მარშალ ბოტანიკურის ვნებანი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
8-05-2016, 14:52 | კომენტარები | ნანახია - 1660

მარშალ ბოტანიკურის ვნებანი 

 

ნიკა რამიშვილი

 

აქვს თუ არა ლონდონს ბოტანიკური ბაღი?... დავგუგლავთ მოგვიანებით და ვნახავთ, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ლონდონს უკვე ყავს არალონდონელი, „საცხაიდან ჩამოხეტებული“ მერი! ლონდონელი კაი ბიჭები იძახიან, მაგი ები როუდზე რომ დატოვო, ჩელსის უბანს ვერ მიაგნებს თავისით, ქალაქის აზრზე არ არისო! მაგრამ შიში იმისა, რომ ახალი მერი ლონდონს ისე მოასოდომგომორებს, როგორც ჩვენს ქალაქს მოსდის ამ ეტაპზე, არ არსებობს, რადგან ლონდონი არის მიკ ჯაგერის, უილიამ შექსპირის, დევიდ ბეკჰემის, დევიდ ბეკჰემის მარჯვენა ფეხის, დევიდ ბეკჰემის მარცხენა ფეხის და fish and chips-ის ქალაქი! რადგან ახალი მერი ლონდონელებმა თავისი ინიციატივით აირჩიეს და არა დედა დედოფლის ბრძანებით! იქ დედა დედოფალს ერთი კარგი თვისება აქვს - იცის, რა ბრძანოს და რა არა. რაშიც პრობლემები აქვს ჩვენს მამა მარჩენალს და მბრძანებელს, აი რაც უნდა, იმას ბრძანებს და მისი ბრძანებით ჩვენს მიერ არჩეული მერიც მის ბრძანებებს ემორჩილება! - ეთქმის და ალბათ ხშირად ეუბნება ურჩებს ჩვენი მბრძანებელი - чем породил, тем и убью-ო და უჯერებენ, რა ქნან...

 

რაც შეეხება ბოტანიკურ ბაღს, ჩვენ გვქონდა, ანუ თბილისს ჰქონდა, ოღონდ ახლა ცოტაღა დაგვრჩა, დანარჩენში ერთი ურეიტინგო, მაგრამ ძალიან საინტერესო ტელევიზია, დაუსაქმებელი, მაგრამ ტექნიკურად კარგად გამართული ხმის ჩამწერი სტუდია და ერთი მეურნე კაცის მოკრძალებული საცხოვრებელი კოლბაა განთავსებული. იგეგმება სასტუმროს მშენებლობაც, აბა სტუმარს კოლბაში ხომ არ მიიღებს!... ჩანს ყველაფერი... და კოლბაში კაცმა ტრუსიკით თუ არ გაიარე შენს გემოზე, მაშ რაა კოლბა!...

 

ყოფილ ბოტანიკურში და ამჟამად უკვე კერძო პირის - საჩხერეში რომ იტყვიან - შამორაგულში ხრიოკი მიწა მოხვდა ძირითადად და უნდა ააყვავოსო, ნაკლებად ბოროტი, მაგრამ სხვა რამეში გამოცდილი ენები ამბობენ, ანუ კაქტუსებს ამოყრის და წიწმატს გაუშვებს ალბათ... წიწმატს ‘’კაკ მინიმუმ’’.

 

იმასაც ნუ ვიტყვით, რომ ხეების მბრძანებელი მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს! 1845 წლამდე, სანამ ბოტანიკური ბაღი დაერქმეოდა და სახელმწიფოს საკუთრება გახდებოდა, სამეფო ბაღი ერქვა და შესაბამისად მეფეს ეკუთვნოდა!... ახლა მეფე არ გვყავს, მაგრამ გვყავს მბრძანებელი! მბრძანებელმა კი ტერიტორიას პირველადი სტატუსი აღუდგინა! - ანუ ‘’შამორაგა“! ხოდა ამ თავის შამორაგულში თუ უნდა ზებრებს და პინგვინებს შეაჯვარებს, უნდა სხვა ადგილებიდან ამოყრილ ხეებს დარგავს და უნდა წიწმატს დასთესს.

 

მოკლედ, ბევრი რომ არ ვინერვიულოთ, გადავხედოთ ყველამ ჩვენს წარსულს და ისტორიას, საიდან მოვდივართ? ჰა-ჰა 5-6 თაობა და იმის იქეთ ყველანი „ჩამოსულები“ ვართ!

 

ჩემოსულებისაა ეს ქალაქი და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ! გინდა პანორამა დაგვადგან თავზე, გინდა ბოტანიკური შემოგვიღობონ და გინდა „ის ურთიერთობა“ წაგვართვან!

 

ვაცადოთ! მეტსაც გეტყვით - სარები დავურიგოთ ეშმაკური სახით, რომელზეც ეწერება „რაც გინდათ, ის გიქნიათ“, ჩვენ კი გამოვკრათ თეთრ და წითელკოპლებიან ხილაბანდში ჩვენი ნივთები, გავუყაროთ მორჩენილი სარი ამ ბოხჩას, გავიდოთ მხარზე და ბედს ვეწიოთ!... - არ მოგწონთ ეს ვარიანტი? კარგით, მაშინ მივიდეთ ოქტომბერში არჩევნებზე და ამჯერად სხვას კი არ მოვუსმინოთ, საკუთარი ტვინი გავატოკოთ, საკუთარი პასტები თან არ წავიღოთ და რამე ისეთი შემოვხაზოთ, ქვეყანას, ქალაქს და ცოოტათი ჩვენც რომ გვეშველოს!

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია