქმე. მოსკოვი ტანკებითაც გაივსო და არმიასა და НКВД-ს ნაწილებს შორის შეტაკებებიც ყოფილა. ბერიას ოფიციალური ვერსიის მიხედვით დახვრიტავენ და ხელისუფლებას ნიკიტა სერგის ძე აიღებს. თუმცა ხრუშჩოვიც სახელმწიფო გადატრიალების მხსვერპლი შეიქმნება. ისევ სამხედროები (თუმცა КГБ-საც ქონდა თავისი “მოკრძალებული“ როლი) იაქტიურებენ და „ტახტზე“ ბრეჟნევი ადის.

 

საბჭოთა კავშირის პირველი პრეზიდენტის გორბაჩოვის და ე.წ. ГКЧП-ს ამბები არც ისე დიდი ხნის წინ იყო და გვახსოვს. აქაც კლასიკური პუტჩი. კლასიკური ატრიბუტებით და “დეკორაციებით“

 

1993 წლის ოქტომბერში უკვე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორის ელცინი გამოიჩენს თავს. მისი ბრძანებით საჯარისო ფორმირებებმა შტურმი მიიტანეს ე.წ. „თეთრ სახლზე“ და ამას მოჰყვა სახალხო დეპუტატების ყრილობის გაუქმება. ესეც ჩვეულებრივი გადატრიალება იყო. თავიდან ბოლომდე ანტიკონსტიტუციური. თუმცა რუსეთში „კონსტიტუცია და ეგეთები“ ყოველთვის ყველაზე ნაკლებად აღელვებდათ ხოლმე.

 

შემდგომ კი უკვე ბორის ელცინი მართალია ასე თუ ისე „ხავერდოვნად“, მაგრამ მაინც ჩამოაშორეს ხელისუფლებას და სცენაზე საკმაოდ მოულოდნელად ახალი მოთამაშე გამოჩნდა... ვლადიმერ პუტინი.

 

მგონი შთამბეჭდავი ჩამონათვალია. „სახელმწიფო გადატრილებების“ ჰიტ პარადში არანაირი ანგოლა, სომალი, გვატემალა, ჩილე ან პარაგვაი ახლოსაც ვერ მივა რუსეთთთან. არც გრანნდიოზულობით, არც „პომპეზურობით“ და ვერც ხარისხით. აქვს ამ ქვეყანას ასეთი პროცესების საკმაოდ დიდი სისხლიანი ტრადიციები და თავისთავად გამოცდილებაც სათანადო დაუგროვდა.

 

კიდევ ერთი ისტორიული ექსკურსი, რომელიც აუცილებელია და ნელ-ნელა წერილის მთავარ თემაზეც გადავალთ.

 

1215 წლის ივნისი, ინგლისი. ის რაც მაშინ ნისლიან ალბიონზე ხდებოდა თანამედროვე და ცივილიზირებულ ენაზე „სახელისუფლო კრიზისი“ ჰქვია. უფრო ლაკონურები რომ ვიყოთ, ასე ჩამოვაყალიბოთ - დიდი დაპირისპირებების, არეულობების, თითქმის შინაომების შემდეგ და სხვადასხვა გარე ფაქტორების (თუნდაც აბსოლუტურად რეალური ფრანგული სამხედრო აგრესია) ფონზე ინგლისის მეფე ჯონ (იოანე) უმიწაწყლოს და მის ქვეშემდომ ბარონებს შორის (რა თქმა უნდა შუამავლად რომის პაპი ჩაერია) მოხდა შეთანხმება, რომელიც ამჟამად „თავისუფლების დიდი ქარტიის“ ( Magna Carta Libertatum) სახელით არის ცნობილი.

 „Magna Carta Libertatum“  vc  „ОПРИЧНИНА“

„ქარტია“ იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა ხანგრძლივი ისტორიული პროცესისა, რომლის შედეგად საბოლოოდ თანამედროვე კონსტიტუციური სამართალი ჩამოყალიბდა. მის თანახმად მეფემ დათმო გარკვეული უფლებები. ის უნდა დამორჩილებოდა სამართლებრივ პროცედურებს და ეღიარებინა, რომ მეფეც შეზღუდული იყო კანონით. სასამართლოებს მიენიჭათ დამოუკიდებლობა, აღიარეს მიწის მესაკუთრეთა უფლებები და მემკვიდრეობის უფლება, გამოცხადდა გადაადგილების თავისუფლება, აიკრძალა სანქციის გარეშე საკუთარი სახლების ჩხრეკა. წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი? XIII საუკუნეა, 1215 წლის ივნისის თვე.

 

უდიდესი კრიზისი და ინგლისი პოულობს თითქმის ოპტიმალურ გამოსავალს, რომელიც, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, გახდება თავი და თავი თანამედროვე ცივილიზირებული სამყაროს „თამაშის წესებისა“ და ჩვეულებრივი კონსტიტუციური სამართლისა.

 

ახლა ვნახოთ თითქმის იდენტურ სიტუაციებში როგორ მოქმედებენ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების წინაპრები. „თავისუფლების დიდი ქარტიის“ მიღებიდან ზუსტად 350 წლის შემდეგ მოსკოვიაში მსგავსი სიტუაციაა. მშრალად რომ ვთქვათ მიმდინარეობს შიდა კრიზისი, ადგილობრივი დიდგვაროვნების პრეტენზიები, ხალხის უკმაყოფილება. პარალელურად იქმნება სერიოზული ანტიმოსკოვური კოალიცია - შვედეთი, პოლონეთი, ლიტვა (ეს „ოდნავ“ სხვა ლიტვაა. ეს არის საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება, რომლის ნაწილიც უკრაინაა) და ყირიმის სახანო (არაფერს არ გაგონებთ? ისტორიას უყვარს სპირალურობა).

 

მოკლედ ხდება ის რაც ხდებოდა 350 წლის წინ ინგლისში და რაც ძალიან გავს დღევანდელი რუსეთის პროცესებსაც.

 

რუსები (თუმცა დანამდვილებით ცნობილი არც არის, ეს ხალხი მაშინ თავის თავს რას უწოდებდა) თავისებურად და ტრადიციულად გადაწყვეტენ ამ პრობლემას. მეფე ივანე IV (მრისხანე) ქვეყანას „გაყოფს“ ორ ნაწილად. აქედან ერთი ნაწილი ოფიციალურად კანონგარეშედ გამოცხადდება და გამოაცხადებს „ოპრიჩნინის“ დაწყებას. ჩვენ ენაზე კი ეს იყო ოფიციალური სახელმწიფო ტერორის პოლიტიკა, რომლის მეშვეობით სახელმწიფო ახდენდა მოსახლეობის ქონების მითვისებას და „წესრიგის დამყარებას“. ახლა როგორ და რა მეთოდებით ხდებოდა ეს ყველაფერი, მგონი ადვილი წარმოსადგენია.

 

ივანე მრისხანეს, რომელიც ისედაც კლასიკური პარანოიკი გახლდათ, რა თქმა უნდა ეშინოდა გადატრიალების (მან მშვენივრად იცოდა საკუთარი ქვეყნის ისტორია), არანაირად აღარ ენდობოდა ჯარს (სტრელეცებს) და ამის გამო შექმნა თავისი პირადი გვარდია, რომლებიც ისტორიაში „ოპრიჩნიკების“ სახელით შევიდნენ. ნახევრად ბერულად, ნახევრად სამხედრო შავ სამოსში გამოწყობილი და ყველანაირი უფლებებით აღჭურვილი ოპრიჩნიკები მოედნენ ქვეყანას და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით სისხლის კალოები მოაწყვეს. ოპრიჩნიკებს, რომლებმაც თავიანთ სიმბოლოდ „ცოცხი“ და „ძაღლის თავის ქალა“ აირჩიეს, მეფემ ოფიციალურად მისცა განურჩევლად ყველას მკვლელობის უფლება. ამას დაუმატეთ კიდევ ის ფაქტი რომ ქვეყნის ერთი ნახევარი ოფიციალურად კანონგარეშედ არის გამოცხადებული. და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ერთი ავადმყოფი და სადისტი არსების ხუშტურების გამო. თუმცა ეს ხომ რუსეთია.

 „Magna Carta Libertatum“  vc  „ОПРИЧНИНА“

ოპრიჩნინა 1565 წლიდან 1572 წლამდე გაგრძელდა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ეს კიდევ რბილი ნათქვამია.

 

ქართულ საზოგადოებაში კი, ჩვენდა სამწუხაროდ და სამარცხვინოდ, დღემდე მიმდინაროებს კამათი და განსჯა თემაზე - ‘“ევროპა თუ რუსეთი“. „რუსისტების“ არგუმენტებს აქ არანარიად არ შევეხები მრავალი მიზეზის გამო და თან ეგეც საერთოდ ცალკე და ვრცელი წერილის თემაა. უბრალოდ „ივერიის“ მკითხველს მინდა კიდევ ერთხელ შევადარებინო ორი ისტორიული ფაქტი, ორი ისტორიული ფენომენი, რომლებიც თითქმის ერთი და იგივე პოლიტიკურმა პროცესებმა გამოიწვიეს.

 

1215 წლის ინგლისში მიღებული „თავისუფლების დიდი ქარტია“ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ 1565 წელს დაწყებული რუსული სისხლიანი „ოპრიჩნინა“.

 

ორი გზა, ორი გამოსავალი ჩიხიდან... ორი მსოფლმხედველობა - „ქარტია“ და „ოპრიჩნინა“

 

აქედან არჩევანი კი უკვე როგორც იტყვიან „გემოვნების ამბავია“-ო....

 

მინაწერის მაგივრად:

 

არც ისე დიდი ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტის პირადი განკარგულებით, კიდევ ერთი სამხედრო შენაერთი შეიქმნა. ე.წ. “ნაციონალური გვარდია“. ეს დანაყოფი არ ემორჩილება არც ერთ ძალოვან სტრუქტურას, არც რუსეთის პარლამენტს ექნება მასზე რაიმე ზემოქმედების ბერკეტი და საერთოდ მხოლოდ ერთი ადამიანის, ანუ ვ. პუტინის ბრძანებებს შეასრულებს.

 

„ნაციონალური გვარდიის“ რაოდენობაც სახელდება - 350 000 მებრძოლი. უკვე თავიდანვე გასაგებია ამ სტრუქტურის არსი, ფუნქციონალური დატვირთვა და მისი გამოჩენის ობიექტური საბაბებიც.

 

ქვეყნის შიგნით კრიზისია, აგრესიული საგარეო პოლიტიკა და ამის გამო მრავალ ქვეყანასთან დაპირისპირება. უკრაინა, სირია, NATO, აშშ, თითქმის ჩამოშლილი „მალოროსიის“ პროექტი, და არც ისე შორს მყოფი სრული ეკონომიკური კოლაფსი.

 

რუსეთი “სახელმწიფო გადატრიალებების“ კორიფეა. პუტინმა კი მშვენივრად იცის ისტორია. თუმცა გამოსავალი ან ვარიანტი „ქარტია“ რუსეთში უპირობოდ გამოვრიცხოთ.

 

რჩება „ოპრიჩნინა“.

 

ეგ საქმე კარგად იციან

 

P.S.

სხვათა შორის პუტინმა თავის პირად გვარდიას მოსახლეობაზე სროლის უფლებაც ოფიციალურად დაუმტკიცა.

 

ისტორია კი მუდამ სპირალურია...

 

პირველი ნაწილის დასასრული...

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია