ჯორდანო ბრუნოს - აუტოდაფე... და ძეგლი!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
24-05-2016, 23:23 | კომენტარები | ნანახია - 1904

ჯორდანო ბრუნოს - აუტოდაფე... და ძეგლი!

 

(ნაწყვეტი რომანიდან ,,ნიუ-ბაბილონელი მეთოჯინეები“ – ზურა ოდილავაძე. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)

 

1592 წლის 23 მაისს ვენეციაში დააპატიმრეს იტალიელი ფილოსოფოსი ჯორდანო ბრუნო...

 

1600 წლის 17 თებერვალს კი 52 წლის დომინიკანელი კათოლიკე ბერი ჯორდანო (ფილიფო) ბრუნო წმინდა ინკვიზიციამ ცეცხლს მისცა. ეს მოხდა კომპო დე ფიორეზე (ყვავილების მოედანი). ყოფილი მღვდელ- მონაზვნის ბრალდება ერეტიკოსობასა და ბერული აღთქმის დარღვევაში მდგომარეობდა. 7 წელი აწამეს იგი ციხეში რომაელმა ინკვიზიტორებმა, რათა თავის შეხედულებებსა და სწავლებაზე უარი ეთქვა.

 

სოკრატეს მსგავსად, ბრუნომ თავის მსაჯულებს მამაცად განუცხადა, რომ ,,მათ მეტი შიშით მოუწევთ თავისივე განაჩენის მოსმენა, ვიდრე თვით ბრალდებულს“. ჯალათებმა მსჯავრდებული, გზად რომ ვერ ექადაგა, აუტოდაფეს ადგილზე პირში გაჩრილი საცობით მიიყვანეს. შემდეგ ჯაჭვით ბოძზე მიაბეს და სველი თოკით გადაჭიმეს, რათა ცეცხლის ზემოქმედების შედეგად კანაფს მეტად შემოეჭირა და სხეულში შეჭრილიყო. ბრუნოს უკანასკნელი სიტყვები იყო: ,,მე ნებაყოფლობით ვკვდები მოწამედ!”

 

ყველა მისი ნაშრომი კათოლიკე ეკლესიის მიერ შეტანილ იქნა ,,აკრძალული წიგნების ინდექსში”. ხოლო 1864 წელს ნეაპოლი უკვე ამაყობდა თავისი შვილით. ცნობილ მოწამეს, თავისუფალი აზრისთვის მებრძოლს და მკვლევარს ქალაქში ძეგლი აუგეს! 1889 წლის 9 ივნისს, ამჯერად რომში, იტალიელი ფილოსოფოსის და პოეტის ჯორდანო ბრუნოს დიდი ქანდაკება კომპო დე ფიორეზე დაიდგა – სწორედ იმ მოედანზე, რომელზეც 300 წლის წინ ერეტიკოსი სიკვდილით დასაჯეს.

 ჯორდანო ბრუნოს - აუტოდაფე... და ძეგლი!

მიუხედავად იმისა, რომ ბრუნო ფორმალურად მთელი ცხოვრება დომინიკანელ ბერად ითვლებოდა, იგი სასტიკად ვერ იტანდა ,,უფლის ქოფაკებს” და ღიად წერდა ამაზე თავის თხზულებებში. ერთ-ერთ ნაწარმოებში (,,ქება ცირცეას”) პერსონაჟის კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება ამოიცნო ძაღლების მრავალ ჯიშებში ყველაზე ავი, თანაც დანამდვილებით ძაღლური ბუნების და არა ნაკლებად ცნობილი ვიდრე ღორი, ცირცეა პასუხობს: ,,ეს იმ ბარბაროსთა ჯიშია, რომელიც გმობს და კბილებს ავლებს იმას, რასაც ვერ იგებს. შენ მათ შეიცნობ იმითი, რომ ეს უბადრუკი ქოფაკი ძაღლები, უკვე თავისი გარეგნობით ცნობილნი, საძაგლად უყეფენ ყოველ უცნობს, თუნდაც ქველმოქმედ ადამიანს, ხოლო ნაცნობების მიმართ ლმობიერებას იჩენენ, თუნდაც ისინი უკანასკნელი და აშკარა არამზადები იყვნენ”.

 

...იტალიიდან ლტოლვილმა მთელი ევროპა მოიარა: ჟენევა, ტულუზა, პარიზი, ლონდონი, ოქსფორდი, პრაღა და გერმანია – ვიტტენბერგი – პროტესტანტიზმის აკვანი. აქ მან მარტინ ლუთერის ქებით მხურვალე სიტყვა წარმოსთქვა. მიუხედავად ევროპის უმაღლეს ხელისუფალთა მფარველობისა, 1591 წელს ბრუნო სამშობლოში, იტალიაში დაბრუნდა. მიიღო რა ქველმოქმედის და მაგნატის ჯოვანნი მოჩენიგოს მიპატიჟება, სწავლული ვენეციაში გადავიდა და იქ მუშაობას შეუდგა. შემდეგ მათი ურთიერთობა გაფუჭდა. ,,მსოფლიოს მოქალაქე”, ,,ღმერთის მეგობარი”, ,,დედამიწისა და მზის შვილი”, ,,უაკადემიო აკადემიკოსი”, როგორადაც იგი თავს მიიჩნევდა, ამჯერად შეცდა. როგორც ამბობენ, ეკლესიათა უხვი შემომწირველი მოჩენიგო, დასაწყისშივე ბრუნოს წინააღმდეგ მოქმედი, პაპის ტახტის აგენტ-პროვოკატორი გახლდათ. 1591-92 წლებში ვენეციელი ქველმოქმედის მრავალი დამაბეზღებელი წერილის შედეგად ბრუნო გადაცემულ იქნა ინკვიზიციის ხელში და იგი კოცონზე დაწვეს.

 ჯორდანო ბრუნოს - აუტოდაფე... და ძეგლი!

,,მართალი” ჯოვანის ,,დანოსი” ამგვარად იწყებოდა: ,,მე, ჯოვანი მოჩენიგო, მისი უგანათლებულოსობის მარკო ანტონიოს შვილი, სინდისის კარნახითა და სულიერი მამის ბრძანებით მოგახსენებთ ...”. მრავალი პანთეისტური ერესის გარდა, ვენეციელი დიდებულის ,,ქსივა” ინკვიზიციას ამცნობდა: ,,... ჩემთან საუბრისას მან განაცხადა: ჩვენ არ გვაქვს იმის მტკიცებულება, რომ ჩვენს რწმენას რაიმე დამსახურებები გააჩნია ღვთის წინაშე, რომ სათნო ცხოვრებისათვის სრულიად საკმარისია არ უკეთო სხვას ის, რასაც საკუთარ თავს არ უსურვებ”.

 

ყოველივე კი, პოლონელი ნიკოლაი კოპერნიკის წიგნის – ,,De revolutionibus orbium coelestium” (ნიურბერგი, გერმანია, 1543) წაკითხვით დაიწყო, როდესაც ბრუნო ჯერ ახალგაზრდა ბერი იყო.

 

…უარყო რა ნიკოლაი კოპერნიკის სწავლება, 1633 წლის 22 ივნისს მსჯავრდებული გალილეო გალილეი ინკვიზიციის ცეცხლს გადაურჩა. საქმის კეთილად დასრულებას დაჟინებით მოითხოვდა სწავლულის პროტეჟე პაპი ურბან VIII.

 

მფარველების ხელშეწყობით გალილეოს არც ციხეში უტანჯია და პროცესის დასრულებამდე, პაპის მიერ გამოყოფილ 5 ოთახიან აპარტამენტებში ნებივრობდა. დადიოდა ხმები თითქოს სასამართლოს შემდეგ მან განაცხადა – ის მაინც ტრიალებსო, მაგრამ როგორც გაირკვა, ეს მხოლოდ მითი იყო, 1757 წელს ჟურნალისტ ჯუზეპპე ბარეტტას მიერ შეთხზული. ძლიერ დაშინებული გალილეო ცხოვრების ბოლომდე იმართლებდა თავს და გამუდმებით იმეორებდა: ,,არცერთ ჩემს ნაშრომში არ არის ოდნავი ჩრდილიც კი, რომელიც შეურაცხყოფს წმინდა ეკლესიის პატივსა და ღირსებას”. ამგვარადვე იწყებოდა ჩემი დისერტაციაც: ,,კომუნისტური პარტიის XXVI ყრილობის დადგენილებების გათვალისწინებით...”

 

1992 წელს (მანამ დედამიწა გაჩერებული გახლდათ) პაპმა იონე პავლე II ოფიციალურად აღიარა, რომ ინკვიზიცია შეცდა, აიძულა რა მეცნიერი უარეყო კოპერნიკის თეორია. დედამიწამაც ტრიალი იწყო!

 

გავრცელებულია მცდარი შეხედულება, თითქოს ამგვარი სენი არ შეხებია აღმოსავლურ ეკლესიას. ინკვიზიცია რუსეთში ოფიციალურად 1711 წელს პეტრე I ბრძანებულებით დაარსდა. პატრიარქები: ნიკონი, იოსაფი, პიტიტრიმი და იოაკიმე (1652-1690 წ.წ.) – ერესის ამოძირკვას თავისი ცხოვრების მთავარ საქმედ მიიჩნევდნენ. პატრიარქ ნიკონის ინკვიზიციის ,,ჰუმანური” მეთოდები ითვალისწინებდნენ: ენის ამოკვეთას, ფეხებისა და ხელების მოჭრას, ცეცხლში დაწვას. მის მიერ ჩატარებულ ,,სტაროვერ-რასკოლნიკთა” წამებათა მასშტაბზე, თუნდაც ის მოწმობს, რომ მათ IV საუკუნეში, რომის იმპერიაში განხორციელებულ, პირველ ქრისტიანთა დევნას ადარებდნენ. რუსეთში ტანჯვის ხერხების შემდგომი გაკეთილშობილება, ადამიანის მარწუხებით მიბმული თავისა და ხელ-ფეხის ერთ ადგილას მოზიდვას და მის წელში გადატეხვას ითვალისწინებდა. ერეტიკოსები იმ ზომამდე მივიდნენ, რომ ამგვარ ღონისძიებათა მოწყობით, ხელისუფალთ არც კი აწუხებდნენ. წამების შიში იმდენად დიდი იყო, რომ 11 000 ,,სტაროვერმა” თვითდაწვით უშველა თავს. ,,რასკოლნიკებისთვის” თუნდაც ბოდიში არავის მოუხდია, ხოლო საყოველთაო მონანიებაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

 

ყოველივე XIX საუკუნეში ლ.ტოლსტოის ანათემით დასრულდა, რომელიც არც რელიგიისა და არც ღმერთის წინააღმდეგ არ გამოდიოდა, არამედ უარყოფდა ოფიციალური ეკლესიის წესჩვეულებებს და განახლებულ სწავლებას ქადადგებდა. მწერალი თვლიდა, რომ ეკლესიამ დამალა ქრისტიანობის ჭეშარიტი არსი – კაცთმოყვარეობა და ბოროტებისადმი წინააღმდეგობის არგაწევა.

 

ასე იყო თუ ისე, რათა ცხადი გახდეს, თუ სადამდე მიდის კეთილი ზრახვა, როდესაც იგი თავისივე დოგმებში ქვავდება, საკმარისია ინკვიზიციის მთავარი თეორეტიკოსის წმინდა თომა აქვინელის (1227-1274 წ.წ.) შეხედულებებიც. დიდი ფილოსოფოსი, მთელი ფარისევლობისა და ცინიზმის მოხმობით, ბიბლიაში გამოთქმული სისხლის დაღვრის აკრძალვის გათვალისწინებით, ხელისუფალთ მოუწოდებდა, ერეტიკოსები ცოცხლად დაეწვათ ცეცხლში! რა ექნა აბა, ფუნდამენტალისტი გახლდათ ძია თომა – ზედმიწევნითი სიზუსტით კითხულობდა ბიბლიას, იმავდროულად, ჰუმანისტიც – ამიტომ ამჯობინებდა უსისხლო მწვადს...

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია