რამდენიმე მოსაზრება გადააგილებაზე შეზღუდვის დაწესების კანონპროექტზე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
3-10-2013, 21:35 | პოლიტიკა | ნანახია - 1731

რამდენიმე მოსაზრება გადააგილებაზე შეზღუდვის დაწესების კანონპროექტზენიკოლოზ რურუა

 

როდესაც ამ სტრიქონებს ვწერ, გავიგე რომ კანონპროექტი, რომელზეც საუბარს ვაპირებ, ინიციატორს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგიდან უკან გაუთხოვია. სხვა სიტყვით, ამ კანონპროექტს, დროებით მაინც და პირვანდელი ფორმით, კანონად ქცევა არ უწერია. კიდევ კარგი.

 

ამის მიუხედავად, აუცილებლად მიმაჩნია შემდეგის თქმა. ყოველი ხელისუფლება, რაოდენ კეთილგანწობილიც არ უნდა იყოს იგი, საკუთარი ძალაუფლების განვრცობას ფიქრობს. ეს ასეა ბევრი მიზეზის გამო: პირველი ამ მიზეზთაგან კი ისაა, რომ ხელისუფლებას ადამიანები შეადგენენ და ისინიც ყველა ადამიანური სისუსტეებით არიან დაჯილდოებული: მათაც, როგორც ყოველ ჩვენგანს, სურს გაზარდოს საკუთარი მნიშვნელობა და კეთილდღეობა, იმ პატარა განსხვავებით ჩვენაგან, რომ მათ ამისთვის ხელთ სახელმწიფო აპარატის უძლიერესი და ლეგიტიმურობამინიჭებული იარაღი აქვთ; მათი საქციელები a priori ლეგიტიმური და სასარგებლო რეზულტატის მომტან ქმედებად მიჩნევის პრეზუმფციის საფარქვეშაა მოქცეული. თუმცა ეს, როგორც ამას კაცობრიობის ისტორია და გამოცდილება გვასწავლის, ასე სულაც არ არის ხოლმე.

 

როგორც ვიცით, ხელისუფლებები და მთავრობები ძალიან ხშირად საკუთარ თავზე, საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვას სამოქალაქო უფლებების შეზღუდვა-შემცირების ხარჯზე იწყებენ. თუ ისტორიას გადავხედავთ, დავინახავთ რომ დაწყებული Magna Carta-დან (ე.წ. დიდი ქარტია, რომლის მეშვეობითაც ბრიტანულ მონარქიას კანონმდებლის ფუნქცია ჩამოერთვა და ის პარლამენტს მიენიჭა) დღემდე, ანუ ადრეული შუასაუკუნეებიდან დღევანდელ პოსტ-პოსტმოდერნულ დრომდე, ყველა სამოქალაქო უფლება თუ თავისუფლება, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს გააჩნიათ, ბრძოლითაა მოპოვებული და არასდროსაა ხელისუფალთა კეთილი ნების გამო დაწესებული. უფრო მეტიც - ყველა სამოქალაქო უფლება და თავისუფლება, რომელიც დღეს დემოკრატიულ ქვეყანათა მოქალაქეებს გააჩნიათ, ისტორიის სხვადასხვა საფეხურზე სწორედ მოქალაქეებმა გამოსტაცეს ან გამოგლიჯეს ხელიდან მთავრობებსა და მმართველებს. ასეა საყოველთაო საარჩევნო უფლებიდან დაწყებული, თუ რასობრივი და ეთნიკური თანასწორობის პრინციპებით დამთავრებული.

 

მიუხედავად ამგვარი ისტორიისა, ადამიანის ნატურა დღემდე დიდად არ შეცვლილა. ამიტომაც თომას ჯეფერსონის სიტყვები აწმყოშიც არ კარგავს აქტუალობას: “...დემოკრატიასა და თავისუფლებაზე ზრუნვა ძალიან ჰგავს ჩვილ ბავშვზე ზრუნვას - საკმარისია, ყურადღება მოვადუნოდ, რომ იგი აუცილებლად დაიღუპება. ამიტომ ორივე მათგანზე ზრუნვა განუწყვეტელი ხასიათისა უნდა იყოს.”

 

სწორედ ამგვარი მოუდუნებელი ყურადღების აუცილებლობას ცხადყოფს საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ორი წევრის (ირინე იმერლიშვილი, ზურაბ აბაშიძე) მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი, რომელიც მოქალაქეთა გადაადგილების თავისუფლებაზე ძალიან სერიოზულ შეზღუდვებს აწესებს.

 

იმისათვის, რომ მკითხველი იურიდიული დეტალებით არ დავღალოდ, ორი სიტყვით მოგასხენებთ, თუ რაშია ამ კანონპროექტის არსი: სახელმწიფოს, ანუ მის ცალკეულ ჩინოვნიკს შეეძლება ნებისმიერი თქვენგანის გაჩერება სახელმწიფო საზღვარზე, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე; და გაჩერება არა  დროებით, არამედ მანამდე, სანამ თქვენ სასამართლოს არ მიმართავთ და მერე მანამდე, სანამ სასამართლო არ ჩათვლის თქვენთვის უცნობ მიზეზს არადამაჯერებლად და არ გააუქმებს თქვენი არგაშვების გადაწყვეტილებას! ანუ, ფაქტoბრივად, სახელმწიფოს კანონით ენიჭება უფლება, რომ მოქალაქე რამდენი ხანიც უნდა, იმდენ ხანს აქციოს ე.წ. ქვეყნიდან გასვლისუუნარო ადამიანად, თან ისე, რომ ამ საბრალოს მიზეზიც არ აღირსოს (თუმცა, ნაკლებსავარაუდოა, რომ მიზეზის შეტყობინებამ ანუგეშოს ის ადამიანი, ვინც დააგვიანა საქმიან შეხვედრაზე, სასწავლო სეზონზე, საყვარელ ადამიანთან თუ ოჯახის წევრებთან შეხვედრაზე, სასწრაფო სამედიცინო გამოკვლევაზე თუ ნებისმიერ სხვა ნებისმიერი სახის საქმეზე, რატომაც ადამიანები საზღვარგარეთ მოგზაურობენ ხოლმე).

 

მგონი, აქ კომენტარიც ზედმეტია.

 

მაინც შევეცდები რამდენიმე სიტყვით ამ კანონპროექტის ტოტალური უკანონობა გიჩვენოთ. პირველ რიგში, ეს ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მრავალ მუხლს, როგორიცაა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მე-5, მე-7, მე-18, 22-ე მუხლები. ამასთან ერთად, მოცემული ნორმა არღვევს საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორებიც მოცემულია გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო ქარტიასა და გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო შეთანხმების (International Covenant on Civil and Political Rights) მე-9, მე-12,მე-14, მე-15, და მე-17 მუხლებში.

 

ამდენად ამ და ანალოგიური შინაარსის კანონპროექტის მიღებით საქართველო არა მხოლოდ საკუთარი კონსტიტუციის, არამედ საერთაშორისო სამართლის დამრღვევი ქვეყანა გახდება.

 

და ბოლოს, საჭიროდ მივიჩნევ იმის აღნიშვნასაც, რომ დღევანდელი კანონმდებლობით სახელმწიფოს ხელთ არსებული სამართლებრივი ბერკეტები სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ სახელმწიფო ეფექტურად ებრძოლოს როგორც ტერორიზმის საფრთხეს, ისე ჩვეულებრივ კანონდარღვევას. სახელმწიფოს ინტერესებშივეა ისიც, რომ კანონპროექტის არმიღების შემთხვევაში - თუ დღესვე მივხვდებით პოტენციურ საფრხეებს, რომელნიც ამ კანონპროექტიდან გამომდინარეობს, ამ აბსურდული ნორმის გარდაუვალად სელექციური გამოყენება პოლიტიკური ნიშნით თავიდან იქნება აცილებული.

 

ძალიან საინტერესოა, რა მოტივაცია ჰქონდათ და ვინ იდგა ამ კანონპროექტის საჯარო ავტორთა უკან, რომელიც მოცემული ფორმით ბევრად უფრო წააგავს ჯორჯ ორუელისეულ ფიქციურ კოშმარს, ვიდრე თუნდაც ახალგაზრდა, მაგრამ დემოკრატიული სახელმწიფოს მიერ მისაღებ სამართლებრივ ნორმას, რომელიც მოქალაქეთა დათრგუნვისა და დაშინების ინსტრუმენტად უფრო აღიქმება, ვიდრე აუცილებლობით ნაკარნახევ ნაბიჯად.

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია