სხვა რომ არაფერი ვთქვათ, სირცხვილია!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
29-04-2016, 19:02 | პოლიტიკა | ნანახია - 5835

 სხვა რომ არაფერი ვთქვათ, სირცხვილია!

 

ზურა ოდილავაძე

 

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართველებს სამი სრულიად განსხვავებული მმართველი გვყავდა. პოსტასაბჭოთა სივრცეში ისინი აშკარად გამოირჩეოდნენ და მსოფლიო პოლიტიკურ არენაზეც საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ: ზ.გამსახურდია – როგორც ცნობილი დისიდენტი და თავისუფლებისთვის მებრძოლი; ე.შევარდნაძე – როგორც საბჭოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ,,პერესტროიკისა“ და ბერლინის კედლის დემონტაჟის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი; მ.სააკაშვილი – როგორც რეფორმატორი. ამ პოლიტიკური ლიდერების განსაკუთრებული ნიჭი და გამორჩეულობა ქართველებს არ გვაკვირვებდა, არც მათი საქმეები გვაკმაყოფილებდა და გაცილებით მეტს ვითხოვდით...

 

პირველი მეორეთი შევცვალეთ, მეორე კი მესამეთი და ბოლოს აღმოვჩნდით წარმოუდგენლად აბსურდულ ვითარებაში – საქართველოს დაეპატრონა ადამიანი, რომლის ერთი სიტყვით დახასიათება, მისი მრავალმხრივი ,,ტალანტების“ გამო, ნებისმიერს გაუჭირდება. პირველი, რაც აზრად მომდის, არის ხალხში გავრცელებული, მეტად მოუსვენარი ბავშვის დახასიათება, რომელზეც – დამთხვეულიაო, ამბობენ. მართლაც, ჩვენ, ალბათ, თანამემამულეების ექსტრავაგანტულობისდამი გარკვეული ტოლერანტობა გამოგვიმუშავდა და ამიტომ გულგრილად ვუყურებთ იმას, რაც ჩვენ გარშემო ხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური ქიშპობის ემოციური ფონისგან ოდნავ დისტანცირებას მოვახერხებთ, ამ ,,ზღვარგადასული საოცრების“ ცალკე აღებული, მხოლოდ ერთი ქმედებაც კი სრულიად გამაოგნებელია და შოკისმომგვრელი. მეტიც, ძნელია გაიხსენო ესოდენ დაუცხრომელი ფანტაზიის მმართველი თანამედროვე მსოფლიოშიც კი!

 

მაშ დავიწყოთ:

 

– ქართველებს 21-ე საუკუნეში, ,,იდუმალი ბრძანებების“ მეშვეობით გვმართავს ოკუპანტი ქვეყნის ოლიგარქი, რომელსაც რახანია არავითარი პოლიტიკური თანამდებობა აღარ უჭირავს და, შესაბამისად, ყოველგვარი პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვს;

 

– სასახლეში გამოკეტილი ,,საოცრება“ უძველესი ისტორიის, ,,შოთას, ილიასა და ვაჟას ერს“ მოურიდებლად გვარიგებს, გვზრდის, გვტუქსავს და ტკბილი ოცნებებით გვანუგეშებს. ამავე დროს, საკმარისია მისი ლექსიკა თუ გამონათქვამები გაიხსენო და ოდნავ ნორმალურ ადამიანს არ შეიძლება, არ გაუჩნდეს კითხვა: მართლაც ეს უვიცი მართავს დღეს საქართველოს თუ ეს აბსურდი უშნო სიზმრის ნაყოფია?.. ,,იჯდე რაო“, ,,ნახნახი“, ,,ია ვიდელ ვაშუ გადაცემუ“, ,,ქალო შედი ბუდკაში“, ,,ლარი ჯანსაღად იქცევა“ და მრავალი სხვა;

 

– ქართველები კარგა ხანია მივეჩვიეთ პოლიტიკურ არენაზე ოდიოზური ფიგურების ხილვას, მაგრამ აქაც ,,პელემ“ ყველა რეკორდი მოხსნა და ,,პრიმატები“ არა ჩრდილში, მეორეხარისხოვან პოზიციებზე გადაწია, არამედ უვიცთა ურდოები წამყვან პოსტებს შეასია. მენტალურად უღრანი ტყიდან გამოსული ,,მოღვაწეების“ ხილვისას, შეუძლებელია დაიჯერო, რომ ისინი დღეს ქართულ პოლიტიკურ ელიტას წარმოადგენენ. მაგალითისთვის, ჰომოფობი მეჭიაური, ქუთაისის საზღვაო ფლოტის ,,ადმირალი“ ნიშნიანიძე და ,,სტალინ-გოგიაც“ კმარა. აქვე დავამატებ, რომ მათი არჩევის მთავარ კრიტერიუმს ,,მამა-მზე“ თავადვე უტიფრად გვიმხელს: ,,ორჯერ გამეორება, რომ არ ჭირდება...“;

 

თითქოს იმისთვის, რომ სირცხვილისგან დაიწვა, ან სასწრაფოდ სადღაც გადახვეწა მოგინდეს, ან თუნდაც პირქვე დაემხო და თავზე ბალიში წაიფარო, საკმარისი უნდა იყოს, არა?.. მაგრამ სრული სურათისთვის მაინც დავამატებ:

 

– შეგახსენებთ, რომ მომავალმა ბელადმა დაუჯერებელი დაპირებები გასცა, ხოლო უკიდურეს გასაჭირში მცხოვრებმა ხალხმა ,,იაფი ფულისა“ თუ ,,მეოთხე წლის კეთილდღეობის“ სატყუარა იმედიანად გადაყლაპა და ის ხელისუფლებაშიც მოიყვანა. დღეს კი ცრუპენტელამ ეს ხალხი ურცხვად ,,გადააგდო“, ბუჩქებში მიიმალა და საკუთარი ახირებების დაამებით ერთობა.

 

– ამ სრულიად გაუგონარ ხუშტურებს ცალკე გამოვყოფ, ხოლო ,,დამთხვეულის“ ფსიქიკური აშლილობის ხარისხის დადგენა თქვენთვის მომინდია. თუნდაც, მხოლოდ ეს სამი მაგალითი რად ღირს: საქართველოს უძველესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – საყდრისის ვანდალური აფეთქება; ტიტას ხის მიწიდან ამოგლეჯის, გემით მოგზაურობის, ზღვაში გზის გაყვანისა და საკუთარ ეზოში გადარგვის ეპოპეა; ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის საკუთარ ეზოდ გადაქცევა... ვწერ და ვერც ვიჯერებ – ეს ჩვენს გონებაში წარმოქმნილი ფანტასმაგორიული ზმანებაა თუ არსებული რეალობა?!

 

– ბოლოსთვის მოკლედ შეგახსენებთ მის ,,დიად ბრძოლას“ განსხვავებული აზრის ტელევიზიებთან და ტელეჟურნალისტებთან. ის დღესაც ვერ ისვენებს და არ ცხრება – ვერ ეშვება ,,რუსთავი 2“-ს. მიუხედავად მსოფლიო პოლიტიკური ისტებლიშმენტის მრავალგზის გაფრთხილებისა ან თუნდაც საკუთარი გუნდისთვის მეტად დამაზიენებელი შედეგებისა, ის ჯიუტად აგრძელებს წამყვანი ოპოზიციური არხის წინააღმდეგ სასამართლო დავას... ერთი შეხედვით, გაუგებარია რატომ, რა ლოგიკით მიექანება ის უფსკრულისკენ? მხოლოდ ერთი რამაა ცხადი – ესეც დაუჯერებელი, მაგრამ ჩვენი ქართული დღევანდელობაა...

 

...ისეთ ,,უმნიშვნელო“ თემებზე, როგორებიცაა რუსეთის მაამებლური პოლიტიკა და აქტიური პროდასავლური კურსის არგატარება, მეტიც, დასავლური ორიენტაციის ძალების ჯერ დაშინება-კომპრომეტირება, ხოლო ბოლოს კოალიციის რიგებიდან გარიცხვა, საუბარიც არ ღირს. მოკლედ, ცხადია, რომ ქართველები ,,დიდ შარში გავეხვიეთ“, სამარცხვინო მმართველი გყავს და ის დროზე უნდა მოვიშოროთ – სასწრაფოდ!

 

შემიძლია ვაღიარო, რომ ეს სირცხვილი იმდენად ყოვლისმომცველია, იმდენად მალე მინდა ის წარსულად იქცეს, რომ პირადად ჩემთვის, უკვე არჩევნების კონკრეტული შედეგიც კი არ გახლავთ გადამწყვეტი. ამიტომ, პირველ ყოვლისა, აუცილებელია მთავარი მიზნისა და გამაერთიანებელი იდეიის მკაფიოდ ჩამოყალიბება. დღეს, ჩემი აზრით, მთავარია არა იმდენად ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის გამარჯვება, არამედ ,,არაფორმალური ლიდერის“ საქართველოდან როგორმე მოშორება. ეს ყოვლისმომცველი სიმსივნე, რომელმაც ქართული საზოგადოება გამსჭვალა, უვიცობის სამარცხვინო დაღი დაასვა და მორალურად გახრწნა, დროზე უნდა ამოიკვეთოს ქართული ერის სხეულიდან. ჩვენ მისი არც ფული გვარგებს და მით უფრო, არც მისი ბნელი საქმეები. მოკლედ, ,,მამა- მზის” კულისებს უკანა თამაშები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს. ამ ამოცანის შესრულება კი შესაძლებელია მხოლოდ ფართო ეროვნული კონსესუსის პირობებში და დიდი პროდასავლური კოალიციის ჩამოყალიბების გზით.

 

P.S.

დღეს ქართველებმა გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი პოლიტიკური სიმპათია- ანტიპათიები, კონკრეტული პერსონალიები დავივიწყოთ და საკუთარი ხელითვე წამოქმნილი მეტად სამარცხვინო დღევანდელობა წარსულად ვაქციოთ. სწორედ ამ ამოცანამ უნდა გაგვაერთიანოს.

 

შეგახსენებთ, გარეთ 21-ე საუკუნეა, ქართველები კი დღესაც ცხარე ტელედებატებს ვადევნებთ თვალს – შეიძლება თუ არა ეროვნული ტყე- პარკების გაჩეხვა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განაშენიანება- აფეთქება? სხვა რომ არაფერი ვთქვათ, სირცხვილია, სირ – ცხვი– ლიი-ი!

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია