მეორე მსოფლიო ომის გენია ჯორჯ სმიტ პატონი უმცროსი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
8-05-2016, 16:46 | ეკონომიკა | ნანახია - 3067

 მეორე მსოფლიო ომის გენია ჯორჯ სმიტ პატონი უმცროსი

 

მამუკა სამჭკუაშვილი

 

რუსული პროპაგანდა მეორე მსოფლიო ომის შესახებ: ის, რომ აშშ, გაერთიანებული სამეფო და მთელი დასავლეთ ევროპა, მხოლოდ ომის ბოლოს ჩაერთვნენ ჰიტლერის ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ტყუილია. ფაქტიურად მთელი 30-იანი წლების განმავლობაში, სტალინი წვრთნიდა ნაცისტ ტანკისტებს და ნაცისტ პილოტებს რუსეთში და ჰიტლერთან ერთად იყოფდა ევროპას, რითაც აქეზებდა ჰიტლერს მეორე მსოფლიო ომის დაწყებისათვის. ეს ის დროა, როდესაც სტალინის ეჟოვისა და ბერიას დახმარებით საბჭოეთში, ადამიანების ექსპერიმენტული ჯიში „ჰომოსოვეტიკუსი“ გამოჰყავდა, აქედან გამომდინარე შედეგებით, ვინც ამ ჯიშის გენეტიკას არ აკმაყოფილებდა, მას და მისი ოჯახის წევრებს ფიზიკურად ანადგურებდნენ. მათ ბელამორის, ვოლგა-დონის არხებზე და სხვა „მნიშვნელოვან საუკუნის მშენებლობებზე“ ასახლებდნენ და ამუშავებდნენ. აუცილებლად უნდა ვახსენო გასული საუკუნის 30-იანი წლების, კოლექტივიზაციის სახელით ცნობილი, დაუნდობელი ეთნო წმენდის და უკრაინელი ხალხის გენოციდის მაგალითები. ზუსტად ამას ხედავდნენ მაშინდელი ევროპის ლიდერები და შესაბამისადაც იქცეოდნენ. ამიტომ არავის არ გვიკვირს თუ რატომ არ გაერთიანდა ევროპა და დასავლეთი ფაშიზმის წინააღმდეგ რუსეთთან 1941 წლის ივნისამდე, ამ თარიღამდე რუსეთი და ფაშისტური გერმანია ერთ გზას ადგნენ, ერთად ანგრევდნენ ევროპას და დასავლურ ღირებულებებს, სტალინს არავინ ენდობოდა.

 

1941 წლისათვის ინგლისს, აშშ-ს დახმარებით უკვე მოგებული ჰქონდა საჰაერო ომი (Battle for Britain), რითაც ჰიტლერს ხელი ააღებინა ბრიტანეთის კუნძულზე შეჭრისაგან, ხოლო აშშ ამავე დროს აწვდიდა შეიარაღებას და ეხმარებოდა მოხალისეებით ყველას, მათ შორის ჩინეთს, წყნარი ოკეანის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს და 1941 წლის 7 დეკემბრიდან ოფიციალურად ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში. აშშ-ს ჯარისკაცები ერთდროულად იბრძოდნენ ინდოჩინეთში, წყნარი ოკეანის აკვატორიაში, ჩრდილოეთ ატლანტიკაზე, ჩრდილოეთ აფრიკის საბრძოლო მოქმედებების თეატრებზე. უკან რომ გასწიოთ რუსული პროპაგანდა, დაფიქრდეთ და შეადაროთ რომელ ქვეყანას სად და რა გარემოში უწევდა ბრძოლა, მიხვდებით რომ ამ ომს რეალურად ამიტომ ჰქვია „მეორე მსოფლიო ომი“ და არა “დიდი სამამულო”. თავისთავად ეს ტერმინი მეორე მსოფლიო ომში, მხოლოდ საბჭოთა რუსეთის როლს უსვამს ხაზს. ეს ომი მხოლოდ ბრესტიდან სტალინგრადამდე არ მიმდინარეობდა და 1941 წელს არ დაწყებულა.

 

მე არ ვაკნინებ ჩვენი წინაპრების როლს, ჩემი ორივე პაპა იბრძოდა. საბედნიეროდ ორივე გადარჩა. ერთი მძღოლი იყო, ომი დაიწყო უკრაინაში და დაამთავრა პრაღაში, მეორე მონაწილეობდა ქერჩის დესანტში. მე მათი ხსოვნა მინდა დავუკავშირო უფრო ღირებულსა და წმინდას, როგორიცაა მსოფლიოს განთავისუფლება ფაშიზმისაგან და არა საბჭოთა რუსეთის ან კომუნიზმის ფაშიზმზე გამარჯვებას. ჩვენ გვახსოვს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულები, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რამდენი დაიღუპა, არც ის უნდა დაგვავიწყდეს თუ რატომ დაიღუპნენ ასე, ბევრ სხვა ქვეყნებთან შედარებით. ჯერ საბჭოთა რუსეთს ხოლო ახლა რუსეთის ფედერაციას, რომელიც საბჭოთა კავშირის აღდგენის ოცნებით ცხოვრობს, სჭირდება აშშ-ს და დასავლეთის როლის დაკნინება, რადგან სხვანაირად ვერ ხსნის მეორე მსოფლიო ომში დაღუპული საბჭოთა მოქალაქეების უზომოდ დიდ რაოდენობას, ასე მალავს თავისი უნიათო ბოლშევიკური კაცთმოძულე რეჟიმის შედეგებს.

 

შედარებისათვის მე მინდა გაგაცნოთ ერთ-ერთი ყველაზე გენიალური და მნიშვნელოვანი სამხედრო მეთაური ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, გენერალი ჯორჯ პატონი (George Smith Patton, Jr. (November 11, 1885 – December 21, 1945)). მისი ლიდერად ჩამოყალიბება არ არის შემთხვევითი. მთელი ცხოვრება მას სჯეროდა, თავისი როგორც სამხედრო მეთაურის ამ ქვეყანაზე განსაკუთრებული მისიით მოვლინების შესახებ და მთელი ცხოვრება ემზადებოდა გადამწყვეტი ბრძოლისათვის, მას მონაწილეობა მიღებული აქვს: პანჩო ვილას ექსპედიციის სახელით ცნობილი აშშ- მექსიკის საზღვრისპირა ბრძოლებში, პირველ მსოფლიო ომში, იგი გენერალ პერშინგის დაქვემდებარებაში ხელმძღვანელობდა აშშ-ს პირველ ჯავშანსატანკო ბრიგადას, პირველსა და მეორე მსოფლიო ომებს შორის შეისწავლა და ჩამოაყალიბა აშშ-ს ჯავშანსატანკო ქვედანაყოფები, სასწავლო დაწესებულებები. იგი ხელმძღვანელობდა ამერიკის ჯარის ჩრდილოეთ აფრიკაში გადასხმის ოპერაციას, სიცილიის და იტალიის განთავისუფლების ოპერაციას. 1944 წლის ივლისიდან, ხელმძღვანელობდა აშშ-ს მე-3 არმიას ევროპის განთავისუფლების ოპერაციისას, სადაც მან გამოავლინა თავისი გენია, არა მხოლოდ როგორც შესანიშნავმა სამხედრო სტრატეგმა, არამედ როგორც უბადლო ორატორმა. ცნობილი ფაქტია, რომ შეტევაზე გადასულ ჯარებს, დამცველებზე უფრო მეტი დანაკარგი აქვთ, პატონის სტრატეგიის შედეგია, რომ მან ამ ოპერაციებში გერმანელებზე 10 ჯერ ნაკლები რაოდენობით ჯარისკაცი დაკარგა. მისი არმია სულ შეტევაზე იყო გადასული და სწრაფად იკავებდა პოზიციებს, მოწინააღმდეგეს არ აძლევდა გამაგრების საშუალებას. 1944 წლის ოქტომბერ-ნოემბერში მე-3 არმიის შეტევა მხოლოდ იმიტომ შეფერხდა, რომ ეიზენჰაუერმა გადაწყვიტა პატონის არმიის ნაცვლად, ჩრდილოეთ ფრონტზე მარშალ მონტგომერისათვის გაეგზავნა ტანკების საწვავის მარაგი. პატონის ჯარები იძულებით გადავიდნენ თავდაცვის პოზიციებზე. შემდგომში იმავე წლის დეკემბერში ეს გახდა ჰიტლერის მოულოდნელი წარმატებული კონტრშეტევის მიზეზი, როდესაც მოკავშირეები ბელგიასა და საფრანგეთის ჩრდილოეთით კარგავდნენ პოზიციებს, ხოლო მეთაურები არ იყვნენ მზად სიტუაციის ასეთი განვითარებისათვის. ეიზენჰაუერმა მოიწვია მოკავშირე სარდლების თათბირი, პატონმა კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი მხედართმთავრული ნიჭი და მოქმედების სამი გეგმით წარსდგა სათათბიროს წინაშე, აღსანიშნავია რომ მხოლოდ მას აღმოაჩნდა გადარჩენის კონკრეტული გემა და ამავე დროს ქვედანაყოფები შესაბამის საბრძოლო მზადყოფნაში.

 

ისტორიკოსები ზოგადად თანხმდებიან, რომ ჯ. პატონი იყო ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო ლიდერი, რომელიც შეერთებულ შტატებში ოდესმე დაბადებულა. ასევე ერთ-ერთი ყველაზე რთული და წინააღმდეგობრივი პიროვნება. პატონს სჯეროდა, რომ გენერლისათვის კრიტიკული იყო ყოფილიყო გარეთ, რათა ჯარისკაცებს თავისი თვალით ენახათ გენერალი თავის გვერდით. ფილოსოფია რომელიც მოხერხებულად აკმაყოფილებდა მის ეგოს. ის ატარებდა გამორჩეულად ფერად უნიფორმას, მაღალ ყელიან ჩექმებს, ატარებდა სპორტულ, სპილოს ძვლის სახელურიან რევოლვერს.

 

მიუხედავად მოსწონდა ვინმეს იგი, თუ ეზიზღებოდა, ყველა იმახსოვრებდა მას. ის იყო მორწმუნე ქრისტიანი, რომელიც ლოცულობდა დილით და ღამით, ამავე დროს ის იყო ბილწსიტყვა ლიბერალი.

 

განურჩევლად იმისა თუ რა და რამდენ დემონებს ებრძოდა, პატონი იყო ომის გენია, როგორიც სულ რამდენიმეა კაცობრიობის ისტორიაში.

 

მინდა წარმოგიდგინოთ გენერალ პატონის, ჯარისკაცებთან გამოსვლების კრებსითი ტექსტი. გენერალს პრობლემები ჰქონდა კითხვასთან დაკავშირებით, ამიტომ ყოველთვის ზეპირად მიმართავდა აუდიენციას. ტექსტში ნათლად არის წარმოჩენილი მისი სტრატეგიის ძირითადი საკითხები, მისი დამოკიდებულება ჯარისკაცებისა და მოწინააღმდეგისადმი გენერალ პატონისათვის დამახასიათებელი ლექსიკით. ეს ტექსტი მოიცავს ჩრდილოეთ აფრიკიდან დაწყებულ ყველა გამოსვლას და ერთიანდება აშშ-ს მე-3 არმიის პირადი შემადგენლობისადმი 1944 წლის 5 ივნისის გამოსვლაში.

 

ტექსტებს შორის ყველაზე ცნობილია 1970 წელს ჰოლივუდის მიერ გადაღებულ ფილმში შესული პატონის მონოლოგი, აშშ-ს დიდი დროშის ფონზე, რომელიც შესანიშნავად შეასრულა მსახიობმა სკოტმა, ემოციების გარეშე ამის მოსმენა შეუძლებელია. მიუხედავად გენერალ პატონის არასტანდარტული ლექსიკისა და მშიშრების მიმართ განსაკუთრებით ნეგატიური დამოკიდებულებისა, მის მიერ ჩატარებულ ოპერაციებში დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობით, ახლოსაც კი არ მოდის რუსეთის მაშინდელ მარშალთან ჟუკოვთან, რომელიც ცნობილი იყო თავისი „კაცთმოძულე“ ხასიათით და ყველა ოპერაციას ჯარისკაცების დიდი დანაკარგებით ასრულებდა.

 

შევეცადე ტექსტი შემერბილებინა და ამავე დროს არ დამეკარგა ემოციური მუხტი, რაც ტექსტს აძლევს მომენტის სიმძაფრეს:

 

„მინდა რომ ყველას გახსოვდეთ: თავისი სამშობლოსათვის სიკვდილით, არავის და არასდროს არ მოუგია ომი, თქვენ მოიგებთ თუ აიძულებთ სხვა სულელს მოკვდეს თავისი ქვეყნისათვის“.

 

ჯარისკაცებო, აბსურდია ის ყველაფერი რაც გესმით იმის შესახებ რომ ამერიკას არ სურს ბრძოლა და არ უყვარს ომი. ამერიკელებს ტრადიციულად უყვართ ბრძოლა. თითოეულ ნამდვილ ამერიკელს უყვარს ბრძოლის სუნი.

 

თქვენ დღეს აქ სამი მიზეზის გამო იმყოფებით: პირველი იმიტომ, რომ აქ თქვენი სახლების და საყვარელი ადამიანების დასაცავად ხართ, მეორე იმიტომ, რომ აქ თქვენი პირადი ღირსებისა და თავმოყვარეობისთვის დგახართ, რადგან არ ისურვეთ სხვაგან ყოფნა, მესამე იმიტომ, რომ თქვენ ნამდვილი მამაკაცები ხართ და ყველა ნამდვილ მამაკაც უყვარს ბრძოლა.

 

როდესაც ბავშვები იყავით თქვენში აღტაცებას იწვევდა მარმარილოს ბურთის მსროლელი ჩემპიონი, ყველაზე სწრაფი მორბენალი, დიდი ლიგის ფეხბურთელები და ყველაზე ძლიერი მოკრივეები. ამერიკელებს უყვართ გამარჯვებული და არ შეეგუებიან დამარცხებულს. ამერიკელებს სძულთ მშიშრები, ამერიკელები ყოველთვის თამაშობენ იმისათვის, რომ მოიგონ. ზედაც არ შევხედავდი ისეთ კაცს, რომელიც დამარცხდა და გაიცინა. ზუსტად ამიტომ ამერიკელებს არასდროს წაუგიათ ომი და არც არასდროს წააგებენ. ამერიკელისათვის დამარცხების იდეაც კი საძულველია.

 

გახსოვდეთ, დღეს, ძირითად ბრძოლაში, თქვენს შორის მხოლოდ ორი პროცენტი დაიღუპება. ყოველ ადამიანს ეშინია პირველი ნაბიჯის გადადგმის დროს. თუ ამბობს, რომ არ ეშინია, ის წყეული მატყუარაა. მაგრამ ნამდვილი გმირი არის ის ადამიანი, რომელიც იბრძვის იმისდა მიუხედავად, რომ მას ეშინია. ზოგიერთი ჯარისკაცი შიშს ცეცხლის ქვეშ ერთ წუთში ივიწყებს, ზოგს ერთი საათი სჭირდება, და ზოგს კი რამდენიმე დღე. მაგრამ ნამდვილი ჯარისკაცი არასოდეს მისცემს სიკვდილის შიშს იმის საშუალებას რომ მოუსპოს თავისი ღირსება, ბრძოლა ყველაზე დიადი შეჯიბრია, სადაც ადამიანმა შეიძლება მონაწილეობა მიიღოს. მას მოაქვს ყოველივე საუკეთესო და ანადგურებს ყოველივე სულმდაბლურსა და ბილწს. ამერიკელები ამაყობენ საკუთარი „მაგარი ბიჭობით“ და არიან კიდეც „მაგარი ბიჭები“. დაიმახსოვრეთ, რომ მტერს თქვენზე მეტად ეშინია. ისინი სუპერმენები არ არიან.

 

სამხედრო სამსახურის განმავლობაში, არასოდეს მოგწონდათ როგორც თქვენ მას უწოდებდით ეს “უაზრო წვრთნები”. ეს, ისევე როგორც სხვა ყველაფერი არმიაში, განსაზღვრულ მიზანს ემსახურებოდა. ეს მიზანი იყო სიფხიზლე. სიფხიზლე ყოველ ჯარისკაცში უნდა იყოს ჩანერგილი. არაფრად მიღირს ის ჯარისკაცი, რომელიც მუდამ თითისწვერებზე არ დგას. ბიჭებო, თქვენ უკვე ვეტერანები ხართ, სხვაგვარად აქ ვერ მოხვდებოდით. თქვენ მზად ხართ იმისათვის, რაც გელით. ჯარისკაცი მუდამ უნდა ფხიზლობდეს, თუკი სურს რომ ცოცხალი გადარჩეს. თუ მოადუნებთ სიფხიზლეს, მაშინ რომელიმე გერმანელი ნაბიჭვარი უკნიდან მოგეპარებათ და სიცოცხლეს გამოგასალმებთ.

 

სადღაც სიცილიაზე 400 ლამაზად გათხრილი საფლავია და ეს იმიტომ, რომ ერთ ჯარისკაცს მოვალეობის შესრულების დროს ჩაეძინა. მინდა გითხრათ, რომ ისინი გერმანელების საფლავებია, რადგან იმ ნაბიჭვარს ჩვენ უფრო ადრე მივაგენით, ვიდრე მისმა მეთაურმა.

 

არმია არის ერთი გუნდი. ის ცხოვრობს, ჭამს, სძინავს, და იბრძვის, როგორც გუნდი. ყველაფერი ინდივიდუალური გმირობის შესახებ არის სისულელე. ის ღვიძლის დისფუნქციით დაავადებული ნაბიჭვრები რომლებიც წერენ შაბათს „Ivening Post“-ისათვის, იმდენი იციან ნამდვილი ბრძოლის შესახებ, რამდენიც სექსის შესახებ.

 

ჩვენ ვართ საუკეთესო გუნდი, ჩვენ გვაქვს საუკეთესო საკვები და საუკეთესო აღჭურვილობა, საუკეთესო სულისკვეთება და ვართ მსოფლიოში საუკეთესო ჯარისკაცები. მე მეცოდებიან ის ნაბიჭვრები რომელთა წინააღმდეგაც ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ.

 

ყველა ნამდვილი გმირი არ გავს წიგნებში აღწერილ მებრძოლებს. თითოეული ჯარისკაცი არმიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ამიტომაც არასოდეს დანებდეთ. არასოდეს იფიქროთ, რომ თქვენი სამუშაო არ არის მნიშვნელოვანი. რა მოხდება, თუ ყოველი სატვირთოს მძღოლი გადაწყვეტს, რომ მას არ მოსწონს ჭურვების აფეთქების ხმა და გადახტება თხრილში? იმ ნაბიჭვარ მშიშარას შეუძლია თავისთვის თქვას - "მათ არ მოვენატრები“, ასეთი მშიშარა მხოლოდ ერთი კაცია ათასში. რა მოხდება, თუ ყველა კაცი განაცხადებს ამას? მაშინ სად ჯოჯოხეთში მოვხვდებოდით ჩვენ? არა, მადლობა ღმერთს, ამერიკელები ამას არ ამბობენ. ყოველი კაცი აკეთებს თავის საქმეს. ყოველი კაცი მნიშვნელოვანია. ლოჯისტიკოსები საჭირონი არიან იარაღის მოსამარაგებლად, კვარტერმეისტერი საჭიროა იმისათვის რომ ჩვენ მოგვაწოდოს საჭმელი და ტანსაცმელი, რადგან, იქ სადაც ჩვენ ვაპირებთ წასვლას არ იქნება ნადავლის მოპოვების საშუალება. სასადილოში ის ადამიანიც კი ვინც წყალს ადუღებს, უზრუნველყოფს ჩვენი კუჭ-ნაწლავების კარგად ყოფნას, მას აქვს საქმე რომელიც უნდა გააკეთოს.

 

ყოველი კაცი უნდა ფიქრობდეს არა მხოლოდ საკუთარ თავზე არამედ, თავის მეგობარზე რომელიც მის გვერდით იბრძვის. ჩვენ არ გვინდა, მშიშრები ჯარში. ისინი ბუზებივით უნდა გაწყვიტო. თუ არადა, ომის შემდეგ ისინი დაბრუნდებიან სახლებში, წყეული მშიშრები წარმოშობენ კიდევ უფრო ბევრ მშიშრებს. მამაცი მამაკაცები წარმოშობენ კიდევ უფრო ბევრ მამაც მამაკაცებს. მოკალით წყეული მშიშრები და ჩვენ გვეყოლება მამაცი ხალხის ნაცია.

 

ერთ-ერთი ყველაზე მამაცი მამაკაცი, რომელიც ვნახე აფრიკული კამპანიის დროს როდესაც ჩვენ ტუნისისკენ მივიწევდით, ცეცხლის შუაგულში ტელეგრაფის ბოძზე იყო ასული. მე შევჩერდი და შევეკითხე თუ რა ჯანდაბას აკეთებდა ის იქ. მან მიპასუხა"მავთულს ვასწორებ, სერ ". "იქ ხომ საშიშია" ვიკითხე მე. "დიახ, სერ, მაგრამ ეს წყეული მავთული უნდა შეკეთდეს". მე შევეკითხე "ნუთუ ეს თვითმფრინავები, რომლებიც გზას ბომბავენ არ გაწუხებენ?, და მან მიპასუხა " არა სერ, მაგრამ თქვენ ნამდვილად მაწუხებთ". აი ეს იყო ნამდვილი ჯარისკაცი. ნამდვილი მამაკაცი. კაცი, რომელმაც მთელი თავისი თავი მიუძღვნა თავისი მოვალეობის შესრულებას, იმისდა მიუხედავად თუ როგორი უმნიშვნელო ჩანდა მისი მოვალეობა მაგ დროს.

 

და თქვენ უნდა გენახათ გეიბისკენ მიმავალი სატვირთო მანქანები. მათ ბრწყინვალე მძღოლები მართავდნენ. მთელი დღე და ღამე იმ წყეულ გზებზე დადიოდნენ, ჭურვების აფეთქების დროსაც კი არასდროს გადაუხვევიათ თავიანთი გზიდან. ბევრი მამაკაცთაგანი ზედიზედ 40 საათის განმავლობაში ატარებდა მანქანას. ესენი არ იყვნენ მებრძოლები. მაგრამ ისინი იყვბენ ჯარისკაცები, რომლებსაც ჰქონდათ მოვალეობა. ისინი იყვნენ გუნდის ნაწილი. მათ გარეშე ბრძოლას წავაგებდით.

 

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა სახლში დაბრუნება. ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. ყველაზე სწრაფი გზა ომის დასამთავრებლად იმ ნაბიჭვრების მოსპობაა, რომლებმაც დაიწყეს ომი. ჩვენ გვინდა, იქ მივიდეთ და ყველაფერი გავწმინდოთ და შემდეგ შევუტიოთ იაპონელებს. რაც უფრო სწრაფად მოვიშორებთ მათ, მით უფრო სწრაფად დავბრუნდებით სახლში. უმოკლესი გზა სახლისკენ ბერლინსა და ტოკიოზე გადის. ამიტომაც იმოძრავეთ. და როდესაც ბერლინში მოვხვდებით, მე პირადად მოვკლავ იმ ნაბიჭვარ ჰიტლერს.

 

როდესაც ჯარისკაცი თხრილში წევს, თუ ის იქ დარჩება მთელი დღის განმავლობაში, „ჰანსი“ მას საბოლოოდ მიაგნებს. ეგ რა ჯანდაბაა? ჩემი ჯარისკაცები არ თხრიან თხრილებს. თხრილები შეურაცხმყოფელია. იმოძრავეთ წინ! ჩვენ ამ ომს მოვიგებთ, მაგრამ ჩვენ მხოლოდ ბრძოლის საშუალებით გავიმარჯვებთ და ვაჩვენებთ გერმანელებს რომ ჩვენ უფრო მამაცები ვართ ვიდრე ისინი. ჩვენ არა მხოლოდ დავხვრეტთ იმ ნაბიჭვრებს, არამედ მათ სამუდამოდ ამოვწყვიტავთ.

 

ზოგიერთ თქვენგანს აინტერესებს ცეცხლის ქვეშ გამოიჩენს თუ არა სიმხდალეს. ამაზე არ ინერვიულოთ. შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ თითოეული თქვენგანი შეასრულებს თავის მოვალეობას. ომი სისხლიანი ბიზნესია, მკვლელობის ბიზნესი. ნაცისტები მტრები არიან. გაანადგურეთ ისინი, დაღვარეთ მათი სისხლი თუ არადა ისინი დაღვრიან თქვენსას. ესროლეთ მათ კუჭ-ნაწლავებში. გამოფატრეთ მათი მუცელი. როდესაც თქვენს გარშემო ჭურვები ფეთქდება, და სახიდან ჭუჭყს მოიცილებთ და მიხვდებით რომ ეს ჭუჭყი კი არა, ეს თქვენი საუკეთესო მეგობრის სისხლია, მაშინ მიხვდებით თუ რა უნდა გააკეთოთ!

 

მე არ მინდა იმ შეტყობინების მიღება სადაც მეტყვით რომ თქვენ „პოზიციას იკავებთ“. ჩვენ მუდამ უნდა მივიწევდეთ წინ და წინ. ჩვენი მისიაა ამოვწყვიტოთ მტერი.

 

იქნება ბევრი საჩივარი იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენს ხალხს ძალიან ბევრს ვავალებთ. სულ ფეხებზე მკიდია ესეთი საჩივარი. მე მჯერა, რომ ცოტაოდენი ოფლის დაღვრა გადაგვარჩენს უამრავი სისხლის დაღვრისაგან. რაც უფრო ბევრს გავაკეთებთ, მით უფრო ბევრ გერმანელს მოვკლავთ. რაც უფრო ბევრ გერმანაელს მოვკლავთ, მით უფრო ცოტა ჯარისკაცს დავკარგავთ. რაც უფრო წინ წავალთ მით უფრო ცოტა ჯარისკაცი დაშავდება. მე მინდა რომ ყველამ დაიმახსოვროთ ეს: ჩემი ჯარისკაცები არ ნებდებიან. მე არ მინდა გავიგო რომელიმე ჩემი ჯარისკაცის ტყვედ ჩავარდნის შესახებ თუ ის არ იქნება დაჭრილი. მაშინაც კი, თუ თქვენ დაგჭრეს, გააგრძელეთ ბრძოლა. ეს არ არის აბსურდი. მე მინდა ლიბიელი ლეიტენანტის მსგავსი ჯარისკაცი, რომელსაც ტყვია ჰქონდა ფილტვში მოხვედრილი მაგრამ მაინც აგრძელებდა გერმანელების განადგურებას.

 

ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენ არ იცით რომ მე აქ ვარ. ამ ფაქტის შესახებ სიტყვა არ დაძრათ წერილებში. მსოფლიომ არ უნდა გაიგოს ჩემს შესახებ. მე ამ არმიას არ უნდა ვუძღვებოდე, მე ინგლისშიც კი არ უნდა ვიმყოფებოდე. დაე ის პირველი ნაბიჭვრები რომლებიც აღმოაჩენენ ჩემს აქ ყოფნას იყვნენ გერმანელები. ერთ დღეს მე მინდა რომ მათ დაიყვირონ "აჰ, ეს წყეული მესამე არმიაა და ეს კი ისევ ის წყეული პატონია!"

 

ამის შემდეგ არის ერთი რამ რის თქმასაც შეძლებთ როდესაც ეს ომი დამთავრდება. ოცდაათი წლის შემდეგ, როდესაც თქვენ იჯდებით ცეცხლთან თქვენს შვილიშვილთან და ის გკითხავთ "რას აკეთებდი მეორე მსოფლიო ომის დროს? თქვენ არ მოგიწევთ დახველება, გვერდით მორცხვად გახედვა და შვილიშვილებისთვის იმის თქმა რომ " ომის დროს თქვენი პაპა ლუიზიანაში ნეხვს ქექავდა." არა ბატონო, შეგიძლიათ თვალებში ჩახედოთ და უთხრათ "შვილო, შენი პაპა მესამე არმიასთან და იმ ნაბიჭვარ ჯორჯ პატონთან ერთად იბრძოდა".

 

კარგით, ნაბიჭვრებო. თქვენ იცით რასაც ვგრძნობ. მე ვიამაყებ იმით რომ თქვენ, არაჩვეულებრივ მებრძოლებს ბრძოლაში წინ გაგიძღვებით.

 

სულ ესაა რისი თქმაც მსურდა."

 

გენერალ პატონის გამოსვლაში ნათლად ჩანს ამერიკის შესაძლებლობები, ამერიკელები არ ივიწყებენ თავიანთ გმირებს, მათ ახსოვთ „ვისი გორისანი არიან“. ფაშიზმის დამარცხების შემდეგ სულ რაღაც 45 წელში ამ ხალხმა „ცივ ომში“ გაიმარჯვა და ბოროტების იმპერია დაამარცხა. ამ ფაქტმა ქართველებს მოგვცა დამოუკიდებლობის, თავისუფალი განვითარების ისტორიული შესაძლებლობა, არცერთ ეპოქაში არ გვქონია ასეთი შანსი, რატომ არ ვიყენებთ ამ შანსს? - იმიტომ რომ არ გვყავს ლიდერები, არ ვზრდით ლიდერებს, ამიტომ არ გვყავს ჯარი. მე მგონია შეხსენება არ გჭირდებათ, რომ გვინდა თუ არა, სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია ჩვენ ომში ვართ! მიმოიხედეთ თქვეს გარშემო, გაიკითხეთ და ერთ პიროვნებას მაინც თუ იპოვით ხელისუფლებაში, რომლის დაძახებაზეც დაუფიქრებლად წახვიდოდით სამშობლოს დასაცავად. რომელ სამხედრო ლიდერის ბრძანებებს შეასრულებთ? რომელი ლიდერის მეთაურობით ჩაებმებოდით ბრძოლაში? საერთოდ ვინ არიან ისინი ვინც ლიდერობას იბრალებენ (ან ვაბრალებთ) და რით დაიმსახურეს ეს ლიდერობა? ტელევიზიაში და პრესაში მხოლოდ იმ სამხედრო მოსამსახურეების პიარი მიმდინარეობს, რომლებიც მხოლოდ პირადი კეთილდღეობისათვის, ამათუიმ პოლიტიკური ძალის წევრი და პროპაგანდისტია, რომლებიც არჩევნებზე არიან ორიენტირებული და სწორედ ეს აძლევთ მათ უმაღლესი სამხედრო თანამდებობების დაკავების საშუალებას, შედეგად მხოლოდ თავის თავს ემსახურებიან.

 

გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს, ქვეყნის სწორი განვითარებით, განათლების, ეკონომიკის განვითარებით, პატრიოტიზმის ამღლებით, მივიღებთ ძლიერ ჯარს, ძლიერ სახელმწიფოს, რომელსაც ძლიერი ლიდერები ჩაუდგებიან სათავეში.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია