Panama Papers

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
17-05-2016, 23:45 | პოლიტიკა | ნანახია - 1665

 Panama Papers

 

კოტე იოსელიანი

 

Panama Papers არის 11.5 მილიონი კონფიდენციალური დოკუმენტი, რომელიც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას 214,000 ოფშორული კომპანიის, მათი მფლობელებისა და დირექტორების ვინაობის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის გაჟონვა მოხდა კორპორაციული სერვისების უზრუნველყოფის პანამური კომპანიის Mossack Fonseca-ს მონაცემთა ბაზიდან, რომელიც ეხმარება უცხოელებს პანამის ოფშორულ ზონაში ოფშორული კომპანიების დაარსებაში.

 

გავრცელებულ დოკუმენტებში გაშიფრულია კორუფციული სქემები და მოცემულია დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ მალავენ კაპიტალს მდიდარი კერძო ინდივიდები, მაღალი რანგის თანამდებობის პირები, სახელმწიფოთა მოქმედი და ყოფილი მეთაურები, ოფიციალური პირების ოჯახის წევრები და მეგობრები.

 

ამ ინფორმაციის მიხედვით, მსოფლიოს პოლიტიკური ელიტისა და მასთან დაახლოებული პირების გარდა, ოფშორული კომპანიების უპირატესობით სარგებლობენ თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენლები - დაწყებული ხელოვნებიდან, სპორტით დამთავრებული. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის FIFA-ს შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, სადაც საუბარია იმაზე, რომ FIFA-ს 16 მაღალჩინოსნიდან Panama Papers-ის მიხედვით ოთხი იდენტიფიცირებულია ოფშორული კომპანიების ფლობაში.

 

ზოგადად, ოფშორული კომპანიების ფლობა არ არის კრიმინალი და ასეთი ორგანიზაციების დაარსება კანონმდებლობით არის დაშვებული იმ ქვეყნებში, სადაც ისინი ფუნქციონირებენ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Panama Papers-ის მიხედვით გამოვლინდა გადასახადების დამალვის, ნარკო ტრეფიკინგის, ტერორიზმის შესაძლო დაფინანსებისა და თაღლითობის ფაქტები.

 

როგორც “ევროპოლის“ ფინანსური საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი იგორ ანგელინი განმარტავს, ლიბერალურ საგადასახადო სისტემასთან და სხვა დადებით მხარეებთან ერთად, ოფშორული კომპანიების საქმიანობის საკმოაოდ დიდი ნაწილი მიმართულია ფულის გათეთრებაზე და სწორედ ოფშორების მეშვეობით ხორციელდება დიდი ოდენობის ქრთამების გადახდაც.

 

როგორც “სამართლიანი გადასახადების ქსელში“ (Tax Justice Network) აცხადებენ, პანამა არის უძველესი და ყველაზე პოპულარული “ფინანსური სამოთხე”, სადაც თავს იყრის ის ფული, რომელიც ბრუნავს, როგორც ნარკოტიკების ტრეფიკინგში ასევე სხვა ბინძურ საქმეებში.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში მუდმივად ისმის კრიტიკა პანამის მისამართით, იმის შესახებ, რომ პანამას აქვს ისეთი საგადასახადო კანონმდებლობა, რაც ამ ქვეყანას საშუალებას აძლევს, თავი აარიდოს საერთაშორისო საგადასახადო გამჭვირვალობის ინიციატივებს.

 

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ Mossack Fonseca არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც ახორციელებს კორპორაციული სერვისების უზრუნველყოფას, არეგისტრირებს ოფშორულ კომპანიებს და თავისი წვლილი შეაქვს კაპიტალის მართვაშიც. ეს კომპანია მხოლოდ ერთ-ერთია იმ უამრავ კომპანიებს შორის, რომლებიც მსგავსი საქმიანობით არიან დაკავებული. ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული პროფილის კომპანიებს შორის Mossack Fonseca არ ფლობს ლიდერის პოზიციებს, არსებობენ მასზე უფრო დიდი კომპანიები, რომლებიც შესაბამისად ემსახურებიან უფრო მეტ კლიენტს. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ კაიმანის კუნძულები, სადაც დარეგისტრირებულია საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, რომლის კაპიტალიც არაფორმალურად იმართება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ.

 Panama Papers

2015 წლის დასაწყისში, ანონიმურმა წყრომ, რომელიც იყენებს ფსევდონიმს “John Doe” გერმანულ გაზეთს Süddeutsche Zeitung-ს მიაწოდა Mossack Fonseca-ს მონაცემთა ბაზიდან მოპოვებული კონფიდენციალური ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს 1970 წლიდან წარმოებული ტრანზაქციების დეტალურ ამონაწერს და მისი ელექტრონული ზომა შეადგენს 2.6 ტერაბაიტს. გაჟონილი ინფორმაციის უპრეცედენტო მასშტაბიდან გამომდინარე, გერმანულმა გაზეთმა დოკუმენტების ანალიზის პროცესში დასახმარებლად მიმართა ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმს (International Consortium of Investigative Journalists - ICIJ). დახმარების აღმოჩენის მოთხოვნის შედეგად Panama Papers-ის საკითხზე ანალიტიკურ საქმიანობას აწარმოებს 76 ქვეყნის 107 მედიასაშუალების 400 ჟურნალისტი.

 

ჟურნალისტების მუშაობის პირველი ანგარიში გამოქვეყნდა 2016 წლის 3 აპრილის, სადაც საუბარია 149 დოკუმენტზე ხოლო, 2016 წლის 9 მაისს ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმმა გაასაჯაროვა სრული ინფორმაცია.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (International Monetary Fund - IMF) მკვლევარების გამოთვლების მიხედვით, მულტინაციონალურ კომპანიებში აკუმულირებული განვითარებადი სახელმწიფოების კუთვნილი თანხა წელიწადში შეადგენს დაახლოებით 213 მილიარდ აშშ დოლარს.

 

Panama Papers-ში აღმოჩენლილია ინფორმაცია სახელმწიფოების მოქმედი მეთაურების შესახებ, რომლებიც არიან: არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი ხალიფა ბინ ზაიიიდ ალ ნაჰაიანი; უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო; საუდის არაბეთის მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი; ისლანდიის უკვე ყოფილი (აღნიშნული სკანდალის გამო პრემიერმა დატოვა თანამდებობა) პრემიერ მინისტრი სიგმუნდურ გუნლეიგსონი.

 

დოკუმენტებში ასევე მოცემულია ინფორმაცია სახელმწოფოების ყოფილი მეთაურების შესახებ: საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი; სუდანის ყოფილი პრეზიდენტი აჰმედ ალ მირღანი; ყატარის ემირი ჰამედ ბინ ხალიფა ალ ტანი; ერაყის ყოფილი პრემიერ-მინისტრი აიად ალლავი; იორდანიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ალი აბუ ალ-რაღები; უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი პავლო ლაზარენკო; მოლდოვას ყოფილი პრემიერ-მინისტრი იონ სტურზა.

 

Panama Papers-ის დოკუმენტების მიხედვით დადასტურდა პრემიერ-მინისტრების, პრეზიდენტებისა და მეფეების ოჯახების წევრებისა და ახლო მეგობრების - 61 ინდივიდის ვინაობა, რომლებიც ოფშორულ ზონაში ახორციელებენ ფინანსურ საქმიანობას. მათ შორის არიან: გაერთიანებული სამეფოს მოქმედი პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონის მამა; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქმედი ლიდერის სი ძინპინის სიძე; მალაიზიის პრემიერ-მინისტრის შვილი ნაჯიბ რაზაკი; აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შვილები; სამხრეთ აფრიკის მოქმედი პრეზიდენტის იაკობ ზუმას ძმის შვილი კლაივ ზუმა; ყაზახეთის მოქმედი პრეზიდენტის ნურსულტან ნაზარბაევის შვილის შვილი; მაროკოს მეფის მუჰამედ VI-ის პირადი მდივანი მუნირ მაჯიდი; გაერო-ს ყოფილი გენერალური მდივნის კოფი ანანის შვილი კოიო ანანი; გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მარგარეტ ტეტჩერის შვილი მარკ ტეტჩერი; რუსეთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მეგობრები.

 

გერმანულმა გაზეთმა “SüddeutscheZeitung“, რომელმაც გაასაჯაროვა Panama Papers-ის დოკუმენტები დეტალურად აღწერა Panama Papers-ში წარმოდგენილი პირების პირადი კავშირები რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან.

 

ამ გაზეთის სტატია რუსეთს აღწერს, როგორც კლეპტოკრატიულ მაფიოზურ სახელმწიფოს, რომელსაც ინდივიდების ვიწრო წრეზე დაყრდნობით მართავს ვლადიმერ პუტინი. თავად ვლადიმერ პუტინი არ ფიგურირებს Panama Papers-ის დოკუმენტებში, თუმცა, იქ მოიძებნებიან ისეთი პერსონალიები, როგორებიც არიან: პუტინის მეგობარი მილიარდერები არკადი და ბორის როტენბერგები; პუტინის უახლოესი მეგობარი, პროფესიონალი მუსიკოსი სერგეი როლდუგინი და მილიარდელი ალშერ უსმანოვი.

 

Panama Papers-ში ასევე საუბარია პრეზიდენტ პუტინის უახლოეს მეგობარზე, მილიარდერ გენადი ტიმჩენკოზე, პუტინის პრეს სპიკერის მეუღლეზე, მის ბიძაშვილზე და სპეცსამსახურებიდან პუტინის ყოფილ კოლეგებზე.

 

პუტინის პრეს სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ Panama Papers-ის გასაჯაროება არის “პუტინოფობია“ და სიცრუეს წარმოადგენს. მან ასევე განაცხადა, რომ Panama Papers-ის გასაჯაროების მიზანია, რუსეთის წინააღმდეგ კონსპირაციული თეორიების გამოკვება და პუტინზე დარტყმის მიყენება, რაც აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს და სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ არის ორკესტრირებული.

 

რუსეთის შემდეგ, საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომელის ხელისუფლების წარმომადგენლებმაც თავი აარიდეს Panama Papers-ის დოკუმენტებზე კრიტიკული განცხადებების გაკეთებას.

 Panama Papers

რუსი კოლეგების მსგავსად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები Panama Papers-ის საქმეს აფასებენ, როგორც პროვოკაციას და კონკრეტული ინდივიდების რეპუტაციის დისკრედიტაციის მცდელობას. ამ მიდგომის შედეგად Panama Papers-ის საქმეზე, საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურებმა თავი აარიდეს საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას.

 

მაშინ, როდესაც საქართველოში ოფშორული კომპანიების ფინანსური საქმიანობა ერთგვარად ნეგატიურად არის აღქმული, Panama Papers-ის საქმეს საქართველოს მოსახლეობის მხრიდან დამატებითი დაინტერესება არ მოჰყოლია. მხოლოდ რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და ჟურნალისტმა ფრაგმენტულად გაამახვილეს ყურადღება აღნიშნულ საკითხზე, რაც ასევე, არ გახდა გამოძიების დაწყების ხელისშემწყობი ფაქტორი.

 

Panama Papers-ის დოკუმენტებში ასევე მოხვდნენ ჩვენი რეგიონის ქვეყნებიც. კერძოდ, სომხეთის იუსტიციის სამინისტროს იძულებითი აღსრულების მთავარი ოფიცერი, იუსტიციის გენერალ-მაიორი მიჰრან პოღოსიანი. პოღოსიანის სახელზე ირიცხება სამი ოფშორული კომპანია (Sigtem Real Estates Inc., Hopkinten Trading Inc. and Bangio Invest S.A.).

 

ამ საკითხთან დაკავშირებით სომხეთის საერთაშორისო გამჭირვალობის ანტიკურუფციულმა ცენტრმა მიმართა სომხეთის ხელისუფლებას პეტიციით, რათა გამოძიებული იქნას პოღოსიანის კავშირი ოფშორულ კომპანიებთან.

 

Panama Papers-ის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოჯახის წევრების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, მრავალგზის დასმულ შეკითხვებზე ილჰამ ალიევმა არც ერთხელ არ გააკეთა კომენტარი.

 

ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმს (International Consortium of Investigative Journalists - ICIJ) ვებ-გვერდზე გამოქეყნებული ინფორმაციის თანახმად ალიევების ოჯახი აკონტროლებს აზერბაიჯანის ეკონომიკის აბსოლუტურად ყველა სფეროს და სწორედ ამის ხარჯზე პრეზიდენტის ოჯახის წევრები ეწევიან გლამურულ ცხოვრებას. იგივე წყარო ასაბუთებს, რომ პრეზიდენტის შვილი არზუ ალიევა, აზერბაიჯანში არსებული ოქროს საბადოების უტილიზაციის ლიცენზიის მფლობელი კომპანიის ერთპიროვნული მესაკუთრეა. არზუსთან ასოცირებული კომპანიები ასევე აკონტროლებენ აზერბაიჯანის საავიაციო და მობილური კავშირგაბმულობის სფეროებს.

 

ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმს მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით ილჰამ ალიევის შვილების სახელზე ირიცხება დუბაიში მდებარე რამოდენიმე ფეშენებელური უძრავი ქონება, რომელთა საერთო ღირებულება უტოლდება 130 მილიონ აშშ დოლარს.

 

როდესაც პეტრო პოროშენკო აირჩიეს უკრაინის პრეზიდენტად (2014წ.), მან დადო პირობა, რომ გაასხვისებდა მის საკუთრებაში არსებულ ტკბილეულობის მწარმოებელ კომპანიას “ROSHEN”. Panama Papers-ის დოკუმენტების მიხედვით, პეტრო პოროშენკოსთვის 2014 წლის 21 აგვისტოს, Mossack Fonseca-მ დააფუძნა კომპანია “Prime Asset Partners Ltd“ და სწორედ ამ კომპანიას, საპრეზიდენტო არჩევნებიდან ორი თვის შემდეგ გადაეცა კომპანია ROSHEN. აღნიშნული ცვლილების შედეგად პოროშენკოს მიეცა შესაძლებლობა გადასახადების გადაუხდელობის ხარჯზე დაეზოგა მილიონები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვიპროსზე დარეგისტრირებული დოკუმენტების თანახმად, მიმდინარე პერიოდში პოროშენკო კვლავ რჩება ამ კომპანიის ერთადერთ მფლობელად.

 

საერთაშორისო გამჭირვალობის ანტიკორუფცილუი ჯგუფის მოსაზრებით მოქმედი პრეზიდენტის მიერ ახალი ბიზნეს კომპანიის დაარსება კონსტიტუციის უხეში დარღვევაა. ორგანიზებულ დანაშაულზე და კორუფციაზე ანგარიშის პროექტის (Organized Crime and Corruption Reporting Project) ჟურნალისტების მოსაზრებით, აღნიშნული ქმედებით პოროშენკომ ორჯერ დაარღვია კანონი: პირველი, როდესაც უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის რანგში პოროშენკომ დააფუძნა ახალი ბიზნეს კომპანია და მეორე, როდესაც პოროშენკომ არ ჩაწერა ახალი კომპანიის ფლობის ინფორმაცია ქონებრივ დეკლარაციაში.

 

პოროშენკო უარყოფს მის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებს და როგორც მისი პრეს სპიკერი აცხადებს - პოროშენკოს ახალ ოფშორულ კომპანიას არ გააჩნია არანაირი ფინანსური აქტივები და ისეთი კომპანიის გასაყიდად, როგორიც არის ROSHEN-ი, სწორედ ეს გზა არის ყველაზე ხელსაყრელი პოტენციური მყიდველისათვის.

 

Panama Papers-ის დოკუმენტებში ასევე ფიგურირებენ ევროპის კავშირის ქვეყნების მაღალი რანგის მრავალი თანამდებობის პირიც.

 

ეკონომიკისა და ფინანსთა საკითხებში ევროკომისარი პიერ მოსკოვისის განცხადებით, ევროპის კავშირს გააჩნია იმის ვალდებულება, რომ ევროპის კავშირის მასშტაბით მაქსიმალურად შეზღუდოს გადასახადების დამალვის პრაქტიკა. მოსკოვისმა ასევე თქვა, რომ გადასახადების დამალვის მიზნით ოფშორული კომპანიების გამოყენება კრიმინალი და არაეთიკური საქციელია.

 

მოსკოვისის შეფასებით, ოფშორული კომპანიების გამოყენებით დამალული გადასახადების საერთო ჯამი შეადგენს 1 ტრილიონ ევროს. აქედან გამომდინარე ევროპის კავშირში იგეგმება იმ საგადასახადო რეგულაციების გამკაცრება, რომელიც ხელს უწყობს მის ტერიტორიაზე აკუმულირებული ფინანსური რესურსების უკონტროლო გამოყენებას ორგანიზაციის გეოგრაფიის მიღმა.

 

Panama Papers-ის დოკუმენტებზე დაყრდნობით საფრანგეთის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება რამოდენიმე საქმეზე. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, უმკაცრესად დაისჯება ყველა, ვისაც გამოძიების შედეგად დაუდასტურდება გადასახადების დამალვა.

 

Panama Papers-ში ფიგურირებენ საფრანგეთის ულტრა მემარჯვენე პარტიის „ნაციონალური ფრონტის“ დამაარსებელი ჟან მარი ლეპენი და მისი ქალიშვილი, ამავე პარტიის მოქმედი ლიდერი მარინ ლე პენი.

 

ბრიტანეთის პარლამენტის რამდენიმე დეპუტატმა, პრემიერმინისტრ დევიდ კამერონს, მისი მამის ოფშორულ სკანდალთან დაკავშირებული საქმიანობის გამო გადადგომა მოსთხოვა.

 

აღნიშნული მოთხოვნის პასუხად პრემიერმინისტრმა გაასაჯაროვა ბოლო 6 წლის საშემოსავლო დეკლარაცია და ასე სცადა დაემტკიცებინა ოპონენტებისათვის, რომ პირადად მას ოფშორულ სკანდალთან არავითარი კავშირი არ გააჩნია.

 

Panama Papers-ის დოკუმენტების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში ათასობით ადამიანი შეიკრიბა რეიკიავიკში, პარლამენტის შენობასთან.

 

ისინი ითხოვდნენ პრემიერმინისტრ ზიგმუნდ გუნლოგსონის გადადგომას მას შემდეგ, რაც გამჟღავნდა მისი მეუღლის მფლობელობაში მყოფ ოფშორულ კომპანიასთან დაკავშირებული დოკუმენტები. ამის გამო ოპოზიციის ლიდერებმა უნდობლობა გამოუცხადეს გუნლოგსონს. თავად პრემიერმინისტრი უარყოფდა ამ ფაქტს და ამბობდა, რომ მას და მის მეუღლეს არანაირი კავშირი არ აქვთ ამ საკითხთან და შესაბამისად, კანონი არ დაურღვევიათ.

 

საბოლოოდ, პროტესტის შედეგად, პრემიერმა მაინც დატოვა თანამდებობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ისლანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რამდენიმე წლის წინ ისლანდიის მძიმე საბანკო კრიზისისას, საერთაშორისო დონორებთან მოლაპარაკებას აწარმოებდა იმ ბანკებთან დაკავშირებით, რომელთა სუვერენული ვალის ნაწილი თვითონ ჰქონდა ნაყიდი.

 

Panama Papers-ის სიაში ასევე მოხვდნენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს შვიდი ლიდერის ახლო ნათესავები. მათ შორის არიან ჩინეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის ლი პენგის ქალიშვილი ლი ქსიაოლინი, კომუნისტური პარტიის ყოფილი გენერალური მდივნის ჰუ იაობანგის ვაჟი ჰუ დეჰუა და კომუნისტური პარტიის მოქმედი გენერალური მდივნის ქსი ძინპინგის სიძე დენგ ჯიაგუი.

 

ჩინეთის ხელისუფლებამ, როგორც მედიასაშუალებებში ასევე ინტერნეტში სრულად დაბლოკა ინფორმაცია Panama Papers-ის შესახებ. არსებობს იმ კომუნიკაციის ჩანაწერები და მტკიცებულებები, როდესაც Panama Papers-ის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების აღკვეთის მიზნით, ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ზეწოლას ახდენენ მედიასაშუალებებზე და გამოქვეყნებული ინფორმაციის წაშლას აიძულებენ ინტერნეტ პორტალების მფლობელებს.

 

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობმა გამოეხმაურა Panama Papers-ის საკითხს და განაცხადა: ოფშორული კომპანიის ფლობით არავინ არ არღვევს კანონს. პრობლემა არის თვით მოქმედ კანონებში, რომლებიც კარგი იურისტების და ფინანსისტების დაქირავების პირობებში, მდიდარ ადამიანებს საშუალებას აძლევენ თავი აარიდონ ფინანსურ ვალდებულებებს.

 

Panama Papers-ის დოკუმენტებში 200 აშშ-ს მოქალაქეც ფიგურეირებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი მათგანი არ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია