სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აყვანილი ტყუილი და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის რეინკარნაცია

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
5-05-2016, 00:02 | ეკონომიკა | ნანახია - 2130

სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე აყვანილი ტყუილი და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის რეინკარნაცია

 

დავით ნებიერიძე

 

ახალგაზრდა თაობას არ ახსოვს და თუ არ მოვუყევით ვერც ეცოდინება რა მოვლენა იყო საბბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყრილობები ან პლენუმები. რა სული ტრიალებდა იქ და როგორი აფსურდის თეატრი იყო ეს ღონისძიებები. ერთის მხრივ ეს ძალიან კარგია. მეორეს მხრივ ვთვლი, რომ თურმე საჭირო ყოფილა ამ სიმახინჯის ცოდნა, რათა ის აღარასოდეს გამეორდეს. რამეთუ, ახალგაზრდა თაობასაც ჰქონდეს სრულფასოვანი შეფასებების საშუალება, რისთვისაც მნიშვნელოვანია შედარებითი ანალიზი.

 

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყრილობებზე პარტიული ლიდერები იგივე ენითა და პათოსით ელაპარაკებოდნენ ხალხს, რომელი ენითაც მეოთხე წელია „ქართული ოცნება“ ქვეყნის მოქალაქეებს ელაპარაკება. იცით რა იყო ამ ყრილობების მთავარი მესიჯი? – „2000 წელი იქნება საუკეთესო წელიწადი საბჭოთა მოქალაქეებისთვის და ამ დროისთვის საბჭოთა კავშირში დამყარდება კომუნიზმიო“. ანუ, მიწიერი სამოთხეო. სხვაობა მხოლოდ სითავხედის დონეშია. თუ კომუნისტები მიწიერ სამოთხეს 2000 წლისთვის გვპირდებოდნენ, ბიძინა ივანიშვილმა იგივე პირობის ასრულება მისი მმართველობის საუკეთესო მეოთხე წელს შეგვპირდა.

 

ამ ყრილობებზე პარტიული ლიდერები ეკონომიკური მაჩვენებლებით ისევე მანიპულირებდნენ, როგორი მანიპულაციებიც გამოიყენა ბატონმა ქუმსიშვილმა გაბუნიას თოქ-შოუში. თუ ის ვირტუალური რეალობა, რომელსაც პარტიის ყრილობაზე კომუნისტები ქმნიდნენ სრული ჭეშმარიტება აღმოჩნდებოდა, მაშინ წინა საუკუნის 90-იან წლებში საბჭოთა კავშირი კი არა, ამერიკის შეერთებული შტატები დაიშლებოდა და „ძირგამომპალი“ ევროპა სსრკ-ს შემადგენელი ნაწილი გახდებოდა. რეალობა კი ისეთი იყო, რომ საბჭოთა კავშირი საყოველთაო დეფიციტის ქვეყნად ითვლებოდა. ყველა მუშაობდა, მაგრამ თუ სახელმწიფოს არ პარავდი განსაკუთრებით დიდი მასშტაბებით, მაშინ ყველაფერი გენატრებოდა და ხელფასიდან ხელფასამდე ვალები გახჩობდა. ეს კი იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ყოველ დღე გიჩიჩინებდა, რომ შენ - საბჭოთა მოქალაქე მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი, მდიდარი და ბედნიერი მოქალაქე ხარო. ხოლო, ამის შემოწმების არანაირ შანსს არ გაძლევდა. ჩამოშვებული „რკინის ფარდა“ არ იძლეოდა საშუალებას გაგვეხედა „დამპალი“ დასავლეთისკენ და საკუთარი თვალით შეგვემოწმებინა ხელისუფლების სიმართლე. კომუნისტური სტატისტიკა ბიბლიასავით იყო - მისი ან უნდა გეწამა, ან არ უნდა გეწამა. შემოწმებით ვერ შეამოწმებდი. ხოლო, თუ არ იწამებდი როგორც მინიმუმ „გულაგში“ აღმოჩნდებოდი. ხოლო, უარეს შემთხვევაში კი დაგხვრიტავდნენ.

 

ერთი სიტყვით: საბჭოთა მოქალაქე გაორებული ცხოვრებით ცხოვრობდა - ერთის მხრივ კომუნისტური სტატისტიკით და მომდევნო საუკეთესო წლის იმედით და მეორეს მხრივ მწარე რეალობით, რომელზეც გიმტკიცებდნენ, რომ მსოფლიოში საუკეთესოაო. რუსთავი 2-ზე, გაბუნიას თოქ-შოუში ბატონმა ქუმსიშვილმა თავისი გამოსვლით ზუსტად იგივე მოცემულობის შექმნა სცადა. მერწმუნეთ, ეს მინისტრი საბჭოთა პოლიტიკური ელიტის სრული რეინკარნაცია აღმოჩნდა და თუ ის პოლიტიკაში დარჩება, ვიზუალურადაც დაემგვანება ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევს.

 

ახლა დავბრუნდეთ საქართველოს რეალობაში. ბატონი ქუმსიშვილის ფარისევლური სტატისტიკისთვის ნიღბის ჩამოხსნა ძალიან მარტივია. პრინციპში, ამის გაკეთება გაბუნიას თოქ-შოუშიც არ იყო რთული. მაგრამ, წამყვანი არ აღმოჩნდა მომზადებული. უბრალოდ ის მოულოდნელობის წინაშე აღმოჩნდა. დღემდე „ქართული ოცნების“ სახეები ყოველთვის დასჯილი ბავშვებივით აჭრილად ბუტბუტებდნენ და ვერცერთ მკაფიო ფრაზას ვერ აყალიბებდნენ. ამჯერად კი ბატონი მინისტრი საფუძვლიანად მომზადებულა და რიხიანადაც გამოვიდა. მაგრამ, მის გამოსვლას მხოლოდ ეკონომიკაში გაუთვითცნობიერებელ, „ქართული ოცნების“ გაზულუქებულ ლიდერებზე შეეძლო შთაბეჭდილების მოხდენა. თორემ გაჭირვებულ რიგით მოქალაქეებში მან მხოლოდ გააძლიერა ხელისუფლებისადმი აგრესია და დაუფარავი პროტესტის მუხტი.

 

ბატონმა ქუმსიშვილმა თავისი მონოლოგი უმუშევრობასთან ბრძოლაში „მიღწეული“ წარმატებებით დაიწყო. მემგონი არავისთვისაა დაუფარავი, რომ ხელფასიანი მოქალაქეების რაოდენობა „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ სახელმწიფო ბიუროკრატიული აპარატის ხარჯზე გაზარდა. თანაც, მხოლოდ საკუთარი მომხრეებისა და ოჯახის წევრების ხარჯზე. მინდა იცოდეთ, რომ ისეთი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში როგორიცაა საქართველო, ყოველი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ჭირდება დაახლოებით 25 ათასი ამერიკული დოლარის ინვესტიცია. წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში კი, იგივე მაჩვენებელი დაახლოებით 250 ათას დოლარს უდრის. მაგრამ, დღევანდელი ხელისუფლება ფრიად ორიგინალური გზით წავიდა. იცით რაში გამოიყენეს სოფლის მეურნეობის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამა? ყველა ადამიანი რომელსაც ამ პროგრამის ფარგლებში უფასოთ დაუხნეს ბოსტანი დასაქმებულთა რიცხვში ჩაწერეს. ანუ, ახალი სამუშაო ადგილის შექმნისთვის საჭირო ინვესტიციის თანხა, ელემენტარული მანიპულაციით 25 ათასი დოლარიდან 15 ლარამდე შეამცირეს. ეს ის 15 ლარია რომელსაც სახელმწიფო საშუალოდ ხარჯავდა თითო ბოსტნის უფასოდ დახვნაზე. თხუთმეტ ლარად მოხნეს ბოსტანი და მისი პატრონი ავტომატურად მიაწერეს დასაქმებულებში. სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს.

 

ბატონმა ქუმსიშვილმა ხმა ვერ ამოიღო ახალი მსხვილი საწარმოების რაოდენობაზე. ეს კითხვა უბრალოდ გაატარა. სამაგიეროდ ამაყად გააჟღერა ათასობით მიკრო საწარმოს, მიკრო ბიზნესის გახსნის ფაქტი და პირდაპირ ეთერში გვიფრიალა ამ ახალი მიკრო ბიზნესის სახელობითი ჩამონათვალი. ბატონებო, იცით როგორ არის განმარტებული მიკრო ბიზნესის მცნება საქართველოს საგადასახადო კოდექსში? წარმოგიდგენთ განმარტებას:

 

მუხლი 84. მიკრო ბიზნესი

 

1. მიკრო ბიზნესის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს ფიზიკურ პირს, რომელიც არ

იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და დამოუკიდებლად ეწევა ეკონომიკურ

საქმიანობას, რომლიდანაც მის მიერ მისაღები ჯამური ერთობლივი შემოსავალი

კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატება 30 000 ლარს.

 

ანუ, ყველა ის ადამიანი, ფიზიკური პირი, რომელმაც 2012 წლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება და მარტო, დამხმარეს გარეშე თავის გადარჩენის მიზნით, ან თუნდაც უბრალოდ ჰობის გამო იჩიჩქნება საკუთარ პაწაწინა ბოსტანში; მოქალაქე რომელიც დამხმარეს გარეშე ქსოვს და აცმევს საკუთარ შვილიშვილს. იმიტომ, რომ არა აქვს საშუალება იყიდოს; ყველა ის მოქალაქე, რომელიც დამხმარეს გარეშე ქალაქის ნაგავსაყრელზე იქექება სარჩოს ძიებაში; ყველა ის მოქალაქე რომელიც ქუჩაში აგროვებს ბოთლებს ჩასაბარებლად, რათა ოჯახში ერთი ცალი პური მიიტანოს და ამავდროულად მათი ყოველწლიური შემოსავალი და არა მოგება, არ აღემატება 30 ათას ლარს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით ითვლება „მიკრო ბიზნესად“. მოქალაქეს ასეთი საქმიანობით წელიწადში შეიძლება 100 ლარის შემოსავალიც არ მოუგროვდეს. შემოსავალი, არამც თუ მოგება და ის ავტომატურად მაინც ითვლება მიკრო ბიზნესის მფლობელად. ზუსტად ამით ამაყობდა ბატონი ქუმსიშვილი პირდაპირ ეთერში. მათ შორის 2012 წლიდან იმ ახალი ადამიანების რაოდენობის ზრდით, რომლებმაც თავის გადარჩენის მიზნით სანაგვეებში დაიწყეს სარჩოს ძებნა და ქუმსიშვილის სტატისტიკითა და საგადასახადო კოდექსის შესაბამისად უტყუარად ჩაითვალნენ ახალი „მიკრო ბიზნესის“ მფლობელებად. წარმოგიდგენიათ იმ ხელისუფლების ცინიზმის დონე, რომელიც მუნიციპალურ სანაგვეებზე სარჩოს მაძებარი სასოწარკვეთილი მოქალაქეების რაოდენობის ზრდას ეკონომიკურ მიღწევებად განიხილავს?! პასუხი აუცილებლად მოგეთხოვებათ ამ ცინიზმისა და საკუთარი მოქალაქეების დაცინვისთვის. საქართველოს მოქალაქეები ამ არამზადობის გამო ხუთ თვეში არჩევნებზე საკადრის პასუხს გაგცემენ ბატონებო.

 

ბატონმა ქუმსიშვილმა დიდი ზარზეიმითა და თავის მოწონებით განაცხადა, რომ 2012 წლამდე საანგარიშო პერიოდებთან შედარებით, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ყოველწლიური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საშუალოდ 54%-ით არის გაზრდილი და ნომინალურ გამოხატულებაში ყოველ წელს მილიარდ დოლარზე მნიშვნელოვნად მეტიაო. თუ წინა ხელისუფლებამ უარესი მონაცემების პირობებში ქალაქები ახლიდან ააშენა და გავერანებული ქვეყანა საამაყო გახადა, განა ამდენს რას იპარავთ, რომ წარმოდგენილი სტატისტიკის მიუხედავად ახალი კი არა, წინა ხელისუფლების მიერ შექმნილი და აშენებულიც ნგრევის პირამდე მიიყვანეთ? ამხელა უცხოური ინვესტიციების პირობებში როგორ გაგექცათ ლარის კურსი 2,5-მდე? ასეთი არნახული უცხოური ინვესტიციების პირობებში როგორ ახერხებთ, რომ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 3%-საც ვერ აღწევს? ფული სად წაიღეთ ბატონებო?

 

ვიყოთ თანმიმდევრულები და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ ბატონი ქუმსიშვილის გამოსვლას. მან უტიფრად განაცხადა, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 37%-ითაა გაზრდილიო. მინდა ვიკითხო: ლარში თუ დოლარში ბატონო დიმიტრი? ერთი ვიზიტორის მიერ საქართველოში საშუალოდ დახარჯული თანხა 526 ლარიდან 747 ლარამდეა გაზრდილიო. ეს კი ჩვენი ხელისუფლების აშკარა წარმატებააო. რატომ ეშმაკობთ ბატონო დიმიტრი? თქვენი ნავაჟკაცარია ლარის კურსი, რომ არანორმალურად გაგექცათ და ეკონომიკასთან ერთად ეროვნული ვალიუტაც კინაღამ ხელებში ჩაგაკვდათ. ეროვნული ვალუტის დევალვაციის აღნიშნულ დონეს თუ გავითვალისწინებთ ერთი ვიზიტორის მიერ საქართველოში ლარებში დახარჯული საშუალო მაჩვენებელი ნამდვილად გაიზრდებოდა. ბატონო დიმიტრი ძალიან მინდა დაძაბოთ საკუთარი გონება და იგივე სტატისტიკური მაჩვენებლები აშშ დოლარებში წარმოგვიდგინოთ. არა მგონია სატრაბახოდ გაგიხდეთ საქმე. თქვენ ხომ ფაქტიურად საკუთარი მოსახლეობის გაძარცვით ტრაბახობთ და სტატისტიკური მონაცემების მანიპულაციით პარალელურ რეალობას ქმნით.

 

ახლა კი მივადექით დღევანდელი ხელისუფლების ისტორიის ყველაზე ტრაგიკულ ფურცელს: ფულად-საკრედიტო პოლიტიკას. ბატონმა მინისტრმა დაიტრაბახა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იპოთეკური დაკრედიტების ნაწილში საკრედიტო განაკვეთები საშუალოდ 12,1%-მდე შემცირდაო. მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად თანამდებობისა და პასუხისმგებლობის დონისა ბატონი ქუმსიშვილი საერთოდ ვერ ერკვევა მსოფლიო ფინანსურ სისტემაში და იქ მიმდინარე პროცესებში. მარტივად მინდა აგიხსნათ ბატონო დიმიტრი, რომ საკრედიტო რესურსების გაიაფების ტრენდი ზოგადად მსოფლიო ეკონომიკური პროცესებითაა გამოწვეული და მრავალ ქვეყანაში ანალოგიური მაჩვენებელი მაქსიმუმ 3-4%-ს თუ შეადგენს. ბატონო დიმიტრი აღნიშნული დინამიკა თქვენი მიღწევა კი არ არის, არამედ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და წამყვანი ეკონომმიკის მქონე ქვეყნებში რეფინანსირების განაკვეთების თითქმის 0%-მდე ჩამოსვლის ბრალია. რეალურ ანალიზს თუ გაუკეთებთ აღმოჩნდება, რომ საპროცენტო განაკვეთები საქართველოში მნიშვნელოვნად დაბალი უნდა იყოს, ვიდრე თქვენს საამაყო სტატისტიკაშია წარმოდგენილი.

 

ფინანსურ რესურსებთან წვდომის გამარტივებისა და კრედიტების მომსახურეობის სიიაფის შესახებ პირდაპირ იმ გაუბედურებულ მოქალაქეებს დაელაპარაკეთ, რომლებსაც 2012 წელს დახმარებას დაპირდით, მაგრამ დღეს უკვე ღია ცის ქვეშ ცხოვრება უწევთ.

 

მესმის, რომ პირადად თქვენ არ სარგებლობთ ინტერნეტ კრედიტებით და ზოგადად მიკროსაფინანსო დაწესებულებების მომსახურეობით და არ დადიხართ კერძო მევხშეებთან. ამაზე „ქართუ ბანკში“ გახსნილი თქვენი საკრედიტო ისტორიაც ნათლად მეტყველებს. მაგრამ, ერთხელ მაინც დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა, თუ რატომ არის კატასტროფულად გაზრდილი იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ზუსტად რომ ყველაზე ძვირად ღირებული საკრედიტო პროდუქტით სარგებლობენ - მიკრო საფინანსო ინსტიტუტების მომსახურებით? იმიტომ ხომ არა, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად აქვს შეზღუდული საკრედიტო რესურსებთან წვდომა? იმიტომ, ხომ არა, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უბრალოდ „გაშავებულია“ ბანკებში? იმიტომ ხომ არა, რომ ელემენტარულად თავის გადარჩენის მიზნით მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში არარეალურად მძიმე საკრედიტო ტვირთს იდებს კისერზე? რომლის გასტუმრების შანსიც პრაქტიკულად არა აქვთ. იმიტომ ხომ არა, რომ ბანკებში აღებული კრედიტების მომსახურების გამო არანორმალური პროცენტით სესხულობენ ფულს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში? და ბოლოს: იმიტომ ხომ არა, რომ ხალხი უბრალოდ გაღატაკდა და ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილთან არცერთი ბანკი არ იჭერს საქმეს?

 

უაღრესად სამწუხაროა, რომ თავის გადარჩენის მიზნით დღევანდელი ხელისუფლება აშკარად ცდილობს მოქალაქეთა მოტყუებას. არ გამოგივათ ბატონებო. ჩვენი მოქალაქეები გამოცდილი და გამოწრთობილი ხალხია. თქვენ ძალიან ცუდი წარმოდგენა გაქვთ მათ გონებრივ შესაძლებლობებზე და ქართველი ხალხი ამას კარს მომდგარ საპარლამენტო არჩევნებზე დაგიმტკიცებთ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია