მდინარე ვერეს ხეობაში განვითარებული 2015 წლის 13-14 ივნისის კატასტროფა - ძირითადი მიზეზები, მოსალოდნელი შედეგები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
11-06-2016, 16:39 | კომენტარები | ნანახია - 1523

 მდინარე ვერეს ხეობაში განვითარებული 2015 წლის 13-14 ივნისის კატასტროფა - ძირითადი მიზეზები,  მოსალოდნელი შედეგები

 

ნინო წერეთელი

 

ერთი წელი გავიდა მდ. ვერეს ხეობაში 2015 წლის 13-14 ივნისს განვითარებული კატასტროფული მოვლენიდან, რომელსაც 23 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ცხადია ინტერესი ამ მოვლენის მიმართ დღემდე არ ჩამცხრალა, მუდმივად ისმის კითხვები: უკავშირდება თუ არა სტიქიური მოვლენის მიერ გამოწვეული კატასტროფული შედეგები (ზოოპარკის დატბორვა, ცხოველების დაღუპვა, საცხოვრებელი სახლების ნგრევა და მსხვერპლი) თბილისის ახალი გზის მშენებლობას ვერეს ხეობაში? შეიძლებოდა თუ არა ამ კატასტროფის თავიდან აცილება? გატარდება თუ არა რაიმე ღონისძიებები მომავალში მსგავსი კატასტროფების თავიდან ასაცილებლად?

 

დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემად კონსულტაციები გავიარე შესაბამისი დარგის ექსპერტებთან. გავეცანი მათ მიერ მოწოდებულ მასალას, ასევე ინტერნეტში განთავსებულ კვლევებს (გარემოს ეროვნული სააგენტოს ანგარიში თბილისის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების საშიშროების ზოგადი ანალიზის შესახებ (გესა) და სხვა) და შევეცადე ივერიის მკითხველისთვის მიმეწოდებინა მოპოვებული ინფორმაცია, თანმიმდევრულად გამეცა ყველა დასმულ კითხვაზე დასაბუთებული, ემპირიულ შედეგბზე დაფუძნებული პასუხი.

 

ექსპერტებთან საუბრისას გაირკვა, რომ მსგავსი სახის სტიქიურ მოვლენებს დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდათ ისტორიულ წარსულშიც, რომლის დროსაც ქალაქის ინფრასტრუქტურამ სერიოზული ზარალი განიცადა, იყო მსხვერპლიც.

 

პირველი ასეთი შემთხვევა დაფიქსირებულია 1924 წლის 12 ივნისს 8 საათზე, როდესაც ძლიერი წვიმების შედეგად მოვარდნილმა ღვარცოფულმა ნაკადმა ვერეს ხეობაში დაბანაკებული გლეხები თავიანთი ხარ-ურმებით გაიტაცა და მტკვარში შეაგდო.

 

1940 წლის 10 მაისს მდ. ვერეს ხეობაში განვითარებულმა წყალმოვარდნამ და ღვარცოფმა ჩამოიტანა ქალაქის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ლამი და ხრეში, დაიტბორა ეზოები, ქუჩები, ხოლო ვარაზის ხევიდან წამოსულმა ნიაღვარმა წალეკა უნივერსიტეტის ქუჩა და ტრამვაის ლიანდაგი.

 

ძლიერი კატასტროფული წყალმოვარდნა-ღვარცოფი დაფიქსირდა 1960 წლის 4 ივლისს, მაშინაც დაიტბორა ზოოპარკის ტერიტორია. იგივე სიძლიერის კატასტროფას ადგილი ჰქონდა 1961 წელსაც, რომელმაც გაანადგურა ზოოპარკის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, დაიღუპა ცხოველები. წყალმოვარდნა-ღვარცოფი განვითარდა 1972 წელსაც.

 

1980 წლის 13 მაისს ისევ დაფიქსირდა კატასტროფული წყალმოვარდნა. ამ დროს გაირღვა წყნეთში არსებული ხელოვნური წყალსაცავის მიწაყრილის ჯებირი, რომელმაც იმსხვერპლა 8 ადამიანი, დაანგრია სახლები, დაიღუპა დიდი რაოდენობის პირუტყვი და ისევ გაანადგურა ზოოპარკის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. შედარებით მცირე მასშტაბის იგივე ხასიათის სტიქიურ მოვლენებს ადგილი ჰქონდა 1999 წლის 28 აგვისტოს, 2002 წლის 15 ოქტომბერს (გესა) .

 

მდ. ვერეს ხეობაში განვითარებული სტიქიური მოვლენების სტატისტიკური ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რომ 2015 წლის 13-14 ივნისს კატასტროფის დროს ზოოპარკის ინფრასტრიქტურის განადგურება და ცხოველების დაღუპვა გარდაუვალი იქნებოდა თბილისი ახალი გზის მშენბლობის გარეშეც, ვინაიდან ამ მოვლენას არაერთხელ ჰქონია ადგილი მანამდეც. ერთადერთი საშუალება მომავალში მოსალოდნელი ასეთი სტიქუირი მოლენით გამოწვეული კატასტროფის თავიდან აცილებისა არის ზოოპარკის დაუყოვნებლივ გადატანა უსაფრთხო ტერიტორიაზე, რაც უნდა განხორციელებულიყო ჯერ კიდევ წინა საუკუნეში.

 

მიუხედავად იმისა, რომ ახალი გზა აუცილებელია დედაქალაქში მოძრაობის გასამუხტავად, მაინც რჩება კითხვები მის მშენებლობასთან დაკავშირებით. დღემდე 13-14 ივნსის კატასტროფულ მოვლენას საზოგადოების გარკვეული ნაწილი გზის პროექტირებისა და მშენებლობის არასწორი წარმართვით ხსნის, კერძოდ კატასტროფული მოვლენის მასშტაბურობას ახალ მიწისქვეშა გვირაბებს უკავშირებს.

 

საქმის რეალურ ვითარებაში, რომ გავერკვეთ გავეცნოთ მოვლენის გამომწვევ მიზეზებს. მდ. ვერეს ხეობაში 2015 წლის 13-14 ივნისის განვითარებული კატასტროფული მოვლენა გამოიწვია მულტიფაქტორულმა მოვლენამ, რომელშიც ძირითადი როლი ითამაშა აპრილი - ივნისის თვეებში ჭარბი ატმოსფერული ნალექების შედეგად გრუნტის წყლების დონეების ანომალურმა მატებამ, გრუნტების ზედმეტად გაჯერებამ წყლით. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ხეობის გეომორფოლოგიაა. კერძოდ ხეობის ამ ფერდობზე შრეების დაქანება თანხვედრილია რელიეფის ზედაპირის დახრილობასთან, რის გამოც იგი მიდრეკილია გრავიტაციულ-მეწყერული პროცესებისკენ. ჭარბმა ატმოსფერულმა ნალექებმა დიდ დახრილობის მქონე ფერდობზე კლდეზვავის განვითარება გამოიწვია, რომელიც მეწყერში გადავიდა. დიდი წვიმებმის შედეგად დაცურდა შესუტებული ფერდობი თავის ტყითა და ქვა-ღორღით, შეგროვდა ვერეს ხეობის მთავარ კალაპოტში და ერთიანი ნაკადით დაიწყო ქალაქის მიმართულებით მოძრაობა. დიდძალმა ნატანმა მასალამ, განსაკუთრებით ხე-მცენარეულმა მასამ წყალგამტარ გვირაბებში შექმნეს დროებითი ბარიერი, რის დროსაც მდინარის კალაპოტისა და ჭალის გარკვეულ უბანებზე მდინარის წყლის დონემ 9-10 მეტრით, ზოგან კი 18-20 მეტრით აიწია, რამაც განაპირობა მომხდარი კატასტროფა ეკონომიკური ზარალითა და მსხვერპლით.

 

არქივებში არ არის რაიმე ინფორმაცია ადრეულ პერიოდში აქ განვითარებული კლდეზვავ-მეწყრული პროცესების შესახებ. ექსპერტების აზრით ამ ბლოკის დინამიკურ რეჟიმში გადასვლა არ შეიძლება იყოს დაკავშირებული მხოლოდ ატმოსფერულ ნალექთან. მისი პროვოცირების ერთერთი მიზეზი უნდა ყოფილიყო მცირე ძალის მიწისძვრები, რომელთაც ადგილი ჰქონდა ბოლო წლებში (2011-2015 წწ.) აჭარა-თრიალეთის სტრუქტურული ერთეულის საზღვრებში. მათ დროთა განმავლობაში გამოიყვანეს ეს ბლოკი წონასწორობის მდგომარეობიდან და ექსტრემალური ნალექების პერიოდში იგი სხვა დინამიკურ რეჟიმში გადავიდა.

 

სამწუხაროდ განვითარდა მოულოდნელი უმძიმესი სცენარი, რომლის შესახებ დამპროექტებლებს და მშენებლებს ინფორმაცია არ ჰქონდათ, შესაბამისად მიწისქვეშა გვირაბები გათვლილი არ იყო მსგავს მასშტაბურ მოვლენაზე. ისინი გათვლილი იყო მხოლოდ მოსალოდნელი წყალდიდობის წყლის მაქსიმალურ ხარჯზე და რომ არა კლდეზვავი და მოწყვეტილი ტყის საფარი კატასტროფა ამ მაშტაბებს ალბათ არ მიიღებდა. შესაბამისად მიზეზი იყო არა მშენებლობის არასწორად წარმართვა, არამედ სრულფასოვანი წინასაპროექტო-საძიებო გამოკვლევების ჩაუტარებლობა, რამაც სამშენებლო ობიექტის მდგრადობისთვის აუცილებელი ინფორმაციის უკმარისობა გამოიწვია.

  

შეიძლებოდა თუ არა ამ მოვლენის პროგნოზირება? როგრც უკვე ავღნიშნეთ აპრილი- მაისი-ივნისის პერიოდი უხვი ნალექებით გამოირჩეოდა. ხოლო უშუალოდ 13 ივნისს თავსხმა წვიმები რამდენიმე საათს გრძელდებოდა. სამწუხაროდ თბილისის ფარგლებში მოქმედებდა მხოლოდ ერთი მეტეოსადგური, რომლის მონაცემებით ნალექები აღირიცხა 41 მმ ის ოდენობით. ამ რაოდენობის ნალექები ითვლება ღვარცოფების ტრანსფორმირების ქვედა საზღვრად მაღალი სენსიტიურობის გეოლოგიურ გარემოში. ცხადია ეს ციფრი შორს იყო იმ რეალური მონაცემიგან, რასაც ადგილი ექნებოდა უშუალოდ მთიან ზონაში, სადაც ნალექები ექსპერტების აზრით 100 მმ-ზე მეტი იქნებოდა.

 

სამწუხაროდ არსებული მეჩხერი მეტეოსადგურების ქსელი, სუსტი გეომონიტორინგული სისტმები არ იძლევა საშუალებას გაკეთდეს ინტენსიური მეტეოროლოგიური მოვლენებით წარმოქმნილი გეოლოგიური და ჰიდროლოგიური პროცესების ანალიზი, დადგინდეს მათი მასშტაბურობა, მოხდეს მოსალოდნელი საშიშროების პროგნოზირება, შესაბამისად არსებობდეს სცენარი მოსალოდნელ საშიშროებაზე რეაგირებისთვის.

 

ასევე ხაზგასმით შეიძლება ითქვას, რომ 13-14 ივნისის მოვლენის ძირითადი კატასტროფული შედეგი - საცხოვრებელი სახლების ნგრევა და დიდი მსხვერპლი გარკვეულად დაკავშირებულია მდ. ვერეს ხეობის დაბალ ნიშნულებზე დაშვებული განაშენიანების არსებობათან. ამ ტერიტორიების სამეურნეო ათვისება ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაიწყო ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, რაც დიდი შეცდომა იყო.

 

არსებული მასალის გაცნობის შემდეგ, როდესაც ვცდილობთ ვიპოვოთ განვითარებული კატასტროფის შედეგების მიზეზები, ბუნებრივად მივდივართ დასკვნამდე - უკანასკნელი 25 წლის მანძილზე ვერ იქნა გათავისებული მნიშვნელოვანი აზრი, რომ ბუნებრივი კატასტროფებისკენ მიდრეკილ და მოწყვლად ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა მნიშვნელოვანია არსებობდეს რისკების იდენტიფიცირების, შეფასებისა და რეაგირების პოლიტიკა სამთავრობო დონეზე. ყოფილ საბჭოთა კავშირში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ განვითარებად ქვეყანაში, ბუნებრივი საშიშროებით გამოწვეული რისკის პრობლემა თითქმის არ განიხილებოდა, თუმც ყურადღება ეთმობოდა თავად მოვლენის (საშიშროების) შესწავლას.

 

ბუნებრივი კატასტროფები ქვეყნის სტაბილურობის ერთერთი მთავარი საფრთხეა და ის პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მის მდგრად განვითარებაზე. აუცილებელია შესაბამისი სამეცნიერო დარგების ხელშეწყობა, თანამედროვე გეომონიტორინგული და გეოფიზიკური ქსელების შექმნა და მსხვილმასშტაბიანი საინჟინრო-გეოდინამიკური და სეისმური რუკების შემუშავება თანამედროვე მეთოდებით.

 

13-14 ივნისის კატასტროფის შემდეგ, ვერეს ხეობაში ჩატარებული მთელი რიგი აღდგენითი სამუშაოებების მიუხედავად, რომლის შესახებ ხშირად გვესაუბრებიან სხვადასხვა ოფიციალური პირები თუ სამეცნიერო სფეროს წარმომადგენელები მედიის სხვადასხვა საშუალებებით, მაინც არ ტარდება ის მთავარი ღონისძიება, რომელიც აუცილებელია ამ დროს. კერძოდ, არ ხდება მდ. ვერეს ხეობის ინფრასტრუქტურის ხელახალი დაპროექტება შესაძლო კატასტროფულ საშიშროებებზე და სრული რეკონსტრუქცია. ეს ფაქტი მომავალში დაგვაყენებს იგივე პრობლემის წინაშე.

 

ივერიის გვერდებზე არაერთხელ განხილულა, თუ როგორია ხელისუფლების რეაგირება დასმულ პრობლემებზე. მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენებ ამჟამინდელ ვითარებას. კერძოდ, დღემდე მოქმედი სამშენებლო ნორმები არსწორად შეფასებულ სეისმურ საშიშროებაზეა გათვლილი, არასწორადაა შეფასებული მშენებარე ნენსკრაჰესისა და აჭარში მშენებარე ჰესების სეისმური მდგრადობა. არ არსებობს მსხვილმასშტაბიანი საინჟინრო-გეოლოგიური და სეისმური მიკროდარაიონების რუკები საქართველოს დიდი ქალაქებისთვის. არ არის განვითარებული მონიტორინგული სისტემები. მეჩხერია მეტეოროლოგიური ქსელი. მეცნიერების დიდი უმრავლესობისთვის მიუწვდომელია არსებული სეისმური სადგურების ქსელის საწყისი მასალები, რაც პირდაპირი დარღვევაა თანამედროვე სამეცნიერო საზოგადოებაში არსებული კრიტერიუმების, გაურკვევლია სადგურების მუშაობის ხარისხი. ვერ მოხერხდა სამეცნიერო რეფორმის ჩატარება, მოქმედ მეცნიერთა ჯგუფების გამოვლენა და მათი კვლევების ფინანსური უზრუნველყოფა, ახალგაზრდა კადრების მოზიდვა და ა.შ. სხვა სიტყვებით აუცილებელი კარგი ატმოსფეროს შექმნა გეომეცნიერებების განვითარებისთვის. ხდება კონკრეტული ღონისძიებების გაპიარება, თუმც არ ხდება მიღწეული შედეგების ანალიზი და შეფასება.

 

იგნორირება ისეთი მნიშველოვანი საკითხების, როგორიცაა რთული გეოლოგიური გარემოს და გეოეკოლოგიური სიტუაციის მონიტორინგი, ბუნებრივი კატასტროფების იდენტიფიცირება, შესწავლა და მართვა, ძვირად დაუჯდება პირველ რიგში მოსახლეობას, თვითოეულ ჩვენთაგანს და მნიშვნელოვნად შეაფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია