მოსალოდნელი გეოსაშიშროებები ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მიდამოებში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
25-05-2016, 00:25 | კომენტარები | ნანახია - 2299

 მოსალოდნელი გეოსაშიშროებები ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მიდამოებში

 

ნინო წერეთელი

 

ენგურის (ანუ ჯვრის) წყალსაცავი სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. წყალსაცავის სიგრძე შეადგენს 21კმ-ს, მისი მაქს. სიღრმეა 226მ, ხოლო წყლის მოცულობა 1100მლნ.მ³.

 

ამ რეგიონში კაშხლის მშენებლობამ გამოიწვია სეისმური აქტივობის ზრდა, ამის ერთ ერთი მაგალითია 1979 წლის რეჩხის მიწისძრების გუნდი, კერძოდ ხუთი დღის მანძილზე ერთიდაიგივე ადგილზე ხდებოდა ერთიდაიგივე სიდიდის მიწისძვრა მაგნიტუდით 4.3, რომელის ინტენსივობა შეფასდა 6-7 ბალით. კაშხლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 15 კმ-ზე დაიკვირვება ძლიერი, ისტორიული მიწისძვრის კერა (მაგნიტუდა 6.6, 1250 წ ჩ.წ. ა-მდე ). ამ მიწისძვრის შესახებ ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ რუსი მეცნიერების მიერ 70-იან წლებში ჩატარებულ კვლევას, მათ მიერ აღმოჩენილი იყო პალეოსეისმოდისლოკაცია. დათარიღების სიზუსტე კი საკმარისად უხეშია. ეს მიწისძვრა არ შეუსწავლია არცერთ ქართველ მეცნიერს, თუმცა ცხადია მისი არსებობა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ენგურჰესისათვის.

 

იმ პირობებში როდესაც სახეზეა წყალსაცავის ირგვლივ არსებული ფერდობების მაღალი ენერგეტიკული პოტენციალი, მუდმივად მიმდინარე ისეთი პროცესებით როგორიცაა- ქვათაცვენა, კლდეზვავები და მეწყერები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ე.წ. „ხოკოს“ მეწყრული უბანი, რომელიც უშუალოდ მდებარეობს ენგურის წყალსაცავის ზემოქმედების სივრცეში. დეფორმაციის საზღვრები იწყება წყალსაცავის სანაპირო ზონიდან კიდევ უფრო დაბალ ნიშნულებზე, ადის ზევით და თავისი მოქმედების ზონაში აქცევს აგრეთვე ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზის მონაკვეთს 36-38 კმ-ის საზღვრებში. თანამედროვე მეწყრული პროცესების უტყუარ ნიშნებს იძლევა სრულიად ახალი მეწყრული საფეხურები, ღია ნაპრალები და ხეობის ფერდობზე არსებული ხშირი ტყის სტრაბიზმი.

 

მდ. ენგურის ამ უბანზე მეწყრული პროცესების მოქმედებას წყალსაცავის შექმნამდეც ჰქონდა ადგილი. მაგრამ წყალსაცავის მშენებლობას მოჰყვა ჰიდროდინამიკური წონასწორობის დარღვევა და პროცესების გააქტიურება. ბოლო პერიოდში მეწყრულ-გრავიტაციული პროცესების ერთ-ერთ განმსაზღვრელ ფაქტორად გვესახება მიწისძვრების გააქტიურება, კლიმატური პირობების ცვალებადობა, ხუდონის თაბაშირის საბადოს დამუშავება „ხოკოს“ ძველი მეწყრული სივრცის ზონაში და რაც მთავარია წყალსაცავში წყლის დონის რეჟიმის მკვეთრი ცვალებადობა. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ მეწყრული პროცესების კიდევ უფრო აქტიურ დინამიკაში გადასვლა შეუქცევად ხასიათს მიიღებს, რაც საფრთხის შემცველია წყალსაცავისთვის. ეს საკითხი განიხილებოდა ამ სფეროში მომუშავე წამყვანი ორგანიზაციების მიერ ჯერ კიდევ ენგურის ჰიდროტექნიკური კომპლექსის პროექტირების სტადიაზე და შემდგომ პერიოდშიც, თუმცა მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები არაერთგვაროვანი იყო. მაგალითად უკანასკნელი კვლევების საბოლოო დასკვნაში, რომელიც რუსი მეცნიერების მიერ არის ჩატარებული, “ხოკოს“ მეწყერი არ მიიჩნევა საფრთხედ წყალსაცავისთვის.

 

ამჟამად ენგურჰესის რაიონში მიმდინარეობს უცხოელი და ქართველი მეცნიერების - გეოლოგების, გეომორფოლოგების, სეისმოლოგებისა და გეოფიზიკოსების ერთობლივი ექსპედიცია, რომელიც ხორციელდება პროექტ "საქართველოში ენგურის ჰიდროელექტროსადგურის უსაფრთხოება გეოსაშიშროებების მიმართ” ფარგლებში. პროექტი დააფინანსა NATO-ს პარტნიორობის და თანამშრომლობის უსაფრთხოების კომიტეტმა მეცნიერების თანამშრომლობისა და უსაფრთხოების პროგრამის ეგიდით. პროექტში თსუ-ს გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერებთან (ხელმძღვანელი დოქ. ნინო წერეთელი) ერთდად მონაწილეობენ მეცნიერები NATO-სწევრი ქვეყნებიდან–მილანის ბიკოკას უნივერსიტეტი (ხელმძღვანელი დოქ. ალესანდრო ტიბალდი), მიჩიგანის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, აშშ. (ხელმძღვანელი დოქ. ჯონ გიორკი), გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტი (ხელმძღვანელი დოქ. დერეკ რასტი). პროექტში მოწვეულია ექსპერტები შვეიცარიიდან (ხელმძღვანელი დოქ. პაოლო ოპიზი).

 

ექსპედიციის ფარგლებში ჩატარებული წინასწარი მოკვლევა გვაფიქრებინებს, რომ თუ „ხოკოს“ მეწყრის ძველი ტექტოსეისმოგენური ბლოკი მოვა მთლიანად აქტიურ დინამიკაში არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ თავის მოქმედების ორბიტაში მოაქციოს ჰიფსომეტრიულად მის ზემოთ არსებული ცარცული ასაკის კარბონატული ქანების მასივი, რასაც მოჰყვება რეალური ბუნებრივი კატასტროფა. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია კიდევ ერთხელ მოხდეს კომპლექსური - გეოლოგიური, გეომორფოლოგიური, ტექტონიკური, გეოფიზიკური, სეისმოლოგიური კვლევების ჩატარება და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე „ხოკოს“ მეწყრული უბნის დინამიკური მდგომარეობის მოდელირება და რისკების ანალიზი. ამასთან დაკავშირებით ყველაზე მეტად დინამიკურ ადგილებში განთვსდება ხელსაწყო-ექსტენსიომეტრი, რომელიც მუდმივ რეჟიმში დააკვირდება ნიადაგის მოძრაობას. ხელსაწყოს განთასავსებლად საჭირო წინასწარი სამუშაოები დასრულდა მიმდინარე ექსპედიციის ფარგლებში ზუგდიდი- მესტიის მაგისტრალურ გზაზე, მომავალში მას დაემატება კიდევ ერთი წერტილი, რომელიც განთავსდება „ხოკოს„ მეწყერის სხეულში თაბაშირის მოქმედ საბადოსთან ახლოს. ამავე ადგილებში განთავსდა 14 რეპერი, სადაც 6 თვეში ერთხელ მოხდება GPS მონაცემების აღება და მივიღებთ უფრო დიდი არისათვის გადაადგილების სიჩქარისა და მიმართულების მნიშვნელობებს. ასევე ჩატარდა გეოფიზიკური კვლევები გრუნტის თვისებების დასადგენად გეორადიოლოკაციური მეთოდის გამოყენებით. აღებული იქნა ქანების ნიმუშები და დადგინდება მათი გეოტექნიკური მახასიათებლები. სხვადასხვა გეოლოგიურ ფენებში გაიზომა გრუნტისა დაქანების დაძაბულობა, ხოლო მიღებული მასალების საფუძველზე განისაზღვრება მეწყერების გააქტიურობის ალბათობა და მოხდება მოსალოდნელი მეწყერების მოდელირება. პარალელურად ქართველი და იტალიელი გეოლოგების მიერ ენგურჰესისი და მის მიმდებარე რაიონში ტარდება რღვევების სტრუქტურული და გეომორფოლოგიური გაზომვები აქტიური სტრუქტურების დასაზუტებლად. ასევე მიმდინარეობს საკვლევი ტერიტორიის ფარგლებში რეგიონული სტრუქტურული და რეკონსტრუირებული (თანმიმდევრული) ჭრილების აგება, რომლის საფუძველზეც დადგინდება დეფორმაციის სტრუქტურული სტილი, მაგნიტუდა და სიჩქარე. პარალელურად მიმდინარეობს ისტორიული მიწისძვრის საფუძვლიანი შესწავლა პირველად ქართველი გეოლოგების მიერ. მოხდება თანამედროვე მეთოდებით მიწისძვრის ასაკის, მაგნიტუდისა და ეპიცენტრიის დაზუსტება. ჩატარებული კვლევების საფუძველზე შესაძლებელი იქნება ისტორიული მიწისძვრის რეკონსტრუქცია და მოსალოდნელი სესიმური საშიშროების სცენარის გათვლა. მომდევნო თვეებში დაგეგმილია კვლევების ჩატარება შერჩეული არის და თვით კაშხლის ტერიტორიის მიკროდარაიონებისთვის.

 

მჭიდროდ ვთანამშრომლობთ შპს „ენგურჰესთან“, რომელის დირექტორმაც ბატონმა ლევან მებონიამ გადმოგვცა რუსი მეცნიერების მიერ ჩატარებული ბოლი კვლევების მასალები და გვთხოვა გავწიოთ წარდგენილი სამუშაოს ოპონირება.

 

ენგურჰესი არის საქართველოში უდიდესი ჰიდროელექტროსადგური, რომელიც გამოიმუშავებს ელექტრო ენერგიის 40-42%-ს. ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი არის მსოფლიოში ერთერთი უდიდესი თავისი სიმაღლით თაღოვან კაშხალებს შორის. ბოლო პერიოდში მოხდა ჰიდროელექტროსადგურის სრული რეაბილიტაცია. ამჟამად ყველა მოწყობილობა მუშაობს სტანდარტული წესების შესაბამისად.

 

ბუნებრივია, რომ ენგურჰესის არეში მოსალოდნელი ბუნებრივი საშიშროების ზუსტ მოდელირებას და ალბათურ პროგნოზირებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკური განვითარებასა და მისი უსაფრთხოებისთვის. საველე სამუშაოები და საკვლევი არის მონიტორინგი გაგრძელდება მომდევნო ორი წლის მანძილზე. პროექტის ფარგლებში მიღებულ ახალ შედეგებს მუდმივად შევატყობინებთ ივერიის მკითხველებს.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია