პრიორიტეტად გამოცხადებული დარგის განსაცდელი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
5-05-2016, 20:15 | ეკონომიკა | ნანახია - 1462

 პრიორიტეტად გამოცხადებული დარგის განსაცდელი

 

ლაშა ქუსიკაშვილი

 

ომახიანი და ხმაურიანი განცხადებების შემდეგ, თუ როგორ ზრუნავს ახალი მთავრობა სოფლის განვითარებაზე და რამდენ ფულს ხარჯავს (არადა მართლაც კოლოსალური თანხები აქვთ დახარჯული), ვნახოთ რას მივაღწიეთ ამ დარგში...

 

ცოტა შორიდან დავიწყებ, ალბათ ყველას გახსოვთ მ.სააკაშვილის მიერ „პიონერის“ ჯიშის ჰიბრიდული სიმინდის პროგრამა, რომელმაც ოპოზიციის კრიტიკის ქარცეცხლში გაიარა და შეირაცხა, როგორც ჩავარდნილი პროექტი. რეალურად კი იმ დროს საქართველოში მოხმარებული სიმინდის მხოლოდ 30-40% იწარმოებოდა ადგილობრივად, დანარჩენს საზღვარგარეთ ვყიდულობდით, ამიტომაც იყო ქართული ქათამი იმპორტულ ქათამზე ძვირი. ამ „ჩავარდნილი“ პროექტის ფარგლებში კი შეიქმნა სიმინდისათვის საჭირო სრული ინფრასტრუქტურა, სასოფლო სამეურნეო ტექნიკა, თანამედროვე აგრო წარმოების ცოდნა, თანამედროვე ქიმიკატები, მოეწყო სიმინდის საშრობები და საწყობები, დარეგულირდა სიმინდის საბითუმო ბაზარი. ჩამოყალიბდა ფერმერთა ჯგუფები, რომლებიც სიმინდის მოყვანაზე არიან ორიენტირებულები. ამ პროექტის შემდეგ ადგილობრივი სიმინდი ქვეყანაში მოთხოვნას 100%-ით აკმაყოფილებს. თავისთავად კონკურენტუნარიანი გახდა და გაიზარდა ქართული ქათმის წარმოება, რომელიც სიმინდის ძირითადი მომხმარებელია. როგორც არ უნდა შევაფასოთ ეს პროექტი, დადებითი შედეგი სახეზეა.

 

დღევანდელმა სახელისუფლებო გუნდმა, მოსვლისთანავე სოფლის მეურნეობა პრიორიტეტულ დარგად გამოაცხადა და უდიდესი თანხები მიმართა დარგის განვითარებისათვის. საერთო ჯამში თანხები 2 მილიარდს ასცდა, შედეგად მივიღეთ: 2015 წლისთვის ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობი, რომელსაც მზარდი მაჩვენებელი ჰქონდა, დაეცა და ნაკლებია ვიდრე 2008 წელს; ხორცის წარმოება 2008-2010 წლის მონაცემებთან შედარებით დაკლებულია, იკლო სიმინდის წარმოებამაც და წლიური საშუალო 300 ათასი ტონიდან 209 ათას ტონამდეა ჩამოსული; კარტოფილის წარმოებამ, რომელიც 2008 წლიდან მზარდი იყო, 2014-2015 წლებში იკლო და თითქმის 2008 წლის მონაცემებამდე დავიდა; 2014-2015 წლებში, ასევე მუდმივად მზარდი ბოსტნეულის წარმოება 2011 წლის მონაცემზე ქვემოთ დაეშვა. წინა წელთან შედარებით გაიზარდა ხორბლის წარმოება და თუ ასე გავაგრძელებთ შეიძლება 2011 წლის ნიშნულამდეც კი ავიდეთ. დიდი პროგრესი გვაქვს ყურძნის წარმოებაში, ოღონდ ძნელი გასარკვევია თუ რამ გაზარდა ყურძნის მოსავალი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ახალი ზვრებიც რომ გაშენებულიყო ისინი მოსავალს უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ 2017 წელს მოგვცემენ. ჩემი ვარაუდით ყურძნის მოსავალი სუბსიდირებისათვის გამოყოფილი მილიონების ასათვისებლად გაიზარდა, სხვა ახსნას პირადად მე ვერ ვპოულობ. მიუხედავად დიდი დანახარჯებისა არ გაზრდილა აგროსექტორის წილი მშპ-ს გამოშვებაში და 8-9%-ზე მერყეობს.

 

აგროწარმოების განვითარებისა და მისი ბიზნესად ჩამოსაყალიბებლად რამდენიმე გადასაწყვეტი ამოცანა არსებობს. ერთ-ერთი ასეთია მიწის პასპორტიზაცია, რისთვისაც ევროპამ სამეზობლო პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ფინანსური დახმარება გაგვიწია, თუმცა მარტო ფული არ არის საკმარისი, საქმის მკეთებელი ადამიანები და კეთების ნებაა კიდევ საჭირო. ამ უკანასკნელის არარსებობის გამო კი მიწის პასპორტიზაცია არ მოხდა, პროცესი გამოკიდებულია ჰაერში. ხვნის ვაუჩერებისა და აგრობარათების შემოღების გამო მიწების რეგისტრაცია გართულებულია, რადგანაც ის ადამიანები, რომლებმაც დიდი ხანია მიწა გაყიდეს, ფეხს ითრევენ მიწების ახალ მფლობელზე გადაფორმებისგან, რადგანა კარგავენ დახმარებას რომელიც მცირემიწიან გლეხებს ეძლევათ. საკანონმდებლო ცვლილებებიდან კი ის გვახსოვს, რომ პარლამენტში განიხილავდნენ გაუფორმებელი მიწების (ლაპარაკია ახლებურად, ელექტრონულად დაურეგისტრირებელ მიწებზე) სახელმწიფო საკუთრებაში აღებას, თუმცა კი კარგია, რომ მიდგომა შეცვალეს და ახლა განიხილება საკუთრებაში არსებული მიწების რეგისტრაციის გაიოლება, ოღონდ ჯერ ისევ მხოლოდ განიხილება. ამ ხვნის ვაუჩერს კარგი იქნება თუ თავის სახელს დავარქმევთ, რეალურად ეს არის სოფლად მცხოვრებთათვის სოციალური დახმარება და არავითარი კავშირი არ აქვს სოფლის მეურნეობის არც განვითარებასთან და არც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.

 

ასევე მიღებულია ე.წ. „მთის კანონი“ რომელიც რეალურად არც მუშაობს და არც იმუშავებს, თუ არ ჩავთვლით მაღალმთიანი რეგიონის სტატუსის მისაღებად სხვადასხვა სოფლების წარმომადგენლების მიერ გაწეულ აქტივობებს. რა შენატანი ჰქონდათ ამ სოფლებს ბიუჯეტში კანონის მიღებამდე და რა შეღავათი მიეცათ ამ კანონით? თუ იმედი გვაქვს, რომ საგადასახადო შეღავათების მისაღებად მსხვილი ბიზნესი დარეგისტრირდება მაღალმთიან რეგიონში? მერე მასეც რომ მოხდეს ბიუჯეტის შევსების წყარო დაიკლებს და მთაში კი ცხოვრება იგივე ტემპით გაგრძელდება როგორც გრძელდებოდა, მათთვის უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება.

 

დღესდღეობით ვერ ვნახე აგროსექტორის ვერცერთი დარგი და მიმართულება, სადაც ქვეყნის მასშტაბით რაიმე მნიშვნელოვანი დადებითი გარღვევა გვაქვს, ისეთი როგორიც ზემოთხსენებული სიმინდის პროგრამა იყო. მთავრობიდან ისევ არასწორი ორიენტირები და გზავნილები მოდის, მხოლოდ ლაპარაკი სხვადასხვა პროგრამებისა და შეღავათიანი დაფინანსების შესახებ, ისევ ყოვლისშემძლე თუ ყოვლის შემწოვი რუსეთის ბაზრის შესახებ.

 

რუსული ბაზარი კი რჩება ისევ ისეთ სატყუარად, როგორც ადრე, მის გახსნამდე იყო. რატომღაც გვავიწყდება, რომ საბჭოთა კავშირის დროს საზღვრები დახურული იყო და კონკურენტი ვერ შემოაღწევდა, ახლა კი უამრავ ქვეყანას შეაქვს პროდუქტი რუსეთის ტერიტორიაზე და ნამდვილად არ დაუხურავს ბაზარს რუსეთი თუნდაც ჩინეთს, რომ როგორმე მასთან ქართული პროდუქტი ძვირად გაიყიდოს. ამიტომაც არის, რომ მიუხედავად ბაზრის გახსნისა, შემოსავლები და ხილ-ბოსტნეულის ექსპორტი არ გაზრდილა. ან რა ექსპორტის გაზრდაზე გვაქვს საუბარი, როცა ქვეყანაში პროდუქტის წარმოების კლება მიდის. ჩვენი პროდუქტით ჩვენს თავს ვერ ვინახავთ და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას ვერ ვუზრუნველვყოფთ. პასუხად კი გვესმის, რომ რუსეთ-უკრაინის ომი, ყარაბაღის კონფლიქტი, რეგიონში არსებული ეკონომიკური კრიზისი და სხვა გარე ფაქტორების გამოა, რომ ვერ განვითარდა ქვეყანა. არადა მართლაც წარუმატებლობის მიზეზი ერთია, საკმაოდ დიდია და მას ბედოვლათი მთავრობა ჰქვია, რომლის წარმომადგენლებიც ყველა დებატში თავს იმით იმართლებენ, რომ დიქტატურა დაამხეს და ხალხს თავისუფლება დაუბრუნეს. მე კი მხოლოდ ის ვიცი, რომ დიქტატორების დამხობა არჩევნებში გამარჯვების გზით არ ხდება.

 

საკეთებელი საქმე ძალიან ბევრია, ბოლოსდაბოლოს ევროპასთან ასოციაციის ხელშეკრულებით მონიჭებული სავაჭრო შეღავათები გვაქვს გამოსაყენებელი, ეს უნდა იყოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (და არამარტო სოფლის მეურნეობის სამინისტროსი) მუშაობის ძირითადი მიმართულება, ახალი ბაზრების მოძიება და ჩვენი ფერმერებისთვის მათზე გასასვლელად ხელშეწყობა და მიმართულების მიცემა.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია