„არაფერია იმაზე უფრო საშინელი ტირანებისთვის, ვიდრე დამოუკიდებელი პრესა“

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-04-2016, 23:51 | პოლიტიკა | ნანახია - 1946

„არაფერია იმაზე უფრო საშინელი ტირანებისთვის, ვიდრე დამოუკიდებელი პრესა“

 

რუსა მაჩაიძე

 

„მიუხედავად იმისა, რომ ის ჩვენ არასოდეს მოგვწონს, თავისუფალ საზოგადოებაში აქტიური პრესის გარეშე არაფერი გამოგვივა“ (ჯონ კენედი), რადგან „ჩვენი თავისუფლება დამოკიდებულია პრესის თავისუფლებაზე და მისი შეზღუდვა მის დაკარგვას ნიშნავს“ (თომას ჯეფერსონი), მით უმეტეს, რომ „არაფერია იმაზე უფრო საშინელი ტირანებისთვის, ვიდრე დამოუკიდებელი პრესა“ (სამუელ ადამსი).

 

არ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს, ეს სამი ადამიანი ვინ არის და რა როლი მიუძღვით თანამედროვე სამყაროს შექმნაში. უბრალოდ, ამ ადამიანების მიერ სხვადასხვა დროს ნათქვამი სამი სხვადახვა ფრაზა მთლიანობაში კარგად აჩვენებს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი თავისუფალი მედიის არსებობა და ცალკეული პირები რატომ ებრძვიან გამოხატვის თავისუფლებას. ამის ძალიან კარგი მაგალითი კი დღეს საქართველოში რუსთავი2-ის წინააღმდეგ ბრძოლაა და აქვე ვიტყვი, რომ ამ შემთხვევას კიდევ სხვა ფაქტორები ამძაფრებს.

 

პირველ რიგში, დავიწყოთ იმით, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი თავისუფალი მედიის არსებობა. ერთი შეხედვით ამ თემაზე საუბარი აქტუალური აღარ უნდა იყოს, რადგან დღეს ცივილიზებულ სამყაროში ამაზე აღარავინ დაობს. თავისუფალი მედია ინფორმაციის თავისუფლების მთავარი საშუალებაა, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული გამოხატვის თავისუფლებასთან. ეს კი დღეს მსოფლიოში აღიარებულია ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებად. ანუ, თავისუფალი მედიის არსებობა ადამიანის უფლებების დაცვის საშუალება და გარანტიაა.

 

გამოხატვის თავისუფლება აღიარებულია, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი ღირებულება. ეს თავისუფლება სხვა უფლებებთან და თავისუფლებებთან ერთად მრავალი ქვეყნის კონსტიტუციის უმთავრესი ნაწილია, მათ შორის საქართველოს კონსტიტუციაშიც.

 

როგორც დემოკრატიზაციის მკვლევრები მიუთითებენ, ამის საფუძველი არის ის, რომ გამოხატვის თავისუფლება ხელს უწყობს ინდივიდის თვითრეალიზაციას, რასაც საზოგადოების განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საზოგადოება კი დემოკრატიულ სისტემაში მთავარი აქტორია. ამის შემდეგ მოდის არჩევანის გაკეთების საკითხი. არჩევანი ასევე თვითგამოხატვის საშუალებაა, მაგრამ ამისთვის უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება ბევრს შორის. ანუ, ფლობდეს ინფორმაციას, რასაც უკვე თავისუფალი მედია უზრუნველყოფს. ამას ამერიკელი მკვლევარები „იდეების ბაზარსაც“ უწოდებენ, სადაც მრავალ ადამიანს აქვს თავისი იდეების რეალიზაციის საშუალება. ინფორმაციული ვაკუუმის პირობებში, სიმართლის დადგენა წარმოუდგენელი იქნებოდა დემოკრატიული საზოგადებისათვის. მესამე მნიშვნელოვანი საკითხი კი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობას უზრუნველყოფს. ინფორმაციის თავისუფალად მიღება და გაცემა პოლიტიკური პროცესების აღსაწერად მნიშვნელოვანია ამომრჩევლისთვის, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკუთარი არჩევანის გაკეთების პროცესში. ამიტომ მას სრული უფლება აქვს, მაქსიმალურად ფლობდეს ინფორმაციას დემოკრატიული და პოლიტიკური პროცესების შესახებ.

 

ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ აშშ-ის კონსტიტუციის პირველი შესწორებაც სიტყვის თავისუფლების დამკვიდრებას ითვალისწინებს (ეს არის პირველი ათი შესწორებიდან რიგირთ პირველი, რომელიც Bill of Rights-ის სახელით მოიხსენიებენ და 1791 წელს იქნა მიღებული). მას შემდეგ 225 წელი გავიდა და ცხადია, ცივილიზებულ სამყაროში გამოხატვის თავისუფლებას და თავისუფალ მედიას, როგორც ინსტრუმენტს, საფრთხე არ ემუქრება. საქართველოში კი ეს საკითხი ისევ პრობლემად რჩება. პირველ რიგში ეს რუსთავი2-ს ეხება.

 

რუსთავი2-ის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე არ ვილაპარაკებ. ეს ბოლო თვეების განმავლობაში ნათლად ჩანს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი, მიზეზები და შესაძლო შედეგებია.

 

ივანიშვილს და შესაბამისად მთელ მოქმედ ხელისუფლებას რუსთავი2 რომ არ მოსწონს, თავიდანვე ცნობილი იყო. ამის დასტურია მისი და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებები. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ იმიტომ არა, რომ რუსთავი2 ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერად ითვლებოდა. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს და ივანიშვილი რუსთავი2-ის არსებობით საფრთხეს რომ არ გრძნობდეს, აქაც ბრძოლის არენად არ იქცეოდა. ეს ტელეკომპანია წარმოადგენს დღეს ანგარიშგასაწევ თავისუფალ მედიას და სწორედ ამიტომ არის ივანიშვილის მიზანში.

 

ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა და ამას ბოლო პერიოდში მისი გუნდის წევრებიც კი აღარ მალავენ. ეს კი ცალსახად იმაზე მიუთითებს, რომ მმართველობა დემოკრატიულად არ ხორციელდება. ამას ემატება სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, გაჩერებული ეკონომიკა, შეუსრულებელი დაპირებები და ა.შ. მოახლოებული არჩევნების წინ კი უკვე საარჩევნო თემატიკაც აქტიურდებდა და აშკარაა, რომ ხელისუფლება არც შიდა პოლიტიკური წრეების და საზოგადოების აზრის გათავლსიიწნებას აპირებს და არც საერთაშორისო საზოგადოების. ამის კარგი მაგალითია „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებული ცვლილებები, რომელიც, როგორც საერთაშორისო საზოგადოებამაც აღიარა, საკუთარ ინტერესებს მოარგო და „პოლიტიკური თაღლითობა“ ანუ „ჯერიმენდერინგი“ უწოდეს. ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ წინასაარჩევნო გარემო პრობლემატურია და ეს არჩევნების შედეგბსა და ლეგიტიმურობაზეც იქონიებს გავლენას.

 

დღეს ამ ყველაფერზე ლაპარაკობს რუსთავი2, რომელიც ცალსახად პროდასავლურია და უპირისპირდება ანტიდასავლურ თუ პრორუსულ ძალებს. გავიხსენოთ ის, რომ ხელისუფლება ბიუჯეტიდან აფინანსებს მთელ რიგ ცალსახად პრორუსულ გამოცემებს, სხვა მედიასაშუალებებში კი ღიად თუ ფარულად ხარჯავს ფულს.

 

ამიტომაც, თუკი რუსთავი2 გაჩუმდება, საზოგადოებას არც ამ პრობლემებზე დაელაპარაკება ვინმე, დიდი ალბათობით არც ძირითად ოპოზიციურ ზალებს ექნებათ საზოგადოებასთან კომინიკაციის საშუალეება და რეალურად აღმოჩნდება, რომ საზოგადოება ინფორმაციის გარეშე რჩება. ინფორმაციას კი დემოკრატიული პროცესებისთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს, ამაზე ზემოთ ვილაპარაკეთ.

 

ამ ყველაფერთან კი არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხი დადგება და თავისუფალი მედიის გარეშე პროცესები როგორ განვითარდება, ადვილად შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ. ამიტომაც დღეს რუსთავი2 არის ის ციხესიმაგრე, რომელიც ქვეყანას იცავს და მისი აღების შემთხვევაში ქვეყანა სრულიად დაუცველი რჩება. ცხადია, დემოკრატიზაციის პროცესს ვგულისხმობ, მაგრამ მეორე პრობლემა უკვე გარე საფრთხეს უკავშირდება, რადგან საქართველოში დემოკრატიზაციის ჩავარდნა პირდაპირ კრემლის ინტერესებში შედის და ახალი ამაშიც არაფერია.

 

როდესაც ამ ყველაფერზე ვფიქრობ, მახსენდება, სააკაშვილის მმართველობის დროს ბეჭდურ მედიას და ასევე არაფავორიტ მედიასაშუალებებს რა პირობებში გვიწევდა მუშაობა. მაშინ ჩვენთვის ყველაზე ღია უწყებად პარლამენტი ითვლებოდა და აქაც კი კომენტარის მოპოვება რამხელა პრობლემა იყო. საათობით გვიწევდა ოთახებთან კიბეებზე ჯდომა და ლოდინი, რომ კომენტარი გაეკეთებინათ, აღარაფერს ვამბობ იმაზე, სამთავრობო თუ პრეზიდენტის პრესკონფერენციებს საერთოდ რომ არ გვაგებინებდნენ, მაგრამ მაშინ არ ყოფილა იმის განცდა, რომ გვხურავდნენ. ახლა კი სახელმწფიო თავისი არაფორმალური მმართველით და სამივე სახელისუფლებო შტოს, რაც მთავარია, სასამართლოს მეშვეობით ცდილობს სიტყვის თავისუფლების ანუ ადამიანის ძირითადი უფლების წართმევას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გადამწყვეტი სიტყვის თქმა საზოგადოებას მოუწევს.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია