სავალუტო “break dance-ი“ საქართველოში და ვალუტის გადამცვლელ „ბუტკად“ ქცეული ეროვნული ბანკი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
2-06-2016, 23:02 | ეკონომიკა | ნანახია - 1513

სავალუტო “break dance-ი“ საქართველოში  და ვალუტის გადამცვლელ „ბუტკად“ ქცეული ეროვნული ბანკი 

 

დავით ნებიერიძე

 

ბოლო ერთი წელია ქართული საზოგადოება ეროვნული ვალუტის ყირამალას ადევნებს თვალს და ყველაზე ხშირად დასმულ კითხვად ისევ გახდა ფრთოსანი ფრაზა - „გვეშველება რამე“?

 

ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს, როდესაც ლარი მორიგ კულბიტს აკეთებდა ხშირად მეკითხებოდნენ: აქვს თუ არა ლარს გამყარების შანსიო? ბევრჯერ დამიწერია ამის შესახებ და ყოველთვის ვცდილობდი ძირითადი აქცენტები პროცესების ფუნდამენტალურ მაკროეკონომიკურ მიზეზებზე გამეკეთებინა. იმიტომ, რომ ასეთი ანალიზი უაღრესად ავიწროვებს პოლიტიკური შემადგენლის, სუბიექტური დასკვნების სიდიდეს და ქმნის მაქსიმალურად სწორ მოლოდინებს.

 

მთელი ამ პერიოდის მანძილზე მაკროეკონომიკური მოცემულობა ისეთი იყო, რომ ჩვენს ხელისუფლებას ძალიან მცირე შანსს უტოვებდა ლარის კურსი დადებითი დინამიკისკენ შემოებრუნებინა. ეს კი პირველ რიგში იმ გარემოებით აიხსნებოდა, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება როგორც მინიმუმ დაპაუზდა და შეიცვალა მისი ხარისხი. როდესაც აქცენტებს ვაკეთებ ეკონომიკის ხარისხზე პირველ რიგში ვგულისხმობ მის სტრუქტურას საწარმოთა სიმსხვილის ჭრილში. ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო საშუალო და მცირე ბიზნესმა. პირველ რიგში კი იმიტომ, რომ ეს სეგმენტები ფაქტიურად მთლიანად დაიცალა ფინანსური რესურსებისგან და მაქსიმალურად შეეზღუდათ საკრედიტო და საინვესტიციო რესურსებზე წვდომა. ეს კი მთავარი უარყოფითი ფაქტორია კრიზისულ ვითარებაში. შესაბამისად, შემოსავლების ძირითადი ნაწილის განაწილება ხდება მხოლოდ მსხვილ ბიზნესში. სადაც, შექმნილი შემოსავლების განაწილება, კორუფციული შემადგენელის (ხელისუფლების წარმომადგენელთა და ინტერესთა ჯგუფების წილში ჩაჯდომა) კატასტროფული ზრდის შედეგად საზოგადოების ძალიან ვიწრო წრეში ხდება. ანუ, მოსახლეობის უზარმაზარი მასა ფაქტიურად შემოსავლების გარეშე დარჩა, ან მაქსიმალურად შეეზღუდათ მისი მოცულობა, რამაც დაამძიმა სოციალური ფონი მოსახლეობაში. ამ ფაქტზე ნათლად მეტყველებს IRA-სა და NDI-ს სოციოლოგიური გამოკითხვების ბოლო დროინდელი შედეგები.

 

მაქსიმუმი რისი გაკეთებაც შეეძლო ხელისუფლებას, ჯერ კიდევ რამოდენიმე თვის წინ იყო ფინანსური და ეკონომიკური ინსტრუმენტების ეფექტურად გამოყენების გზით მოეხდინა პროცესების სტაბილიზირება და მეტნაკლებად პროგნოზირებადი გაეხადა ეროვნული ვალუტის კურსის დინამიკა. ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს, როდესაც საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის პროგრამის ფინანსურმა კოლაფსმა უდიდესი დარტყმა მიაყენა ლარის კურსს, საბიუჯეტო სახსრების დეფიციტური ხარჯვის გაზრდის გამო და ნათელი გახადა, რომ ფინანსური დისციპლინისა და ამ დეფიციტური ხარჯვის მაქსიმალურად შეზღუდვის გარეშე შეუძლებელი გახდებოდა სავალუტო კრიზისის სტაბილიზირება. ამიტომ, ხელისუფლებამ დაინახა, რომ ბატონი ქადაგიძის და ეროვნული ბანკის სახელით სპეკულირება პოლიტიკურ დივიდენდებს ვეღარ იძლეოდა. ამიტომ, თავის გადარჩენის მიზნით საჭირო იყო ჯანსაღი და პრაგმატული ღონისძიებების გატარება. „შიში ოხერიაო“ და როგორც იქნა „ქათული ოცნების“ ხელისუფლებამ მოახერხა საბიუჯეტო ხარჯვის სტაბილიზირება და შეზღუდვა. რამაც დროებითი, მაგრამ მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. სეზონურობის გათვალისწინებით მნიშვნელოვნად შემცირდა ენერგორესურსების მოხმარების მოცულობა. რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა უცხოური ვალუტის ქვეყნის ეკონომიკური სივრციდან გადინების მოცულობა.

 

ჩემს მიერ მოყვანილ არგუმენტებს მნიშვნელოვნად ამაგრებს ინტერვიუ, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიის“ წევრმა რუსა მაჩაიძემ ჩამოართვა ბატონ რომან გოცირიძეს. სადაც ძალიან ლაკონურად და ზუსტად არის აღწერილი მიმდინარე პროცესები:

 

რომან გოცირიძე

 

ლარის გამყარების რამდენიმე მიზეზია და პირველ რიგში ის, რომ ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლამ იმატა რამდენიმე მიზეზის გამო.

 

პირველ რიგში ეს არის ტურიზმი. იანვარ-აპრილში ტურიზმის 20%-იანი მატება იყო და, როგორც ჩანს, მაისში შეიძლება, კიდევ უფრო მოიმატოს. ამიტომ ეს არის უცხოური ვალუტის შემოსვლისა ძირითადი წყარო და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა სერიოზული შეცდომა იყო დაშვებული ამ მთავრობს მიერ, როდესაც ტურიზმის ზედმეტი შეზღუდვები დააწესეს და არ დაგვავიწყდეს, რომ ეს შეზღუდვები ჩინეთთან ისევ არ მოხსნილა. ამას ხელი შეუწყო ასევე თურქეთ-რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვამ და ეგვიპტეში ვითარებსი გაუარესებამ.

 

მეორე ფაქტორი არის ის, რომ ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაიზარდა გადმორიცხვების რაოდენობა. ეს კი განაპირობა, ერთის მხრივ ნავთობის ფასის შედარებით მომატებამ და რუსეთში რუბლის შედარებით გამყარებამ.

 

მესამე ფაქტორი არის ის, რომ ქვეყნის ექსპორტი კვლავ დაბალია, მაგრამ ბოლო პერიოდში ცოტათი მომატებულია და ეს ჩამორჩენა ნელ-ნელა კლებულობს.

 

მეოთხე არის ის, რომ ლარის გაუფასურების გამო იმპორტი შემცირდა.

 

და ბოლოს, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ასევე არის ბიუჯეტის არათანაბარზომიერი ხარჯვა. ბოლო პერიოდში ბიუჯეტი იხარჯება ძალიან მდორედ, ამ დროისთვის 3,4 მილიარდია დახარჯული, როდესაც ბიუჯტი არის 10,6 მილიარდი. თუმცა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს თანხა წლის ბოლოს დაიხარჯება და ცხადია, ლარის კურსზე ნეგატიურ გავლენას იქონიებს. ახლა კი პირიქით, დადებით გავლენას ახდენს და ამიტომაც ეს არის გადავადებული რისკი. ანუ, მთლიანობაში თუ შევაჯამებთ, ამას ეკონომიკურ ენაზე ეწოდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება.

 

აკადემიურ დონეზე გაკეთებული ეკონომიკური ანალიზი ყველაფერზე ზუსტ პასუხს იძლევა. მაგრამ, საქართველოს შემთხვევაში ეს სულაც არ არის ფაქტი და აქსიომა. უაღრესად დიდი მცდელობების მიუხედავად, ამგვარი აკადემიური შრომა მაინც არ იძლევა სრულ და ნათელ სურათს. მნიშვნელოვანი ფაქტები პრაქტიკულად აუხსნელი რჩება და ანალიზი შეუჯერებელი რჩება. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტები მაინც არასაკმარისია ლარის კურსის მაღალი დადებითი დინამიკის და მისი გამყარების სისწრაფის არგუმენტირებულად ასახსნელად. დაინტერესებულ მკითხველს გაუჩნდება ლეგიტიმური კითხვა: რატომ? ამ კითხვაზე პასუხი ლოგიკური, მაგრამ ჯერ-ჯერობით უფრო ვარაუდების სიბრტყეშია განსახილველი. უფრო ზუსტი პასუხები კი მხოლოდ მაშინ გვექნება, როდესაც ქვეყანაში შეიცვლება ხელისუფლება და სათანადო სახელმწიფო ორგანოებს საშუალება მიეცემათ საფუძვლიანად ჩაიხედონ განვლილ პროცესებში. მანამდე კი შევეცდები ერთი წინადადებით ავხსნა იმ ცდომილებათა მიზეზი რომელიც არ იძლევა ბოლომდე არგუმენტირებული და შეჯერებული სრული მაკროეკონომიკური ანალიზისა გაკეთების საშუალებას - საქართველოს ეკონომიკა ცხოვრობს ბიძინა ივანიშვილის აბსოლუტურად შეუზღუდავი და კონტროლს მოკლებული მმართველობის პირობებში.

 

იანვრის ბოლოს, როდესაც ასე თუ ისე დასტაბილურდა ლარის გაცვლითი კურსი ბევრს გაუჩნდა კითხვა: მოხერხდებოდა თუ არა ამ მაკროეკონომიკურ მოცემულობაში და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ლარის კურსის გამყარება? ერთადერთი რითიც ვახერხებდი ადამიანებისთვის ნუგეშის მიცემას იყო არგუმენტი, რომ დაიწყებენ თუ არა ივანიშვილი და რუსეთის ხელისუფლება საქართველოში წინასაარჩევნო ღონისძიებების დაფინანსებას, ლარის კურსი აუცილებლად დაიწყებს გამყარებასთქო. ეს იყო ერთადერთი მოლოდინი რაც ლარის სასარგებლოდ მეტყველებდა. ამ არგუმენტის სასარგებლოდ მეტყველებდა ორი მნიშვნელოვანი გარემოება: პირველ რიგში ქართული ეკონომიკის სიმცირე და სიმყიფე და მეორე: ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების ავტორიტეტის კატასტროფული ვარდნა. რომლის მეტ-ნაკლები რეაბილიტაციისთვის გაცილებით მეტი ფინანსური რესურსების აკუმულირება და დახარჯვა იქნებოდა საჭირო ვიდრე ეს მოხდა 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს. მითუმეტეს, რომ ამ სავალუტო შემოდინებების წყარო ძირითადად ბიძინა ივანიშვილის „დანაზოგები“ და კრემლის ფინანსური რესურსები იქნებოდა. რომლებიც მთლიანად აშშ დოლარების სახით უკვე ინტენსიურად შემოდის საქართველოში და აქ ხდება მისი ლარში გადაყვანა.

 

ზუსტად ამ პროცესებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ბანკის როლი, რომელიც ქადაგიძის წასვლის შემდეგ მთლიანად გადავიდა ივანიშვლილის კონტროლის ქვეშ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გადაიქცა მის პირად სავალუტო „ბუტკად“.

 

ჯანსაღი და ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ეროვნული ბანკები აბსოლუტურად გამჭვირვალე და დახვეწილი სავალუტო ვაჭრობის გზით ადგენენ ეროვნული ვალუტების მიმდინარე გაცვლით კურსს. მაგრამ, საქართველოს პირობებში ეს ასე არ ხდება. საქართველოში ლარის კურსის დამდგენი სპეციფიკური მექანიზმის შექმნის ძირითადი მოტივი იყო ქვეყნის მყიფე ფინანსური მდგომარეობის მაქსიმალური დაცვა გამჭვირვალობის დაქვეითების ხარჯზე. საქართველოს სავალუტო ბაზარი ყოველთვის იყო ძალიან მცირე და ეროვნული ბანკის სარეზერვო ფონდი არასაკმარისად დიდი, რათა დაეცვა ლარი ეკონომიკური დივერსიებისგან და ფინანსური სპეკულაციებისგან, გამჭვირვალე და თავისუფალი სავალუტო ვაჭრობების პირობებში. ამიტომ, შეიქმნა სისტემა ზუსტად ასეთი სისტემა. რომელიც ქადაგიძის წასვლის შემდეგ აღმოჩნდა ყველაზე დიდი სპეკულიანტისა და ძალიან ცუდი რეპუტაციის მქონე ერთადერთი პიროვნების ხელში. ამიტომ, ეს დახურული და სპეციფიური სისტემა, რომელიც მოწოდებული იყო რისკების შემცირებისკენ თავისთავად უდიდესი რისკების შემცველად გადაიქცა. უდაო გახდა რამდენად ბოროტად შეიძლება მისი გამოყენება, როდესაც ეს სისტემა ბინძურ ხელებშია მოხვედრილი. მითუმეტეს მაშინ, როდესაც მაქსიმალურადაა შეზღუდული ყველანაირი მაკონტროლებელი ინსტრუმენტის გამოყენების საშუალება.

 

საარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერ კიდევ არ არის გამოცხადებული, მაგრამ ქვეყანაში უკვე დაიწყო უზარმაზარი ფინანსური ნაკადების შემოსვლა, რომელიც მთლიანად მიიმართება სახელისუფლებო და პრორუსული პოლიტიკური ძალების საარჩევნო კამპანიების დასაფინანსებლად. არჩევნების დღის მოახლოვების პირდაპირპროპორციულად მნიშვნელოვნად გაიზრდება ამ სავალუტო ნაკადების მოცულობა, რაც ქვეყნის შეკუმშული ეკონომიკის პირობებში, სადაც მონეტიზაციის მაჩვენებელი, ანუ „M2“-ის მშპ-სთან შეფარდება ეროვნული ბანკის მონაცემებით ოდნავ აღემატება 17%-ს, მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს ლარის კურსის ჩამოყალიბებაზე. აქვე უნდა ვთქვათ, რომ საარჩევნო ფულის უდიდესი ნაწილი, განსაკუთრებით კი ის რომელიც რუსეთიდან შემოდის და შემოვა აბსოლუტურად „შავია“ და მოითხოვს „გათეთრებას“. ამისთვის კი ივანიშვილმა ხელში ჩაგდებული ეროვნული ბანკის სახით საკუთარი სავალუტო „ბუტკა“ დაახვედრა რუსებს. მართალია ლარის კურსის გამყარების თანმხვედრი პროცესის გამო მტერი არჩევნების დაფინანსების პროცესში ფინანსურ ზარალს განიცდის, მაგრამ მთავარი სავალუტო სპეკულიანტი ამაზე ერთი წუთითაც არ დარდობს. იმიტომ, რომ შეუზღუდავი და უკონტროლო ძალაუფლების გამო ერთ მშვენიერ დღეს, საჭიროებისამებრ ისე მომენტალურად შეცვლის ლარის კურსს, რომ ერთი დღის სპეკულატიური სავალუტო ოპერაციების ხარჯზე ამოიღებენ ზარალსაც და ჩვენი ქვეყნის ფინანსური კეთილდღეობის შეწირვის ხარჯზე პლუსშიც გავლენ. საბრალო საქართველო..!

 

ყოველივე ზემოთ თქმულის შედეგად რისკებისა და საფრთხეების აკუმულირება მოხდება შემოდგომის მეორე ნახევარში, რაც არჩევნების დასრულებას ემთხვევა. ცალსახად ვამბობ: ლარის კურსის წინასაარჩევნო გამყარება შეკუმშული ზამბარის ეფექტის მატარებელია. რომელიც ეკონომიკის სეზონურობის ფაქტორისა და პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებითაც არჩევნების დასრულებისთანავე გაიშლება და ისე მტკივნეულად მოხვდება ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს, რომ ქვეყანა შეიძლება სოციალური მღელვარებების ცეცხლში გაეხვეს. ეს ეფექტი განსაკუთრებით ტრაგიკული აღმოჩნდება ყველაზე დაუცველი სოციალური ფენებისთვის. დღევანდელი მოცემულობით ჩვენი ეკონომიკა მზად არ არის ამ მოსალოდნელი შოკის გადასატანად. რაც დიდი ალბათობით ეკონომიკურ და სოციალურ კოლაფსს გამოიწვევს.

 

ამჟამად საქართველო მთლიანად მოკლებულია ამ მოვლენების პრევენციის ინსტრუმენტებს. მაგრამ, არის მხოლოდ ერთადერთი გზა, რათა გარდაუვალი დარტყმის ეფექტი შერბილდეს - დღევანდელი კოლაბორაციონისტული, ბინძური ხელისუფლების არჩევნებში დამარცხება. შემდეგ კი დაუღალავი შრომისა და დაკარგული ოთხი წლის კომპენსირების გზით ჯერ ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა. ხოლო, შემდეგ მაღალი ტემპებით ეკონომიკური ზრდა. ნუ დაგავიწყდებათ ცხონებული კახა ბენდუქიძის გაფრთხილება: „თუ ჩვენი ეკონომიკა ყოველწლიურად მაქსიმუმ 3-4%-ით გაიზრდება, მაშინ 25 წლის შემდეგ ჩვენ საერთოდ აღარ ვიქნებით, საქართველო აღარ იქნება“.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია