მერ დ.ნარმანია და კიდევ ერთი ოცნებების სასაფლაო

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
2-06-2016, 22:54 | კომენტარები | ნანახია - 1942

მერ დ.ნარმანია და კიდევ ერთი ოცნებების  სასაფლაო

 

გიგი კუბლაშვილი

 

ერთი წელიწადი გავიდა თბილისში მომხდარი წყალდიდობიდან, ამ დროის განმავლობაში რაღაც გაკეთდა, ბევრი რამ არ გაკეთდა, მაგალითისთვის შემოიხედეთ გმირთა მოედანზე, ე.წ. თერთმეტ სართულიანი სახლის ეზოში, ქალაქის ცენტრში და თქვენთვის ყველაფერი ცხადი გახდება, ერთ წლიანი ,,ჰეროიკული“ შრომა რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრის დალაგება, რეკონსტრუქციის თვალსაზრისით გრძელდება - იმედია ფინალშიც გავალთ, თუმცა არ ვიცი ვნახოთ, ვნახოთ....

 

თუმცა თერთმეტ სართულიანი იქით იყოს და მილიონი ხე, ხომ შრიალებს და გუგუნებს, ჩვენ კიდევ რაღაც გაუგებარ პრობლემებზე ვსაუბრობთ, გაიხედეთ მეგობრებო აქეთ-იქეთ და თქვენ აღმოაჩენთ სიმწვანეში ჩაფლულ ქალაქს, რომელშიც ბედნიერი, დასაქმებული, ადამიანები სიცილ-ხარხარით მიმოდიან.

 

აქვეა, ხალხის გვერდით ჩვენი სასიქადულო - მერ დ.ნარმანია, რომელიც საქმიანი მიმიკითა და დაკოჟრილი ხელებით პირად მაგალითს გვაძლევს, როგორ ვაშენოთ, ვიზრუნოთ გაჭირვებულებზე და რაც მთავარია გავალამაზოთ და გავაკეთილშობილოთ ჩვენი ქალაქი. ალბათ ესეთი შეფასება ექნება ნარმანიას, მისი გურუს და მამა-მარჩენალის, ჩვენი საამაყო ბრძენკაცის რომელიმე ეპისტოლეში.

 

თუმცა, ჩვენ გავერთეთ - რეალობა ბატონო მერ დ.ნარმანია - ვაი რომ კარდინალურად განსხვავებულია, პრაქტიკულად არცერთი დანაპირები რომელიც უხვად ჩამოარიგეთ თქვენ (უფრო სწორად თქვენმა გურუმ და თქვენ) არ შესრულებულა, მეტიც ის რაც დაგხვდათ ისიც გააფუჭეთ და გააპარტახეთ. დავიცვათ რიგითობა და მივყვეთ ფაქტებს.

 

პირველი ალბათ მაინც ის მავნებლობაა რომელიც დაკავშირებულია თბილისის მოსახლეობისათვის ე.წ ენერგო-ვაუჩერების გაუქმებასთან. ჯერ კიდევ შარშან გინდოდათ ამის გაკეთება, თუმცა როგორც ჩანს რაღაცას მოერიდეთ, წელს კი მაინც აღასრულეთ და ტოტალური უმუშევრობის ქვეყანაში, მოქალაქეებისათვის ეს მცირედი დახმარებაც კი გააქრეთ.. უფრო სწორად, - ვითომ სოციალურად დაუცველებზე გადაანაწილეთ, სოციალურად დაცული ამ ქვეყანაში და ქალაქში თქვენ და ზოგიერთი თქვენი ჯოკია თანამშრომლები არიან, დანარჩნებისათვის ენერგოვაუჩერი მნიშვნელოვანი შემწეობა გახლდათ.

 

გამწვანებაზე ვთქვით და მეტს აღარ გავაგრძლებ, უფასო მუნიციპალური ტრანსპორტიც, რაზეც წინასაარჩევნოდ გვპირდებოდით ამანაც ჩაილურის წყალი დალია. ხო, მართლა რამდენიმე წელია ისიც ვერ მოახერხეთ, რომ დაძველებული, გაპარტახებული და დალეწილი საქალაქო ავტო-მეურნეობა გაგეახლებინათ, ერთხელ მაინც გიმგზავრიათ ან თქვენ ან თქვენს ,,პადძელნიკებს“ ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტით? ხშირ შემთხვევაში, ავტობუსის მძღოლები ყოველგვარი ფორმისა და ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვის გარეშე, უფრო შუა საუკუნეების მექარავნეებს გვანან, ვიდრე ევროპული ქალაქის ერთერთ დასამახსოვრებელ კომპონენტს, რომლის მიხედვითაც ხდება შთაბეჭდილების ჩამოყალიბება ამა თუ იმ ქალაქზე, აღარაფერს ვამბობ საქალაქო ტრანსპორტის მართვის სტილზე და აგრესიაზე, რომელიც ხშირად მოდის ამ ადამიანებისგან. ხშირია სცენა, როდესაც მგზავრები ტრანსპორტიდან ჩამოსვლისას თავზე კოპებს ითვლიან და თქვენც მერ დ.ნარმანიას ძალიან ,,თბილი“ სიტყვებით მოგიხსენიებენ.

 

რაც შეეხება ქალაქის ე.წ. განაშენიანებას, “ბრძენკაცის“ ხუშტურების აღსრულებას, თავისი ბოტანიკური ბაღით, იმდენი ითქვა, რომ ძნელია რაიმე დაუმატო, თუმცა ის კი არის, რომ მერ დ.ნარმანია ნამდვილად შევა ქალაქის ისტორიაში, როგორც ადამიანი, რომელმაც საბოლოოდ ჩააბეტონა თბილისის სასაფლაოდ გადაქცევის ეპოპეა.

 

ალბათ ობიექტურები, რომ ვიყოთ უნდა ვთქვათ ისიც, რომ წინასაარჩევნოდ ნაკლებად იგრძნობა დაზიანებები, ქალაქის ცენტრალურ გზებზე, რაც ნამდვილად მისასალმებელია, თუმცა ვერ დავიკვეხნი იმას, რომ ხშირად მიწევს გარეუბნებში მოძრაობა, მავანი ამბობს რომ იქ მდგომარეობა არ გამოსწორებულა.

 

და ბოლოს კორუფცია, კორუფცია, კორუფცია თბილისის მერიაში - სეზონი ჯოკია ბოდოკიას ხმაურიანმა დაკავებამ გახსნა, თუმცა კორუფციული სქემების შესახებ უკვე ათობით ჟურნალისტი და უამრავი ადამიანი საუბრობს .... ეს სენიც აიკიდეთ ბატონო მერ დ.ნარმანია?

 

სამარცხვინოა, როდესაც ქალაქის მერ დ.ნარმანია ემალება ჟურნალისტებს, უჭირს ქალაქში გადაადგილება იმ დაცინვისა და აგრესიის გამო, რომელიც მან თავისი ქმედებებით დაიმსახურა მოსახლეობის თვალში. სამარცხვინოა, როდესაც ქალაქის მერი ერთი კაცის ახირებების და ზღვარგადასული მოთხოვნების აღმსრულებლად იქცა, სამარცხვინოა როდესაც დედაქალაქში ნაგვის ყუთებთან გაჭირვებული ადამიანების ცოცხალი რიგები დგას ამ დროს ქალაქის მერი კაბინეტში იმალება და ყველანაირ პასუხისმგებლობას გაურბის.

 

და ბოლოს ერთი რჩევა, გამოსავალი არსებობს. გადადექი, კაცურად თქვი რომ ვერ შეძელი, მოითხოვე პატიება მოტყუებული და გაჭირვებული მოსახლეობისგან, დამიჯერე, ქართველებმა იციან პატიება, მეტიც, რამდენიმე წლის მერე შესაძლოა მაგალითადაც კი მოგიყვანონ, როგორც ადამიანი რომელმაც მართალია ვერაფერი ვერ გააკეთა ქალაქისთვის, მაგრამ გადაგა მაინც და ბოდიშიც მოიხადა.

 

მეგობრებო, ბოლო 4 წელია ზღაპრებს ვისმენთ დღევანდელი ხელისუფლებისგან, დღითიდღე ვკარგავთ დროსა და პერსპექტივებს ჩვენ, ჩვენი შვილები, ჩვენი ქვეყანა, რამდენიც არ უნდა იძახონ ნარმანიამ და მისმა გურუმ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ყველამ კარგად ვიცით, რომ ვერაფერი ამათ ხელში კარგად ვერ იქნება, ოთხი წელიწადი ფუჭი დაპირებებით გვკვებეს .... გვეყოფა, შევაჩეროთ ექსპერიმენტი, რომელშიც დაკვირვების ობიექტები ჩვენ ვართ - საქართველოს მოქალაქეები, ხოლო ექსპერიმენტატორი, მათ შორის მერ დ.ნარმანია და მისი ლიდერია. მჯერა რომ ამას შევძლებთ.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია