Check in Georgia - სანახაობა უპუროდ

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-04-2016, 18:46 | კულტურა | ნანახია - 1038

 

დავით ბრეკი

 

მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს მთავრობამ კულტურის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო პროექტ Check in Georgia-ს განხორციელება, რომელიც მოიცავს მასშტაბური კონცერტებისა და ღონისძიებების განხორციელებას და რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ცნობილი უცხოელი ხელოვნების მოღვაწეთა საქართველოში ჩამოყვანა. აქ ერთი შეხედვით ცუდი არაფერია და შეიძლება იფიქროს კაცმა თუ როგორ ზრუნავს საქართველოს მთავრობა ქართველი კაცის გემოვნების ამაღლებასა და მოსახლეობისათვის კარგი სანახაობის მოწყობაზე, თუმცა...

 

თუმცა, როგორც ყოველთვის მედალს ორი მხარე აქვს და როგორც კულტურის მინისტრის ბ- ნ მიხეილ გიორგაძისგან შევიტყეთ და ამას მთავრობის სხვა წევრებიც კვერს უკრავენ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 29 მლნ ლარის დახარჯვა სახელმწიფოს სარეზერვო ფონდიდან. 29 მილიონი ლარის, მკითხველო! (ვინც აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ კიდევ საქმის კურსში არა ხართ მინდა რეკომენდაცია გავუწიო საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გასულ ინტერვიუს, რომელიც მიყავს რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტ სალომე ასათიანს და რომლის რესპონდენტიცაა საქართველოს კულტურის მინისტრი ბ-ნი მიხეილ გიორგაძე - http://1tv.ge/ge/videos/view/162340/571.html ).

 

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ქვეყანაში, სადაც ამდენი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს მთავრობამ ბიუჯეტიდან კონცერტების მოსაწყობად ათეულობით მილიონი ლარი არ უნდა გაიღოს (აქ რა თქმა უნდა მაღალია აგრეთვე ვიწრო-მერკანტილური ინტერესების ალბათობის ხარისხიც), სხვა კუთხითაც აღნიშნული პროექტი ზოგადი თვალსაზრისით არარაციონალურია და არ შეუძლია იმ მასშტაბის ეფექტის მოტანა, რასაც ასე ვარდისფრად გვიხატავენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი.

 

მოდით თანმიმდევრულად მივყვეთ, თუ რატომ:

 

ჯერ ერთი იმიტომ, რომ როდესაც სახელმწიფო თავის თავზე იღებს ბიზნესის ფუნქციას (და ეს თავადვე აღნიშნეს, რომ Check in Georgia არის ბიზნეს-პროექტი), იგი ძალაუნებურად ხდება კონკურენტი იმ კერძო კომპანიებისათვის, რომლებიც აღნიშნულ სფეროში

მოღვაწეობენ და რომლებსაც თავადაც ჩამოჰყავთ საზღვარგარეთიდან ხელოვნების ცნობილი მოღვაწეები. ერთია, რომ სახელმწიფო ხდება უპირობო კონკურენტი და მეორეც უპრეცედენტოდ მაღალი საფასურის გადახდით ჩამოყვანილი მომღერლებისათვის, აწესებს მაღალ თამასას და ნებსით თუ უნებლიეთ ძირავს კომპანიებს, რომლებსაც შეეძლოთ ეს მომღერლები გაცილებით დაბალ ფასად ჩამოეყვანათ.

 

რაც შეეხება საქართველოს ცნობადობის ამაღლებას და ტურიზმის მოზიდვას, აქაც ჩვენი მთავრობა ყველაფერს უკუღმა აკეთებს. საქართველოს პოპულარიზაციისათვის საქართველოში კი არ უნდა იმუშაო, არამედ უცხოეთში. თქვენ წარმოგიდგენიათ ზემოაღნიშნული სახსრები პირიქით ჩვენი კულტურის და ხელოვნების მოღვაწეთა, ქართული ფოლკლორის, კინოს, მუსიკის უცხოეთში პოპულარიზაციას მოხმარებოდა. არ იმუშავებდა ეს საქართველოს ცნობადობის ამაღლებაზე? თქვენი მონა-მორჩილი წლების მანძილზე მუშაობდა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში და თავად ვარ მოწმე თუ რამდენი ღონისძიების მოწყობა შეიძლებოდა აღნიშნულ ქვეყანაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით. იყო შემთხვევები, როდესაც მასპინძელი მხარე უფასოდ გვითმობდა ღონისძიებისათვის მოსაწყობ დარბაზებს თუმცა იმის გამო, რომ კულტურის სამინისტროს შესაბამისი თანხები ბიუჯეტში გათვალისწინებული არ ჰქონდა, ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი ხდებოდა ქართველი ხელოვნების მოღვაწეთა ჩამოყვანა. მინდა აქვე გავიხსენო ერთ-ერთი კარგი გამონაკლისი - “ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილების“ კონცერტი, რომლის დასრულების შემდეგ მოხდა დამსწრეთა ქართული ღვინითა და კერძებით გამასპინძლება: ქართული ფოლკლორით აღფრთოვანებულმა საზოგადოებამ ერთხმად აღნიშნა, რომ უცხოეთში საქართველოს, მისი ცნობადობის ამაღლების ყველაზე კარგი დესპანები ქართული ხელოვნების წარმომადგენლები არიან და ასეთი ღონისძიებები, რაც შეიძლება მეტი უნდა ტარდებოდეს საზღვარგარეთ, რათა მსოფლიომ კარგად გაიცნოს ისინი და შესაბამისად მათაც მოუნდეთ იმ ქვეყნის ნახვა საკუთარი თვალით სადაც ასეთი დიდებული ფოლკლორი დაიბადა.

 

რა თქმა უნდა კულტურის სამინისტროს ამ მიმართულებითაც აქვს გათვალისწინებული თანხები, თუმცა ეს მიზერულია იმ თანხასთან შედარებით, რაც საქართველოში არჩევნებამდე დაგეგმილ რამოდენიმე კონცერტის მოწყობაშია გათვალისწინებული. დიახ არჩევნების, ვინაიდან პროექტ Check in Georgia-ს ძირითადი სამიზნე სწორედ რომ ქართული პუბლიკა და ქართველი ამომრჩეველია, ხოლო პროექტი ერთ-ერთი საშუალებაა, - „სანახაობაა“, - ჯიბეცარიელი ქართველების 29-მილიონიანი სანახაობა, რომელმაც უნდა მოიზიდოს არა უცხოელი ტურისტი საქართველოში, არამედ ქართველი ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია