სიტყვის თავისუფლება და “ოცნების” აუქციონის სინდრომი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
16-05-2016, 23:48 | კომენტარები | ნანახია - 1347

სიტყვის თავისუფლება და “ოცნების” აუქციონის სინდრომი 

 

ნიკა რურუა

 

ხელისუფლებამ რუსთავი 2-ზე შეტევა განაახლა მისი საბოლოოდ ხელში ჩასაგდებად. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასამართლო განაჩენი დაწერილია იუსტიციის სამინისტროში პროცესის დაწყებამდეც; ხელისუფლება კი კვლევა-ძიებით იყო დაკავებული სრულიად მორჩილი მოსამართლის პოვნის მიზნით, რომ ასეთს კარგად შეესრულებინა ამ ფარსის გამთამაშებლის მთავარი როლი.

 

ამავე ინფორმაციის მიხედვით ბევრმა მოსამართლემ თავი აარიდა ამ როლს, ვინაიდან არცერთ მათგანს ამ უღირსი, და საკმაოდ უმადური ფუნქციის შესრულება არ სურდა. ეს გასაგებიცაა - სიტყვის თავისუფლების მესაფლავეობა არაა საპატიო და არც მთლად უსაფრთხო საქმიანობა.

 

ბოლოს და ბოლოს ასეთი როლის მკისრებელიც იპოვეს და სასამართლო პროცესი, სადაც ერთ მხარეს რუსი ოლიგარქი და მისი მარიონეტები და მეორე მხარეს კი სიტყვის თავისუფლება დგას, განახლდა.

 

ამ მოკლე წერილში ამ ვითომცდა “ორ სუბიექტს შორის” გამართულ უთანასწორო ბრძოლასთან დაკავშირებული იურიდიული დეტალების აღწერას არ ვაპირებთ, მეტადრე მაშინ, როდესაც სამართლებრივად ყველაფერი დღესავით ნათელია - ხელისუფლება სრულიად დაუსაბუთებელი ახირებებით და კვაზი-სამართლებრივი არგუმენტაციით ცდილობს ხელში ჩაიგდოს ერთადერთი ოპოზიციური და ცალსახად პროდასავლური ტელევიზია.

 

აქ უფრო ამ საქმის პოლიტიკურ ასპექტებზე მსურს საუბარი და იმაზე, თუ რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს “ოცნებასა” და მის მეპატრონეს, ამ გეგმის გაგრძელების შემთხვევაში.

 

თუ ამ პროცესს პირველივე დღეებიდან თვალს გადავავლებთ, ცხადზე უცხადესი გახდება, რომ ხელისუფლება ნაბიჯ-ნაბიჯ, თანდათანობით შევიდა რუსთავი 2-თან შეჯიბრის ისეთ აზარტში, რომელიც ძალიან ჰგავს აუქციონის სიტუაციას, რომელშიც სასურველი ობიექტის ყიდვის სურვილი ფასის აწევასთან ერთად უფრო და უფრო მატულობს. გადასახდელი ფასი თანდათან მატულობს და ბოლოს იმდენად თავბრუდამხვევ სიმაღლეს აღწევს, რომ ამ ფასად ამ კონკრეტული ობიექტისა თუ ნივთის შეძენა უკვე სცდება რაციონალობის ყველანაირ საზღვრებს.

 

ამას თამაშის თეორიასა და ფსიქოლოგიაში “აუქციონის სინდრომი” ეწოდება.

 

დღეს “ოცნების” ხელისუფლება მზადაა სწორედაც რომ არაადექვატურად დიდი ფასი გადაიხადოს სიტყვის თავისუფლების მოგუდვასა და რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად. თან ყველანაირი გარანტიის გარეშე, რომ ეს გამოუვა.

 

ბუნებრივია, აქვე გაისმის კითხვა, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ამ არაადექვატურად მაღალ ფასს, რომლის გადახდაზეც, როგორც ჩანს, მიდის ხელისუფლება.

 

ამ კითხვაზე პასუხი იოლი და ამავდროლად მონოლითური სიმტკიცისაა: ესაა ხელისუფლების ლეგიტიმურობა; ლეგიტიმურობა არჩევნებისა, რომლის შედეგების გარანტირებულობაში ოლიგარქი არაფრით არაა დარწმუნებული, თუ სიტყვის თავისუფლება მისი კონტროლის ქვეშ, ანუ ჩახშობილი არ იქნება.

 

წესითა და რიგით, ამ მდგომარეობის არასასურველობას ხელისუფლება თვითონაც უნდა აცნობიერებდეს, მაგრამ ეს აშკარად არაა სახეზე. ახსნა ამგვარი ახირებული ირაციონალობისა მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს - შიში.

 

ესაა შიში არჩევნების წაგებისა და შიში მომავლისა. ის ფსიქოლოგიური ფენომენი კი, რომელიც შიშის სახელითაა ცნობილი, ადამიანს და ადამიანთა ჯგუფებს ხშირად ართმევს ჯანსაღი განსჯისა და ანალიზის უნარს. შიში ძლიერ, ყოვლისმომცველ ვნებად იქცევა ხოლმე, და როგორც წესი, მისით შეპყრობილ ადამიანებს სწორედ იქით ერეკება, საითაც მათ, სინამდვილეში, მისთვისვე ყველაზე არასასურველი რეზულტატი ელით - ანუ, ზუსტად იქ და იმასთან, რისაც ყველაზე მეტად უფრთხიან და რისიც ყველაზე მეტად ეშინიათ.

 

სწორედ ასეთი, ყველაზე არასასურველი შედეგი ელის დღევანდელ ხელისუფლებას, თუ მან რუსთავი 2-ზე შეტევის გაგრძელებით ეჭვქვეშ დააყენა საკუთარი თავი და საპარლამენტო არჩევნების ნებისმიერი, განსაკუთრებით საკუთარი თავისთვის სასარგებლო, შედეგი.

 

ლეგიტიმურობა არჩევნებისა კი ისეთი საკითხია, რომელსაც არა “ქართული ოცნება” და მისი მეპატრონე, არამედ თავისუფალი სამყაროს წარმომადგენლები - დამკვირვებლები, უცხოელი ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და მეგობარი სახელმწიფოები. ანუ, აქ რეზულტატს ობიექტური კრიტერიუმები განსაზღვრავს, და არა მიკერძოება, მოსყიდვა თუ ამგვარი კორუმპირებული პრაქტიკები.

 

წარმოუდგენელია, რომ ეს, რაზეც აქ ვსაუბრობთ, არ იცოდეს ან თეორიულად მაინც არ ესმოდეს დღევანდელ ხელისუფლებას.

 

მიუხედავად ამისა, იგი ჯიუტად, ახირებით აგრძელებს იგივეს. ამის მიზეზზე უკვე ვისაუბრეთ - ეს მომავლის შიშია, რომელიც ყველანაირ რაციონალურ მსჯელობას ჩაგრავს, მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები არა შიდა დებატებისა და მსჯელობის შედეგად მიიღება, არამედ ერთი მდიდარი ადამიანის უცნაურ შუშის სასახლეში.

 

ამ ცოტა არ იყოს გროტესკულ ნაგებობაში კი არ იციან ის ელემენტარული ჭეშმარიტება, რაც პოლიტიკური მეცნიერების ბაკალავრიატის სტუდენტმაც კი იცის - კერძოდ ის, რომ ხელისუფლება, რომელიც თვითონვე ხდება კანონდამრღვევი, ეპატიჟება ანარქიას.

 

და ამ ანარქიას, როგორც წესი, გადაჰყვება ხოლმე.

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია